ამის შემდეგ მაია მიმინოშვილის ვაჟმა „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მისი დედის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება დაადასტურა.
„გამარჯობა მე ვარ მაია მიმინოშვილის შვილი ლაშა ყანჩაველი და დიახ გუშინ მეუღლესთან ერთად ვიყავი „ქართული ოცნების“ აქციაზე“, - აღნიშნა მან.
ამის შემდეგ უკვე მაია მიმინოშვილის ძმამ, ზაზა მიმინოშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც მისი და სამსახურიდან მისი სატელეფონი ზარის გამო გაანთავისუფლეს.
„დამნაშავე ვარ მე. აღსარება უნდა ვთქვა ახლა - განაცხადა მაია მიმინოშვილის ძმამ, ზაზა მიმინოშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ჩართვისას. „მაიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი არის ჩემი სატელეფონო ზარი ჩემს ბავშვობის მეგობართან მაია ფანჯიკიძესთან,“- განაცხადა ზაზა მიმინოშვილმა.
მისი თქმით, მან 26 მაისს, მაია ფანჯიკიძეს დაურეკა 26 მაისი მიულოცა და აქციაზე ყოფნის სურვილი გამოთქვა.
„მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ „ღია ეთერში“ ვლაპარაკობდი. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელშიც დას და ძმას სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები არ უნდა ჰქონდეთ. ძალიან ანერვიულებული ვარ, არ შეიძლება ასეთი სახელმწიფო რომ გვაქვს“, - განაცხადა ზაზა მიმინოშვილმა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მაია მიმინოშვილი „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძის ბავშვობის მეგობარია.
მაია მიმინოშვილის სამსახურიდან განთავისუფლებას გამოცდების ეროვნული ცენტრიდან თანამშრომლების წამოსვლა მოჰყვა. მათ ჯერ განცხადებით მიმართეს პრეზიდენტს და აღნიშნეს, რომ მიმინოშვილის და მათი ხედვა თანხვედრაშია, შემდეგ კი, გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურიდან წამოსვლის შესახებ განცხადებები დაწერეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის გამოცდების ეროვნული ცენტრი 50-მდე თანამშრომელმა დატოვა.
აქვე ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს ის მაია მიმინოშვილია, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ კარგი მუშაობისთვის პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მიმინოშვილისნაირ ადამიანებზე დგას საქართველო. ახლა კი გაირკვა, რომ მას სამინისტროსთან პოზიციების შეუთანხმებლობა ჰქონია.
ამ სკანდალურ ისტორიასთან დაკავშირებით presage.tv პოლიტოლოგ (განათლების ყოფილ მინისტრს) გია ნოდიას ესაუბრა.
გია ნოდია: „მაია მიმინოშვილის განთავისუფლება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ახლა სკოლის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში მისაღები გამოცდებიც დაიწყება, ასეთი გადაწყვეტილებისთვის ახლა ძალიან ცუდი დროა. მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება. ცხადია პოლიტიკური, მითუმეტეს, შვილის პოლიტიკური მოსაზრებების გამო ვინმეს სამსახურიდან განთავისუფლება ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ ამის თქმის საფუძველი არ მაქვს და არც არავის წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ ეს გახდა მაია მიმინოშვილის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი.
მაია მიმინოშვილს მინისტრთან გარკვეული უთანხმოება საგამოცდო პრინციპებზე რომ ჰქონდა, ეს ჭორად, მაგრამ მაინც ვიცოდი. ჩემი წყაროებიდან გავიგე, რომ მიმინოშვილს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრთან პოზიციების შეუთავსებლობა ჰქონდა და შესაძლებელი იყო მას, ან გამოცდების ცენტრს გარკვეული პრობლემები შექმნოდა. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, მისი განთავისუფლება მთლად მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ასეთ დროს ნამდვილად მოულოდნელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს უთანხმოება შაშკინსა და მიმინოშვილს შორის იმას უკავშირდებოდა, რომ განათლების მინისტრსეროვნული ცენტრის და საგამოცდო სისტემის თავის კონტროლქვეშ მოქცევა სურდა, რასაც მაია მიმინოშვილი ეწინააღმდეგებოდა. ამისშესახებ თუ გსმენიათ?
- ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. არ ვამბობ, რომ ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ მე არ გამიგია.
თქვენ აღნიშნეთ, რომ შვილის პოლიტიკური მოსაზრებების გამო ადამიანი სამსახურიდან არ უნდა დაითხოვონ. დღეს გიგი წერეთელმაამ საკითხის კომენტირებისას იგივე განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები საპროტესტოაქციებზე არ უნდა დადიოდნენ. ეთანხმებით მოსაზრებას, რომ საჯარო სამსახურში მომუშავეებს პროტესტის გამოხატვის უფლება არუნდა ჰქონდეთ?
- საერთოდ ითვლება, რომ არ არის კარგი საჯარო სამსახურში დასაქმებული (იგულისხმება სამინისტროში და ა.შ.) ხელისუფლების მომხრე, ან საწინააღმდეგო აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინ მაია მიმინოშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთ ადამიანებზე დგასსაქართველო. ამდენად, აქამდე მიმინოშვილის საქმიანობა წარმატებულად ითვლებოდა და რა მოხდა ახლა?
- ჩემი აზრით, მაია მიმინოშვილი ძალიან კარგი ხელმძღვანელი იყო, ამ ორგანიზაციის საქმიანობა ძალიან კარგად ააწყო. ასე რომ, ამ თვალსაზრისით პრობლემა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა რაღაც პრინციპულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ და ამის გამო, მინისტრსა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს შორის არჩევანი მინისტრის სასარგებლოდ გაკეთდეს. თავისთავად ეს შეუძლებელი არ არის და შეიძლება ყველა ქვეყანაში მოხდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ ნეგატიური ფაქტია, განსაკუთრებით არსებულ ფონზე.
თქვენი განათლების მინისტრობის დრო თუ ყოფილა რაიმე პრინციპული შეუთავსებლობა სამინისტროსა და ეროვნული ცენტრისხელმძღვანელს შორის?
- არა, შეუთავსებლობა რომ ყოფილიყო, ალბათ, რაღაც სხვა შედეგები იქნებოდა. მე ნამდვილად არ წავსულვარ სამინისტროდან მაია მიმინოშვილთან შეუთავსებლობის გამო. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ პრინციპული შეუთავსებლობა არ ყოფილა.