“გლდანის, იაღლუჯის და ქუთაისის ციხეებში პატიმრებს სცემენ და აწამებენ“

“გლდანის, იაღლუჯის და ქუთაისის ციხეებში პატიმრებს სცემენ და აწამებენ“

პარტია “მომავალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ლაღიძე, პრესა.გე–სთვის მოცემულ ინტერვიუში, სასჯელაღსრულების კონკრეტულ დაწესებულებებს ასახელებს და ამბობს, რომ იქ პატიმრებს სცემენ და აწამებენ.

 

გიორგი ლაღიძე: ბოლო დღეების განმავლობაში გვიკავშირდებიან პატიმრების ახლობლები, ადვოკატები, რომლებიც აცხადებენ, რომ გაუსაძლისი ვითარებაა გლდანის საპყრობილეში; ასევე ცუდი მდგომარეობაა ქუთაისის საპყრობილეში და იაღლუჯის ახლად აშენებულ ციხეში, რომელიც თავის დროზე მიშა სააკაშვილმა, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი შენობა, დიდი ზარ–ზეიმით გახსნა. ჩემს მიერ ჩამოთვლილ ციხეებში პატიმრებს ტყუილ–უბრალოდ სცემენ და აწამებენ.

 

მაგალითად, რის გამო სცემენ და აწამებენ?

- პატიმრებს ტყუილ–უბრალოდ შარს სდებენ; “თავი რატომ გაქვს ჩაღუნული?’, “ბადრაგს რატომ არ მიმართავ ბატონობით?“, “საკნიდან გარეთ სხვებზე წინ რატომ გამოხვედი?“ - აი, ამგვარი ფაქტების გამო პატიმრებს “კარცერებში“ ამწესებენ, სცემენ, აწამებენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

 

ამ ძალადობასთან დაკავშირებით, როგორც პატიმრებმა, ისე მათმა ახლობლებმა, სასჯელაღსრულების სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ამ ნაბიჯს  რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია.

 

სამინისტროს წერილობით მიმართეს თუ სიტყვიერად?

- თავად მითხრეს, რომ სამინისტროს წერილობით მიმართეს. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ თუ უახლოეს ხანში ამ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდება, მშვიდობიანი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ - მასობრივ შიმშილობას დაიწყებენ და სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულება გაიფიცება. თუ ეს მოხდა, პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს.

 

ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს, სასჯელაღრულების მინისტრს წერილობით მივმართავთ და მოვითხოვთ: დაუყოვნებელ რეაგირებას ცემა-წამების ფაქტებზე, არსებული ვითარების გამოსწორებას და საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაციის იმ თანამშრომელთა სამაგალითო დასჯას, ვინც პატიმართა უფლებებს ლახავს.

 

იცით იმათი ვინაობა, ვინც პატიმრებს შეურაცხყოფს, აწამებს?

- პატიმრის ახლობლები და ადვოკატები განმარტავენ, რომ ამას აკეთებენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები. თუ პატიმართა ცემა-წამების დაკვეთა “ზემოდან“ არ ხორციელდება, მაშინ ამ ხელისუფლებას დამნაშავეების გამოაშკარავება არ გაუჭირდება, მაგრამ იმის ფონზე, რაც აქამდე ხდებოდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ “ზემოთ“ არ იციან პატიმართა ცემა-წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები, რამაც ფაქტიურად სისტემური ხასიათი მიიღო.

 

შეგახსენებთ, რომ გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, თამაზ მელაძეს, რომელიც ახლახანს მოხსნეს, პატიმრები პირდაპირ ადებდნენ ხელს და მათ ცემა–წამებაში ადანაშაულებდნენ, ისევე, როგორც ქსნის დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რობერტ არაქელოვს, რომელიც ასევე ახლახანს გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, ამ ორ ადამიანს თანამდებობიდან გათავისუფლება აკმარეს, ჩადენილი დანაშაულისთის პასუხი არ უგიათ.

 

თუნდაც ეს ორი ფაქტია საკმარისი იმაში დასაეჭვებლად, რომ პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაგდების მითითება “ზემოდან“ მოდის. ასე რომ არ იყოს, ვერც ერთი ხელმძღვანელი, ან რიგითი თანამშრომელი ვერ გაბედავს პატიმართა ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას.

 

როგორ ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია პატიმრებისადმი ასეთი სახის მოპყრობა. მე არ ვარ პირველი, ვინც საქართველოს ციხეებში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ვსაუბრობ. შეგახსენებთ, რომ ახლახანს, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა უმწვავესი დასკვნა, საქართველოს ციხეებში არსებული ვითარების ირგვლივ, სადაც სხვა შეფასებებთან და კონკრეტულ ფაქტებთან ერთად აღნიშნულია, რომ “ციხეებში დაზიანებების მიყენების შემთხვევებმა იმატა“. ციხეებში არსებული მდგომარეობა ამ ხელისუფლების თავზე

დამოკლეს მახვილივით ჰკიდია.

 

შეგიძლიათ იმ პატიმრების ვინაობის დასახელება, ვისაც შეურაცხყოფენ, აწამებენ?

- მე მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომელ პატიმარზე რა ტიპის ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ თავად პატიმრების და მათი ახლობლების თხოვნაა, რომ ვინაობა საჯაროდ არ დავასახელო, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მათ ეშინიათ ფიზიკური ანგარიშსწორების; გამორიცხული არ არის სასჯელიც დაუმატონ.

 

P.S. ამ ინტერვიუს ჩაწერს შემდეგ, პრესა.გე ტელეფონით დაუკავშირდა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, თეა სუხიშვილს, რომელმაც განგვიმარტა, რომ კონკრეტული გვარ-სახელების დასახელების გარეშე, სამინისტრო ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.