გამოიყვანენ თუ არა აღლუმზე ქართულ ტანკს?

გამოიყვანენ თუ არა აღლუმზე ქართულ ტანკს?

 

ქუთაისში აღლუმზე, სავარაუდოდ, მუხლუხებიანი ჯავშანტექნიკაც ჩაივლის, მათ შორის "ლაზიკები" და შეიძლება საქართველოში აწყობილი პირველი ტანკებიც.

12 მარტის "კვირის პალიტრაში" ვწერდით, რომ "დიდგორის", "ლაზიკასა" და "გრად-კრაზის" შემდეგ ხელისუფლება უპილოტო თვითმფრინავისა და ტანკის პრეზენტაციას აპირებდა.
აპრილის შუა რიცხვებში მართლაც მოეწყო უპილოტო საფრენი აპარატის საჩვენებელი გაფრენა, თუმცა მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და ტანკზე ჯერჯერობით არაფერი ისმის.
სავარაუდოდ, საქართველოში აწყობილი რამდენიმე ტანკი 26 მაისის აღლუმისთვის შემოინახეს და საზოგადოება მათ ქუთაისში პირველად იხილავს.

ფრაზა - "საქართველოში აწყობილი ტანკი" - შემთხვევით არ გვითქვამს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არ შეუძლია ტანკის ძრავების, ტრანსმისიის, ქვემეხის, ცეცხლის მართვის, დამიზნების სისტემებისა და სატანკო ჯავშნის წარმოება, ამიტომ ბუნებრივია, პირველი ქართული ტანკი, ისევე, როგორც "დიდგორი", "ლაზიკა", "გრად-კრაზი" თუ უპილოტო საფრენი აპარატები, სხვადასხვა ქვეყანაში დამზადებული დეტალებით, ხელსაწყოებითა და კონსტრუქციებით აიწყო თბილისის საავიაციო და ტანკსარემონტო ქარხნებში და მათ საქართველოში შექმნილს ვერ უწოდებ. თუმცა ამაში არაფერია სამარცხვინო, რადგან მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აწყობს ანალოგიური პრინციპით საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების ნიმუშებს როგორც შიდა მოხმარებისთვის, ისე - საექსპორტოდ.

პრეზენტაციამდე ძნელია იმის თქმა, როგორი იქნება ქართული ტანკი, თუმცა, ალბათ, Т-72 ტიპის საბჭოთა წარმოების ტანკის მოდერნიზებულ ვარიანტს უნდა ველოდოთ - სწორედ ასეთი ტანკებია დღეს ქართული არმიის შეიარაღებაში.

"ლაზიკას" შემთხვევაშიც ასეთი მეთოდი გამოიყენეს - საბჭოთა წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანა - БМП-ის სავალი ნაწილისა და ძრავას ბაზაზე ახალი ჯავშანკორპუსი დაიდგა და შეიარაღების კომპლექსი (სხვათა შორის, უფრო სუსტი საბრძოლო შესაძლებლობებისა, ვიდრე БМП-2-ზე აყენია) კორპუსის გარეთ იქნა გამოტანილი.