პარასკევს ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

პარასკევს ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

პარასკევს, 25 მაისს, 12.00 საათზე თბილისში, იუსტიციის სამინისტროს წინ (გორგასლის ქ.№24-ში) ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქციის მიზანი ბოლო ორი კვირის მანძილზე ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების გამოუძიებლობაა. Presage.tv საქართველოს მედია კლუბის თავმჯდომარეს, კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრს, მაგდა პოპიაშვილს ესაუბრა.

მაგდა პოპიაშვილი: სავარაუდოდ, აქციაზე იქნება სასტვენები და ჟურნალისტები ცოტას ვიხმაურებთ. გარდა ამისა, იქნება შესაბამისი პლაკატები და ატრიბუტიკა, რაც ამ ტიპის აქციებს თან ახლავს. პროტესტის მიზეზი კი ისაა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ჟურნალისტთა საქმიანობის ხელის შეშლის 20-მდე ფაქტი დაფიქსირდა და მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ართმევდნენ და უშლიდნენ იმ მასალას, რომელსაც ისინი მოიპოვებდნენ.

განსაკუთრებით, ეს პრობლემები დგას რეგიონებში, სადაც მეტ-ნაკლებად მაინც შეზღუდულია სივრცე, თბილისში მოქმედ ჟურნალისტებს კი ეს პრობლემები ნაკლებად გვაქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი რეგიონალური კოლეგების მიმართ სოლიდარულნი ვიყოთ და მშვიდობიანი აქცია მოვაწყოთ. მოთხოვნები იქნება ძალიან მარტივი - პროკურატურამ გამოიძიოს ის საქმეები, რაც ბოლო პერიოდში მოხდა.

მთავარი ისაა, რომ ჟურნალისტებს ამ საქმეებთან დაკავშირებით თავად აქვთ სამართალდამცავებისთვის მიმართული და, შესაბამისად, მათ უნდა გამოეძიათ და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები აქამდეც უნდა დადებულიყო.

რადგან თავად სამართალდამცავი ორგანოები არ ჩქარობენ, ან სულაც არ ფიქრობენ ამ საქმეების გამოკვლევას, მათ შევახსენებთ, რომ ჟურნალისტებს არ გვავიწყდება ეს საქმეები და, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ ამ საქმეების გამოძიება.

რის მიხედვით შეარჩიეთ ადრესატი და აქცია რატომ არ გამართეთ პრეზიდენტის რეზიდენცასთან?

- გამოძიება უნდა აწარმოოს პროკურატურამ. თუმცა, იმ მიმართვაში პრეზიდენტსაც მოვუწოდებთ, გახდეს გარანტი, რათა ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეთ და ეს მან უზრუნველყოს, როგორც კონსტიტუციის გარანტმა. შევხედოთ 25 მაისის აქციას და ვნახავთ, განმეორდება თუ არა ეს აქციები. დავაკვირდებით, ექნება თუ არა ხელისუფლებას რეაქცია ამ აქციაზე და მომდევნო აქციების ბედიც ამაზე იქნება დამოკიდებული.

დღეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა  პრეზიდენტისადმი მიმართვას მოაწერეს ხელირომლითაცმასთან შეხვედრას მოითხოვენჟურნალისტების სურვილიაპრეზიდენტს დაუსვან ის კითხვებირაც საზოგადოებასაინტერესებს და არა - შელამაზებული შეკითხვები.

- ამ საკითხთან მიმართებით ძალიან მძაფრი რეაქცია მაქვს, ერთი მარტივი მიზეზის გამო - პრეზიდენტს არ უნდა სჭირდებოდეს ჟურნალისტების მიმართვა. იგი იმისთვისაა პრეზიდენტი, რომ ჟურნალისტის ყველა შეკითხვას, მოსწონს თუ არა, პასუხი უნდა გასცეს. მით უფრო, წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში ვიმყოფებით და უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაგროვდა. მაშინ, როცა საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ ყველა თანამდებობის პირი, მათ შორის – პრეზიდენტის პრესმდივნებიც, სამინისტროების პრესმდივნები და თავად ამ უწყების ხელმძღვანელები, ვალდებულნი არიან, გასცენ ამ კითხვებს პასუხი. როცა ეს არ ხდება, თავისთავად ცხადია, ჟურნალისტები იძულებულნი ხდებიან, ამგვარ ფორმას მიმართონ. ამიტომ, აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის ეს მიმართვა. იმასაც გეტყვით, რომ რამდენიმე ხნის წინ „გურია-ნიუსმა“ პრეზიდენტთან ინტერვიუს მოთხოვნით მის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანა. სწორედ დღეს მიუვიდა „გურია-ნიუსს“ პასუხი, რომ ამ საკითხს სწავლობენ და, რომ ეს წერილი დაეწერა ირმა ნადირაშვილს. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ნადირაშვილი. თუ გადაწყვიტა, რომ „გურია-ნიუსი“ არ უნდა შეახვედროს პრეზიდენტს, ალბათ, არ შედგება ეს შეხვედრა. თუმცა, ვურჩევდი, რომ არა მხოლოდ „გურია-ნიუსის“ მიმართ, არამედ, ზოგადად, ჟურნალისტებთან უფრო გახსნილები იყვნენ ეს ადამიანები და პრეზიდენტსაც უფრო მეტი ვალდებულება ჰქონდეს მედიის წინაშე.