ხელისუფლებამ რკინიგზის გაყიდვა, შესაძლოა, ივანიშვილის ფაქტორის გამო გადაიფიქრა

ხელისუფლებამ რკინიგზის გაყიდვა, შესაძლოა, ივანიშვილის ფაქტორის გამო გადაიფიქრა

რამდენიმე დღის წინ presage.tv წერდა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „საქართველოს რკინიგზის“ გაყიდვა გადაწყვიტა. თავიდან ინფორმაცია „როიტერმა“ გაავრცელა. ამის შემდეგ კი, ოფიციალური განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რკინიგზის აქციების მხოლოდ 25% განთავსდება.

„ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით გაცნობებთ, რომ „საქართველოს რკინიგზის“ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელად კვლავ სახელმწიფო რჩება, ასევე არსებითი არაფერი იცვლება კომპანიის მართვის საკითხში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, იმ დროისთვის მთავრობა აწარმოებდა საფონდო ბირჟებზე არსებული მდგომარეობის შესწავლას, რათა დარწმუნებულიყო, რომ დღესდღეობით, „საქართველოს რკინიგზის“ არასაკონტროლო პაკეტის განსათავსებლად, საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შესაბამისი ვითარებაა. აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსება გუშინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ხელისუფლებამ უცებ პოზიცია შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ აქციების ლონდონის ბირჟაზე განთავსება აღარ მოხდება. ოფიციალური ვერსიით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი საფონდო ბირჟებზე არახელსაყრელი მდგომარეობა გახდა.

„ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ბანკირებთან, ინვესტორებტან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, ბაზრები იმდენად გაფუჭდა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ამის გაკეთება არ გვირჩიეს. ბაზრებზე ცუდი მდგომარეობა გამოწვეულია საბერძნეთის და ესპანეთის პრობლემებით. შესბამისად, რკინიზგის აქციების ბაზრაბზე გატანა გადავდეთ, ვიდრე მდგომარეობა არ გამოსწორდება“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.

თავისთავად ხელისუფლების გადაწყვეტილების ასეთმა ნაუცბათევმა ცვლილებამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. კერძოდ, ზუსტად ერთი კვირის წინ გადაწყვეტილი იყო რკინიგზის აქციების გასხვისება, დღეს კი გადაწყვეტილება შეიცვალა. ხომ არ არის დაკავშირებული ეს ცვლილება იმ ინფორმაციასთან, რომელიც ამ დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა? კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ „საქართველოს რკინიგზის“ აქციების ყიდვას ბიძინა ივანიშვილი აპირებდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა „თელასიც“ შეიძინა და არჩევნების წინ ელექტროენერგიის ტარიფის 6 თეთრამდე დაწევას აპირებს.

ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა „თელასისა“ და საქართველოს რკინიგზის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერ ბიზნესმენს შეუძლია აქციების შესყიდვის სურვილი გამოთქვას, მათ შორის მასაც, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად გადაწყვეტილი არაფერია.

რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მართლაც შეიცვალა თუ არა საფონდო ბირჟებზე მდგომარეობა უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ამასთან დაკავშირებით presage.tv რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

ეკონომიკური ექსპერტი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საფონდო ბირჟებზე არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.

„მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ზუსტად იგივე სიტუაციაა, რაც ერთი კვირის წინ. ასე რომ, იმაზე საუბარი, თითქოს, „საქართველოს რკინიგზის“ გაყიდვა ხელისუფლებამ მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე ვითარების ცვლილების გამო გადაიფიქრა, უბრალოდ თითიდან გამოწოვილი მიზეზია. მე მიმაჩნია, რომ ვიდრე პოლიტიკური ურთიერთობები არ დარეგულირდება, რკინიგზის თუნდაც ნაწილის პრივატიზება არ შეიძლება“, - აცხადებს ნოდარ ხადური presage.tv-სთან საუბარში.

აქვე იგი დასძენს, რომ არ აქვს ინფორმაცია, ნამდვილად აპირებდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი რკინიგზის აქციების შეძენას, მაგრამ თუკი ხელისუფლება თვლის, რომ ივანიშვილის მიერ რკინიგზის შეძენა საფრთხის შემცველია, მაშინ ხადურისთვის გაუგებარია, რატომ არ ფიქრობს ხელისუფლება, საფრთხე შეიძლება იყოს ისიც, რომ რკინიგზას ვინმე სხვა დაეპატრონოს.

აქვე ნოდარ ხადური აღნიშნავს, რომ თუკი ხელისუფლებაში ფიქრობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი რკინიგზის ყიდვას აპირებდა, შესაძლოა, სწორედ ამიტომ შეცვალეს გადაწყვეტილება.

„ხელისუფლებას იმდენად ეშინია ბიძინა ივანიშვილის სახელის და გვარის გაგონების, რომ თუკი ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ადამიანი რკინიგზის ყიდვას აპირებდა, მაშინ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ ამის აღსაკვეთად. თუმცა მე ვერ დაგიდასტურებთ, მართლაც აპირებდა თუ არა ბატონი ბიძინა რკინიგზის აქციების ყიდვას“, - ამბობს ხადური.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების განცხადება, თითქოს რკინიგზის გაყიდვა საფონდო ბირჟებზე ვითარების შეცვლის გამო გადაიფიქრეს, არასერიოზულია.

„სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლება მზად იყო „საქართველოს რკინიგზა“ ათას ფუნტიან კომპანიაზე გაესხვისებინა. აქედან გამომდინარე, საფონდო ბირჟებზე სიტუაციის ცვლილება არ ყოფილა იმის მიზეზი, რომ მათ რკინიგზის გაყიდვა გადაიფიქრეს. მე მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ლონდონის ბირჟა ამ შემთხვევაში ლეღვის ფოთლად იყო გამოყენებული. სინამდვილეში კი, ამ 25%-ის ბედი მათ წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული, მაგრამ რაღაც აერიათ, გაჩნდა საფრთხე, რომ ეს პროცესი მთლად ასე დავარცხნილად არ წავიდოდა და ამიტომ შეცვალეს გადაწყვეტილება, რაც მისასალმებელია“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

აქვე იგი აღნიშნავს, რომ ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, მართლაც აპირებდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რკინიგზის აქციების შეძენას. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას აქვს ერთი დიდი ფობია, რასაც სახელად ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. ამიტომ, ხელისუფლების წარმომადგენელთა ყველა ქმედება სწორედ ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ექსპერტი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების შეცვლაც სწორედ ამასთან არის დაკავშირებული.

ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა რკინიგზის გასხვისებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შეცვლა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდებოდეს, თუმცა მიაჩნია, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილება იმიტომ შეიცვალა, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთს სურდა ამ აქციების შეძენა. საქართველოს ხელისუფლება კი მოერიდა ამ მხრივ ვითარების გამწვავებას.