მიმინოშვილის თანამშრომლებმა შაშკინის უსუსური არგუმენტები მოისმინეს

მიმინოშვილის თანამშრომლებმა შაშკინის უსუსური არგუმენტები მოისმინეს

დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან დაითხოვა. ამას ცენტრის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა და მათ თავიანთი პოზიცია საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გავრცელებულ მიმართვაში დააფიქსირეს. სულ ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიმიტრი შაშკინი გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. ამ შეხვედრის შესახებ presage.tv გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ია კუტალაძეს ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის აწ უკვე ყოფილმა თანამშრომელმა პრაქტიკულად დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მაია მიმინოშვილსა და დიმიტრი შაშკინს შორის დაპირისპირება არსებობდა და შაშკინს მიმინოშვილის ჩამოშორება სურდა. იმის გამო, რომ მინისტრის მიერ მიმინოშვილის განთავისუფლების არგუმენტები გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მათ სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ია კუტალაძე: „ამ შეხვედრაზე მინისტრთან ერთად მოვიდა მინისტრის მოადგილე, რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული რამდენიმე სსიპ–ის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ხელმძღვანელი და ა.შ. რატომღაც ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა ჩვენთან შესახვედრად. ჩვენის მხრივ ამ შეხვედრაზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ყველა ის თანამშრომელი იყო წარმოდგენილი, ვინც ამჟამად თბილისში იმყოფება. კერძოდ, მოგეხსენებათ, საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს და ჩვენი თანამშრომლების ძალიან დიდი ნაწილი რეგიონებშია გასული. თბილისში ვინც ვართ დარჩენილები, ყველა მივედით ამ შეხვედრაზე.

თქვენთან საუბრისას რა დაასახელა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზად?

– მან გვითხრა, რომ მაია მიმინოშვილთან პოზიციების შეუთავსებლობა არსებობდა და როდესაც ჩვენ უფრო დეტალურად ვთხოვეთ ეს ყველაფერ განემარტა, მან ისეთი უსუსური არგუმენტები მოიყვანა, რაც არც ერთი ჩვენგანისთვის სარწმუნო არ იყო.

კონკრეტულად რა არგუმენტებზეა საუბარი?

 – მაგალითად, შაშკინმა გვითხრა, რომ მას ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით გარკვეული პროექტები ჰქონდა, რის განხორციელებაშიც მას მაია მიმინოშვილი უშლიდა ხელს. ჩვენთვის ეს არგუმენტი აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან თავად ქალბატონი მაიას ინიციატივით 2006 წელს საგამოცდო ტესტები აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ითარგმნა, რათა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მათი ჩაბარება უფრო კომფორტული ყოფილიყო. ხოლო თუკი არაქართულენოვან სასწავლებლებში სწავლის ხარისხი დაბალია, ეს უკვე სულ სხვა პრობლემაა, ეს უკვე სამინისტროს კომპეტენციაა და აქ მაია მიმინოშვილი არაფერ შუაშია.

საერთოდ ჩვენ, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ამდენი წლის განმავლობაში 24–საათიანი მუშაობის ხარჯზე ყველანაირად ვცდილობდით ყველა ის პროექტი შეგვესრულებინ, რაც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილების მიღება მოლაპარაკებისა და კონსენსუსის მიღწევის გზით მიიღებოდა. ამიტომ ჩვენი პოზიციები სრულ თანხვედრაშია მაია მიმინოშვილის პოზიციასთან. რაც შეეხება მინისტრის მიერ მოყვანილ არგუმენტებს, ისინი ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ და ჩვენთვის აბსოლუტურად არადამაჯერებელი იყო. შაშკინის ეს გადაწყვეტილება კი სრულიად უპასუხისმგებლო იყო, რაც მას ამ შეხვედრაზე ვუთხარით კიდეც.

კიდევ რა არგუმენტი მოიყვანა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილის განთავისუფლების მიზეზად?

– მან განაცხადა, რომ აქვს ინიციატივა, 2015 წლის შემდეგ ეროვნული გამოცდები აღარ იყოს და მათი საატესტატო გამოცდებით ჩანაცვლება მოხდეს, რასაც მაია მიმინოშვილი ეწინააღმდეგებოდა.

დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიმიტრი შაშკინს მაია მიმინოშვილის საგამოცდო ცენტრიდან ჩამოშორება და ეროვნული გამოცდების თავის კონტროლქვეშ მოქცევა სურს. თქვენი აზრით, რა გახდა მაია მიმინოშვილის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი?

– იცით რაშია საქმე, მაია მიმინოშვილი არის ადამიანი, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ასევე შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, რაც მინისტრ შაშკინისთვის მიუღებელია. აღსანიშნავია, რომ სხვა მინისტრების დროს, მაგალითად – კახა ლომაიას, ნიკა გვარამიას და უფრო ადრე ალექსანდრე კარტოზიას დროს, ყველანაირი გადაწყვეტილება შეთანხმების გზით მიიღებოდა. ნებისმიერ საკითხზე მიმდინარეობდა მსჯელობა და მიიღებოდა ისეთი გადაწყვეტილება, რაც უფრო სასარგებლო იყო საგანმანათლებლო სისტემისთვის. დიმიტრი შაშკინის შემთხვევაში კი ასე არ ხდება. ჩემი აზრით, მას არ სჭირდება ამ სივრცეში ავტორიტეტული ადამიანი და მაია მიმინოშვილი სწორედ ამიტომ გაანთავისუფლა.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი დავტოვოთ.