მთავრობა კოლხეთის დაცული ტერიტორიიდან სამეგრელოს ნაწილის ამოღებას გეგმავს, სადაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას აპირებს. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, საერთაშორისო კონვენციების დარღვევას კონკრეტულად ვისი ეკონომიკური მიზნებისთვის აპირებს. მაგრამ იმის გამო, რომ ეს ტერიტორია ძალიან ახლოსაა იქ, სადაც ლაზიკა უნდა აშენდეს, ადვილი მისახვედრია, რომ ეს სწორედ სააკაშვილის ახირებისთვის უნდა გაკეთდეს.
როდესაც მან ლაზიკას აშენების იდეა გაახმოვანა, გარემოს დამცველებმა მაშინვე გამოთქვეს ეჭვი, რომ ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენება კოლხეთის დაცულ ტერიტორიასაც გაანადგურებდა და პრეზიდენტის ეს იდეა თუნდაც ამის გამო ჩათვალეს მიუღებლად. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკში არის დაცული უნიკალური მცენარეები და მათ შორის ისეთი, რაც მსოფლიოში სხვა ადგილას აღარ არსებობს. ასევე აქ ბინადრობენ 150 სახეობამდე იშვიათი ფრინველები. მათ შორის არიან გადამფრენი ფრინველებიც.
სწორედ ამ უნიკალური ბუნების გამო, კოლხეთის დაცულ ტერიტორიას საერთაშორისო კონვენციები იცავს. კოლხეთის დაბლობი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 1996 წელს მოექცა, როდესაც საქართველო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ არსებულ რამსარის კონვენციას შეუერთდა.
გარემოსდამცველები კი სააკაშვილის იდეას ლაზიკას მშენებლობასთან დაკავშირებით სწორედ იმის გამო აკრიტიკიბდნენ, რომ შიშობენ, კოლხეთის დაცული ტერიტორია განადგურდება. თუმცა, ხელისუფლება დაპირებებს დაპირებებზე იძლეოდა, რომ ეს მშენებლობა კოლხეთის დაცულ ტერიტორიას არ შეეხებოდა. ამ ასაშენებელი ქალაქის ზუსტი კოორდინატები კი დღემდე უცნობია და ეს ხელისუფლებასთან კატეგორიული ოპონირების საშუალებას არ იძლეოდა.
გუშინ კი მთავრობის მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის შემცირებას ითვალისწინებს და, როგორც აღმოჩნდა, პარკს აღარ ექნება სწორედ ის ტერიტორია, რომელიც ახლოს არის ასაშენებელი ლაზიკას სავარაუდო ტერიტორიასთან.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კოლხეთის ეროვნული პარკი იქმნება ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 44 313 ჰექტარს. აქედან ხმელეთის ფართობი შეადგენს 28 571 ჰექტარს,ხოლო ზღვის აკვატორიისა - 15 742 ჰექტარს. ეს ტერიტორია, ასევე კანონმდებლობის თანახმად, კოლხეთის დაცული ტერიტორია იყოფა შემდეგ ბუნებრივ-გეოგრაფიულ უბნებად: ანაკლია-ჭურიის უბანი - საერთო ფართობით 13 713 ჰექტარი; ნაბადას უბანი - საერთო ფართობით10 697 ჰექტარი; იმნათის უბანი - საერთო ფართობით 19 903 ჰექტარი.
კანონპრეოქტში კი ნათქვამია, რომ ანაკლია-ჭურიის უბანს ეს სტატუსი აღარ ექნება და ამ ტერიტორიას ხელისუფლება ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოიყენებს. ეს კი, ექსპერტთა აზრით, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიის გამოყენება მოხდება ლაზიკას ასაშენებლად, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. მთავრობა კი ირწმუნება, რომ ეს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის კეთდება.
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ პარკის ნაწილი, რომელსაც აქვს გარემოს დაცვითი ღირებულება და აქ არის ისეთი ლანდშაფტი, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული დაცვა, რა თქმა უნდა, რჩება კვლავ ეროვნული პარკის სტატუსით და მასზე გავრცელდება ის რეჟიმი, რომელიც დღემდე არსებობდა. მაგრამ, იქმნება მეორე ნაწილი, რომლის გამოყენება შეიძლება უკვე ეკონომიკური საქმიანობისთვის, სადაც დაშვებული იქნება ეკონომიკური აქტივობების განხორციელება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, - ამბობს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თანათამჯდომარე, ნინო ჩხობაძე ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ „ეს ძალიან სახიფათოა, რადგან კოლხეთის ევრონული პარკი არის უნიკალური ტერიტორია და ეს მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს არის ერთიანი ეკოსისტემა და ამის დაცვა არის აუცილებელი“.
ის გასაკუთრებულ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ „ანაკლია-ჭურიის უბანი არის ერთ-ერთი უნიკალური უბანი“ და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად მოვა საერთაშორისო კონვენციებთან წინააღმდეგობაში და ამით საქართველოს საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნება.
„კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის შემცირება არის იმ გარკვეული ვალდებულებების დარღვევა, რაც საქართველოს აქვს დარღვეული. რამსარის ტერიტორია გაცილებით მეტია, ვიდრე კოლხეთის ეროვნული პარკი და, შესაბამისად, აქ პრობლემები ნამდვილად შეიქმნება და მე ამაზე კომენტარი მიჭირს. თუმცა, ცალსახად ვიტყვი, რომ ეროვნული პარკების შემცირება არ შეიძლება“, - ამბობს ნინო ჩხობაძე და დასძენს, რომ საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს აქტიურობა და ხელისუფლებას ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს.
საინტერესო კი ის არის, მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებს რა პასუხს გასცემს ან მათ ამასთან დაკავშირებით რა რეაქცია ექნებათ.