„ქართველები მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც დაღუპვის კარსა ვართ მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით“ (VIDEO)

„ქართველები მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც დაღუპვის კარსა ვართ მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით“ (VIDEO)

საქართველოს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას 26 მაისს დაბადებიდან 73 წელი შეუსრულდებოდა. presage.tv გთავაზობთ მერაბ კოსტავას შთამბეჭდავ გამოსვლას 1988 წლის 26 ნოემბერს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გამართული შეხვედრიდან, რომელიც ეხებოდა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს. მერაბ კოსტავას გამოსვლის ტექსტი რეჟისორ გოგა ხაინდრავას ვიდეოარქივიდან გადმოვწერეთ, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით.

საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო პერიოდი, როცა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს (დღევანდელი რეალობისგან განსხვავებით) ვუპირისპირებდით მშვიდობიანი პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, მრავალათასიან მანიფესტაციებსა და მიტინგებს, რის პარალელურადაც სხვადასხვა დარბაზებში სტუდენტების მოთხოვნით შეკრებები იმართებოდა.

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, მერაბ კოსტავას ზემოხსენებული გამოსვლა სწორედ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ეხებოდა. თსუ-ს სააქტო დარბაზში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრა სტუდენტების ინიციატივით გაიმართა. დღევანდელი სტუდენტების უმეტესობისგან განსხვავებით, მაშინ იმ საფრთხეებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით ემუქრებოდა, პირველად სწორედ სტუდენტები აპროტესტებდნენ.

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ქართველ დეპუტატებს კრემლში, საკავშირო სესიაზე 1988 წლის 29 ნოემბერს უნდა წარედგინათ საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის პოზიცია, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

ცვლილებათა პროექტი ნოემბრის დასაწყისში საბჭოთა პრესაში გამოქვეყნდა, რასაც რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, 1988 წლის 22 ნოემბერს იმჟამინდელი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ინიციატივით შიმშილობის დაწყება და მრავალათასიანი მიტინგები, მანიფესტაციები მოჰყვა. 

ცვლილებების გამოქვეყნებამდე საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ეწერა, რომ თითოეული რესპუბლიკა თავისი ნებით შევიდა საბჭოთა კავშირში და ასევე თავისივე ნებით შეეძლო დაეტოვებინა ეს კავშირი. პრესაში  გამოქვეყნებული პროექტით კი, საბჭოთა რესპუბლიკებს ეკრძალებოდათ საბჭოთა კავშირის თავისი ნებით დატოვების უფლება.

შიმშილობის აქცია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1988 წლის 22 ნოემბერს დაიწყო და 26 ნოემბერს მოშიმშილეების რიცხვმა 500-ს მიაღწია. 26 ნოემბერს, გვიან ღამით თსუ-ს სააქტო დარბაზში სტუდენტების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე მწერლებთან, პოეტებთან, რეჟისორებთან, ეროვნული მოძრაობის ლიდერებსა და აქტივისტებთან ერთად იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, რომელიც სიტყვითაც გამოვიდა:

„... მე მინდა ჩემი სახელით, ჩვენი ეკლესიის სახელით, ჩვენი მორწმუნეების სახელით ვთხოვო ჩვენს დეპუტატებს, რომ აი, ის სულისკვეთება, რაც არის ჩვენს ერში, ღირსეულად წარადგინონ მოსკოვში. ღმერთმა დაგლოცოთ. მე იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს. ჩვენთან არს ღმერთი“.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას მიერ თსუ-ს დარბაზში 1988 წლის 26 ნოემბერს წარმოთქმული სიტყვიდან დღევანდელობასთან ბევრ საერთოს იპოვით, თუ იგულისხმებთ: 14 წლის წინანდელი კონსტიტუციის ნაცვლად -  დღევანდელ კონსტიტუციას, იმჟამინდელი ოპოზიციის ნაცვლად - დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს, მაშინდელი დეპუტატების ნაცვლად - დღევანდელ დეპუტატებს, მაშინდელი საინფორმაციო საშუალებების ნაცვლად - დღევანდელ მედიასაშუალებებს.  

მერაბ კოსტავა: „მეგობრებო, მე ვიცი დღეს ყველა თქვენგანის გულის ნადები და ის შინაგანი წყენა, რომელიც კანონპროექტმა მოგაყენათ, დამატებებისა და შესწორებების შესახებ. ვიცი აგრეთვე მთელი ქართველი ერის კონსოლიდაციის მიზეზი, რაც 250 000- კაციანი დემონსტრაციისა და მიტინგის დროს გამოვლინდა, როცა ტრიბუნაზე დადგნენ სხვადასხვა არაფორმალური თუ ფორმალური ორგანიზაციის წარმომადგენლები (თუმცა მათ ხშირად კამათი ჰქონიათ, მაგრამ იქ კი ერთად იდგნენ).

საუბედუროდ, ჩვენ ქართველები, მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც დაღუპვის კარსა ვართ მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით, მაგრამ რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როცა აღორძნებაზეა საქმე მიმდგარი, ისევ თავს იჩენს ჩვენი პრომეთეული გოროზობა, ჩვენი ეს ოდითგანდელი სენი და ჩვენ კვლავ ერთმანეთს ვშორდებით.

ორი ტექსტი დამზადდა მოსკოვში წარსადგენად. პირველი ტექსტი ნამდვილად არ იყო ღირსეული. რასაკვირველია, იგი მოითხოვდა იმ პუნქტების შეცვლას, რომელიც ქართველ ერს სამუდამოდ აკაბალებდა, არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ ყოველხმრივ, მაგრამ ამასთან იგი იქვე სთხოვდა ამ შესწორების ავტორებს - მოსკოვის ხელისუფლებას, რომ მათ სასწრაფოდ შეიმუშაონ მეორე, ახალი კონსტიტუცია, როდესაც მათ არავითარი გარანტია არ გააჩნიათ იმისა, როგორი იქნება ეს კონსტიტუცია. შეიძლება ის გაცილებით უარესიც იყოს.

მეგობრებო, გვინდა თუ არა ჩვენ თავისუფლება? მე გეკითხებით  - გვჭირდება თუ არა თავისუფლება?! ამისათვის საჭიროა ნებისმიერი ჩვენი მოქმედება იყოს ღირსეული და ამავე დროს გონიერი. უღირსებს ღვთის მიერ გონება ყოველთვის წართმეული აქვთ.

მეგობრებო, აქ ჩვენ ვხედავთ დეპუტატებს, რომლებიც მოსკოვში უნდა წავიდნენ და ქართველი ერის ღირსება უნდა მიიტანონ, მაგრამ საით უნდა ჰქონდეთ მზერა  მიმართული - ხალხისკენ თუ ოფიციოზისკენ?! რა თქმა უნდა, მათ მზერა უნდა ჰქონდეთ მიმართული ერის  ხმისაკენ, რომელმაც დაიქუხა წინა მიტინგზე, მთავრობის სასახლის წინ!

ამ დროს მეგობრებო, საბჭოთა ქართული პრესა ამ ხნის განმავლობაში ერთი სიტყვითაც არ აღნიშნავს არსებულ მდგომარეობას, ერთი სიტყვაც კი არ თქმულა მოშიმშილეებზე. პირიქით მეგობრებო, პირიქით - იქ ყალბ ინფორმაციასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც დაწერეს, რომ თითქოს, დემონსტრანტები კმაყოფილნი არიან ქართული კომპარტიისა და დემონსტრაციაზე ასეთი ლოზუნგიც წარმოდგენილი იყო.

მეგობრებო, ასეთი ლოზუნგი მართლაც იყო წარმოდგენილი, მაგრამ ეს ლოზუნგი მოიტანეს არა დემონსტრანტებმა, არამედ სპეციალურად წარმოვლენილმა პირებმა, პროვოკატორებმა და იქ რაც ეწერა, ეს არ გახლდათ დემონსტრანტების აზრი.

მეგობრებო, დღეს ჩვენ მოვუწოდეთ გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორს და მის თანამშორმლებს, რომ დღესვე გააკეთონ ის, რაც ჭეშმარიტ ჟურნალისტებს უნდა გაეკეთებინათ და დღესვე წავიდნენ იქ და აღწერონ ყველაფერი - ფაქტებით პირუთვნელად და ობიექტურად. უმაღლესმა საბჭომ ქართველი ხალხის სურვილი არ მიიღო მთლიანად, ნაწილობრივ მიიღო.

მეგობრებო, როდემდე უნდა გავუფრხილდეთ ჩვენ ჩვენს ადგილებს, ჩვენს თანამდებობებს, როდემდე არ უნდა შევასრულოთ ხალხის ნება-სურვილი ბოლომდე, რაში უნდა სჭირდებოდეს საქართველოს დეპუტატებს თხოვნა, ხვეწნა და მუდარა, მოდით და დაიცავით ქართველი ერის ღირსება?!

იწყება ახალი ეტაპი ერების ურთიერთობაში - იმ ერების, რომლებიც დღეს შედიან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. დღეს ეს არის ფედერაცია. აუცილებელია ეს კავშირი ავიდეს ახალ ხარისხში. ეს კავშირი, რომ ავიდეს ახალ ხარისხში, ამიტომ აუცილებელია ეროვნული კონსტიტუციები მანამ, სანამ შეიქმნებოდეს საერთო კონსტიტუცია. მე ვიტყოდი კიდევ მეტს - საერთო კონსტიტუცია საერთოდ არ არის საჭირო. საჭირო არის რაღაც ხელშეკრულება, ამ კონსტიტუციის გარეშე.

ის ცვლილებები, რომლის შეტანა განიზრახეს, არის ხელწერა და ხელი იმ პირსისხლიანი ჯალათისა, რომელმაც ილია ჭავჭავაძეს ტყვია ესროლა. ეს არის ხელი იმ სისხლიანი ჯალათის და მედილეგისა, რომელმაც 26 მაისის სიხარული და ზეიმი საქართველოს 25 თებერვლის ძაძებად და გლოვად შეუცვალა. მეგობრებო, ეს არის ის ხელი, რომელმაც ქართული მიწები დაარიგა, ნახევარ საქართველოზე მეტი მიწები დაარიგა, დაურიგა მეზობლებს!

ეს არის ის ხელი, რომელმაც მოაწყო სისხლიანი 24 და 37. მეგობრებო, ეს არის ის ხელი, რომელიც დღეს გაჰყვირის და ამბობს, რომ არსებობს მხოლოდ სტალინური ტერორი და სტალინს უნდა შეახოცოს მთელი ის უბედურება და ბოროტმოქმედება, რაც ამ 70 წლის მანძილზე ყოფილა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს, როგორც სტალინური ტერორი, ასევე ლენინური ტერორი.

ახლა საბედნიეროდ ხდება საწინააღმდეგო მსვლელობა, იმისგან განსხვავებით, რაც ხდებოდა მეცხრამეტე საუკუნეში. თუმცა, 32 წლის შეთქმულების და იმ დიდი უბედურებების შემდეგ, როცა დიდი ხანი აღარ გაისმოდა ხმა მღაღადებელიც კი უდაბნოსა შინა, ილია ჭავჭავაძემ დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და აიყოლია რა მთელი საქართველო, მათი მეშვეობით მან შეძლო ნაწილობრივი კულტურული ავტონომიის მიღწევა.

კრემლის იდეოლოგია თანდათანობით, ყოველდღიურად კრახს განიცდის. შეიძლება ჩვენ ცოცხლებიც არ დავრჩეთ, მაგრამ მივაღწევთ, ნამდვილად მივაღწევთ ოპოზიციის აღიარებას, მივაღწევთ მრავალპარტიულობას, პლურალიზმს, მივაღწევთ ჭეშმარიტ დემოკრატიზაციას. მე მოვუწოდებ საქართველოს დელეგატებს, მოსკოვში წარვლენილს - შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება, მოითხოვონ საქართველოს კონსტიტუცია და ამგვარი პასუხით გაემგზავრონ მოსკოვში“.