აქციის დასრულების შემდეგ არავის გასჩენია კითხვა, რატომ მოვედით, რატომ ვერ მივაღწიეთ შედეგს, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ 27 მაისი არჩევნების კამპანიის დასაწყისი იყო.
ვაკის პარკიდან, ავლაბრიდან და დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაძრული ხალხი მთავარი მოედნისკენ ტრანსპარანტებითა და „საქართველო-საქართველოს“ შეძახილებით მიემართებოდა. ავლაბარში გამოჩნდა ცნობილი სპორტსმენი კახი კალაძე და სოზარ სუბართან ერთად მსვლელობით გამოემართა მთავარი მოედნისკენ.
ვაკის პარკიდან წამოსული კოლონა მეტად შთამბეჭდავი იყო. მათ ნაწილს „ქართული ოცნების“ მაისურები ემოსა და ისეთი სისწრაფით ჩაიარეს თავისუფლებამდე, რომ ახალგაზრდებმაც გაოცება ვერ დამალეს. არადა, მათ შორის არაერთი ჭარმაგი შევნიშნეთ. ამ კოლონაში მონაწილეობდნენ კოალიციაში შემავალი პარტიების თავისუფალი დემოკრატების, ეროვნული ფორუმის, მრეწველებისა და რესპუბლიკელების ლიდერები.
ზოგიერთები ველოსიპედებით, მოტოციკლებით მიეშურებოდნენ ცენტრალური გამზირისკენ, რადგან სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო იმ ქუჩებშიც, სადაც აქციისთვის მზადება არ მიმდინარეობდა, ხოლო ელექტრონული ტაბლოები კვლავაც „ცუღლუტობდნენ“ და ამაოდ აცდევინებდნენ ავტობუსზე დანდობილ მოქალაქეებს.
სხვათაშორის, სასტუმრო „რედისონთან“ სახალხო კრების წევრი ლუკა კურტანიძე აქციამდე ჯერ კიდევ ორი საათით ადრე შევნიშნეთ, იგი თანამოაზრეებთან ერთად თავისუფლების მოედნისკენ მიემართებოდა და მაშინვე მივხვდი, რომ სახალხო კრების წევრები ამ აქციას არ დააკლდებოდნენ. ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისთანაც ხალხმრავლობა შევნიშნე, ცხადი იყო, რომ ბურჯანაძის ხალხიც ამ დღესთან დაკავშირებით იაქტიურებდა.
მალე კოლონები ცენტრალურ გამზირს მიუახლოვდნენ და შეერთდნენ. ხალხში ხმა გავრცელდა, ბიძინა ივანიშვილი კოლონას შეუერთდა და მას სურვილი აქვს, დარჩენილი მანძილი უბრალო ხალხთან ერთად გაიაროს. ჯერ თქვეს ახლა პარლამენტს მოუახლოვდაო და ხალხიც სკანდირებდა „ბიძინა-ბიძინა“, ბოლოს კი საზოგადოებაში ჩოჩქოლი ატყდა, დერეფანი გააკეთეთ, ბიძინა ივანიშვილს გზა მივცეთო...
აქციაზე „ქართული ოცნების“, „ხუთჯვრიანი“, ბოლნური ჯვრის გამოსახულებიანი დროშები ფრიალებდა და, რაც ყველაზე ამაღელვებელია, ქაქუცა ჩოლოყაშვილის დროინდელი სამფეროვანი შინდისფერი დროშები გამოჩნდა, რაც ბევრი ქართველისთვის 1918 წლის დამოუკიდებლობის დროინდელ პერიოდთან ასოცირდება. ერთგან შევნიშნეთ ტრანსპარანტი, სადაც ინგლისურ ენაზე იკითხებოდა, „საქართველოს ქურთი მოქალაქეები ქართული ოცნების“ გვერდით არიან.
თავდაპირველად ხორუმის საბრძოლო ჰანგები გაისმა, რომელიც მალე შეცვალა საქართველოს ჰიმნმა, ნატო მეტონიძის შესრულებით, მოგვიანებით კი მთავარ მოედანსა და მიმდებარე ქუჩებს ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე შექმნილი ჰანგები ეფინებოდა: „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“. ამ სტრიქონების ავტორი იქვე, ოჯახთან ერთად შევნიშნეთ, ბოლოს კი ქართულმა მრავალჟამიერმა დაიგუგუნა.
აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, ნინო ბურჯანაძე და „სახალხო კრების“ წევრები. აქციაზე არაერთი მოძღვარი შევნიშნეთ.
ბიძინა ივანიშვილის მოსვლამდე ხალხის განსაკუთრებული ოვაცია კახი კალაძის გამოჩენამ დაიმსახურა. მისი თქმით, ქართველი ერი მზად უნდა იყოს, რომ შიშველი მუშტებით დადგეს ჩვენი ერის, მამულის, სარწმუნოების დასაცავად.
„მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, ვისაც არ უნდა, რომ მუდამ კასტრირების შიშის ქვეშ მყოფი მთავარსარდალი ჰყავდეს. მიშა, ხალხს აღარ სჯერა შენი! უნდა წახვიდე! უნდა ისწავლო წასვლა და არა გაქცევა, როგორც გარბოდი ბრძოლის ველიდან. ბიძინა ივანიშვილს წინამძღოლობით ქართველი ხალხი აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას. ჩვენ, ყველა, ერთად გავიმარჯვებთ“! - მიმართა კახი კალაძემ ტრიბუნიდან საზოგაოდოებას.
მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის თქმით, დღევანდელი დღე სამუშაოდ გამოაცხადა ხელისუფლებამ, რათა ხალხი აქციაზე არ მისულიყო, მაგრამ თავისუფალმა ადამიანებმა აქციაზე მისვლა არჩიეს.
„გადახედეთ, რამდენი ახალგაზრდაა ჩვენს შორის. ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული ალღო, მათ იციან, რომ გამარჯვება მოახლოებულია“, - აღნიშნა ნინელი ჭანკვეტაძემ.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი შოთა ძაგნიძეც მივიდა ტრიბუნასთან. მისი თქმით, შეიძლება, ბევრს უკვირს, თუ რა უნდა 22 წლის ბიჭს პოლიტიკაში, არ ჯობდა, გართობილიყო, დაღვინებულიყო, მაგრამ ის უკანონობა, რაც ქვეყანაშია გამეფებული, მას ჩუმად ყოფნის საშუალებას არ აძლევს.
დავით მაღრაძემ „ქართული ოცნება“ რეალურ ძალად მოიხსენია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, უმთავრესია, რომ ამ ბრძოლაში მთავარი მოქმედი გმირი საქართველოს მოსახლეობაა.
„საქართველოს დროშის დაბრუნებას ვიწყებთ. წინ ილიასაკენ!“ - მიმართა მან საზოგადოებას.
ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა დიდი ოვაციების ფონზე მიმართა საზოგადოებას. თუმცა, სიტყვა არაერთგზის გააწყვეტინეს „ბიძინა-ბიძინას“ შეძახილებით. ლიდერის სახელის სკანდირება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ჩააბარა წარსულს ჩვენმა საზოგადოოებამ.
ივანიშვილის თქმით, იგი ბედნიერია, რომ ხალხთან ერთად იწყებს ბრძოლას ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისთვის. ხალხის სიმრავლე კი ადასტურებს, რომ ჩვენი წინაპრების თავდადებას ფუჭად არ ჩაუვლია.
საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილმა არც ახალგაზრდებს დასწყვიტა გული და აქციის დასასრულს მათ ენაზე უთხრა სათქმელი. კერძოდ, ბერას შექმნილ სიმღერაზე ერთი კუპლეტი წაიმღერა და „გარეპა“, რის შემდეგაც ბერამ „ქართული ოცნების“ ჰიმნი შეასრულა.
Presage.tv აქციის მონაწილე პოლიტიკოსებს ესაუბრა, რომლებთანაც მიახლოება ჟურნალისტებისთვის მეტად რთული აღმოჩნდა.
თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ გამარჯვების შემდეგ კოალიციის მოღვაწეობა მრავლის მომცველი იქნება - განათლებით, ჯანდაცვით, სოფლის მეურნეობით დაწყებული, ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკით დამთავრებული.
„დღევანდელი აქცია დიდი მუხტი, სიყვარულის მუხტია, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს. ბუნებრივია, გავაგრძელებთ ამ მუხტს, და მთელ საქართველოსთან დავდგებით. ჩვენ ერთი ადამიანის მოსვლასაც კი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და, როდესაც ამდენი ხალხი მოვიდა, ბუნებრივია, ეს ძალიან დიდ სიყვარულს ადასტურებს. მთელი საქართველო სიკეთისკენ არის და არა ბოროტებისკენ, საქმის კეთებისკენ და არა უსაქმურობისკენ. ეს გადაედება მთელ საქართველოს“, - გვითხრა ვიქტორ დოლიძემ.
საკუთარი ხალხის შემხედვარე ნიკუშა შენგელაია კმაყოფილებას არ მალავდა - „ჩემი ხალხის სიხარული და სიყვარული მაქვს გულში, იმისთვის, რომ ასეთები არიან და აქ დგანან“, - მოკლედ მოჭრა სათქმელი ნიკუშა შენგელაიამ.
რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ამ აქციამ ყველაფერს პასუხი გასცა, თუ ვინმეს კითხვები ჰქონდა. იგი იმედოვნებს, რომ ზუსტად ასე დახვდება ყველა დიდი და პატარა ქალაქი, სადაც კი „ქართული ოცნება“ ჩავა.
„ოქტომბრამდე მთელ საქართველოს ფეხზე დავაყენებთ. ვიცი, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება და ეს ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებზეც აისახება. რა თქმა უნდა, ველოდი ამდენი ხალხის მოსვლას, რადგან ამ ქალაქში ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი, როგორ სუნთქავს ეს ქალაქი. განსხვავებით იმ ხალხისგან, იმ შენობაში რომ არიან და აცდენილნი არიან რეალობას. ჩვენ ყოველდღე ვხვდებით ადამიანებს და ვიცით, რომ ისინი იმედით აღივსნენ. ამ ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს და ამ ბოლო შანსს აუცილებლად ყველა ერთად, ოქტომბერში გამოვიყენებთ“.
აქვე თინა ხიდაშელმა გვითხრა, რომ რაიონებში ორგანიზება მათ არ მოუხდენიათ, ამდენად, თუ ვინმე თავისით მოვიდა, ეს მათი ნება იყო.
„7 ივნისს ქუთაისში ჩავალთ და 7-შივე გამოცხადდება შემდეგი ქალაქი, თუ სად ვიქნებით. დღევანდელმა დღემ კი გრანდიოზულად, საოცნებოდ ჩაიარა. ეს ზუსტად ის ხალხია, რომელიც საქართველოს სჭირდება. მტერმა და მოყვარემაც უნდა დაინახოს ხალხის განწყობა, რომ ამ რვა წლიან ძალადობას დასასრული აქვს“, - გვითხრა ხიდაშელმა.
მანანა კობახიძის თქმით, ეს დღე ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში და, შესაბამისად, გაიმარჯვებს საქართველო.
„ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და ქართველმა ხალხმა დღეს გამოხატა თავისი „არა“ ხელისუფლების მიმართ და დიდი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ. ყველა ქართველის ოცნების ასრულება დღიდან უნდა დაიწყოს. ამ აქციაზე რამდენი არიან, ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრნი, ალბათ, - „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა“.
დავით საგანელიძე ამ შეკრებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სწორი გზა აირჩია და ამას ბარიერი ვერ ექნება. მისი თქმით, საბოლოო არჩევანი საზოგადოებამ უნდა გააკეთოს, მან კი საკუთარი არჩევანი რამდენიმე დღის წინ უკვე გააკეთა.
„ამ ადამიანების რაოდენობამ მთელ ქვეყანას დაანახა, რომ საქართველოს მოსახლეობას რა არჩევანი აქვს გაკეთებული“.
გია ცაგარეიშვილი ამ განცდით აპირებს არჩევნებამდე მისვლასა და გამარჯვებას. მისი განმარტებით, ყოველ ერთ კვირაში ან 10 დღეში ერთხელ თითოეული რეგიონალურ ცენტრში ასეთი საზეიმო განწყობა შეიქმნება, ყოველ რაიონში ჩავა ბიძინა ივანიშვილი და არ დატოვებს არცერთ რეგიონს, სადაც ხალხს არ შეუძახებს და იმედის ნაპერწკალს არ ჩაუსახავს.
თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე ელოდა ამდენ ქართველს, ასობით ათას მოქალაქეს, ამიტომაც „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, წინასწარ იცოდა, რომ ვერცერთი სტადიონი ვერ დაიტევდა ამ ხალხს.
„2003 წელსაც ვიდექით პარლამენტის წინ, მაგრამ დღეს განსხვავება აშკარაა. დღეს აბსოლუტურად სხვა მასშტაბის აქციაა. ეს არის საარჩევნო კამპანიის დასაწყისი. ჩვენ ვიწყებთ დღეს და დავამთავრებთ ოქტომბერში ჩვენი გამარჯვებით. დღეს დაიწყო საარჩევნო კამპანია და მისმა ლიდერმა განაცხადა, რომ ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოვიცავთ“.
დავით უსუფაშვილის თქმით, მარტო დღევანდელ აქციაზე მოსული ადამიანები არ უნდა აღვიქვათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად. არამედ ისინი გამოხატავენ თავიანთი ოჯახის, ახლობლების მოსაზრებას.
„ცხადია, ყველა ვერ მოვიდოდა აქ. ასე რომ, აქ მოსულ ადამიანთა რაოდენობა გაამრავლეთ 2-ზე, 3-ზე, გნებავთ, ოთხზეც. ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ მოსული ხელისუფლება იქნება ყველა ადამიანის ხელისუფლება და არა მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერების ხელისუფლება. ამისთვის საჭიროა იმ გეგმის ისევე გეგმაზომიერად გავლა, როგორც დღევანდელ დღემდე მოვედით. ქუჩაში მაშინ გამოვედით, როდესაც იყო სწორი და საჭირო და როდესაც ვითარება იყო მომზადებული“.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის შემოერთებას აქციაზე, დავით უსუფაშვილი აცხადებს: „მე არ ვიცი, ვის შემოუერთდა, მაგრამ ბურჯანაძე ყოველთვის იყო საქართველოს მოქალაქე, და, თუ 200 ათასი აქ მოსული მოქალაქიდან ერთ-ერთი იყო ნინო ბურჯანაძე, ეს ძალიან კარგია“.
Presage.tv ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც ესაუბრა. მათმა უმეტესობამ ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა ბიძინა ივანიშვილზე საუბარს სიამოვნებით დაგვთანხმდა.
აქციის მონაწილე ერთ-ერთი მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი სოფლის მეურნეობაში ჩადებს თანხებს და ააყვავებს. ასევე, შემცირდება საწვავის ფასი, გვარჯილის ფასი. „რად უნდათ ასეთი საავადმყოფოები, თუ ვერავინ შევა?! მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ და არაფრის მეშინია, მეტი რაღა უნდა დავკარგო?!“
მერაბ ზაალიშვილი უკეთესი მომავლის იმედად იდგა თაკარა მზეში აქციაზე. მას აქციაზე მისვლა არ შეშინებია, რადგან არც სამსახური აქვს და არც ეკონომიკური პირობები. იგი პენსიონერია, სააკაშვილის დროსაც ბევრჯერ მიუღია აქციაში მონაწილეობა, უჩხუბია და უყვირია მის გამო, მაგრამ მასში მოტყუვდა.
„არ ვიცოდით, ვინ მოდიოდა, 6 თვის შემდეგ კი გავიგე, ვინც იყო სააკაშვილი. განაცხადა, გაზეთს არ ვკითხულობო, რად მინდაო? აბა, შეიძლება პრეზიდენტმა გაზეთი არ წაიკითხოს?! არაფერი არ გაკეთებულა ხალხისთვის, ტერიტორიები დავკარგეთ. ბიძინამ, პირველ რიგში, ტერიტორიები უნდა დაგვიბრუნოს. ამას წინათ „ქართულ ოცნებას“ ჩავაბარე წერილი დროშის შესახებ და ვთხოვე, ქართულმა სამფეროვანმა ეროვნულმა დროშამ იფრიალოს ივანიშვილის „ქართული ოცნების“ დროშების გვერდით. ეს 1918 წელს მიღებული დროშაა, რაც ნეიტრალიტეტს და ჩვენი წინაპრების დაღვრილ სისხლს გამოხატავს. ნაციონალების დროშა კი ჯვაროსნების დროშაა. 80 წელს მიტანებული კაცი ვარ, აგრონომი, კოლმეურნეობაშიც მიმუშავია და მეურნეობაში, მაგრამ ბიძინას გვერდით ვარ. ჩემს ირგვლივაც ასეთი განწყობაა“.
ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, ყველაფერი უწმინდესთან შეთანხმებით უნდა დაიწყოს და არა ისე, როგორც ეს თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
„ამ ჯალათობით, უსინდისობით უკვე დავიღალეთ. ბატონმა ბიძინამ იმით კი არ უნდა დაიწყოს, რომ ფულები მოგვაყაროს, ეს შეცდომა იქნება. ადამიანის ბუნება ისეთია, რომ უცბად გაჩნდება მის გვერდით ბოროტება და დაიწყებს, აბა, რით გავერთოო?! მით უმეტეს, ახალგაზრდებს აქვთ ეს მიდრეკილება და თვალში აქვთ ჭკუა. ამიტომ სიბრძნე გვმართებს, ფული არ უნდა მოგვცეს, ელემენტარული საშუალება უნდა გვქონდეს, რომ თავი გადავირჩინოთ და საკუთარი ნაშრომით ვიცხოვროთ. სახლში უმუშევრად რომ ზიხარ, არ იცი, რა უნდა აკეთო, ეხეთქები კედლებს, ქუჩაში გახვალ, ძალადობა დაგხვდება. ჩემმა შვილმა რა არ დაამთავრა, რომელი ენები არ ისწავლა, ევროპაშიც ისწავლა, მაგრამ ყველგან კარი დახურულია. ბოლო ხანს, სადაც კი გახვალ, ბოროტება მძლავრობს. მეცოდება ჩვენი პატრიარქი, რომ უყურებს ამდენ ბოროტებას, როგორ განიცდის. ბიძინას გარშემო ბევრი უანაგაროა, მაგრამ ბევრიც ანგარებიანია. მეც მირჩიეს, ჩაეწერე „ქართულ ოცნებაში“ და ამდენ ხელფასს მოგცემსო. როგორ, ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს გადარჩენა ვახსენო, თუ იმაზე ვიფიქრო, რომ კაპიკებს მომცემენ? ეს ხომ ღალატი იქნება ჩემს გულში?!“
„ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებული ერთ-ერთი ახალგაზრდა Presage.tv -სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხის გაერთიანებას შეძლებს. სააკაშვილს კი ვადა გაუვიდა და რესურსი აღარ დარჩა.
„იმიტომ გავწევრიანდი „ოცნებაში“, რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო. ყველა ავტორიტარულ მმართველობას ახასიათებს, რომ აქციაზე დგომის გამო მოქალაქეებს პრობლემა შეუქმნას, მაგრამ მე თავისუფალი ადამიანი ვარ. ასე, ომშიც მიდიოდნენ ქართველები, თუმცა იცოდნენ, რომ შეიძლება, სიცოცხლე დაეკარგათ, მაგრამ მათი სახელი უკვდავია“.
დასასრულ, გივი ბერიკაშვილიც შევნიშნეთ. მან გვითხრა, როცა საქართველოს ბედი წყდება, მაშინ არც ერთ ქართველს არ აქვს უფლება, სახლში დაჯდეს და აქციას არ შეუერთდეს.
„ვფიქრობ, რომ ქვეყნის ბედი სწორედ ახლა წყდება. აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკვე დავკარგეთ, ახლა მესხეთ-ჯავახეთსაც ვკარგავთ. თუ ასე გაგრძელდა, აღმოჩნდება, რომ საქართველო მხოლოდ თბილისი იქნება და აქაც მარტო მე და შენ დავრჩებით. ამით დასრულდება ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია“.