ტაძარში მოლოდინი იყო, რომ ნინო ბურჯანაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგებოდა, თუმცა ორივე მათგანი კარგა ხნის მანძილზე ერთმანეთისგან მოშორებით იდგნენ. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ჩემს გვერდით იდგა, ლოცულობდა, რომ ტაძარში ასე უბრად ერთმანეთთან ყოფნა არ შეიძლებოდა და იქნებ, როგორმე პოლიტიკოსები ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ. მეორე ქალბატონი კი ძლიერ აქტიურობდა და გამოხატავდა საკუთარ პოზიციას, მან დაუფარავად მითხრა, რომ მისი ვაჟი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო და მათაც მოლოდინი ჰქონდათ, რომ ივანიშვილი და მთელი ოპოზიცია გაერთიანებას შეძლებდა.
ტაძარში ნინო ბურჯანაძის გვერდით, ასევე, ანთებული სანთლებით ხელში შევნიშნეთ მისი ვაჟი ანზორიკო, ნონა გაფრინდაშვილი, გია ბურჯანაძე, სოსო ჯაჭვლიანი, ელიზბარ ჯაველიძე, თემურ შაშიაშვილი, კახა კუკავა, ლუკა კურტანიძე და სხვანი. ასევე, მოშორებით იდგნენ ძმები გაჩეჩილაძეები, კახა მიქაია, მსახიობი გურამ ფირცხალავა, გიორგი თარგამაძე, ჯონდი ბაღათურია.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ სამების ხატს ეამბორა, შემდეგ ნინო ბურჯანაძესა და „სახალხო კრების“ წარმომადგენლებთან მივიდა და ხელი ჩამორთვა, რასაც ტაძარში მყოფთა შეძახილები, ოვაცია და ტაში მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძესთან მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა, რასაც ვერ ვიტყვით ნონა გაფრინდაშვილზე, რეზო ესაძეზე, ლუკა კურტანიძეზე, რომლებიც გადაკოცნა.
ბიძინა ივანიშვილს მიდევნებული ჟურნალისტების გადაადგილება და ტაძარში ამტყდარი ოვაციები იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ მამა გიორგი ზვიადაძემ მრევლს მიმართა, რომ წმინდა ტაძარში შეძახილები და ტაშის დაკვრა სრულიად მიუღებელი იყო. მისი თქმით, ეკლესიას თავისი სწორი ქვეყანაზე არ ჰყავს და იგი პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობს. ეკლესია, როგორც ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების ძალა, ყველაფერ ამქვეყნიურს აღემატება. ამდენად, წმინდა ეკლესია შეძახილებისა და ტაშის დაკვრის ადგილი არ იყო.
ამასთან, მამა გიორგიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით (რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება), საქართველოს ეკლესიისა და წმინდა სინოდის სახელით, 26 მაისის მოვლენებისას გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მისივე განმარტებით, სამების ტაძრის სასულიერო პირებმა ყველა გარდაცვლილისთვის გადაიხადეს პანაშვიდი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რომელ მხარეს იბრძოდა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძის თქმით, მას ეამაყება, რომ იმ ადამიანების გვერდით იდგა, ვისაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ქვეყანას გადარჩენა სჭირდებოდა. მისივე თქმით, 300 არაგველს რომ არ ებრძოლა, დღეს საქართველო, ქართული ენა და ეკლესია არ იქნებოდა. „როდესაც არჩევანი გაქვს მონობასა და გადარჩენას შორის, ბრძოლა ყოველთვის მისაღები და გამართლებულია“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მოგვიანებით ტაძრიდან გამოსულმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს კომენტარი გაუკეთა. მისი თქმით, შარშანდელი 26 მაისი არის გლოვის დღე, რადგან ხელისუფლებამ დანაშული ჩაიდინა ხალხის წინაშე და ჩვენ გაგვიჩნდნენ ახალი გარდაცვლილები და ახალი სიმბოლოები, რომლებიც მუდმივად იბრძოდნენ და იბრძვიან თავისუფლებისთვის.
„სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში იღუპება. სირცხვილი ჩვენს ხელისუფლებას, რომ მოახერხა და ასე მოექცა ქართველ ხალხს“.
ნინო ბურჯანაძესთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა კვლავაც აღნიშნა, რომ საქართველოს არცერთი ქართველი დასაკარგი არ ჰყავს, არც პოზიცია და არც ოპოზიცია და ყველა ქართველთან უნდა შევძლოთ ურთიერთობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველანი გავერთიანდეთ. შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ბურჯანაძეს 27 მაისის აქციაზე, ბიძინა ივანიშვილმა ზოგადად აღნიშნა, რომ 27-ში უნდა გამოვიდეს ყველა, რადგან ეს საზოგადოების დღეა და მოქალაქეებმა უნდა აჩვენონ, რომ საქართველო ჩვენ გვეკუთვნის.
„ეს არ არის განსაკუთრებული პარტიული დღე, ამიტომ ყველა თბილისელი უნდა მოვიდეს“.
Presage.tv პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს ესაუბრა. „კორკოტამ“, იმავე გია კორკოტაშვილმა აღნიშნა, რომ 27 მაისთან დაკავშირებით, იგი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს და თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე აუცილებლად მივა.
„რით არის ჩემთვის მნიშვნელოვანი 27 მაისის აქცია?! ამის მთავარი მიზეზია, რომ მე კარგად ვერ ვცხოვრობ და მინდა, ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვრო. 26 მაისი კი ისეთი დღე იყო, რომ, ალბათ, ნებისმიერ ადამიანს, საქართველოში მართლად მაცხოვრებელ კაცს, უნდა ეგლოვა, რადგან ეს ხალხი სიმართლისთვის დაიღუპა“, - აღნიშნა გია კორკოტაშვილმა.
„ქართული აკადემიის“ წევრი ნუკრი ქანთარია 26 მაისს ამ ხელისუფლების ქმედების გამო ტრაგიკულ თარიღად მიიჩნევს და სწორედ ამიტომაც მიაგო პატივი გარდაცვლილებსა და დაზარალებულებს სამების ტაძარში.
„ყველა მოქალაქე ვალდებული იყო, პატივი მიეგო დაღუპულთა და დაზარალებულთათვის. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, რასაკვირველია, ყველანი უნდა გამოვიდეთ და ვაჩვენოთ მტერსაც და მოყვარესაც, რომ ძალიან ბევრნი ვართ და ვერაფერი შეგვაჩერებს. გამარჯვება გარდაუვალია. ხვალინდელი დღე ამის განმსაზღვრელი იქნება. 27 მაისი გააქეზებს იმ ხალხსაც, რომელსაც გარანტირებული გამარჯვება სჭირდება და ასეთი ხალხი არცთუ ისე ცოტაა ჩვენს საზოგადოებაში“.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის თბილ მისალმებას, ნუკრი ქანთარია ამაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს.
„არა მგონია, რომ ბატონ ბიძინას რაიმე გასაყოფი ჰქონდეს ქალბატონ ნინოსთან. უბრალოდ, ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ პარტნიორად ქალბატონი ნინო ვერ წარმოუდგენია. ისე, რასაკვირველია, ურთიერთობას და კოორდინაციას არაფერი უშლის ხელს“.
ამასთან, ნუკრი ქანთარია დარწმუნებულია, რომ „სახალხო კრების“ წევრები ხვალინდელ აქციას შეუერთდებიან. რეჟისორს ამაში ეჭვიც არ ეპარება, რადგან „სახალხო კრების“ წევრებს საკუთარ მეგობრებად, ახლობლებად მოიაზრებს.
„ისინი ჩვენი მეგობრები არიან და აბა, სად წავლენ, თუ არა, ხვალინდელ აქციაზე?!“ - კითხულობს ნუკრი ქანთარია.
გიორგი თარგამაძის თქმით, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესში დამარცხებულისა და გამარჯვებულის არსებობა ნორმალურია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, რომ 26 მაისის დაპირისპირებას ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
ჩვენ შევეცადეთ, ლუკა კურტანიძესაც გავსაუბრებოდით, მაგრამ მან ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, რომ კურთხევა ჰქონდა და დღეს კომენტარს ვერავის მისცემდა.
გუბაზ სანიკიძის თქმით, კი სამწუხაროა, რომ ქართველებს ყველა ღირშესანიშნავ თარიღთან სისხლი და ტრაგედია გვაკავშირებს. სწორედ ასეთ თარიღად იქცა 26 მაისი.
დეპუტატი დიმიტრი ლრთქიფანიძე მიიჩნევს, რომ შარშანდელმა 26-მა მაისმა ძალიან სამწუხაროდ დაამახსოვრა თავი ჩვენს საზოგადოებას. კერძოდ, რეჟიმი ბარბაროსულად მოექცა საკუთარ საზოგადოებას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
„ვფიქრობ, ხვალინდელი დღე - 27 მაისი საბოლოოდ გამოავლენს ერის კონსოლიდაციას იმ მნიშვნელოვან საკითხში, რასაც ეროვნული თანხმობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია. მიმაჩნია, რომ ხვალინდელი დღე არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიის გახსნის დღე, ამავე დროს, ეს არის მთელი ერის შესაძლებლობა (რაც ბოლო დროს ძალიან იშვიათია), ერთობლივად გამოვავლინოთ ჩვენი სულისკვეთება, ის ძირითადი მუხტი, რაც ეროვნულობას უკავშირდება. ეს შანსი კი ხელიდან არ უნდა გავუშვათ“.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ნებისმიერ პოლიტიკოსს დიდი პოლიტიკური სიბრძნე არ სჭირდება, რომ ხვალინდელ დღეს სოლიდარობა გამოავლინოს და საკუთარ ხალხს გვერდში დაუდგეს.
„მე ვფიქრობ, ნინო ბურჯანაძისა და ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი შერიგების აქტი მნიშვნელოვანი და გარდაუვალი იყო, რადგან ამის მოთხოვნა, მინიმუმ, ჩვენი საზოგადოების 90 %-ს ჰქონდა“, - აღნიშნა დეპუტატმა.
კახა კუკავა საპატრიარქოს მიმართ მადლიერებას გამოთქვამს, რომ შარშან დაღუპული ოთხი მომიტინგე სახელობით მოიხსენიეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ტაძარში, ამაში კახა კუკავა დიდ პოლიტიკურ აქტს ვერ ხედავს. მისი თქმით, ეს ადამიანურობის აქტი იყო და განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, ადამიანები ტაძარში მაინც ესალმებიან ერთმანეთს და თვალებს არ ჩიჩქნიან.
27 მაისთან დაკავშირებით კი კახა კუკავა გვიცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორთა სურვილია, რომ იქ არ იყვნენ სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები. თვით სახალხო კრებიდანაც კი მოწვევა გაუგზავნეს არაპარტიულ წარმომადგენლებს.
„ჩემთვის უკვე გარკვეულია, რომ არ მივალ აქციაზე, რადგან მაია ფანჯიკიძის განცხადება ასეთი იყო, რომ ის არ ელოდება სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს. ამდენად, „ჩანგალზე“ ვერ მივალთ“, - გვითხრა კახა კუკავამ.
რეჟისორ გოგა ხაინდრავას თქმით, 26 მაისი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი დღეა საქართველოსთვის, რადგან დამოუკიდებლობის აღდგენა ჰაერივით სჭირდებოდა ქვეყანას. სწორედ ამისთვის იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენც ვალდებულნი ვართ, ისევე წმინდად შევინახოთ ეს დღე, როგორი წმინდა სისხლიც დაიღვარა ამ დღისთვის.
„ამავდროულად, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილის, უღირსობის დღე, რადგან სახელმწიფომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ასწია ხელი, ღირსება შეულახა და მოკლა ადამიანები. ამიტომ, ჩვენ დღეს ვგლოვობთ და ქედს ვიხრით მათი სულების წინაშე“.
ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის მოულოდნელ შეხვედრაში კი გოგა ხაინდარავ განსაკუთრებულობას ვერ ხედავს.
„ერთია პოლიტიკური შეხედულებების სხვადასხვაობა და მეორეა - ადამიანური დამოკიდებულება. ბუნებრივია, ორი ქართველი, ორი ადამიანი, რომელიც მოწადინებულია ამ სიბინძურისგან დაიხსნას ქვეყანა და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამშობლოსთვის ფიქრობს, ყველანი ერთ გუნდში უნდა აღვიქვათ, რასაც საქართველო ჰქვია.
„ხვალ მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს და დაანახოს ბოროტ ძალას, რომ მათი დღეები დათვლილია“, - გვითხრა გოგა ხაინდრავამ.
დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ „ქართული დასის“ სახელით სოლიდარობა გამოუცხადა 26 მაისის აქციის მონაწილეებს და მის ორგანიზატორს - „სახალხო კრებას“ და პატივი მიაგო დაღუპულთა სულებს.
„გვინდა, დავგმოთ ის ბოროტება, რაც პირადად პრეზიდენტის მითითებით ჩაიდინა ამ ხელისუფლებამ. დღესაც საზეიმო სხდომას ატარებს სააკაშვილი და მისი რაზმი. არადა, იმ შენობის მშენებლობისას ზუსტად ერთი წლის წინ დედა-შვილი დაიღუპა. როგორი სამარცხვინოც უნდა იყოს, პარლამენტის წევრები უბრალო ბუტაფორიის როლს ასრულებენ, ისეთივე ბუტაფორიის, როგორიც იცის ხოლმე სააკაშვილმა, როცა ჩაამწკრივებს ვითომ ჰალსტუკიან ავადმყოფებს, ვითომ მუშებს... სწორედ ამ ავადმყოფებისა და მუშების როლში გამოდიან ეს პარლამენტარები. საპარლამენტო ოპოზიციამ, თითქმის ყველა მათგანმა, სიტყვა გატეხა და ამ ტაშ-ფანდურში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისში ჩავიდა“.
რაც შეეხება 27 მაისს, ჯონდი ბაღათურია საიდუმლოდ ტოვებს და აცხადებს, რომ სწორედ 27 მაისს გავიგებთ, იგი რას აპირებს.