კახა გურგენიძემ რუსთავის მერია მაია დოლიძის და ნინო კორძაიას მკერდით შეკრა

კახა გურგენიძემ რუსთავის მერია მაია დოლიძის და ნინო კორძაიას მკერდით შეკრა

მოვკვდეთ, მაგრამ მკერდით შევკრათ, დერბენტი და დარიალი (ლადო ასათიანი, „კაპიტანი ბუხაიძე“)

28 მაისს, 16:00 საათზე რუსთავის მერიის შენობის წინ დაბურულმინებიანი მანქანების რიგი იდგა. ასეთივე ავტომობილები იდგნენ მერიის შენობის უკანა მხარეს. ადმინისტრაციული შენობის დაცვასთან ერთად მერიის ფლიგელში ჩემთვის უცნობი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცები დამხვდნენ. შენობის მარჯვენა ნაწილში ჩემს გადაადგილებას მათი მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია, თუმცა როგორც კი მარცხენა ფლიგელის მეორე სართულზე აღმოვჩნდი სიტუაცია შეიცვალა. უცნობმა მამაკაცებმა და მერიის თანამშრომლებმა შენობის ამ ნაწილში შესვლა ამიკრძალეს. საუბარია, მერიის მარცხენა ფლანგის მეორე სართულის მარცხენა ნაწილზე, სადაც დაახლოებით 10 კაბინეტია.

„აქ მიმდინარეობს რემონტი. თქვენ ვერ შეგიშვებთ შეიძლება დაშავდეთ“ - გვიხსნიდა კართან მდგომი ახალგაზრდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჯგუფ-ჯგუფად მოსულ ადამიანებს უშვებდა. „ამათ ჩაფხუტი აქვთ, თქვენ კი არა. ჩვენ კი, მხოლოდ, მამაკაცების ჩაფხუტი გვაქვს“ - ხუმრობდა კართან მდგომი ახალგაზრდა.

მერიის შენობის ამ მონაკვეთში მოხვედრა მე-3 სართულის დარბაზის გავლითაც იყო შესაძლებელი, ამიტომ შემოვუარე მერიის შიდა ნაწილს და დარბაზიდან შენობის ჩაკეტილი ნაწილის მეორე შესასვლელს მივადექი. აქ, კი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი სუბიექტი დამხვდა. გზა მაგიდებით ჰქონდათ გადაკეტილი. ,, არ შეგიშვებ და, მორჩა!!! ტყუილად ლაპარაკობ ამდენს“ - იმეორებდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი.

დავბრუნდი პირველ შესასვლელთან, სადაც საკრებულოს ხელმძღვანელი კახა გურგენიძე დამხვდა. „რა არის აქ თქვენი მოსვლის მიზეზი“ რა გნებავთ? თქვენ იცით რას ნიშნავს საჯარო დაწესებულება? რატომ უნდა შეგიშვათ? აქ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები მიდის. თქვენ აქ პროვოკაციისთვის ხართ მოსული. ეჭვი გაქვთ, რომ დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. ასეთ ეჭვებს წერთ სულ უპასუხისმგებლოდ. რაც გინდათ იმას წერთ“ - ამბობდა, გურგენიძე. მას საუბარში საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, მაია დოლიძე ერთვებოდა და მისგან განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობდა, თუ რატომ არ შეიძლებოდა ჩემი შენობის ამ ნაწილში შესვლა. „მე მანდ დოკუმენტები მიყრია და მაგიტომ ვერ შეხვალთ“ - გურგენიძეს ზურგს უმაგრებდა მაია დოლიძე.

საკრებულოს ხელმძღვანელის მიერ შეგულიანებული თანამშრომლები, ბოსის გასვლის შემდეგ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. „ეგ ჰონორარი, რასაც ამ მასალებისთვის იღებ, თავზე გადაიხიე“ - იერიშზე პირველად პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო კორძაია გადმოვიდა. კორძაიას აყვა, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, მაია დოლიძე. „არ მოგბეზრდა მაინც აქ დგომა?! საერთოდ ვინმე გყავს მხარდამჭერი?! მითხარი! სამკურნალო ხარ“ - დოლიძეს, რომელიღაც პარტიის აქტვისტში ავერიე.

მერიის დახურული ნაწილის დასაცავად კი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცების რიცხვმა იმატა. იმისთვის, რომ შეურაცხყოფებისგან თავი დამეცვა

(საუბარია მხოლოდ, მერიის ზემოთხსენებულ საჯარო მოხელეებზე. ჩემთვის უცნობ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ მოქალაქეებს შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ), თითქმის მუდმივი რეჟიმით ვიღებდი მობილურით ვიდეოს. ერთ-ერთი ასეთი გადაღებისას თვითმმართველობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნონო კორძაიამ მობილურის წართმევა, თუ გათიშვა სცადა. თუმცა მას ხელი ჩემ გარდა, მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა, თამარ აქუბარდიამაც შეუშალა. „ნინო რას აკეთებ, გაჩერდი!“ - კორძაიას დაშოშმინებას მისი თანამშრომელი ცდილობდა.

ერთი საათი უშედეგო მცდელობის შემდეგ დავტოვე მეორე სართული და მერიის ფოიეში გადავინაცვლე. აქ კი მალევე, მერიის დაცვამ შენობის მარცხენა ფლიგელის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

რადგან სამუშაო დღე დასრულებული არ იყო, მოქალაქეები კარს ცენტრალური მხრიდან მოადგნენ. გარეთ გამოშვებას ითხოვდნენ შენობის ჩაკეტილ ნაწილში დარჩენილი მოქალაქეებიც. კარი დაახლოებით 20 წუთში გაიღო.

ვისთან შეხვედრის გამო გახდა საჭირო ადმინისტრაციული შენობის ერთი ნაწილის ჩაკეტვა, ჩვენთვის უცნობი დარჩა. ერთადერთი ადამიანი, ვისი ნახვაც შევძელით, შეხვედრიდან გამოსული გუბერნატორის მოადგილე, მამუკა ჩიქოვანი იყო.

ჩემი გადაღებული მასალების „დათვალიერებას“ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ითხოვდნენ, თუმცა უარის მიღების შემდეგ მობილურის და ფოტოაპარატის წართმევის მცდელობა არ ჰქონიათ.

http://www.youtube.com/watch?v=T7__aG98NGU&feature=youtu.be