დღეს, ჩემთვის ყველაზე დიდი სირცხვილის დღეა... ალბათ, ბევრი დამძრახავს ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ასეა... ეს სირცხვილი უკვე ერთი წელია, თან მდევს... მრცხვენია მას შემდეგ, რაც სისხლით მორწყულ რუსთაველზე ნინი ბადურაშვილმა საქართველოს ჰიმნი ბედნიერი სახით შეასრულა... მრცხვენია მას შემდეგ, რაც ქართველის მიერ ნასროლი ტყვია მომხვდა... სამწუხაროდ, ტყვია ვერ ამოვიღე... გულში სამუდამოდ დამრჩა, იმედთან ერთად, რომ მოვა დრო და არ შემრცხვება ვიზეიმო 26 მაისი...
„უისტორიო საზოგადოება კულტურულობას ვერ დაიჩემებს“ - აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის სიტყვები, დღეს, დიდ პლაკატზე დაუწერია ჩოხატაურის ხელისუფლებას და დაბის ცენტრში გაუკრავს...
მინდოდა, იქვე მდგარი საჯარო მოხელეებისთვის მეკითხა, სად გადის მათთვის კულტურულობის ზღვარი და სად იწყება მათი ისტორია, თუმცა, გადავიფიქრე... ვიცოდი, რა პასუხსაც მივიღებდი... ჩვენი ისტორია, ხომ 2003 წლიდან იწყება და ამ ისტორიით ხომ ყველამ უნდა ვიამაყოთ!
არადა, მე ვერ ვამაყობ... პირიქით _ მრცხვენია, იმიტომ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქართველებმა ქართველებს ესროლეს...
ერთი წელია, ამ სირცხვილს ვატარებ... ტკივილით, დარდით და მწარე მოგონებებით...
ახალგაზრდა ბიჭი ღია ფერის თმებით, თეთრი ბოტასებით, ლურჯი ფერის პერანგით, მაღალი და გამხდარი _ ახლაც თვალწინ მიდგას. თვალწინ მიდგას, როგორ ჰყავდა ის ორ სპეცრაზმელს გაკავებული და როგორ სცემდა "დუბინკით" მესამე...
თვალწინ მიდგას მოხუცი ქალი, რომელსაც ხელში ჩანთა ეჭირა, გაქცევას ცდილობდა, მაგრამ არ დააცადეს, ჩანთა ხელიდან გამოგლიჯეს და კიბეზე დააგორეს...
შემდეგ მახსოვს ჩემი აპარატის ნათება, სპეცრაზმელები, შეურაცხყოფა და ტკივილი... წვიმა და სირცხვილი. სირცხვილი, რომ ტყვია ქართველებმა გვესროლეს.
შემდეგ მახსოვს ჩემი "კოლეგა" ტელეკომპანია "იმედიდან", ლევან ტაბიძე... გალაკტიონის შთამომავალი.... იქვე იდგა და ამ ყველაფერს მშვიდად უყურებდა...
მახსოვს ბევრი ცრემლი და შიში... მახსოვს ადამიანები, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ გარბოდნენ _ შარშან, რუსთაველზე ხომ ყველა გასასვლელი ჩაკეტილი იყო..
მახსოვს 26 მაისი, ოღონდ არა როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! ვერ ვიზეიმებ, არ მეზეიმება... ან კიდევ რა უნდა ვიზეიმო? _ დამოუკიდებლობა? _ კი, ბატონო, მაგრამ სად არის?
ვიცი მხოლოდ ის, რომ შემრცხვება მანამ, სანამ იმ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე საათის წინ სისხლით გაპოხილ რუსთაველზე ზეიმობდნენ, გულწრფელი სინანული არ შეიპყრობთ; შემრცხვება მანამ, სანამ იმ "ჟურნალისტებს", რომლებიც ნაციონალურ არხებს წარმოადგენენ და 26 მაისს აშუქებდნენ, ისევ ეკრანიდან დავინახავ...
ეს სირცხვილი ეს ჩემი ბრალი არ არის... ეს იმ ქართველების ბრალია, რომლებმაც ერთი წლის წინ გვესროლეს. ეს იმ "ჟურნალისტების" ბრალია, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ და შემდეგ პირდაპირ ეთერში მწუხარებით გვაუწყებდნენ, რომ, თურმე, მომიტინგეებმა სცენა დაარბიეს (მახსოვს ამ სიტყვების ავტორი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე იყო), რომლებიც იმის მტკიცებით იყვნენ დაკავებულები, რომ მომიტინგეები მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ (ეს "იმედელი" ტაბიძის ვერსია იყო)... ამის იქით არაფერი თქმულა... არც ის, რომ რომ "ნაციონალური არხების" ჟურნალისტებს კორიდორებს უკეთებდნენ; არც ის, რომ სპეცრაზმელები უდანაშაულო ადამიანებს გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ; არც ის, რომ პარლამენტის შენობასთან მდგარი პატარა ბავშვი, დამშვიდების მაგიერ რამდენიმე სპეცრაზმელმა სცემა... არც ის თქმულა, როგორც ურტყამდნენ წიხლებს ხელფეხშეკრულ ადამიანებს...
იმის თქმაც "დაავიწყდათ", რომ 26 მაისს 2 ადამიანი მოკლეს!
ნუთუ, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ არ მეზეიმებოდეს? არ მეზეიმებოდეს მანამ, სანამ ამ ყველაფრის ორგანიზატორები, იდეის ავტორები და განმახორციელებები დანაშაულზე პასუხს არ აგებენ?!
არც წართმეული ტელეფონი, არც ბეჭედი, არც გაფუჭებული აპარატი, გადაშლილი კადრები არ მიდარდია, რადგან უფრო მეტი მქონდა სადარდებელი _ დაუნდობლობა, უღონობა... ვხედავდი, ჩემს თვალწინ როგორ უმოწყალოდ სცემდნენ საკუთარი პროტესტის გამოსახატად ქუჩაში მშვიდობიანად გამოსულ ადამიანებს, როგორ ითხოვდნენ უდანაშაულო ადამიანები შველას და ყოველი მუდარის საპასუხოდ, ხელკეტის, წიხლის უმოწყალო დარტყმას, ტყვიის დახლას და უშვერ გინებას იღებდნენ...
მე მახსოვს და არ მეზეიმება, თქვენ?