საქართველოს რკინიგზას ქართველი ან რუსი ჩინოვნიკები იყიდიან

საქართველოს რკინიგზას ქართველი ან რუსი ჩინოვნიკები იყიდიან

საქართველოს ხელისუფლება „საქართველოს რკინიგზას“ ყიდის და აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გააქვს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა, რის შემდეგაც „საქართველოს რკინიგზას“ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადების გაკეთება მოუწია. სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს რკინიგზის“ ჩვეულებრივი აქციების არაუმეტეს 25%-ის განთავსება. 

„ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით გაცნობებთ, რომ „საქართველოს რკინიგზის“ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელად კვლავ სახელმწიფო რჩება, ასევე არსებითი არაფერი იცვლება კომპანიის მართვის საკითხში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის მთავრობა აწარმოებს საფონდო ბირჟებზე არსებული მდგომარეობის შესწავლას, რათა დარწმუნდეს, რომ დღესდღეობით, „საქართველოს რკინიგზის“ არასაკონტროლო პაკეტის განსათავსებლად, საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შესაბამისი ვითარებაა. განცხადება აქციების პირველად განთავსებაში მონაწილეობაზე 23 მაისამდე მიიღება, ხოლო განთავსება 24 მაისს მოხდება. აქციების პირველადი განთავსების შედეგად მთავრობამ, შესაძლოა, 250 მილიონი დოლარი გამოიმუშაოს.

შეგახსენებთ, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეკონომიკის მინისტრად დანიშნულმა კახა ბენდუქიძემ პრივატიზაციის დიდი ტალღა დაიწყო და განაცხადა, რომ ყველაფერს გაყიდდა სინდისის გარდა. ამ ფონზე მოხდა ქართული კანონმდებლობის შეცვლა ისე, რომ პრაქტიკულად დღეს სტრატეგიული ობიექტები არ არსებობს. თუმცა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში არსებობს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და პრივატიზებას არ ექვემდებარება, რადგან ასეთი ობიექტის არაკეთილმოსურნე სახელმწიფოს ხელში აღმოჩენამ, შეიძლება მოცემულ ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

ჩვენს შემთხვევაში, ვინაიდან ძირითად საფრთხედ რუსეთი აღიქმება, ამიტომ სასურველი იქნებოდა, რუსულ კომპანიებზე საქართველოს სტრატეგიული ობიექტები არ გასხვისებულიყო, თუმცა მოგეხსენებათ, პრაქტიკულად მთელი ქართული ენერგეტიკა რუსული კომპანიების ხელშია. დღეს კი ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რომ „საქართველოს რკინიგზის“ აქციები, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდება, შესაძლოა, ასევე რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, ამგვარ საფრთხეს ხედავს ეკონომიკური ექსპერტი ლადო პაპავა, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა, „საქართველოს რკინიგზის“ აქციები სხვა რაიმე სახელს ამოფარებულ რუსული კომპანიების საკუთრებაში აღმოჩნდეს.

რკინიგზის აქციების გასხვისებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ასევე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც სტრატეგიული ობიექტების ცნების გაუქმებას დანაშაული უწოდა.

„რკინიგზის გაყიდვასთან დაკავშირებით საუბარი საკმაოდ დიდი ხანია მიდის, ისევე როგორც გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით. მე ვიყავი ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი როგორც რკინიგზის, ისევე გაზსადენის გაყიდვის, ისევე როგორც წინააღმდეგი ვიყავი ენგურჰესის გასხვისების იმიტომ, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სტრატეგიული ობიექტები, რომელიც დარჩება სახელმწიფოსა და ხალხის საკუთრებაში და რომელიც არ გასხვისდება. არსებობს გარკვეული მექანიზმი იმისა, თუ როგორ შეიძლება ამ ობიექტების რენტაბელურობის ამაღლება, როგორ შეიძლება მათი შენარჩუნება და რეაბილიტაცია ოღონდ ისე, რომ სახელმწიფოს წილი იყოს 51 პროცენტზე მეტი. ეს არის უბრალოდ დანაშაული, როდესაც საქართველოში გაუქმდა სტრატეგიული ობიექტების ცნება და როდესაც ქვეყანას პრაქტიკულად სტრატეგიული ობიექტი თავის მმართველობაში აღარ რჩება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

presage.tv ამ თემაზე ეკონომიკური პროფილის რამდენიმე ექსპერტს ესაუბრა. გია ხუხაშვილს ზოგადად საინვესტიციო რესურსის მოზიდვის მიზნით „საქართველოს რკინიგზის“ მინორიტარული აქციების გაყიდვა შესაძლებლად მიაჩნია. მაგრამ აქვე იგი ხაზს უსვამს, რომ საუბრობს მხოლოდ მინორიტარულ აქციებზე, რადგან რკინიგზა არის გეოპოლიტიკური ფუნქციის განხორციელების მატარებელი ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, იგი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან და ამიტომ, მასზე სახელმწიფო კონტროლი აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს.

„მინორიტარული აქციების გაყიდვა შესაძლებელია, თუ ეს იქნება 25% ან ოდნავ მეტი. ყოველ შემთხვევაში, საკონტროლო პაკეტი აუცილებლად სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა იყოს იმისათვის, რომ სხვა ტიპის რისკები არ გაჩნდეს. გარდა ამისა, აქციონერიც აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე. თუ ჩვენ ხვალ ვნახავთ, რომ გაუგებარმა ვიღაცამ იყიდა ეს აქციები, ცალსახა გახდება, რომ მათი მფლობელები ისევ საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ჩინოვნიკები იქნებიან, ან შესაძლოა, მეორე ვარიანტი, რომ მფლობელი გახდეს რუსეთი. ჩვენ აუცილებლად უნდა გვითხრან, ვინ იყიდს ამ პაკეტს. ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს, ყველა სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს უკავშირდება გარკვეულ რისკებს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი presage.tv-სთან საუბარში.

გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ ამ აქციების მყიდველი სულ რომ ანგელოზი იყოს, მაინც რკინიგზის აქციების საკონტროლო პაკეტი ყველა შემთხვევაში სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა დარჩეს.

აქვე ხუხაშვილი იხსენებს „საქართველოს რკინიგზის“ გასხვისების მცდელობას.

„გახსოვთ თქვენ ყოვლად სკანდალური ისტორია, რაც 2007 წელს მოხდა, როდესაც 1000 ფუნტად ერთი თვით ადრე რეგისტრირებულ კომპანიას პრაქტიკულად გადაუფორმეს რკინიგზა. შემდეგ ამას დიდი ხმაური მოჰყვა და ისევ უკან გადმოაფორმეს სახელმწიფოს საკუთრებაში“, - ამბობს ხუხაშვილი.

ეკონომიკური ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ამგვარი მცდელობები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც იყო.

„ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს გააკეთა, ესტონეთი იყო. შემდეგ მე შევხვდი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც იმ პერიოდში მთავრობას ხელმძღვანელობდა და მან მითხრა, რომ იმ რეფორმების პერიოდში ამაზე ცუდი გადაწყვეტილება ესტონეთში არ მიუღიათ“, - ამბობს დემურ გიორხელიძე presage.tv-სთან საუბარში.

იგი უაზრობას უწოდებს „საქართველოს რკინიგზის“ აქციების ამ ფორმით გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას. გიორხელიძე ამბობს, რომ საერთოდ რკინიგზა ძალიან რთული ინფრასტრუქტურაა და მისი ყველა სეგმენტი კერძო სექტორისთვის მიმზიდველი არ არის. კერძო სექტორს აინტერესებს სწრაფად მომგებიანი ბიზნესი, ხოლო ასეთი ბიზნესი კი ეფექტურად ვერ მუშაობს თუ მთელი ინფრასტრუქტურა არ არის მთლიანად გაწყობილი.  

„არსებობს პერსპექტივა, თუკი ხელისუფლება ყველაფერს არ გაანიავებს, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხარჯზე (და ჩვენ ამის თაობაზე სერიოზული მოსაზრებები გაგვაჩნია, სერიოზული კონცეფციაა დადებული) შიდა გადაზიდვების ხარჯზე როგორ შეიძლება საქართველოს რკინიგზაზე გაიზარდოს ტვირთბრუნვა. არის აგრეთვე გამჭოლი გადაზიდვები, როდესაც საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია ამოქმედდება სულ სხვა მასშტაბით, ვიდრე დღეს არის, მაგრამ ხელისუფლება ადგება ყველაზე უფრო იოლ და წამგებიან გზას, ყიდის რკინიგზას. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მსოფლიოში ცნობილი ოპერატორები ამ წილს შეიძენენ, რადგან იმ კომპანიებს, რომლებიც მსოფლიოს დიდ სარკინიგზო სისტემებში ოპერირებენ, ასეთი მცირე რამ არ აინტერესებთ“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, საბოლოოდ მოხდება ისე, რომ ამ წილს შეიძენენ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიები, რომელთა უკან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან და ამ გასხვისებული წილის ფუნქცია იქნება რკინიგზაში არსებულ ფინანსებზე კონტროლის დამყარება. ამდენად, გიორხელიძე აცხადებს, რომ მოხდება იმ მოგების მითვისება, რომელიც შეიძლება რკინიგზის ინფრასტრუქტურაში რეინვესტირებული იყოს. მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზის მმართველობით რგოლში ძირითადად, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების ნათესავები და ახლობლები მუშაობენ და სიტუაციას აკონტროლებენ.

ეკონომიკური ექსპერტი დავით ებრალიძე ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა არა მხოლოდ აქციები, არამედ ფასიანი ქაღალდებიც იქნას საფონდო ბირჟაზე გატანილი და იგი სართხეს სწორედ ამაში ხედავს, რადგან ფასიანი ქაღალდების გასხვისებამ, შესაძლოა, სახელმწიფოს ამ ობიექტზე კონტროლი დააკარგვინოს.

„გააჩნია იმასაც, რაში გამოიყენებენ ამ აქციების რეალიზაციიდან მიღებული თანხებს, ისევ რკინიგზაში იქნება ეს თანხები ჩადებული, თუ ბიუჯეტი ამ თანხებს სხვა რამისთვის გამოიყენებს“, - აღნიშნავს დავით ებრალიძე.