თსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები – წინ, კომკავშირისკენ

თსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები – წინ, კომკავშირისკენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ოქმი გაქვეყნა, რომლის მონაცემებით, 120 დელეგატიდან 116 “ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” წარმომადგენელია, ხოლო დარჩენილი ოთხი ადგილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტების დამოუკიდებელ კანდიდატებზე გადანაწილდა.

“არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, რამდენიმე უმნიშვნელო ხარვეზი აღინიშნა, დღეს, 18:00 საათამდე ყველას აქვს საშუალება შემოიტანოს განცხადება კანცელარიაში და ცსკ ყველა ამ საჩივარს განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 000-მდე სტუდენტია, თუმცა აქედან მხოლოდ 17 900 სტუდენტია აქტიური, რაც გულისხმობს, რომ სწორედ ეს რაოდენობაა რეგისტრირებული გაზაფხულის სემესტრში და განათლების უფლებას ახორციელებს. აქტიური სტუდენტებიდან არჩევნებში მონაწილეთა პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ს შეადგენს, ანუ 7000 სტუდენტზე მეტი და ეს აქტიურობა გაცილებით მაღალია წინა არჩევნებთან შედარებით", - განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი გეგენავამ.

ამდენად, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში ისევ იმ სტუდენტურმა ორგანიზაციამ გაიმარჯვა, რომლის მიმართაც სტუდენტების ნაწილს სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა და რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ დანამატად აღიქმება. შეგახსენებთ რამდენიმე თვის წინ მომხდარ ინცინდენტს, როდესაც რამდენიმე სტუდენტმა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოს თვითმმართველობის წევრები „მეამბოხე“ სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მოძალადეების მიმართ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა, ვინაიდან თურმე „მათი ასაკი გაითვალისწინა“. სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან ეს სტუდენტებზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო, მსგავს ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი.

presage.tv სტუდენტური ორგანიზაცია „ლაბორატორია 1918“-ის წევრებს ესაუბრა, რომლებსაც სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გეგენავასგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. შეგახსენებთ, ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც სერიოზული პრეტენზიები აქვს „ერთიან სტუდენტურ მოძრაობასთან“.

„ლაბორატორია 1918“-ის წევრები აცხადებენ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალიან ბევრი დამოუკიდებელი კანდიდატი ცდილობდა დარეგისტრირებას, მაგრამ ბევრ მათგანს ამის საშუალება არ მიეცა. თუმცა ამავე დროს დადებითად აფასებენ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოახერხა რეგისტრაციის გავლა და ოთხმა მათგანმა არჩევნებშიც გაიმარჯვა. ამ ადამიანებს ალტერნატიული ხედვა აქვთ.

„ლაბორატორია 1918“-ის წევრი ალექსანდრა აროშვილი ამბობს, რომ მეორე სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებში ღებულობდა მონაწილეობას, პრაქტიკულად იმისთვის ჩამოყალიბდა, რომ თავისუფალი არჩევნების ჩატარების იმიტაცია შექმნილიყო. სინამდვილეში კი ისიც „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ წევრებით იყო დაკომპლექტებული.

„არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ახალმა გაერთიანებამ „სტუდენტები სტუდენტებისთვის“. როგორც ვიცი, ამ სტუდენტურ ორგანიზაციაში „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ წევრები არიან გაერთიანებულები. უბრალოდ ეს ორგანიზაცია იმისთვის შეიქმნა, რომ თითქოს ამ არჩევნებში „ერთიან სტუდენტურ მოძრაობას“ რეალური კონკურენტი ჰყავდა. მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში უნივერსიტეტში მომხდარი მოვლენების გამო „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ რეიტინგი ძალიან დაბალია და ალბათ იფიქრეს, რომ ეს ახალი სახელი უფრო სანდო იქნებოდა“, - აცხადება ალექსანრდა აროშვილი presage.tv-სთან საუბარში.

„ლაბორატორია 1918“-ის კიდევ ერთი წევრი, თინა ყიფშიძე წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრობს და აცხადებს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს საარჩევნო კომისია ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდა, ანუ მათ მიერ შეგროვებულ ხელმოწერებს უნულებდა.

„არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო კომისიაში შენი ფაკულტეტის სტუდენტების 15%-ის ხელმოწერა უნდა მიიტანო. როცა მიგაქვს ეს ხელმოწერები, იქ გეუბნებიან, რომ რომელიღაც კონკრეტულ გვარში ერთი ასო არის შეცდომით ჩაწერილი. ამის გამო ყველა ხელმოწერას გიუქმებენ და გაძლევენ ერთ დღეს, რათა ეს ხელმოწერები ისევ შეაგროვო. რა თქმა უნდა, ერთ დღეში ამის გაკეთება შეუძლებელია და ამიტომ შენ რჩები რეგისტრაციის გარეშე“, - ამბობს თინა ყიფშიძე.

ამგვარი მიზეზით დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა „ლაბორატორია 1918“-ის ერთ-ერთ წევრს, ალექსანდრე ცაგარელს. თინა ყიფშიძის თქმით, მეორე ძალიან მნიშნელოვანი მომენტია საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი. კერძოდ, კომისია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და არსებული თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან კომპლექტდება. ამდენად, საარჩევნო კომისია საეჭვო წესით ინიშნება და დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაცია მის ხელში გარკვეული მანიპულაციის საშუალებად იქცევა. თინა ყიფშიძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში დამოუკიდებელ კანდიდატებს აგიტაციის საშუალებაც არ ჰქონდათ, რადგან ხშირად მათ პლაკატებს უხევდნენ და ა.შ.

თინა ყიფშიძე ამბობს, რომ თავად არჩევნების პროცესშიც იყო დარღვევები. კერძოდ, მისი თქმით, „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ წევრებს მათთვის ხმის მისაცემად სტუდენტები ლექციებიდან გამოჰყავდათ და საარჩევნო ყუთებთან მიჰყავდათ. ამასთანავე, თინა ყიფშიძის თქმით, საარჩევნო უბნებზე მათი კანდიდატებიც იმყოფებოდნენ, რაც დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ „ლაბორატორია 1918“ არჩევნებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, ისინი არჩევნების შედეგების გასაჩივრებას არ აპირებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს უშედეგო იქნება.

„ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს არჩევნები სპექტაკლი იქნებოდა. ჩემი აზრი იყო, რომ არჩევნებისთვის ბოიკოტი გამოგვეცხადებინა და ჩვენი კანდიდატების მონაწილეობით ამ არჩევნებისთვის ლეგიტიმაცია არ მიგვეცა“, - ამბობს თინა ყიფშიძე.