„ქართულმა აკადემიამ“ 17 მაისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
„საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობოს, რა გზით და რა ცივილიზებული ფორმებით აპირებს (დავითგარეჯასთან დაკავშირებული) იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც ესკალაციის სახიფათო ნიშნებს უკვე შეიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტ დამაჯერებლობას შეიძენს გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მზადაა, სამშობლოს ღალატის ტოლფასი დანაშაული ჩაიდინოს და საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობის საარჩევნო ხმების საფასურად საქართველოს ფასდაუდებელი სულიერი და კულტურული საგანძური გაასხვისოს“.
ჩვენს ამ განცხადებას გამოეხმაურა პოლიტოლოგი ბანიამინ კასიმოვი:
„გამოდის, რომ საქართველოს აზერბაიჯანელებს საქართველოს მიწების გასხვისება გაუხარდებათ, რაც პირდაპირ სამშობლოს ღალატში დადანაშაულებაა. ჩვენ, საქართველოს აზერბაიჯანელები ვითხოვთ, „ქართულმა აკადემიამ“ სამშობლოს ღალატში დადანაშაულებისთვის ბოდიში მოგვიხადოს... დავით გარეჯი, ოშკი, სვეტიცხოველი და სხვა ქართული კულტურული ფასეულებები იმდენადვე წმინდაა ჩემთვის, როგორც ყველა ქართველისთვის. ჩვენც ამ ქვეყნის კულტურის ნაწილი ვართ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ეკუთვნის ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს. ჩვენ არ ვყიდით ხმებს, მით უმეტეს, სამშობლოს მიწაზე. ჩვენ ყველა იმ ხელისუფლებას დემოკრატიულ პასუხს გავცემთ, ვინც ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებს... ის მოსაზრება, რომ თითქოს აზერბაიჯანელები მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას აძლევენ ხმას, მცდარია, უბრალოდ, რეგიონში მასობრივი გაყალბება ხდება“ (სააგენტო „პირველი“, 18.V.2012).
ჯერ ერთი, ვეყრდნობოდით რა საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებს, ჩვენ ვაცხადებდით საქართველოს ხელისუფლების სავარაუდო მზაობას, საარჩევნო ხმების საფასურად გაასხვისოს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის შეუთანხმებელი მონაკვეთი და არაფერი გვითქვამს არც აზერბაიჯანის ხელისუფლების მოსალოდნელ საპასუხო ნაბიჯზე და არც იმაზე, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე საქართველოს აზერბაიჯანულ მოსახლეობას.
ამასთან, სად ამოიკითხა ბ-ნმა კასიმოვმა, რომ, „ქართული აკადემიის“ აზრით, საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გასხვისება საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობის სიხარულს გამოიწვევს?! ან კიდევ: როგორ მოახერხა ბ-ნმა კასიმოვმა, ჯერ არმომხდარი ფაქტით გახარებისათვის (რაც არც გვითქვამს და ვერც წარმოგვიდგენია) წინდაწინვე სამშობლოს ღალატის კვალიფიციკაცია მიეცა?!
ასე რომ, საბოდიშო აქ არაფერია და ჩვენს ოპონენტს (რომლის გულწრფელობაშიც, სხვათა შორის, ეჭვი არ შეგვაქვს) მეგობრულად ვურჩევთ, თავისი ძალისხმევა (სიტყვაც და საქმეც) იქითკენ მიმართოს, რომ, მისივე სიტყვები რომ გავიმეოროთ, „რეგიონში მასობრივი გაყალბება“ არ ხდებოდეს და წარმატებასაც ვუსურვებთ ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში.
რაც შეეხება საქართველოს აზერბაიჯანულ მოსახლეობას - ჩვენს თანამოქალაქეებს, ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას მათ მიმართ და პატივისცემითვე მოვეკიდებით ნებისმიერ არჩევნებში მათ მიერ გამოხატულ თავისუფალ (ვიმეორებთ - თავისუფალ!) პოლიტიკურ ნებასა და არჩევანს.