შუქი - 6 თეთრი, პენსია - 300 ლარი

შუქი - 6 თეთრი, პენსია - 300 ლარი

ბოლო რამდენიმე დღეა, ყველგან ერთ, ხალხისთვის მეტისმეტად სასიამოვნო ჭორზე ლაპარაკობენ, ამბობენ, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა „თელასის“ და „ყაზტრანსგაზთბილისის“ აქციები შეიძინა, უფრო სწორად - ბანკ „რასიისკი კრედიტის“ აქციებში გაცვალა. 

თელასის წილის გაყიდვას უარყოფს კომპანია „ინტერ რაო ეესის“ პრეს-მდივანი ნიკოლაი გორელოვი, მისი განმარტებით: „შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ „თელასის“ აქციების 75%-ის მფლობელი კვლავ ჩვენი კომპანიაა. ბიძინა ივანიშვილთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ის არ გვიწარმოებია“. 

გასული წლის მონაცემებით, „ინტერ რაოს“ უდიდესი აქციონერები არიან: ФСК ЕЭС - 19,95 % , Росимущество - 14,79 %, Норильский Никель - 14,2 %,Росатом - 13,4 %  ЗАО Интер РАО Капитал - 12,7 % და РусГидро - 5,3 % . მმართველთა საბჭოს თავჯდომარეა ბორის კოვალჩუკი. „თელასის“ აქციათა 25% კი საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას პრესით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კომპანია „თელასი“კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა.

„რაო ეესი“ და „თელასი“ აცხადებენ, რომ არ გაყიდულა. თუ ვინმე ამბობს, რომ გაიყიდა, მაშინ ეს მას თავად ჰკითხეთ. კომპანიის მართვა რთული, კომპლექსური საკითხია. „თელასი“ და, მით უმეტეს, მისი მშობელი კომპანია „რაოეესი“ პატარა კომპანია არ არის. ვინ რას იყიდის და გაყიდის, წმინდა კომერციული მოლაპარაკებების საგანია“, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ეს არის მისი კერძო ბიზნესის საქმე, შესაბამისად, ამაზე ლაპარაკის უფლებამოსილება არ მაქვს და სიმართლე გითხრათ, არც ინფორმაცია არ მაქვს. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს ამაზე საუბრის კომპეტენცია“,- აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

მოკლედ, „თელასთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს, თუმცა ცნობილია, რომ ბანკი „რასიისკი კრედიტი“ გაიყიდა, მყიდველებად კი დამოუკიდებელი ბიზნესჯგუფები დასახელდნენ. კერძოდ, კომპანია „ლანიტის“ მფლობელი გეორგი გენსი, სადაზღვევო კომპანია Спасские ворота-ს ყოფილი მფლობელი ბორის ჰაიტი, კომპანია Глобеск-ის ყოფილი მეპატრონე ანატოლი მოტილევი, ასევე, კერძო პირები: ვიქტორ ლუკიანოვი, ბორის პოსტუხოვი და ვლადიმირ ფაეროვიჩი. თუმცა მათი და „რაოესის“ მფლობელ ანატოლი ჩუბაისის ურთიერთობასას და ბიზნეს-ინტერესებზე არაფერია ცნობილი. 

„თელასის“ გარდა, „ყაზტრანსგაზთბილისის“ ყიდვაზეც გავრცელდა ინფორმაცია, როგორც ითქვა, გაზის გაიაფებასაც უნდა ველოდოთ, ელექტროენეტგიის ფასიც კი დასახელდა და ამბობენ, რომ თუ ეს მართლა ასეა, ერთი კილოვატი ელექტროენერგია 6 თეთრი ეღირებაო.

ამის გარდა ლაპარაკია იმაზე, რომ გაუქმდება ნაგვისა და წყლის გადასახადი, უმწეოთათვის შუქის ტარიფი 4 თეთრი იქნება, პენსია 300 ლარი გახდება, იარსებებს უმუშევართა შემწეობა და ამოქმედდება საყოველთაო დაზღვევა. შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი, ამუშავდება ფაბრიკა-ქარხნები, გაიაფდება საწვავი და ა.შ.

„რაც შეეხება იმას, რომ ელექტროენერგია 6 თეთრი გახდება, პენსია გაიზრდება და ა.შ. ამასთან დაკავშირებითაც გეტყვით ერთ ზოგად თეზისს, ყველაფერი უკეთ იქნება, როდესაც ივანიშვილი მოვა ხელისუფლების სათავეში. როდესაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ყველას ცხოვრება უკეთესი იქნება, პენსიონრისაც, დიასახლისისაც, მოხუცისაც და ახალგაზრდისაც, ეს ყველაფერი, რასაკვირველია, აისახება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში და ამ ყველაფერს შეიტყობთ 27 მაისის აქციის შემდეგ. ის მოლოდინი, რაც არის საზოგადოებაში, შეიძლება დასახელდეს ორი სიტყვით - ეს არის უკეთესი მომავალი, რომელიც დადგება ნამდვილად. ახლა ეს, კონკრეტულად დენის გადასახადის როგორ ტარიფში გამოიხატება, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, მაგრამ დროულია ლაპარაკი იმაზე, რომ  ყველაფერი იქნება უკეთ“, -აცხადებს მაია ფანჯიკიძე

თუ ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოსაა და „ქართული ოცნების“ პროგრამაშიც აისახება, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ვერ მოხდება უცებ და ერთი ხელის დაკვრით, იმიტომ, რომ სიღარიბით გაწამებული ქართველების გარდა მოსაფრთხილებელია ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემაც, რომ ფულის ნაკადის მიმოქცევაში გასვლამ ჰიპერინფლაციური პროცესები არ წარმოქმნას. თუმცა, თუკი ივანიშვილი მართლაც აპირებს ხალხს მსგავსი ოცნებები აუხდინოს, ალბათ, ეს სწორ და ზუსტ ეკონომიკურ გათვლებზეც იქნება დამყარებული, რაშიც საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ყოფილი ბიზნესმენი სავარაუდოდ, კარგად უნდა ერკვეოდეს.