მერაბიშვილი პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს. შესაძლოა, ცოტა ძნელი გასაგები იყოს, თუ რატომ უნდა ხვდებოდეს შინაგან საქმეთა მინისტრი პედაგოგებს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი შეხვედრები ბოლო პერიოდში სულ უფრო მატულობს.
ამისთვის კი, შესაძლოა, ორი მიზეზი არსებობდეს. პირველი ის, რომ განათლების მინისტრის ამბიცია სულ უფრო იზრდება და სულ უფრო უკონტროლო ხდება. განათლების სამინისტრო ისეთ დახურულ უწყებად გადაიქცა, რომ აქედან რაიმე ინფომაციის მიღება შეუძლებელია. ცხადია, ხელისუფლების მმართველ გუნდს ასეთი მინისტრი არ უნდა აწყობდეს. ამიტომაც გამორიცხული არ არის, რომ მერაბიშვილი შაშკინს ზედამხედველად მიუჩენს. მეორე მიზეზი კი ძალზე მარტივია, - პედაგოგებმა უნდა იცოდნენ, რომ, თუკი ხელისუფლების მითითებებს არ შეასრულებენ, მაშინ მათი საქმე ცუდად წავა. ცხადია, მასწავლებლების დაშინებას შაშკინი თავადაც ადვილად მოახერხებს, რადგან აქამდე მხოლოდ პედაგოგებთან კი არა, დირექტორებთან გამართულ შეხვედრებზეც კი შაშკინი ყველას დაჭერით ემუქრებოდა. ცხადია, ამ შემთხვევაში ის შეხვედრები იგულისხმება, რომელსაც შაშკინი ნაციონალური არხების ტელეკამერების გარეშე მართავდა. შაშკინის საფირმო მუქარის - „ყველას დაგიჭერთ“ შესახებ ინფორმაცია presage.tv-ს თავად იმ დირექტორებისგან აქვს მოსმენილი, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესო უკვე ასეთ შეხვედრებზე მერაბიშვილის ფუნქციაა. ცოტა ხნის წინ presage.tv იმის შესახებ წერდა, რომ კახეთში გამართული ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას მასწავლებლებს დაავალეს, რომ ხმის მიცემის პროცედურა ვიდეოზე უნდა გადაიღონ და შემდეგ საარჩევნო უბანზე მყოფ ნაციონალების აქტივისტს აჩვენონ. ამის გარეშე მასწავლებელი ან სამსახურს დაკარგავს ან შაშკინი „დაიჭერს“. მერაბიშვილი კი პედაგოგებთან საიდუმლო შეხვედრებს განაგრძობს. presage.tv -ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მან ასეთი შეხვედრა უკვე თბილისში, გლდანში გამართა და ამ შეხვედრას მხოლოდ სკოლის მასწავლებლები კი არა, საბავშვო ბაღის მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. მათ კი განსაკუთრებული დავალება მისცეს. გარდა იმისა, რომ თავად აუცილებლად ნაციონალებს უნდა მისცენ ხმა, უნდა გაარკვიონ, ბავშვების მშობლები ვის მისცემენ ხმას და რაც მთავარია, უნდა მოახერხონ ბავშვების მშობლების პირადი მონაცემების მოგროვება. ცხადია, საბავშვო ბაღებში გარკვეულწილად შეუმჩნეველიც კი შეიძლება დარჩეს ის, რომ ბაღის მმართველობას სჭირდება მშობლების პირადობის მოწმობის მონაცემები. სხვათა შორის, პირადი მონაცემების შეგროვება სკოლებშიც არის დაწყებული. თანაც აქ უკვე მასწავლებლები ბავშვებს ავალებენ, რომ სახლში ამოწერონ მშობლების პირადობის მონაცემები, თითქოს ეს არის რაღაც დავალება და ბავშვებს პირადობის მოწმობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. რაც მთავარია, ეს დაწყებით კლასებში ხდება. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საჯარო სამსახურების თანამშრომლებს უკვე დაავალეს, მოაგროვონ 30-50 ადამიანის პირადი მონაცემი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ, ადვილი წარმოსადგენია, საარჩევნოდ რა მოხდება.
|