თვალს მოფარებული ქართული ფსიქიატრია

თვალს მოფარებული ქართული ფსიქიატრია

17 მაისს თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა თავი მოიკლა. 41 წლის მამაკაცი სულ ერთი დღის მიყვანილი იყო კლინიკაში, როცა ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შეძლო. Presage.tv-ს ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე ექიმებს სთხოვდა, პალატაში ქმრის გვერდით დარჩენის უფლება მიეცათ, თუმცა ექიმების პასუხი ასეთი იყო: პალატაში ორი მამაკაცი წევს და თქვენი, როგორც მანდილოსნის, შეშვება გამორიცხულია. ზოგიერთები დასაშვებად მიიჩნევენ, რომ  ქალბატონი პალატაში თუ არა, დერეფანში მაინც დაეტოვებინათ და იგი იქიდან მაინც შეეცდებოდა, მიეხედა მძიმე მდგომარეობაში მყოფი თანამეცხედრისთვის. მით უფრო, რომ ექთნების განყოფილება იმ ოთახიდან საკმაოდ მოშორებითაა და, შესაბამისად, პაციენტზე მეთვალყურეობაც გართულებული იყო.   

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პაციენტს თვითმკვლელობის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონია. თუმცა, მანამდე მისი ყველა მცდელობა განუხორციელებელი რჩებოდა. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, იგი ექიმების დაჟინებული მოთხოვნით გადაუყვანიათ ფსიქიატრიულ კლინიკაში - აქ უფრო მივხედავთო, მაგრამ ლეტალური შედეგი მაინც დადგა.

მართალია, მომხდარს არაფერი ეშველება, მაგრამ იმისთვის, რომ ტრაგედია აღარ განმეორდეს (რისი ალბათობაც კვლავაც არსებობს), რა უნდა გაკეთდეს ჩვენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში?! მაშინ, როცა ევროპულ დონეზე მოწყობილი საავადმყოფოები ხელისუფლების თავმოსაწონი გამხდარა, ჩვეულებრივ სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ვიდეოთვალი არ არსებობს. ამ დროს კი ვიდეოთვალებმა წაიღო ჩვენი ქუჩები და დაწესებულებები. თავად ექიმები პირად საუბარში სახელმწიფოს მხრიდან არასწორი პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრობენ. მათი აზრით, დაუშვებელია, 40 პაციენტს ერთი ექთნის თანაშემწე ემსახურებოდეს. თანაც, ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის პაციენტების მეთვალყურეობის გარეშე დატოვება შეუძლებელია. ამ დროს კი, ეს კონკრეტული პაციენტი ექთნის თანაშემწის გარეშე იყო დარჩენილი და თანაშემწე მხოლოდ მოშორებით მდებარე ოთახში იმყოფებოდა.

უცხოეთში ასეთი შემთხვევები თითქმის გამორიცხულია, პაციენტების ქცევას ყველა თანამედროვე მეთოდის გამოყენებით აკვირდებიან. ყოფილა შემთხვევა, როცა უცხოეთშიც ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტს თავი მოუკლავს, მაგრამ ტრაგედია დაწესებულების შიგნით არ მომხდარა, სადაც მათზე გაძლიერებული მეთვალყურეობაა დაწესებული. უფრო კონკრეტულად, პაციენტს გასეირნება უთხოვია და როგორც კი მარტო დაიგულა თავი, სიცოცხლე სუიციდით დაუსრულებია.

 მომხდარის გამო უცხოელი ექიმები არავის დაუდანაშაულებია, რადგან მათ დეტალურად ჰქონდათ აღწერილი პაციენტის მთელი დღის მოქმედების განრიგი. თუმცა კითხვა ამ შემთხვევაშიც გაჩნდა: მეთვალყურის გარეშე უნდა მიეცათ კი მისთვის გასეირნების საშუალება?! მერე რა, რომ პაციენტი უშუალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ გარდაიცვალა და ექიმებს ყველაფერი სწორად ჰქონდათ აღნუსხული. საქართველოში ეს სისტემა  მოშლილია და ყველაფერი ღვთის ნებაზეა მინდობილი. ამას ემატება ისიც, რომ პომპეზურად გახსნილ ფსიქიატრიულ კლინიკებში ვიდეოთვალი არ დაუმონტაჟებიათ. არადა, უცხოეთში შენობის დაპროექტებისას ასეთი მძიმე პაციენტებისთვის ვიდეოთვალის დამონტაჟებას ყოველთვის ითვალისწინებენ და საქმეში ფსიქიატრებსაც რთავენ.    

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე  მანანა შარაშიძე Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ შეუძლებელია, სამედიცინო შტატი 24 საათის განმავლობაში ზედამხედველობას უწევდეს პაციენტს, რადგან პაციენტს პრივატული სივრცე აუცილებლად უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება მეთვალყურე სველ წერტილებსა და სააბაზანოში შეყვეს პაციენტს. ამით მისი პრივატულობის უფლება დაირღვევა.

გარდა ამისა, მანანა შარაშიძე გვეთანხმება, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სანიტრებისა და მედდების შტატი საკმარისი არ არის.

„ვერ დაგიდასტურებთ, მართლა 40 კაცზე იყო თუ არა მიმაგრებული ექთნის ერთი თანაშემწე, მაგრამ რეალობაა, რომ შტატი ცოტა იყო. საერთოდ, დასავლეთის ქვეყნებში, როგორც წესი,  ფსიქიატრიულში ერთი სამეთვალყურეო ოთახი აქვთ, თავისი  ვიდეოთვალით. ამ სამეთვალყურეო ოთახში ყველაფერი რბილია, რათა ადამიანი არ ჩამოეკიდოს. ვფიქრობ, ასეთი სამეთვალყურეო ოთახები ახლა, ამ ტრაგედიის შემდეგ მაინც უნდა გაკეთდეს. სამეთვალყურეო ოთახის დამონტაჟება შენობის დაპროექტებისას უნდა გაეთვალისწინებინათ. უნდა ყოფილიყო სპეციალური ოთახი, რომელსაც ინგლისურად ეძახიან „სექურითი“, ანუ დაცვის ოთახი, რომელსაც ვიდეოთვალის გარდა სპეციალური ფანჯარა აქვს, შეიხედავ და იქ ისეთი საგანი არ იქნება, რომელსაც ადამიანი თვითმკვლელობის მიზნით გამოიყენებს“.

მანანა შარაშიძის თქმით, სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანებს სწორედ ასეთ ოთახებში უნდა ათავსებდნენ. ისინი მძიმე მდგომარეობიდან რამდენიმე დღეში გამოდიან. ამასთან, ასეთ დამცავ ოთახებს ჟალუზები არ უნდა ჰქონდეს, რომ პაციენტმა თავი გალიაში არ იგრძნოს. ფანჯარას კი კაუჭი არ უნდა ჰქონდეს, რათა თავი არ ჩამოიხრჩოს, ფანჯრები არ უნდა იხსნებოდეს, რომ არ გადახტეს.

„დეტალების შესახებ ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ქავთარაძეზე ისედაც სივიწროეა და იქ მეუღლის დარჩენა ვერ მოხერხდებოდა. ამასთან, პაციენტს თავისი ინდივიდუალური სივრცე უნდა ჰქონდეს, რომ არავინ შეაწუხოს. შეიძლება, არ იყო ცოლის დატოვების საშუალება. კანონმდებლობით, არ შეიძლებოდა, იქ მეუღლე დარჩენილიყო, რადგან პაციენტს შეეძლო, მისთვის გამოერთმია რაიმე საგანი და ტრაგედია მაინც მომხდარიყო. შესაძლოა, ადამიანი ტუალეტში შესულიყო და იქ ჩამოკიდებულიყო“.

მანანა შარაშიძის განმარტებით, ჩვენნაირი ქვეყნისთვის სამეთვალყურეო ოთახების გაკეთება ხარჯიანია. თუმცა თბილისსა და  ცალკეულ სხვა ქალაქებში ერთი ასეთი ოთახი მაინც უნდა არსებობდეს.

„მე არ ვიცი, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თუ არა, მაგრამ ფსიქიატრიული დაწესებულების დაპროექტების დროს, (რომელიც ქავთარაძეზე წელიწადნახევრის წინ - 2010 წელს განხორციელდა), ასეთი ოთახები არ დაუპროექტებიათ. არადა, ფსიქიატრიულ დაწესებულებებს უნდა ჰყავდეთ სპეციალური ექსპერტები, რომლებსაც ეცოდინებათ შენობის დაპროექტება.  

ჩვენ დაკავშირება ვცადეთ ქავთარაძეზე მდებარე მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტის სახელმწიფო კლინიკის ხელმძღვანელ დავით ზურაბაშვილთან, მაგრამ მას მობილური გამორთული ჰქონდა.

Presage.tv ესაუბრა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ აღმასრულებელ დირექტორს ნინო მახაშვილს. მისი თქმით, სამედიცინო პოსტი ახლოს უნდა იყოს ინტენსიურ პალატასთან, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები არიან განთავსებულნი. ასეა უცხოეთში და ინტენსიურ პალატასთან ახლოს არიან ექთნები და ექთნის თანაშემწეები.

„რატომ არ დაპროექტდა ასე, არ ვიცი. ვერც იმას გეტყვით, ექთნები რატომ არ იყვნენ ამ პაციენტთან ახლოს. მნიშვნელოვანია, რომ მომხდარი გაკვეთილად მიიღოს ყველა ფსიქიატრიულმა დაწესებულებამ და თავისი მიდგომა შეცვალოს. ცოტა ხნის წინ მონიტორინგზე ვიყავით და რამდენიმე კლინიკას აქვს სწორად დაგეგმილი პოლიტიკა, რამდენიმეს არ აქვს. რეალურად, იქ კორიდორული სისტემაა და სად უნდა დადგან პოსტი, არ ვიცი, მაგრამ გამოსავალი უნდა მოინახოს. მონიტორინგის ანგარიშში ეს ბევრჯერ გვაქვს დაწერილი და უნდა გამოასწორონ. ასეთი ტრაგიკული შემთხვევების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს სიტუაციის გამოსწორება,“ - გვითხრა ნინო მახაშვილმა.