რამდენად გამჭვირვალეა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები?

რამდენად გამჭვირვალეა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები?

ერთი შეხედვით, ეს მაღალი შუშის კოშკები შეიძლება მდიდრულ სასტუმროებსა და ღამის კლუბებში აგერიოთ. მაგრამ შენობები, რომელიც დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა მობნეული, სინამდვილეში პოლიციის განყოფილებებია და მათი მიზანი მოქალაქეებისთვის იმის დემონსტრირებაა, რომ რესპუბლიკის რეორგანიზებულ სამართალდამცავ ორგანოებს არაფერი აქვს დასამალი.

2008 წლიდან, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ იტალიელი არქიტექტორის დაპროექტებული და კოსმიური ხომალდის მსგავსი შტაბ-ბინის აღმართვით სამშენებლო კამპანია წამოიწყო, მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდა და კიდევ იგეგემება 80 შუშის შინაგან საქმეთა განყოფილების აშენება. შენობების დიზაინი მრავალგვარია, პირამიდით დაწყებული თბილისის შემოგარენში, მინის სახურავიანი ნახევარმთვარით დამთავრებული პატარა ისტორიულ ქალაქ მცხეთაში. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ეკა ზღულაძის თქმით, ახალმა მინის კოშკებმა ახალი სტრუქტურების გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების დემონსტრირება უნდა მოახდინოს. პოლიციის ასეთი განყოფილებების აღმართვა დროში დაემთხვა სხვა, მინის ფუტურისტული სახელმწიფო დაწესებულებების გამოჩენას, მათ შორის „იუსტიციის სახლების“ – დაწესებულების, რომელშიც მოქალაქეს შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე უწყების მომსახურებით ისარგებლოს და რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მოდერნიზაციისა და დემოკრატიისკენ აღებული გეზის ნაწილია.

შუშის პოლიციის შენობებმა აშკარად მოახდინა ფსიქოლოგიური გავლენა საქართველოს რიგით მოქალაქეებზე. მოსახლეობაში ჯერ კიდევ ცოცხალია მოგონებები იმ განუკითხაობასა და უკანონობაზე, რაც რესპუბლიკაში 1991 წელს სსრკ-ს დანგრევის შემდეგ სუფევდა, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ არა როგორც წესრიგის დამცველები, არამედ როგორც ქრთამზე მონადირე უკანონო შეიარაღებული ჯგუფები. დღეს, 2011 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარებით ჩატარებული კვლევის თანახმად, შსს-ს საქმიანობას საზოგადოების 87% უჭერს მხარს – მაჩვენებელი, რომელიც ნებისმიერი სხვა ოფიციალური უწყების რეიტინგზე მაღალია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ქვეყნის პოლიციის წარმატებების პროპაგანდას ეწევა, აპრილში ისიც კი განაცხადა, რომ პოლიციის შუშის განყოფილებების იდეის ექსპორტი კიდევ ხუთ ქვეყანაში იგეგმება, ლიტვის ჩათვლით. ამ სიის სხვა ქვეყნების შესახებ დეტალებზე არაფერი თქმულა.

საქართველოს ახალი „უსაფრთხოების არქიტექტურა“ მოიცავს არამხოლოდ და არა იმდენად პოლიციის განყოფილებებს, ამბობს გევინ სლეიდი, ავტორი წიგნისა „მაფია გარდამავალ პერიოდში: მდგრადობა გარე გაველენების მიმართ და კრიმინალური სტრუქტურების ადაპტაცია პოსტ-საბჭოთა საქართველოში (“Mafia in Transition: Criminal Resilience and Adaptation in Post-Soviet Georgia”). სხვა სიახლეები მოიცავს – კომპიუტერიზებულ საპატრულო ავტომანქანებს, ვიდეოთვალთვალს ქუჩებში, ბიომეტრიულ დოკუმენტებს, ერთნომრიან („911“) ცხელ ხაზს და პოლიციურ ზედამხედველობას სკოლებში.

მაგრამ გამჭვირვალობის ხარისხი ჯერ-ჯერობით არცთუ მკაფიოა. შსს-მ არ მიაწოდა EurasiaNet.org-ს ინფორმაცია იმ სახსრების მოცულობაზე, რომელიც უწყების 80 ახალი შენობის პროექტირებისა და მშენებლობისთვისაა გამოყოფილი, გამოგზავნა რა მხოლოდ სახელმწიფო ტენდერების ელექტრონულ მონაცემთა ბმული. ამ მონაცემთა ბაზაში ასახულია პოლიციის განყოფილებების მშენებლობასთან დაკავშირებული მხოლოდ 39 ტენდერი. არქიტექტურულ პროექტირებაზე ტენდერები არ გამოქვეყნებულა.

პოლიციის ცალკეული განყოფილებების მშენებლობის ღირებულების დასაბუთება, განყოფილებების, რომელთაგან ზოგიერთი ერთმანეთთან ძალიან ახლოს შენდება, ყოველთვის უდაო არ არის. მაგალითად, შორეული მთიანი რეგიონის რაჭის დასახლებულ პუნქტში, ონში, სადაც 8400 ადამიანი ცხოვრობს, დაგეგმილია 1,1 მილიონი ლარის (674557 დოლარი) ღირებულების პოლიციის განყოფილების აშენება. მისგან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში, პატარა ქალაქ ცაგერში, სადაც ონის მოსახლეობაზე ორჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, აშენდება პოლიციის განყოფილება, რომელიც დაახლოებით იგივე თანხა – 1,08 მილიონი ლარი (662292 დოლარი) დაჯდება.

ეკა ზღულაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებების მშენებლობის ადგილი და ხარჯები ადგილობრივ საჭიროებებზეა მორგებულია. შუშის შენობები უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ტრადიციული აგურისა და ცემენტის ნაგებობები, რაც საექსპლუატაციო ხარჯების „20 პროცენტამდე“ ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა, აღნიშნავს იგი.

სახსრების გამოყოფის ცალკეული შემთხვევები კიდევ უფრო საყურადღებოა. მაგალითად შსს-მ 2,91 მილიონი დოლარი (4,7 მილიონი ლარი) გამოყო უწყების ორი „საცხოვრებელი ნაგებობის“ მშენებლობისთვის შავი ზღვის სანაპირო დასახლებულ პუნქტ ანაკლიაში, სადაც 2522 ადამიანი ცხოვრობს). ეკა ზღულაძის თქმით ეს ხარჯები გამართლებულია, რადგან დროთა განმავლობაში მთავრობა ანაკლიის მასშტაბურ პორტად და საკურორტო ქალაქად გადაქცევას გეგმავს.

2012 წლის 22 მაისს ამ სტატიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე EurasiaNet.org-ს დაუკავშირდა და დამატებით კომენტარი მოგვცა. ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ 2009 წლიდან სახელმწიფომ ააშენა და მთლიანობაში გეგმავს ააშენოს 98 პოლიციის განყოფილება. ამ ობიექტების საერთო ღირებულება 56985687,81 ლარი ან 56,99 მილიონი დოლარია. პროექტირების ღირებულება ამ თანხაში შედის და 722251,51 ლარს ან 442122,62 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება არასრულ ინფორმაციას პოლიციის განყოფილებების მშენებლობაზე სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებთან დაკავშირებულ მონაცმეთა ბაზაში, ეკა ზღულაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს „შესყიდვების დეცენტრალიზებული სისტემა“, და პოლიციის განყოფილებებზე ტენდერები ცალკე რეგიონული კუთვნილების მიხედვით ცხადდება, ასევე ცალკეული საუწყებო სტრუქტურების მიერ. გარდა ამისა, მონაცემთა ბაზაში არ მოხვდა ტენდერები, რომელიც ბეჭდურ გამოცემებში გამოცხადდა მანამ, სანამ ელექტრონული ბაზა შეიქმნებოდა.

არქიტექტურა „არ არის თამაში, რომლითაც დაკავებული ვართ იმიტომ, რომ გავერთოთ, რადგან სხვა საქმე არ გვაქვს“, – განაცხადა მან.

მართალია, ქართული პოლიციის იმიჯი საზოგადოებაში გაუმჯობესდა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც დღესაც მიაჩნიათ, რომ სამართალდამცავი ორიგანოები პირველ რიგში მაღალჩინოსნების ინტერესებს იცავენ და არა მთლიანად საზოგადოების.

„არ ვფიქრობ, რომ რამე სერიოზულად შეიცვალა პოლიციის მხრიდან მმართველი რეჟიმის დაცვის მხრივ“, ამბობს თბილისელი მკვლევარი ალექსანდრე კუპატაძე, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორუფციის პრობლემებზე მუშაობს. „უბრალოდ ახლა ეს უკეთ არის შენიღბული „საზოგადოებაზე ორიენტირებული „რეფორმის““ ქვეშ.

ეკა ზღულაძემ საზოგადოებაში პოლიციისადმი ნდობის 87%-ანი რეიტინი დაიმოწმა და მსგავსი კრიტიკა უარყო, უწოდა რა მას „პრეტენზიული“.

„მოსახლეობის 87%-ს ვერ მოატყუებ“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვების სულისკვეთებაც მსგავსი იყო, როდესაც ამ თვეში შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაჯილდოვებაზე განაცხადა, რომ „პოლიცია არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას“, არ არის „რომელიმე პრეზიდენტის ან მინისტრის პირადი გვარდია“, იუწყება საინფორმაციო პორტალი Civil.ge.
foreignpress.ge