მრეწველობის აღლუმი მრეწველობაჩამკვდარ ქვეყანაში

მრეწველობის აღლუმი მრეწველობაჩამკვდარ ქვეყანაში

სამხედრო აღლუმის ნაცვლად, 26 მაისს ხელისუფლება პირველად მოგვიწყობს მრეწველობის აღლუმს. თადარიგი რამდენიმე დღით ადრე დაიჭირეს და უკვე გადაკეტეს ქალაქის მთავარი გამზირი- ვარდების რევოლუციის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე. რუსთველის გამზირზე ვაგონი მიიტანეს და ქართული მრეწველობის „აღორძინების“ წარმომჩენი კარვებიც გაშალეს. ამ ყველაფერს მალე ქართული წარმოების ჯავშანმანქანებიც დაემატება. პარლამენტის შენობის წინ, სადაც ყოველ 26 მაისს პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსისგან პატაკს იბარებდა, საინფორმაციო გვირაბი განთავსდება და 20 მონიტორზე ქართული წარმოების ვიდეორგოლები იტრიალებს. 

ვარდების რევოლუციის მოედანზე საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, ხოლო პარლამენტის შენობის წინ „ცისტერნავაგონისა“ და მატარებლის ლოკომოტივის მაკეტებს დადგამენ.

საგანგებო რეჟიმის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეუძლებელია, ხოლო პარალელურ ვიწრო ქუჩებზე ისეთი საცობი იქმნება, რომ გაღიზიანებული მძღოლების უშვერი გინება ისმის. არც საქალაქო ტრანსპორტით მოსიარულეებს გაუმართლათ. ფილარმონიასთან, სადაც, წესით, მოძრაობა შეზღუდული არ უნდა ყოფილიყო, ხალხს გადაადგილება უჭირს. ელექტრონული ტაბლო კი ამაოდ აჩვენებს ავტობუსების მოძრაობის გრაფიკსა და დარჩენილ წუთებს, მაგრამ არც ავტობუსები ჩანს და არც სამარშრუტო ტაქსები. გამონაკლისის სახით, თუ რომელიმე ავტობუსი ჩაიქროლებს, როგორც წესი, ცარიელია და გაჩერებაზე არ აჩერებს.

Presage.tv მოქალაქეებს ესაუბრა. მათი თქმით, სამუშაო კვირის დღეებში ასეთი პრობლემების შექმნა დაუშვებელია. ავტობუსების განრიგზე დაიმედება კი შეუძლებელია, რადგან საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის განსხვავებულ წუთებს აფიქსირებს, მაშინ, როცა ტრანსპორტი საერთოდ არ ჩანს.

მოქალაქეებს ვერც ის გაუგიათ, რისთვის მიიტანეს ამხელა ვაგონი მთავარ გამზირზე და რის წარმოჩენას ემსახურება ეს გამოფენა, როცა ხალხი მასობრივად დაუსაქმებელია.

საზოგადოებამ უკვე ცინიკურად აღიქვა „ქართული მრეწველობის აღლუმი - დამზადებულია საქართველოში“. არადა, ამ გამოფენის ჩანაფიქრი სწორედ ისაა, შეგვახსენოს, რომ სახელმწიფოს ერთ -ერთი პრიორიტეტი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართული წარმოება სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც თურმე სტაბილური ბიზნეს-გარემოს შექმნამ და ლიბერალურმა საგადასახადო კანონმდებლობამ განაპირობა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამრეწველო აღლუმი კი ქართული ეკონომიკის კიდევ მეტ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და წარმოების სხვადასხვა სფეროს გაძლიერებას ისახავს მიზნად. უკვე ცნობილია, რომ  მრეწველობის აღლუმში 200-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას. 

მართალია, „მრეწველობის აღლუმის“ სამხატვრო ხელმძღვანელს ზაალ ჩიქობავას ღონისძიების ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ აღლუმის პომპეზურად ჩატარება უფასოდ რომ არ მოხდებოდა, ესეც ცხადია.

Presage.tv-სთან საუბარში პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია მრეწველობის აღლუმს 26-27 მაისის მოვლენებს უკავშირებს. მისი სიტყვით, ხელისუფლება მავნებლობას გეგმავს, რათა რაღაცნაირად ხელი შეუშალოს საზოგადოების დიდი რაოდენობის მობილიზებას, რაც სრულიად უკანონოა, მაგრამ შეშინებული კაცისგან ეს გასაგებია.

„რომელ მრეწველობის განვითარებაზეა საუბარი, როცა ჩვენთან ყოველწლიურად იზრდება უარყოფითი სავაჭრო სალდო (ბალანსი ექსპორტსა და იმპორტს შორის). ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად მცირდება ადგილობრივი მრეწველობა, ადგილობრივი პროდუქტი და იზრდება იმპორტი. შემიძლია ციფრებით გითხრათ, თუ როგორ შემცირდა სოფლის მეურნეობის პროდუქცია: 74 %-ით შემცირდა ხორბლის რაოდენობა, 40 %-ით შემცირდა ყურძნის წარემოება, 72 %-ით შემცირდა ჩაის ფოთლის წარმოება. ესაა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. მხოლოდ და მხოლოდ, სააკაშვილისა და მისი კრიმინალური ბანდის კეთილდღეობა და მათი პირადი ბიზნესები ვითარდება. ისინი ყველანაირად ცდილობენ, ადგილობრივი წარმოება მოსპონ. სლოტ კლუბები, კაზინოები, რესტორნები, სამეძაო სახლები, - ასეთი ბიზნესი მართლაც ნელ-ნელა ვითარდება და ყვავის საქართველოში... წვრილ-წვრილი ტრასები, სადაც მერე თურქი მძღოლები ჩერდებიან... ხომ გესმით, რაც ვითარდება ჩვენთან? ეს არის ჩვენი ერის ტრაგედია“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია და მრეწველობის აღლუმის მოწყობას კომიკურად უყურებს.

მისი თქმით, მრეწველობის აღლუმი ისეთივე იაფფასიანი პიარისთვისაა გათვლილი, როგორი იაფფასიანიც თავად ეს ხელისუფლებაა. პარლამენტარი ეჭვობს, რომ მაინცდამაინც რუსთაველზე, პარლამენტი წინ, იმიტომ ხომ არ გამოიტანეს დაჟანგული ვაგონები, რომ ასეთი წვრილმანი მავნებლობით 27 მაისის აქციას ხელი შეუშალონ. არც იმას გამორიცხავს, ხომ არ ეშინია ხელისუფლებას, რომ 26-შიც რაიმე აქცია გაიმართება და ხალხი შეიკრიბება, რადგან, როგორც წესი, 26 მაისს ხალხი ყოველთვის   პარლამენტის წინ იკრიბება.

„ეს არის მიშიკოს შიშები. ახლა რკინის ვაგონი მოათრიეს. არადა, თავის დროზე ელმავალმშენებელი ქარხანა ძალიან კარგად მუშაობდა, მერე იმ კაცს იმდენი ფული მოსთხოვეს, აქედან გაიქცა, ახლა საერთოდ გაჩერებულია წარმოება და ელმავალმშენებელი ქარხანა აღარ მუშობს. ეტყობა, სადღაც ვაგონი გადაღებეს და აქ მოათრიეს. უკრაინიდან ჩამოჰქონდათ ხოლმე ძველი ნახმარი ვაგონები და მერე გადაღებავდნენ. ამით უნდათ, დაგვარწმუნონ, თითქოს მრეწველობა გვაქვს, რაც რეალურად ასე არაა“.

ჯონდი ბაღათურიას თქმით, საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი კარგად ხედავს, რომ მის ირგვლივ დასაქმებული პირები უფრო და უფრო კარგავენ სამუშაო ადგილებს და წარმოებები იხურება.

პარლამენტარის თქმით, ძალიან ბევრი სიმპტომით შეიძლება, დარწმუნდე, თუ როგორია ქართული მრეწველობის სახე. თუ 2010 წელს 400 მილიონამდე არალიკვიდური აქტივები იყო ბანკებში, ახლა ეს ციფრი ერთი ამდენით გაიზარდა.

„რას ნიშნავს ეს, იცით? ადამიანმა, რომელსაც კრედიტი ჰქონდა აღებული ან განვადებით ჰქონდა ტელეფონი, ტელევიზორი ან მაცივარი გამოტანილი, დაკარგა სამსახური, ან რაიმე მცირე ბიზნესი ჰქონდა და ვეღარ იხდის კრედიტს. შესაბამისად, ბანკის პროცენტებს ვეღარ იხდის, ამიტომაც იწყებენ ქონების ჩამორთმევას. ანუ, არალიკვიდური აქტივების ოდენობა იზრდება და ადამიანები კარგავენ შემოსავლის წყაროს,“ - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

კოალიცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური Pრესაგე.ტვ-სთან საუბარში მრეწველობის აღლუმის მოწყობას ხელისუფლების პიარსტრატეგიის გაგრძელებას უკავშირებს. მისი განმარტებით, ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, რომ სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი წარმოება და მხოლოდ აღლუმების ჩატარება წარმოების განვითარებას ხელს არ უწყობს.

ნოდარ ხადურის თქმით, ეს არის პიარი, რათა ხელისუფლებამ მოსახლეობის ყურადღება კიდევ ერთხელ გადაიტანოს დაპირებებზე, ვირტუალურ რეალობაზე. თუმცა რეალობა ისაა, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველოში მხოლოდ 60 ათასი ადამიანია დასაქმებული კერძო ბიზნესში. ეს არის მთელი მრეწველობა და წარმოება.

„თავად ჩვენი სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაცია ადასტურებს, რომ რეალურად მრწველობა ქვეყანაში არ არსებობს. ამ სამსახურის ინფორმაციით, მთელ მრეწველობაში გამოშვებული პროდუქცია, დაახლოებით, 5 მილიარდ ლარამდეა. ეს არის მთელი მრეწველობა და მრეწველობაში დასაქმებულია დაახლოებით 95 ათასი კაცი. უმძიმესი მდგომარეობაა საქართველოში. იგივე ჯავშანტექნიკა და სხვა, რაზეც აპელირებს ხელისუფლება, კერძო ბიზნესის ინიციატივით წარმოებული პროდუქცია კი არ არის, არამედ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტი“.

ამასთან, ეკონომიკის ექსპერტი აცხადებს, რომ მრეწველობის აღლუმის მოსამზადებელმა სამუშაოებმა გადაადგილების პრობლემა შექმნა და  გადაკეტილია არა მარტო რუსთაველის გამზირი, არამედ  მარჯანიშვილის მოედანიც, ქალაქის ცენტრალური უბნები კი პარალიზებულია, თანაც - სამუშაო დღეს.

„როგორც ჭექს, ისე არ ქუხს. ჩვენს წარმოებაში საამაყო არაფერია. საზღვარგარეთაც ეწყობა გამოფენები, მაგრამ ამ გამოფენებს კონკრეტული მესიჯი აქვთ. უპირველეს ყოვლისა, ასეთი გამოფენები საერთაშორისო მიზნით ეწყობა, რათა უცხოელ ბიზნესმენებს აჩვენონ, რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას და არა - ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაფერი ტელევიზორებში არაერთხელ აქვთ ნანახი. არჩევნების წინ ეს პიარია და მიზნად არ ისახავს ინვესტიციების მოზიდვას, წარმოების გაფართოებას. ვთქვათ, საქართველოს მოქალაქე წავიდა აღლუმზე და  ნახა ჯავშანმანქანა. მერე რა მოხდება?! -არც არაფერი“, - აცხადებს ნოდარ ხადური.

მისი თქმით, თუ რამის წარმოება შეგვიძლია, ეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღებით უნდა დავადასტუროთ. უცხოეთში უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მიღწევები, სადაც კონკურენციაა, სადაც სხვა ქვეყნის მიერ წარმოებული ანალოგები არსებობს და არა რუსთაველის გამზირზე, რომელიც ხელისუფლებამ რატომღაც მრეწველობის პოპულარიზაციის საუკეთესო ადგილად მიიჩნია. ეს მაშინ, როცა საქართველოში არსებობს საგამოფენო ცენტრი - ექსპოჯორჯია.

მრეწველების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე რა თქმა უნდა, იმ პოზიციაზეა, რომ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს. ამდენად, მას ძალიან მოსწონს სამრეწველო გამოფენების მოწყობა.

„სიტყვა „მრეწველობის აღლუმი“ სხვანაირად მესმის, ეს უფრო მეტს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ, თუ რამეს გამოუშვებენ საქართველოში, მხოლოდ მისასალმებელია. მთავარია, აღინიშნოს მრეწველობის  წარმატება, თუმცა დღესდღეობით მრეწველობის აღმავლობის ნიშანწყალი არ ჩანს. ამ აღლუმის შემდეგ დავინახავთ, რამდენად წარმატებული თუ ჩამკვდარია ჩვენი მრეწველობა“, - გვითხრა ზურაბ ტყემალაძემ.