აფბა-მ საქართველოში საბანკო სისტემის საქმიანობის კვლევის ანგარიში წარმოადგინა, რომლის თანახმადაც საბანკო სექტორის კოლოსალური შემოსავლები მხოლოდ ამ სფეროს ამდიდრებს, ქვეყნის ეკონომიკაზე კი პირიქით, ცუდად მოქმედებს.
აფბა-ს წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს ორ კომერციულ ბანკში ქვეყნის მთლიანი დეპოზიტების ნახევარზე მეტია განთავსებული, სამ ბანკში კი მთელი დეპოზიტების 76%, რაც ნათლად მეტყველებს ამ სფეროში კონკურენციის არარსებობაზე. ამის შედეგი კი არის ის, რომ ე.წ. სპრედი (რაც გულისხმობს სესხის საშუალო განაკვეთსა და დეპოზიტის საშუალო განაკვეთს შორის სხვაობას) საქართველოში არის 15%. ამ მონაცემით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვართ და მხოლოდ ისეთი ქვეყნები გვისწრებენ, რომლებიც დემოკრატიიული ღირებულებებით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიან. მაგალითად, ტაჯიკეთში ეს მაჩვენებელი 18%-ს შეადგენს, პერუში - 17.4%-ს, ყირგიზეთში 27.4%, კონგოში კი 39.7%. საერთოდ, როდესაც ქვეყანაში დაბალი სოციალური ფონია, კრედიტის ვერდაბრუნების რისკი მაღალია და ბანკი იძულებულია მაღალი საპროცენტო განაკვეთი დააწესოს.
აფბას პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ ეს გარემოება პირდაპირ გამორიცხავს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან საუკეთესო ბიზნესგარემოა და საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, ერთ-ერთი პირველია, ვინაიდან თუ ასეთი კარგი ბიზნეს გარემოა ქვეყანაში, მაშინ, საბანკო კრედიტზე ამხელა განაკვეთი არ უნდა იყოს.
მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, საქართველოში კრედიტის საშუალო განაკვეთი 24.2%-ს შეადგენს. საქართველოზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სესხებზე მსოფლიოს მხოლოდ შვიდ ქვეყანაშია. ესენია ბრაზილია (40%), კონგო (56.5%), მადაგასკარი (49%), გამბია (27%), ყირგიზეთი (31.5%), მალავის რესპუბლიკა (24.6%), პარაგვაი (26%).
აფბა-ში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ბანკების მიერ გაცემული კრედიტების სტრუქტურასა და მოცულობაზე აისახება. საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გაცემული მთლიანი კრედიტების მიმართება მთლიან შიდა პროდუქტთან არის 33.8%, მაშინ, როდესაც მაგალითად, ავსტრიაში ეს მაჩვენებელი 137%-ს შეადგენს, ანუ მთლიან შიდა პროდუქტზე მეტია, ბელგიაში - 117%, ბულგარეთში - 71%, დანიაში - 216% და ა.შ.
რაც შეეხება კრედიტების სტრუქტურას, უკანასკნელი მონაცემებით, ქართული კომერციული ბანკების მიერ, მთლიანად 7.2 მილიარდი ლარი არის კრედიტის სახით გაცემული და ეს თანხები ისეთ სფეროებში არის მიმართული, რომლებიც არამწარმოებლურია და ეკონომიკის განვითარებას ხელს არ უწყობს. მაგალითად, აფბა-ს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობაზე გაცემულია ამ თანხის 1%-ზე ნაკლები, ხოლო კრედიტების უმეტესი ნაწილი ვაჭრობასა და სამომხმარებლო სფეროშია გაცემული, რაც მხოლოდ მიმდინარე მოხმარების დაფარვას უზრუნველყოფს და არა გრძელვადიან განვითარებას. ამიტომ, ახალგაზრდა ეკონომისტები აცხადებენ, რომ კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები ეკონომიკის განვითარებას არ ემსახურება და პირიქით, მაღალი საპროცენტო განაკვეთების ხარჯზე, თავად საბანკო სექტორი ბევრად მეტ მოგებას ნახულობს, ვიდრე ეკონომიკა ვითარდება.
„ყველას კარგად გვახსოვს, 2008 წლის ომის და ფინანსური კრიზისის გამო ბანკები სერიოზულ ზარალზე გავიდნენ, მაგრამ დაახოებით ორ წელიწადში, 2010 წელს მათ უკვე ჰქონდათ 65 მლნ ლარის მოგება, ხოლო 2011 წელს მათი მოგების ოდენობამ რეკორდულ მაჩვენებს მიაღწია და 323 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, კიდევ ერთი ნეგატიური პროცესი, რაც ქართულ საბანკო სექტორში მიმდინარეობს, არის ბანკების მიერ არასაბანკო აქტივების ფლობა. ეს პროცესი განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ უფრო ინტენსიური გახდა, ვინაიდან კომპანიებს აღებული კრედიტების დაბრუნების პრობლემა შეექმნათ და ბანკებმა დაიწყეს მათი აქტივების რეალიზაცია, ან კრედიტის სანაცვლოდ, ასე ვთქვათ, წილში შესვლა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს პრობლემა მაშინ გააჟღერა, „ცენტრ პოინტის“ მაშინდელი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვახტანგ რჩეულიშვილი იყო. მან განაცხადა, რომ კრედიტის სანაცვლოდ ბანკი მას კომპანიის წილის დათმობას სთხოვდა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ფაქტია, რომ ბანკები რამდენიმე შვილობილ კომპანიას ფლობენ, ან სხვადასხვა კომპანიების წილში არიან“, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.
აქვე იგი იშველიებს ეროვნული ბანკის ოფიციალურ სტატისტიკას. საუბარია იმ თანხებზე, რომლებიც ბანკებმა არასაბანკო აქტივებში განათავსეს და 2011 წლისათვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 500 მილიონს შეადგენდა.
ნოდარ ჭიჭინაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბანკები ფლობენ სადაზღვევო კომპანიებს (მაგალითად, საქართველოს ბანკის საკუთრებაა „ალდაგი ბი-სი-აი“, ხოლო „ირაოსა“ და „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ გაერთიანებული კომპანიის უკან „თი-ბი-სი ბანკია“), საბროკერო ფირმებს და საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მთლიანი საფინანსო სისტემა (და არა მხოლოდ საბანკო სფერო) სულ რამდენიმე ბანკს აქვს გადანაწილებული.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლია ელიავა აცხადებს, რომ ქართული კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების სოლიდური ნაწილი მოდის სავაჭრო სფეროზე და აქედან უდიდესი ნაწილი იმპორტის დაფინანსებაზე მიდის. ამდენად, ეკონომისტი ასკვნის, რომ ვინაიდან იმპორტი არის უცხოეთიდან შემოსული ფული, რომელიც აქ მოგებას ნახულობს და ისევ გადის ქვეყნიდან, გამოდის, რომ ბანკები აფინანსებენ იმ სფეროს, რომელიც ქვეყანას არაფერს მატებს.
ელიავას თქმით, საბანკო სფერო მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, მესამედს შეადგენს. ანუ, მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 30% მოდის პრაქტიკულად არაფერზე, ანუ ფინანსურ მომსახურებაზე, რომელიც ეკონომიკაში დადებით კვალს არ ტოვებს.
„როგორ მოახერხა ქართულმა საბანკო სისტემამ 2011 წელს მართლაც უპრეცენდენტო მოგების, 323 მილიონის მიღება? ასეთი რამ წინა წლებში არასოდეს ყოფილა.
მოგეხსენებათ, 2008 წლის კრიზისის შემდეგ ბანკებს დაუგროვდათ ე.წ. ტოქსიკური აქტივები, ანუ სესხები, რომლებიც დაბრუნებას ვერ ექვემდებარებოდა. სხვა ქვეყნებმა საბანკო სექტორს მოსთხოვეს, რომ ეს აქტივები ბალანსებიდან ჩამოეწერათ. ამან გამოიწვია სერიოზული კლება, როგორც აქტივების, ასევე მოგებისაც და ევროპასა და ამერიკაში ძალიან ბევრი ბანკი ამის შედეგად გაკოტრდა. ამერიკაში 2007 წლიდან ყოველწლიურად საშუალოდ 100 ბანკი კოტრდება. საქართველოში ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკებისთვის ამ აქტივების ჩამოწერა არ მოუთხოვია.
ალბათ, დაახლოებით მაინც იცით, როგორ ხდება ფულის მულტიფიცირება. ანუ, როგორ ქმნიან ბანკები ფულს და როგორ გარდაქმნიან მას საკრედიტო რესურსად. რაც უფრო მეტი აქტივი და ვალდებულება გაქვს, მით უფრო ადვილად შეგიძლია არაფრისგან, ჰაერისგან შექმნა საკრედიტო რესურსი. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ხარჯები. მოგების სიდიდე ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხარჯავ შენს შემოსავალს. კომერციულმა ბანკებმა ხარჯები ნაკლები აჩვენეს და ამან შესაბამისად გაზარდა საბალანსო მოგება. აღსანიშნავია, რომ ამავდროულად, ბანკების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ოდენობა კლებულობს“, - აცხადებს ლია ელიავა.
აქვე ექსპერტი აცხადებს, რომ ადრე სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული კორუფცია ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების წყაროდ აქცია. კერძოდ, საუბარია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ მომსახურების საფასურის გადახდაზე, რასაც კომერციული ბანკები ახორციელებენ და რა თქმა უნდა, ამაში სერიოზულ საკომისიოებსაც ღებულობენ. ლია ელიავა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობა კომერციულ ბანკებს გასაძარცვად მიუგდო და სწორედ ამის ბრალია, რომ კომერციულმა ბანკებმა მისცეს უფლება საკუთარ თავს, რომ კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები დაეწესებინათ.
Presage.tv-ს კითხვაზე, რატომ აქვთ ბანკებს ასეთი კარტ-ბლანში მინიჭებული, ლია ელიავა პასუხობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის ფავორიტიზმი.
„არც ერთ ქვეყანაში დივიდენდები გადასახადებისგან განთავისუფლებული არ არის. ჩვენთან კი ვინ იძლევა დივიდენდებს? მხოლოდ „საქართველოს ბანკი“ და იგი განთავისუფლებულია ამაზე გადასახადისგან. ამასთანავე ერთი კონკრეტული კომერციული ბანკი, რომელიც არის უფლებამოსილი პენსიები გაანაწილოს, ამ პენსიების კრედიტის სახით გაცემაში სასწაულ პროცეტს აწესებს. ამდენად, როგორც ხედავთ, სახელმწიფო ბანკებს ძალიან დიდ უფლებებს აძლევს. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ყოველთვიურად მათი ლიკვიდობის მხარდასაჭერად მილიარდობით ლარი გადის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ბანკებს მიმდინარე ოპერაციებისთვის ფული არ ჰყოფნით და სახელმწიფო მათ ეხმარება. ამდენად, ისინი ყველანაირად პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან და ამიტომაც აძლევენ უფლებას საკუთარ თავს, რომ ასე იმოქმედონ“, - ამბობს ლია ელიავა.