საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექს-მეთაური რომან დუმბაძე 21 მაისს მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლევო-უსპენსკის გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. რომან დუმბაძე, რომელსაც ცეცხლნასროლი ჭრილობები მუცლისა და თავის არეში აღენიშნებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მოტოციკლი, რომლითაც თავდამსხმელი გაიქცა, ერთ-ერთ ეზოში მიტოვებული იპოვეს, მკვლელობას ჰყავს თვითმხილველი, რომელიც სამართალდამცავებმა დაკითხეს. თვითმხილველების თქმით, მოსკოვში რუბლევოს გამზირზე ქართველ გენერალს, მოტოციკლეტით ორი ნიღბიანი პირი მიახლოვდა და ახლო მანძილიდან ესროლა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. ბოროტმოქმედები მოტოციკლით მოძრაობდნენ, ისინი დუმბაძეს მიუახლოვდნენ, რომელიც ამ დროს რუბლევო-უსპენსკის გზატკეცილის პირას მიდიოდა. „ბოროტმოქმედებმა მას რაღაც უთხრეს და ამის შემდეგ ორჯერ ესროლეს -თავისა და მუცლის მიმართულებით“, - წერს რუსული მედია. „შემთხვევის დროს დუმბაძეს თან გოგონა ახლდა, რომელიც მკვლელობის თვითმხილველი გახდა და, რომლისთვისაც ქილერებს ხელი არ უხლიათ. დანაშაულის ხასიათი მოწმობს იმას, რომ ადგილი ჰქონდა შეკვეთილ მკვლელობას“ - წერენ რუსული გამოცემები. თვითმხილველთა თქმით, გასროლამდე მათ დაინახეს ახალგაზრდა, რომელიც დიდხანს საუბრობდა მობილურ ტელეფონზე, გასროლის შემდეგ კი, ადგილიდან სასწრაფოდ მიიმალა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ის უწევდა კოორდინაციას მკვლელობას. სამართალდამცველებმა უკვე იპოვეს მოტოციკლიც, რომელიც კრილატსკაიას და ოსტროვნაიას ქუჩების კვეთაზე იყო მიტოვებული. საქართველოს შეიარღებული ძალების ყოფილი გენერლის, რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეში გამოძიება „აჭარულ კვალს“ ამოწმებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ საგამოძიებო სტრუქტურიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროსვე ინფორმაციით, მოსკოვში ქართველი გენერლის მკვლელობა შესაძლოა მოსკოვის აჭარულ დიასპორაში გავლენის სფეროების გადანაწილებას უკავშირდებოდეს. არ არის გამორიცხული, გენერლის მკვლელობას საფუძვლად ედოს სხვადასხვა ეთნიკური კრიმინალური დაჯგუფების ბიზნეს-ინტერესები, რომლებსაც ე.წ. კანონიერი ქურდები, მეტსახელად „ტარო“ და „დედ ჰასანი“ აკონტროლებენ“, - წერს რუსული მედია. გამოძიება ასევე არ გამორიცხავს ვერსიას, რომ რომან დუმბაძეზე შური საქართველოს ხელისუფლებას ეძია, რომელიც 2008 წელს იძულებული გახდა დუმბაძე ციხიდან გაეთავისუფლებინა. ყოფილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თენგიზ კიტოვანი გენერალ დუმბაძის მკვლელობაში, ქართული სპეცსამსახურების კვალს ხედავს. თენგიზ კიტოვანი ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, ვისაც დუმბაძე სიკვდილამდე ესაუბრა. კიტოვანის მტკიცებით, იმ დღეს რომან დუმბაძე სახლიდან გასვლას არ აპირებდა. „მე არ ვიცი ვინ გაიყვანა ის გარეთ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი დანაშაული. შესაძლოა, ის ქართულ სპეცსამსახურებსაც მოეკლათ, რადგან რომანს ადრე პრობლემები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა“,-აცხადებს კიტოვანი „ლაივნიუსთან“ საუბარში. დუმბაძის მეგობარი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის რაიმე ვერსიებზე საუბარი გაუჭირდება. „გენერალ დუმბაძის რუსეთში წასვლის შემდეგ მასთან ახლო ურთიერთობა აღარ მქონია და შესაბამისად, არც მის იქაურ საქმიანობას ვიცნობ. ასე რომ, ვერსიებსა და მოტივებზე ვერაფერს გეტყვით. ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა. რომანი კარგი პიროვნება იყო და ცუდია, რომ ის ქილერის ტყვიის მსხვერპლი გახდა. მოგვიანებით, ალბათ, კონკრეტული დეტალები გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე კი მის ოჯახს ვუსამძიმრებ“, - აცხადებს გენერალ-მაიორი კობა კობალაძე. საქართველოდან განდევნილი რომან დუმბაძე ზუსტად ერთი წლის წინ მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნებას და რევოლუციურ პროცესებში ჩართვას აპირებდა. ამის შესახებ, იგი რუსულ მედიასთან საუბრისას აცხადებდა. დუმბაძე ამბობდა, რომ ის „ამ დღეებში საქართველოში ბრუნდება, რათა აჯანყებულ ხალხთან ერთად დადგეს“. დუმბაძე თქმით: „მან ზუსტად იცოდა, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ კეთილმეზობლური, არამედ პარტნიორული გახდებოდა“. შარშან, რუსულ მედიასთან საუბრისას დუმბაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად აპირებდა დაბრუნებას. „გრუზია ონლაინის“ ცნობით, დუმბაძე იმ აქციებში აპირებდა მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციურმა პარტია-გაერთიანებებმა თბილისში 21 მაისისთვის დაგეგმეს. ეს ის პერიოდია, როდესაც „წარმომადგენლობითი სახალხო კრება“ ფართომასშტაბიანი აქციებისთვის ემზადებოდა. იმ პერიოდში გენერალი დარწმუნებული იყო, რომ „სახალხო კრება“ 21 მაისს წარმატებით გამოვიდოდა. „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მოღალატედ გამოცხადებულ გენერალ რომან დუმბაძეს „წარმომადგენლობით სახალხო კრებასთან“ კავშირი არ ჰქონია. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, აჭარაში განვითარებული მოვლენების დროს, რომან დუმბაძემ უარი თქვა დამორჩილებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ბრძანებებს და განაცხადა, რომ ის მხოლოდ ასლან აბაშიძის ბრძანებებს შეასრულებდა. გასამართლების შემდეგ გენერალ დუმბაძეს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. თუმცა მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გენერალი რომან დუმბაძე რუსულმა მხარემ ქართველ ტყვეებში გაცვალა. 2010 წელს კი, მოღალატედ გამოცხადებულ რომან დუმბაძეს რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. „ჯარისკაცების გათავისუფლების სანაცვლოდ ქართულმა მხარემ რუსეთს გადასცა ასლან აბაშიძის ყველაზე მყარი დასაყრდენი - გენერალი რომან დუმბაძე, რომელსაც სამშბოლოს ღალატის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი“, - აცხადებდა მაშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. „გენერალმა ბორისოვმა მოითხოვა იმ პირის გადაცემა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ეს არის რომან დუმბაძე. მან თავის დროზე აჭარაში ხიდები ააფეთქა. ვინმეს თუ ჰქონდა კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, ახლა ყველაფერი გაირკვა. როგორც ბორისოვმა თქვა, დუმბაძე იცხოვრებს მის აგარაკზე პოდმოსკოვიეში. ჩვენ დუმბაძე გადავეცით, რადგან ჩვენთვის ტყვეების, ჯარისკაცების სიცოცხლე და ცხედრების გადმოსვენება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ერთი კრიმინალი დუმბაძე“,- აცხადებდა თარგამაძე. დუმბაძეს პარლამენტარი კობა ხაბაზიც იხსენებს, „თავიდან, 2004 წელს ჩვენ ვფიქრობდით, რომ დუმბაძე მხოლოდ და მხოლოდ ასლან აბაშიძის გვერდით მდგომი პირი იყო, მაგრამ 2008 წელმა ნათელყო, რომ ის ერთ–ერთი აქტიური კადრი იყო, რომელსაც რუსეთი ეყრდნობოდა. ნიშანდობლივია, რომ რუსეთმა მისი გადაცემის საკითხი დააყენა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ომის დროს, იმ პირების გადაცემას ითხოვენ, რომლებიც აქტიურ საყრდენს წარმოადგენენ“, - ამბობს კობა ხაბაზი. ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურმა ჩოლოქის ინციდენტის დროს ქვედანაყოფი მთავარსარდლის დაქვემდებარებიდან გამოიყვანა და დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. თავდაცვის მაშინდელი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ბრძანებით, ახალგაზრდა გენერალი თანამდებობიდან გადააყენეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი მას რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამაგალითო დასჯით დაემუქრა. დუმბაძე იმასაც ამბობდა, რომ „ცენტრსა და აჭარას შორის დაპირისპირებით იგი ორ ცეცხლს შორის მოექცა, „წარმოიდგინეთ, მე რომ მანდ ვიყო ახლა, სხვანაირად მომნათლავენ და აქ რომ ვიყო, მაგენი სხვანაირად მნათლავენ და ასე მიდის ჩემი ბედი“,- ამბობდა დუმბაძე. „ოჩამჩირის მიმართულებაზე რომან დუმბაძე აჭარის შემადგენლობას ხელმძღვანელობდა, ვინც მანდ იყო - ერთ ასეულს. ნორმალურად მოღვაწეობდა და ნორმალურად ასრულებდა ამოცანებს. იმ პერიოდში ყველა გამოირჩეოდა რაღაცით“, - აცხადებდა თავის დროზე კობა კობალაძე რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. |