სტუმარმოყვარეობა თუ იდიოტიზმი

სტუმარმოყვარეობა თუ იდიოტიზმი

“ზედამხედველები პარაშაზე დამჯდარ ტუსაღებს ისეთი ინტერესით უცქერდნენ, თითქოს რომელიმე მათგანის უკანალიდან სამოთხის ჩიტი უნდა გამიოფრენილიყო”.

(ჭაბუა ამირეჯიბი, “გორა მბორგალი”)

ქართველები რომ ფრიად უცნაური ხალხი ვართ, არ უნდა ლაპარაკი.

არა... სტუმრის პატივისცემა რომ საჭირო, აუცილებელი და კარგი საქმეა, ამას ვინ უარყოფს,მაგრამ...

ჯერ იყო და, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის თანაშემწე (ხაზს ვუსვამ მეორე მოადგილის თანაშემწე - “პაზორ ნა ვეს რაიონ”) მეთიუ ბრაიზა ლამის ღვთით მოვლენილ მესიად შევრაცხეთ.

ახლახან იყო და - ტრამპი...

თუმცა, ტრამპთან დაკავშირებით იმდენი დაიწერა, ამ თემაზე აღარ შევჩერდები და XX საუკუნის 80-იანი წლების პირველ ნახევარში გადავინაცვლებ.

1984 წელს თბილისში ჩამობრძანება და დასახლება ინება სტალინის ქალიშვილმა სვეტლანა ალილუევამ.

ინება და - ჩამობრძანდა. დაახვედრეს ვაკეში არასდანდარტული (?!) ბინა. დაუნიშნეს პერსონალური ავტომანქანა, პენსია. მის ქალიშვილს, ოლგა პიტერსს, სახელმწიფოს ხარჯზე მიამაგრეს ქართული ენის მასწავლებელი.

გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მოსკოვის დავალებით მოხდა. მაშინ ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე საბჭოთა სისტემა და, ამ თვალსაზრისით, არავის განვიკითხავ. უბრალოდ, შევჩერდები შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, რომლებსაც არავითარი კავშირი არ ჰქონია არც მოსკოვთან, არც კრემლთან...

მაგალითად, დარწმუნებული ვარ, მოსკოვს არ დაუვალებია თბილისის ე.წ. “ელიტარული საზოგადოებისთვის”, რომ სვეტლანასთვის წარამარა საზეიმო სადილ-ვახშამები გაემართა.

უფრო მეტიც - სწორედ თბილისში ყოფნისას შეუსრულდა სვეტლანა იოსიფოვნას 60 წელი და ეს იუბილე (საზეიმო სხდომა და ა.შ) იცით, სად აღინიშნა? სახელმწიფო მუზეუმში!!! ეს რომ მოსკოვის დავალება კი არა, თბილისური ე.წ. ბომონდის ახირება იყო, ხატზე დავიფიცებ.

მოკლედ, პომპეზურად აღინიშნა სვეტლანას იუბილე. იყო მისალმებები, სიტყვით გამოსვლები და ა.შ.

არადა, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამ ყველაფერში ლოგიკის ნამცეცსაც ვერ ვხედავ.

ლოგიკურად, სვეტლანას თაყვანისმცემელთა შორის ანტისტალინელები არ უნდა ყოფილიყვნენ.

ასევე ლოგიკურად, სვეტლანასათვის დითირამბები არც სტალინის მეხოტბეებს უნდა ეძღვნათ, რადგან ამ ქალბატონმა, თავისი პირადი ცხოვრებით, მამამისის ნალოლიავებ იდეოლოგიას თავზე გადაუარა.

და მაინც მოხდა...

ქალს, რომელმაც საკუთარ შვილს, ცნობილ კარდიოლოგს, პროფესორს, უჩივლა (გაარკვიეთ, რა გზით მიიღო დოქტორის ხარისხიო), უჩივლა ძმისშვილს - ევგენი ჯუღაშვილს (მეტად მდიდრული სადილით გამიმასპინძლდა და გაარკვიეთ, საიდან აქვს ამის საშუალებაო) ფიანდაზავით ფეხქვეშ გავეგეთ.

როგორია ამ ისტორიის ფინალი?

ოოო… ფინალი მართლაც გენიალურია. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, სვეტლანამ, ქალიშვილთან ერთად, საქართველო დატოვა და როდესაც ამის მიზეზი ჰკითხეს, განაცხადა: „ქართველებთან ცხოვრება არ შემიძლია, ველურები არიან“.

ვენაცვალე სულში (აცხონოს ღმერთმა). გაშლილი დროშასავით შევეგებეთ და კარგი ტარიც გაგვირჭო.

თუმცა, რა დროს ეს არის?.. ახლა ინგლისურის მასწავლებელთა ახალი ჯგუფი ჩამოდის და კარგად მოვემზადოთ – ემანდ, მასპინძლობა არ დაგვიწუნონ...

არადა,იცით, როგორ ხდება მათი „მასპინძლობა“?

არ იცით?

რა პრობლემაა, გეტყვით. ამ საქმეში ნამდვილად მომეკითხება ჭკუა. ბოლოსდაბოლოს, ჯერ კიდევ 12 აპრილამდე სკოლის დირექტორი გახლდით.

მოკლედ, მინისტრის დავალებით, სკოლის დირექტორი ვალდებულია, მოძებნოს ოჯახი, რომელშიც იცხოვრებს უცხოელი მასწავლებელი (როგორი მოსაძებნია?!).

შემდეგ, დირექტორი ავსებს სპეციალური ფორმას, თითქოს თვითონ სთხოვს განათლების სამინისტროს – არიქა, არ დამღუპოთ, უცხოელი მასწავლებელი გამომიგზავნეთ და, მოგიკვდეთ ჩემი თავი, მისი დაბინავება ჩემზე იყოსო. წერს იმ ოჯახის მისამართს და მონაცემებსაც, რომელიც მზად არის, უმასპინძლოს უცხოელ „განმანათლებელს“.

დამიჯერეთ, ასეა. მეც რომ არ მიმეღო ის ოხერი დავალება და ის დასაწვავი ფორმაც არ შემევსო ჩემი გასახმობი ხელით, ვინ მამაძაღლი... მაგრამ შევავსე (ცოდვა გამხელილი სჯობს). რა თქმა უნდა, ისეთი ოჯახის მისამართი ჩავწერე,რომელიც სულ არ აპირებდა თავისთან არავის ჩასახლებას, მაგრამ მაინც ჩავწერე, იმ იმედით, რომ იქნებ დალოცვილმა უცხოელმა ჩემამდე ვერ მოაღწიოს მეთქი.

გამიმართლა.

არადა, ახლა ვფიქრობ: მართლა რომ მოსულიყო,სად ჯანდაბაში უნდა წამეყვანა?

საიდან დავიწყე და სად წავედი. ასე ვიცი ხოლმე და, უნდა მაპატიოთ.