ბ-ნმა ბოკერიამ განაცხადა, რომ თითქოს ის, რაც უკანასკნელ დღეებში ხდებოდა, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან, იყო მიზანმიმართული უპასუხისმგებლობისა და უმწიფრობის დემონსტრირება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და „ასეთ მცდელობებს, კანონდარღვევით წარმოქმნილ ინიციატივებს, ყოველთვის ექნება მკაცრი პასუხი“.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე თუნდაც ილორის წმინდა გიორგის ტაძარს აზიანებდნენ და სასულიერო პირებს აკავებდნენ, გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან „ასეთი გაბედული ყიჟინა“ არ ყოფილა და იყო მოწოდება, რომ საქართველოს ოკუპანტი არ უნდა გაეღიზიანებინათ, მაშინ, როცა მეგობარ აზერბაიჯანთან დაკავშირებით, ბ-ნი ბოკერიას თქმით, საქართველოს ლამის ომის გამოცხადებისაკენ მოუწოდეს.
„ეს არის ლუსტრაცია, მეტს ვერაფერს დავარქმევ. მეგობრულ სახელმწიფოსა და მტრულ სახელმწიფოს შორის განსხვავება არის ის, რომ მეგობარი სახელმწიფოები მოლაპარაკებების გზით ცდილობენ საკითხის გადაწყვეტას, რასაც ახლაც აქვს ადგილი. ხოლო მტრებს აქვთ მცდელობა იმისა, სახელმწიფო დაამხონ. ვინც მტრების მიმართ ითხოვს დათმობას, ხოლო მეგობრებთან ომის დაწყებას, ასეთ ხალხს რა ჰქვია, საზოგადოებამ კარგად იცის!“
ჩვენ გვინდა ვკითხოთ უშიშროების საბჭოს მდივანს: ნუთუ საქართველოს ხელისუფლებას სხვა არაფერი აქვს სათქმელი საკუთარი მოქალაქეებისათვის? განა ნორმალურია, რომ უნიკალურ კულტურულ ფასეულობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიციის, მისი ხედვისა თუ სამოქმედო სტრატეგიის ნაცვლად, საზოგადოება მაღალჩინოსნებისაგან ქედმაღლობითა და ცინიზმით გაჟღენთილ, არაკომპეტენტურ და საკითხთან დაუკავშირებელ მონოლოგებს ისმენდეს?
კიდევ უფრო გაუგებარია, თუ სად, როდის ან ვისგან გაიგო ბ-მა ბოკერიამ აზერბაიჯანთან დაპირისპირების, ან, მით უმეტეს, „ომის გამოცხადებისკენ“ მიმართული მოწოდება? პირიქით, მთელი ამ დღეების განმავლობაში პოლიტიკოსებიც, მეცნიერებიც, სასულიერო პირებიცა და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც პრეტენზიებს უყენებდნენ სწორედ საქართველოს ხელისუფლებას, რომლის არაკვალიფიციურობამ, უმოქმედობამ და მართლაც რომ „უმწიფარმა“ განცხადებებმა შექმნა დრამატული ვითარება და უკიდურესად დაძაბა ვითარება.
რა უნდა იყოს ბ-ნი ბოკერიას რისხვისა და ამ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებების მიზეზი - მისი არაინფორმირებულობა თუ ინფორმაციის არასწორი ანალიზი? ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს არა აქვს სათანადო ინფორმაცია სახელმწიფობრივად ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, ან კიდევ უარესი - თუ მას არ შესწევს ინფორმაციის ადეკვატურად აღქმისა და გაანალიზების უნარი, მაშინ მდგომარეობა იმაზე უფრო საგანგაშო ყოფილა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ვინაიდან ბ-ნი ბოკერიას ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე ჩვენ რამდენადმე უფრო მაღალი აზრისა ვართ, ამიტომ აღნიშნული გაუგებრობის ლოგიკური ახსნა შეიძლება ვეძებოთ ზოგადად, ხელისუფლების დამოკიდებულებაში საკუთარ საზოგადოებასთან. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მესვეურებს ბნელ, უბირ და აგრესიულ ბრბოდ წარმოუდგენიათ, რვა წელია ამ აზრის დამკვიდრებას ცდილობენ შინ თუ გარეთ. ამიტომ, დავითგარეჯის მონასტერთან მომხდარი ერთობ უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ, ისინი ხმამაღალ ანტიაზერბაიჯანულ მოწოდებებსა და განცხადებებს ელოდნენ როგორც პოლიტიკოსების, ისე რიგითი მოქალაქეების მხრიდან. ასეთი ვითარება ხელისუფლებას შესანიშნავ საბაბს მისცემდა ოპოზიციისა და ქართული საზოგადოების დასამუნათებლად და უცხოელი პარტნიორების, განსაკუთრებით კი ჩვენი მეზობლის, თვალში საკუთარი პროგრესულობის, ტოლერანტულობისა და უალტერნატივობის წარმოსაჩენად. ცხადია, ამას განსაკუთრებული ფასი ექნებოდა მოახლოებული არჩევნების კონტექსტში.
საბედნიეროდ, ჩვენმა საზოგადოებამ გამოიჩინა სიბრძნე და თავისი აღშფოთება მიმართა არა პარტნიორი სახელმწიფოს, არამედ საქართველოს ხელისუფლებისაკენ. ამას კი, როგორც ჩანს, ისინი არ ელოდნენ და წინასწარ დაპროგრამებული პიარ-მანქანის შეჩერება ან გადაწყობა ვეღარ შეძლეს.
ბ-ნ ბოკერიას უნდა მოვახსენოთ, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების ტრადიციულ მეგობრობას არაფერი ემუქრება, გარდა უპასუხისმგებლო ხელისუფლების უნიჭო მცდელობებისა, საკუთარი პიარისათვის გამოიყენოს ნებისმიერი, მათ შორის, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ხიფათის შემცველი თემები. მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ მთელ ამ უპასუხისმგებლობას, პიარ-კლოუნადასა და კულტურული მემკვიდრეობით მანიპულირებას ჩვენი საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს.