ოცნების სცენა სადავო საკითხად იქცა

ოცნების სცენა სადავო საკითხად იქცა

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ თბილისის მერიას, არ დაუშვას შეკრების თავისუფლების განხორციელების გაუმართლებელი შეზღუდვა. ამის შესახებ ნათქვამია ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გარცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობოების ინფორმაციით, მათ განცხადებით მიმართა პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიამ კოალიციას უარი უთხრა, მიმდინარე წლის 27 მაისს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ფართომასშტაბიანი მანიფესტაციისთვის სცენის მოსაწყობად ადეკვატური დროის გამოყოფაზე.

„ვიდეომასალიდან, რომელზეც ჩაწერილია ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და თბილისის მერიის თანამშრომლის საუბარი, ირკვევა, რომ მერიის უარი განპირობებულია ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების მოსალოდნელი საფრთხით. კერძოდ, მერიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აქციის დაწყებამდე, თავისუფლების მოედანზე სცენის მოწყობამ და შესაბამისი აპარატურის დამონტაჟებამ შეიძლება გამოიწვიოს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაა და უკანონოდ ჩაითვლება. თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, სცენის მოწყობისთვის ჩასატარებელი სამუშაოები არ გამოიწვევს თავისუფლების მოედანზე მოძრაობის სრულ შეფერხებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები განვმარტავთ, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების თანახმად, შეკრების უფლების განხორციელების დროს, სახელმწიფო ვალდებულია არა მარტო არ ჩაერიოს ამ უფლების განხორციელებაში, არამედ მიიღოს ზომები, რათა ხელი შეუწყოს მის განხორციელებას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეკრების უფლების განხორციელებაში ჩარევას წარმოადგენს როგორც მიმდინარე აქციისა თუ მანიფესტაციის შეწყვეტა, ასევე, შეკრების გამართვაზე წინასწარი შეზღუდვების დაწესება. მშვიდობიანი შეკრების შესახებ ეუთო-ს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა და ამასთან, არ შექმნას ბიუროკრატიული მექანიზმები, რომელიც ამ უფლების განხორციელებას საფრთხეს შეუქმნის. ამ ვალდებულების ხორცშესასხმელად, სახელმწიფო ყოველთვის უნდა ეცადოს ხელი შეუწყოს აქციის ორგანიზატორებს მათ მიერ შერჩეულ ადგილას შეკრებისა თუ მანიფესტაციის გამართვაში.

ვინაიდან, ფართომასშტაბიანი შეკრება სრულყოფილად ვერ განხორციელდება აქციის მოწყობისათვის საჭირო ტექნიკური ღონისძიების განხორციელების გარეშე, მერიის წარმომადგენლის უარი სცენის დამონტაჟებისათვის ადეკვატური დროის გამოყოფაზე წარმოადგენს შეკრების უფლების განხორციელების შეზღუდვას.

მერიასა და აქციის ორგანიზატორებს შორის წარმოებული მოლაპარაკებები არ უნდა ატარებდეს ფორმალისტურ ხასიათს, შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და პროცესში მონაწილე ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგით უნდა დამთავრდეს. ამასთან, ადგილი არ უნდა ჰქონდეს კანონის ნორმებზე ფორმალურ მითითებას.

შეკრებებისა და მანიფესტაციების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ვერ დაასაბუთებს 27 მაისს დაგეგმილი აქციისთვის საჭირო ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებაზე უარის თქმას ტრანსპორტის მოძრაობის პოტენციური შეფერხებით, მაშინ როდესაც 26 მაისს, თავისუფლების დღისთვის დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად 24 მაისიდან გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვითარებაში გარკვევის მიზნით presage.tv დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ წევრს, ზვიად ძიძიგურს, რომელსაც 27 მაისს დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო საკითხები აბარია. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე სცენის დამონტაჟებას 27 მაისს დილის ხუთი საათიდან დაიწყებს.

„ჩვენ თბილისის მერიას მივმართეთ განცხადებით, რომ 27 მაისს თავისუფლების მოედაზნე სცენის დამონტაჟებას დილის ხუთ საათზე დავიწყებთ. მერიიდან ჩვენ რაღაც ბუნდოვანი პასუხები მივიღეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მხრივ პრობლემა არ უნდა იყოს. მინდა თქვენი მედიასაშუალების მეშვეობითაც ვაცნობო ყველას, რომ სცენის დამონტაჟებას დილიდან დავიწყებთ. აქვე გეტყვით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს და უცხოურ ორგანიზაციებსაც მივმართეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მერიასთან თანამშრომლობა გვინდოდა არა მხოლოდ სცენის გამართვის, არამედ სხვა საკითხებზეც. თუმცა მერია არანაირ თანამშრომლობაზე არ წამოვიდა, კერძოდ, მათ არც ჟურნალისტების სადგომები უზრუნველჰყვეს, არც ჯებირები გამოყვეს ამ აქციისთვის და კიდევ ბევრი სხვა რამ არ გააკეთეს, რაც ასეთი ფართომასტაბიანი აქციის დროს უნდა გაეკეთებინათ. რადგან მათი მხრიდან ამ საკითხებზე უარი მივიღეთ, ყველაფერ ამას ჩვენი ძალებით ვაკეთებთ“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური presage.tv-სთან საუბარში.

ჩვენ ვეცადეთ ასევე დავკავშირებოდით თბილისის მერიას, რათა გაგვერკვია, რატომ ეთქვა „ქართულ ოცნებას“ ამგვარ თანამშრომლობაზე უარი და მიეცემა თუ არა მას 27 მაისს აქციის იმგვარად ჩატარება, როგორც აქვს დაგეგმილი, მაგრამ მერიის პრეს-სამსახურთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.