კერძოდ, კომპანიის მენეჯერები, იმავდროულად, რეგიონულ და რაიონულ დონეზე პოლიტიკურ სუბიექტ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ. კონტროლის პალატის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „გლობალ-TV“-ს საქმიანობასა და „ქართული ოცნების“ და მის საარჩევნო მიზნებს შორის კავშირზე საჯაროდ ისაუბრა.
„აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას „ქართული ოცნების“ ლოგოს ამსახველ მაისურებში ახორციელებდნენ. „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტები კი ამავე კომპანიის მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობდნენ მოქალაქეებს. ზემოაღნიშნული გარემოებები საზოგადოებაში პოლიტიკური კოალიციისა და აღნიშნული კომპანიის შეთავაზებული მომსახურების გაიგივებას იწვევს და პარტიათა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავს“, - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ანალიტიკური პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს მონიტორინგის მანდატით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მათ შორის ცალკეულ პირთა გამოკითხვას. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ფინანსური მონიტორინგის ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. მონიტორინგი არ უკავშირდება აღნიშნული კერძო კომპანიის საქმიანობას და მის მიმართ სამსახურს სამართლებრივი პრეტენზიები არ გააჩნია.
„გლობალ TV“-ში აცხადებენ, რომ კონტროლის პალატის მიერ მათი საქმიანობით დაინტერესება სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან მათ არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენიათ. presage.tv „გლობალ TV”-ს განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორს ზურაბ ბაზლიძეს ესაუბრა.
„ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო კონტროლის პალატის აღნიშნული განცხადება, რადგან ჩვენ ჩვენს საქმიანობას ვახორციელებთ, არაფერ უკანონოს არ ვაკეთებთ და პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს“, - აცხადებს ზურაბ ბაზლიძე presage.tv-სთან საუბარში.
კითხვაზე, „გლობალ TV“-ს თანამშრომლები თავიანთ საქმიანობას მართლაც „ქართული ოცნების“ მაისურებით ეწევიან თუ არა და „ქართული ოცნების“ აქტივისტები მართლაც სთავაზობენ თუ არა მოსახლეობას „გლობალ TV“-ს მომსახურებას უფასოდ, ზურაბ ბაზლიძე პასუხობს, რომ კონტროლის პალატის ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
„სავსებით შესაძლებელია, ვინმემ ეს მაისურები გადაიცვას და ხალხს ჩვენი სახელით წარუდგეს, რათა შემდეგში ჩვენ რაღაც პრობლემები შეგვიქმნას. ხოლო ის, რომ ჩვენ ვინმეს რამეს ვპირდებით, ეს სრულიად გამორიცხულია. ჩვენ გვაქვს სუფთად კომერციული პროექტი, რაც გულისხმობს ჩვენი მოწყობილობების განვადებით დამონტაჟებას და ეს განვადება გათვლილია ათ წელიწადზე. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის კომერციული პროექტი და ამას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - აღნიშნავს ბაზლიძე.
presage.tv ასევე „გლობალ TV“-ს იურისტს, ნატალია გელაძეს ესაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს კომპანია იმ ფონზე, როდესაც მისი საქმიანობით კონტროლის პალატა ინტერესდება. იურისტი ამბობს, რომ თავადაც ახლა ეცნობა კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებას და ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ კომპანიის მიმართ გამოთქმული ბრალდება აბსურდულია, რადგან „გლობალ TV“-ს თეფშების დადგმა კომერციული პროექტია, მოგებაზეა გათვლილი და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ჩვენს კომპანიაში რაიმე კანონსაწინააღმდეგოს აღმოჩენა შეუძლებელია, რადგან უკანონოს არაფერს ვაკეთებთ. შესაბამისად, ვერ გეტყვით, რა შეიძლება ჩვენს მიმართ კონტროლის პალატამ მოიმოქმედოს“, - აღნიშნავს ნატალია გელაძე.
presage.tv-ს კითხვაზე, კონტროლის პალატის „გლობალ TV“-ს საქმიანობით დაინტერესება ხომ არ არის გამოწვეული იმით, რომ კომპანიის დამფუძნებელი ადიკო ივანიშვილია (ბიძინა ივანიშვილის ძმა), ნატალია გელაძე პასუხობს, რომ ის არის კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მის გარდა „გლობალ TV“-ს კიდევ ოთხი დამფუძნებელი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი ამერიკელია და სავარაუდოდ, კომპანიის ყველა დამფუძნებელი თავის და შესაბამისად, „გლობალ TV“-ს ინტერესებს ერთად დაიცავს.