„Amnesty International“ და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ

„Amnesty International“ და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ

დღეს საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“-მა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიშები გამოაქვეყნეს, რომლებშიც საქართველო მოხვდა.

„Amnesty International“-ის ანგარიშში 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეა ყურადღება გამახვილებული. ძირითადად, საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირებზე, შეკრების თავისუფლებაზე, კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანების უფლებებზე და სასამართლო სისტემაზე. ანაგრიშში მოყვანილია აფხაზეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არალეგიტიმურად გამოცხადდა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთში არჩევნებს საპროტესტო აქციები და ოპოზიციის შევიწროება მოჰყვა.

ანგარიშში საუბარია თბილისში იძულებით გადაადგილებული პირების ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანის მიზნით გამოსახლებაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა გამოსახლებისას ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას.

„ასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახი გაასახლეს თბილისიდან. უმეტეს შემთხვევაში, ეს გასახლება მოხდა სათანადო კონსულტაციის და შეტყობინების გარეშე. გასახლებულებს შესთავაზეს ალტერნატიული ფართი თბილისის გარეთ, ძირითადად, სოფლებში. ამ დროს არ იქნა დაცული სათანადო საცხოვრებლის უფლება, მათ შორის როგორიცაა დასაქმება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„Amnesty International“-ი ყურადღებას ამახვილებს შეკრების თავისუფლებაზე და წერს, რომ 2011 წელს საქართველოში რამდენიმე საპროტეტსო აქცია ძალის გამოყენებით დაიშალა. კონკრეტულად, მოყვანილია 3 იანვარს, ვეტერანების აქციის დაშლა და აღნიშნულია, რომ „პოლიციელებმა და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულებმა სცემეს დემონსტრანტები და პოლიციის მანქანებში შეათრიეს. არსებობს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ უფორმო პოლიციელი ურტყამს ქალ დემონსტრანტს“.

ანგარიშში ვრცლად არის საუბარი 26 მაისის აქციაზე და ხაზგასმულია, რომ ანტისამთავრობო პროტესტის დასაშლელად პოლიციამ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა. „ვიდეომასალებში ჩანს, რომ პოლიციელები ურტყამენ შეუიარაღებელ დემონსტრანტებს, რომლებიც არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ მათ. პოლიციელებმა სულ მცირე 10 ჟურნალისტს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ზოგიერთი დააკავეს დასაკითხად, ზოგს აპარატურა დაუზიანდა, ზოგს საერთოდ ჩამოართვეს. აქციაზე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, - ერთი პოლიციელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების შედეგად, ოთხი პოლიციელი გაათავისუფლეს გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო, ზოგიერთი დააქვეითეს“, -ნათქვამია ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ მთავრობამ ვერც 2007 და 2009 წლის დემონსტრაციებისას ვერ შეძლო სათანადოდ გამოეძიებინა სამართალდამცავების მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევები.

ანგარიშის ბოლო პუნქტი სასამართლო სისტემას ეთმობა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში იმყოფებოდა გაერო-ს სამუშაო ჯგუფი და ამ ვიზიტის შემდეგ მათ გამოთქვეს შეშფოთება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. „შეშფოთება შეეხებოდა პროკურორების როლს, ძალიან დაბალ მაჩვენებელს გამამართლებელი განაჩენის“, - ნათქვამია ანგარიშში.

ძირითადად, იგივე პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საანგარიშო მოხსენებაშიც. მასში ხაზგასმულია სახელმწიფო მოხელეების მიერ პატიმართა და დროებით დაკავებულთა უფლებების დარღვევა, აგრეთვე სტანდარტებთან სახიფათოდ შეუსაბამო პირობები საპატიმროებში, ასევე ხარვეზები კანონის უზენაესობის კუთხით, მაგალითად, პრობლემები სასამართლოს მიერ კანონის ობიექტურ და თანაბარ გამოყენებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მთავრობის ჩარევა პროფკავშირებში გაერთიანებულ მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებში, მათ შორის, გაფიცვებში ჩარევა, თანამშრომელთა დაუსაბუთებელი დათხოვნა, საწევროს შეგროვებასთან დაკავშირებული ჩარევა, შრომითი კოლექტივების აქტივისტთა დევნა და დაშინება.

„საანგარიშო წლის განმავლობაში დაფიქსირებულ სხვა პრობლემებს შორის, უშიშროების ძალების მიერ, დემონსტრანტთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება იყო, რასაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია, განსაკუთრებით, 26 მაისს ოპოზიციის  საპროტესტო აქციის დაშლისას; პოლიტიკური ოპოზიციის წევრთა დაშინება; ვრცელდებოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ მოქალაქეთა კერძო საკუთრების დაუფლების მიზნით აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის არასწორი გამოყენების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მედიის საკუთრების საკითხში მეტი გამჭვირვალობისათვის კანონი მიიღო, მოქალაქეთათვის განსხვავებული და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო. იმ დროს, როდესაც დამოუკიდებელი მედია აქტიურობდა და აზრთა მრავალფეროვნებას გამოხატავდა, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამი უმსხვილესი სატელევიზიო მაუწყებელი მთავრობასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. მთავრობის პირდაპირი ან ირიბი გავლენა მედიასაშუალებებზე პრობლემად რჩებოდა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებული პრობლემები, სახელმწიფო ტენდერების გაუჭმვირვალობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული პრობლემები.

მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშები უკანასკნელ პერიოდში ყოველწლიურად სულ უფრო მკაცრი და კრიტიკული ხდება. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამას იგნორირებას უკეთებს, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე უარყოფითად აისახება.

„Amnesty International“-ის და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების შეფასება presage.tv-მ პარლამენტის დეპუტატ, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრ, დიმიტრი ლორთქიფანიძეს სთხოვა.

იგი აცხადებს, რომ ჩვენ მივეჩვიეთ საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკულ ანგარიშებზე საქართველოს ხელისუფლების სირაქლემის პოზაში ყოფნას. დეპუტატი ამბობს, რომ არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ჩვენი ხელისუფლების მისამართით საკმაოდ მწვავე დასკვნები აქვს გამოქვეყნებული. ლორთქიფანიძე იხსენებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის საანგარიშო მოხსენებას, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე უმწვავესი შეფასებებია გაკეთებული, მათ შორის ისეთ თემებზე იყო აქცენტები გაკეთებული, რომლებიც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშიც კი არ იყო ასახული. მაგალითად, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანთა შესახებ და ციხეებში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ძალიან შემაშფოთებელი ცნობებია მოყვანილი.

„როგორც გახსოვთ, ამ მოხსენებაზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ იყო მცდელობა, დასკვნაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით თავი ემართლებინათ. რაც შეეხება „Amnesty International“-ის და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებს, ისინი პრაქტიკულად თანხვედრილია. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2011 წლის 3 იანვარი, 20 იანვარი, 26 მაისი, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ტოტალურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. აღსანიშნავია, რომ 26 მაისს, როდესაც დაირღვა ადამიანის ფუნდამენტური უფლება - სიცოცხლის უფლება, ამასთან დაკავშირებით მხოლოდ დისციპლინური სასჯელები დაედო რამდენიმე პოლიციელს, სხვა რეაგირება ეროვნულ დონეზე ამ ფაქტს არ მოჰყოლია. მე პირადად პარლამენტის ტრიბუნიდან არაერთხელ შევეხე 26 მაისის თემატიკას, სამართლებრივი შეფასებაც დავდეთ, მაგრამ საქართველოს პროკურატუას ამაზეც არანაირი რეაგირება არ მოუხდენია“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

იგი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ „Amnesty International“-ის და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ეს დასკვნები ძალიან აქტიურად უნდა გამოიყენოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის და თუ ამ მიმართულებით სახელისუფლებო დამნაშავე მანქანის წინააღმდეგ იქნება ერთიანი, კონსოლიდირებული ფრონტი, ქართული საზოგადოება შესძლებს ამ მხრივ გარკვეულ შედეგს მიაღწიოს. ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მთავარია ქართულმა საზოგადოებამ ამ ანგარიშების წარმომდგენებიც დასკვნებში მოყვანილი ფაქტების შეფასების პროცესში თანამონაწილეებად აქციოს.