მერე რაა, თუ ამ შენობას დამთავრებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, თვითმხილველები ამბობენ, რომ საჩქაროდ ჩასმული ფანჯრები ქარის დაბერვაზე ცვივა, კიბეები ზოგან მოაჯირის გარეშეა და ზოგან ფეხის დადგმაც არ შეიძლება, სახურავს არაფერი ემართება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შენობას სახურავი ჯერ არა აქვს. მთავარია, რომ სხდომათა დარბაზისთვის რაღაც ფორმის მიცემა მოესწრო.
მართალია, ამ სხდომათა დარბაზში არანაირი გაყვანილობა არ არსებობს და მათ შორის - გახმოვანების, მაგრამ მიკროფონი დარბაზში არავის დასჭირდა. საზეიმო დღესასწაულზე გადასატანი მიკროფონით მხოლოდ პრეზიდენტი ილაპარაკებს და ხმის გამაძლიერებლების არქონის გამო თუ დეპუტატები ვერ მოისმენენ, პრობლემა არ არის. მათ ხომ ისედაც იციან, რას იტყვის მათი პრეზიდენტი.
სააკაშვილი კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ილაპარაკებს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, იმაზე, რომ ქვეყანაში მერაბიშვილი კი არ არის მაგარი, არამედ პოლიციის ინსტიტუტი და ეს მერაბიშვილის დამსახურება კი არა, თავად სააკაშვილის დამსახურებაა, რადგან როგორც თავად სჯერა, ის „ისეთივე წარმატებული პრეზიდენტია, როგორც აქამდე იყო“.
მერე იტყვის იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებით გავუსწარით შვეიცარიას და ახლა დანიის დონეზე ვართ. რომ საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, რომ ჩვენთან ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე კარგი პირობებია შექმნილი და ა.შ.
ეს ყველა ფრაზა პარლამენტში სააკაშვილის ბოლო გამოსვლებიდან არის მოტანილი. ასე რომ, დიდი ალბათობით, ისევ ამაზე იქნება საუბარი და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ის, რომ ქვეყანაში პარლამენტარიზმის განვითარებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის, შენობა გადაგვაქვს ქუთაისში.
გადატანა-არგადატანის სამართლიანობაზე ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გაკეთდა. ამიტომაც, ახლა ამაზე არაფერს ვიტყვით. საინტერესო და მნიშვნელოვანი თავად პარლამენტარიზმის ინსტიტუტის თემაა და, როგორც ჩანს, გარკვეული რეფორმების გატარება ამ მიმართულებით მართლა არის საჭირო.
ამის ელემენტარული მიზეზი კი ის არის, რომ დღევანდელი პარლამენტი თავის ფუნქციას იმდენად ვერ ასრულებს, რომ საზეიმო გახსნისთვის ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციებს თავდაცვის სამინისტრო აკეთებს. მართალია, ამის არგუმენტად ის დასახელდა, რომ, თითქოს, ამ აკრედიტაციით ჟურნალისტები აღლუმზეც უნდა მისულიყვნენ, მაგრამ საქმე არც ასე მარტივად არის. თავდაცვის სამინისტრომ გუშინ ჟურნალისტებს გამოუცხადა, რომ ან აღლუმზე უნდა წასულიყვნენ ან პარლამენტის სხდომაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში მყოფი ჟურნალისტი აღლუმზე ვერ მოხვდება.
როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტრო პარლამენტს იმ დონეზეც კი არ ენდობა, რომ საკუთარი აკედიტაციები თავად გააკეთებინოს და ამის შემდეგ რა პარლამენტარიზმზეა საუბარი? მით უმეტეს, რომ ოფიციალურად პარლამენტი არის მთავრობის მაკონტროლობელი ორგანო.თუმცა, ვინ ვის აკონტროლებს და ვინ ვის ჭკუაზე დადის, კარგად ჩანს.
სხვა საკითხია ის, რომ თავად თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ აკრედიტაციების გაკეთებისას იმისთანა გაუგებრობები ხდებოდა, რომ ელექტრუნლი მთავრობის შემქმნელი პრეზიდენტისთვის ნამდვილად თავის მოჭრაა.
ასეა თუ ისე, პრეზიდენტი პირობას შეასრულებს და ქუთაისში ნახევრად აშენებულ შენობაში სხდომათა დარბაზს გახსნის. მერე კი იქნება აღლუმი, სუხიშვილების ცეკვა, სააკაშვილის სხვა ფავორიტების გართობა და ამით მთელმა საქართველომ ბედნიერად უნდა იგრძნოს თავი.