ერთ საათში ჩატეული ოტია იოსელიანის ცხოვრება და შემოქმედება

ერთ საათში ჩატეული ოტია იოსელიანის ცხოვრება და შემოქმედება

ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სააქტო დარბაზი, სადაც 550 ადამიანის ადგილია, თითქმის სავსე იყო. იქ შეკრებილი ადამიანები ერთი საათის განმავლობაში სულგანაბულები უსმენდნენ ოტია იოსელიანის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ, შესანიშნავ ლიტერატურულ სპექტაკლს, სახელწოდებით „ჩვენი ოტია“, რომელიც ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელმა, რეჟისორმა და მსახიობმა - იზა ვეფხვაძემ წარმოადგინა.

აღსანიშნავი ისაა, რომ ოტია იოსელიანის გარდაცვალების შემდეგ, მისი ხსოვნის პატივსაცემად, დღემდე არანაირი ღონისძიება არ გამართულა, თუ არ ჩავთვლით ხარაგაულში, 23 აპრილს გამართულ იგივე სპექტაკლს.

„ჩვენი ოტიას“ ყურებისა და მოსმენისას ისეთი განცდა გეუფლება, რომ თითქოს ოტია იოსელიანთან ერთად დაიბადე, გაიზარდე, დაობლდი, მასთან ერთად შეიყვარე, დაწერე, დახატე, იცხოვრე, იღვაწე, აშენე, დათესე, გამარგლე და ბოლოს, მასთან ერთად დაემშვიდობე სამშობლოს, შემდეგი სიტყვებით - „წამი ყოფილა წუთისოფელი, წამი... იღბალმა მიმტყუნა, გვარიანად შეჭირვებულ-შევიწროებულს ვტოვებ ჩემს სამშობლოს“.

სპექტაკლის დაწყებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე, დარბაზში მწერალ გურამ დოჩანაშვილის მეუღლეს, ნათელა სეფიაშვილს შევხვდი. ამ დროისთვის დარბაზის ნახევარი სავსე იყო. ქალბატონი ნათელა წუხდა - წუხელ ნახევარი თბილისი ტელეფონით გავაღვიძე, ამ სპექტაკლზე მოვიწვიე და არ ჩანან. ვინც ერთხელ მაინც ნახავს და მოისმენს იზა ვეფხვაძის სპექტაკლს, იმას მეორედ მოწვევა აღარ სჭირდება. დასანანია, რომ მისი ნიჭიერებისა და პროფესიონალიზმის შესახებ ბევრმა არ იცისო.

ამ დროს დარბაზში ქალბატონი ნათელას მეგობრები შემოვიდნენ. მისგან გავიგეთ, რომ გურამ დოჩანაშვილი ახალ მოთხრობაზე მუშაობს, რის გამოც ოტია იოსელიანისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ სპექტაკლზე დასწრება ვერ შეძლო.

ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია იზა ვეფხვაძის მიერ მომზადებული წარმოდგენა, დამეთანხმება, რომ შეუდარებელი, ამაღელვებელი, არტისტული და პატრიოტულია რეზო თაბუკაშვილის, ესმა ონიანის, გურამ რჩეულიშვილის, რეზო ჭეიშვილის, გურამ დოჩანაშვილის, უშანგი ჩხეიძის, ოთარ მამფორიას... ცხოვრებისა და შემოქმედების ირგვლივ გამართული ლიტერატურული სპექტაკლები, რომელთა მოსმენისას ადამიანთა უმეტესობა ცრემლს ვერ იკავებს.   

„როგორც ხასხასა მწვანე მინდორს ცეცხლის ნანთები, ისე ამჩნია ჩემს გზებს შენი ნატერფალები“.

ოტია იოსელიანისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ სპექტაკლზე, დარბაზში მსხდომთაგან ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვის აღმოჩენა იყო მწერლის პროზაული ნაწარმოებებიდან, ლექსებიდან ამონარიდები ქალსა და სიყვარულზე:

„სიყვარული... შენ სიყვარული კი არა, ალქაჯი უნდა გერქვას, იუდა, სატანა, ჯოჯოხეთი და გენია. შენ რაც ბრძანდები, ჩემსავით მაგი დედამიწის ზურგზე არავინ იცის და შუბლში, რომ მიმიზნებდნენ გატენილ თოფს, ისე არ მეშინია, როგორც შენი. სიყვარული!.. არ მიხსენო შენი სახელი. მზარავს, უროსავით მირტყავს თავში და მარეტიანებს, ყელში დანაგაყრილი ხარივით მაზმუვლებს და მაბღავლებს. მაშინ, იმ ღლაპმა კი არა, აგერა, აქამდე მიწვალია, მიტანჯია და მინახავს  - თავი ორასი წლის მგონია, წუთისოფელი კი ისე მეცლება ხელიდან, შენთან ვერაფერი გავაწყვე, საითაც გავიქეცი შენი გადამკიდე, იქეთ წავიქეცი. სიყვარულს ბედნიერი რომ გაუუბედურებია, ეს კი ვიცი და მისი სიამე ვინმეს შერჩენოდეს, მაგნაირი არაფერი“.

„როგორც ხასხასა მწვანე მინდორს ცეცხლის ნანთები,

ისე ამჩნია ჩემს გზებს შენი ნატერფალები“;

„არ დაიჯერო, მიყვარხარო, რომ ვინმემ გითხრას,

არ დაიჯერო... შენ თუ ისა ხარ, რაცა ხარ და ვერაფერი ვერ მოგიმატა“.

ოტია იოსელიანის მიერ სხვადასხვა საგაზეთო და სატელევიზიო ინტერვიუებში გამონათქვამებს, იმას, რაც საზოგადოების ნაწილს ახსოვს და იმასაც, რომელიც მივიწყებულია, იზა ვეფხვაძემ თავი მოუყარა და სპექტაკლზე წარმოადგინა: 

„მე მორწმუნე კაცი ვარ და ჩემი ეკლესიის გუმბათზე ფრესკად საქართველოს რუკაა, ერი აზროვნების უნარს რომ დაკარგავს, სტიქიურ მასად გადაიქცევა;

სამშობლო ისეთი მევახშეა, რომლის ვალიდანაც ვერასდროს ამოხვალ და ისიც გახსოვდეს, რომ შენზეც იმდენი ამაგი აქვს შენს სამშობლოს, რამდენიც რუსთაველზე ჰქონდა;

თბილისში ერთ ღამეს, რაც რესტორნებში ფული იხარჯება, მთელ ქართულ ხელოვნებას შეინახავს, მეორე ღამისას თუ დავამატებთ, მთელ ქართულ მეცნიერებას;

მინდა ერთი ლუარსაბის და დარეჯანის ორდენი შემოვიღო, მერე ნახეთ რამდენი ორდენოსანი გვეყოლება;

ქართველი კაცის მიწასთან დაშორება მანაღვლებს, მიწა თუ კოჭებამდე არ შემოიყარე ფეხებზე, ისე ვერ გაიგებ მამული რა არის. ადამიანი მიწის შვილია და დედას, რომ მოსწყდება, ყველა და ყველაფერი დედინაცვლად ექცევა;

ბევრი ვაშენე და ვაკეთე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონ“.

ოტია იოსელიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება თოხი და ბარი ხელიდან არ გაუგდია,  მწერლობას თავის მეათე ხელობად მიიჩნევდა („შვიდი სახლი ავაშენე ჩემი ხელით. მწერლობა ჩემი მეათე ხელობაა და ყველაზე ნაკლებად ვიცი“) და უფალს ევედრებოდა - „უფალო, გამხადე ღირსი, რომ ნება მქონდეს სამშობლოზე დარდის, ჯაფის და წერის“.

„დედაზე ყველა მიბმული ვართ, როგორც ხბო პალოს“

ოტია იოსელიანი 2011 წლის 14 ივლისს, 81 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ხელისუფლებისგან დაუფასებელი და ერისგან პატივმიგებული მწერალი გელათის ტაძრიდან გამოასვენეს და როგორც ლიტერატურულ სპექტაკლზე შევიტყვეთ, საერო პირთაგან გელათის ტაძრიდან გამოსვენების პატივი ოტია იოსელიანის გარდა არავის რგებია წილად.

ახლა მწერლის ოჯახი ემზადება ოტია იოსელიანის დაბადების დღის აღსანიშნავად - ესაა პირველი დაბადების დღე მწერლის გარეშე. ოტია იოსელიანს 16 ივნისს  82 წელი შეუსრულდებოდა.

„ადამიანი სადაც იბადება და იზრდება, იქვე რჩება,

დედაზე ყველა მიბმული ვართ, როგორც ხბო პალოს,

და თუ ვშორდებით ვაგრძელებთ ბაწარს,

მაგრამ რამდენად შორს ვიწყებთ წანწალს,

იმდენს ვეხვევით ათრეულ თოკში და თავის არ გვწამს.

სამშობლოს ვალი, რაც შემეძლო ხომ მოვიხადე,

ახლა კვლავ ვალი მეძახის მიწის“.

ოტია იოსელიანის ნაწარმოებები (რომანები: „ვარსკვლავთცვენა“, „შავი და ცისფერი მდინარე“, „იყო ერთი ქალი“, „ქალი გამოვიდა საღალატოდ“, „ტყვეთა ტყვე“...) მსოფლიოს ხალხთა 30-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და გამოცემული, რომელთა ჯამური ტირაჟი 7 მილიონს აღწევს. მწერლის რამდენიმე ათეული  დრამატული ნაწარმოები („როცა სიყვარული მოვა“, „ადამიანი იბადება ერთხელ“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“... ), მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში,160-ზე მეტ სცენაზეა დადგმული.

მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ირგვლივ ეს და სხვა უამრავი საინტერესო დეტალი, იზა ვეფხვაძის მიერ წარმოდგენილი ლიტერატურული სპექტაკლიდან შევიტყვეთ, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ,  ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა. დარბაზი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს უსასყიდლოდ დაუთმო.

სპექტაკლის შემდეგ რეჟისორ გივი ვეფხვაძის დოკუმენტური ფილმის „ოტია იოსელიანი“ ჩვენება მოეწყო. მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ ამ უმშვენიერეს საღამოს ცისანა ქოჩეჩაშვილი უძღვებოდა, რომელიც თბილისის მთავარ ბიბლიოთეკასთან მოქმედი ლიტერატურული სალონის „საგულისონი“ ხელმძღვანელია.

იზა ვეფხვაძის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი შეაფასეს და ოტია იოსელიანი გაიხსენეს: ცნობილმა ჟურნალისტმა და სპალეოლოგმა ჯუმბერ ჯიშკარიანმა, მწერალმა და ჟურნალისტმა ივანე ჯაფარიძემ, ასტროლოგმა დურმიშხან ყიფიანმა (ოტია იოსელიანი დურმიშხან ყიფიანის მიერ შედგენილი ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით აწარმოებდა ხვნა-თესვას თავის მამულში), მსახიობმა ჯემალ მელქაძემ და ოტია იოსელიანის შვილიშვილმა, ზვიად შვანგირაძემ, რომელმაც მადლიერების ნიშნად იზა ვეფხვაძეს მწერლის ოჯახის სახელით ოტია იოსელიანის სიცოცხლეში გამოცემული მისი უკანასკნელი წიგნი აჩუქა.

სპექტაკლი ცოცხალი მუსიკით გააფორმა დალი მერაბიშვილმა - იგი ერთი საათის განმავლობაში როიალთან იჯდა და იზა ვეფხვაძის მონათხრობს იმერეთისადმი მიძღვნილი მუსიკით ამშვენებდა. ეს ყველაფერი იყო 15 მაისს.

იმათ, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ოტია იოსელიანის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ სპექტაკლზე დასწრება ვერ შეძლეს და იმათაც, ვინც ამ სპექტაკლის შესახებ არაფერი იცოდნენ, მაგრამ მისი ნახვისა და მოსმენის სურვილი გაუჩნდებათ, შეუძლიათ ტოვსტონოგოვის ქუჩაზე (სათნოების სახლ „კათარზისთან“ ახლოს), თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში მიბრძანდნენ და ერთი საათი გაატარონ ნანატრ საქართველოში - ლიტერატურული სპექტაკლი „ჩვენი ოტია“ თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში 24 მაისს, 16 საათზე გაიმართება.