დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის პარკიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომდე. მსვლელობის დროს არ შეჩერებულა მანქანების საყვირების ხმა და სკანდირება - დავით გა-რე-ჯი! სა-ქართ-ვე-ლო! მანქანებში მსხდომები აქციისადმი მხარდაჭერას ხელის დაქნევითაც გამოხატავდნენ. ხელისუფლების სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ სტუდენტების მონაწილეობით ამ მასშტაბისა და მუხტის აქცია დღემდე არ გამართულა. მანიფესტაციას წინ მიუძღვოდნენ „შავფაროსნები“ - ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის წარმომადგენლები, რომელთაც ხელში ეჭირათ დიდი პლაკატი, წარწერით - „დავით გარეჯი საქართველოა!!! დაიცავი შენი წილი საქართველო!!!“ ვაკის პარკთან ახლოს, „ქართუ ჯგუფის“ მრავალსართულიანი შენობის აივნებიდან აქციის მონაწილეებს ტაშითა და ოვაციებით შეეგებნენ. მელიქიშვილის გამზირზე, იქ, სადაც 5 წლის წინ აკადემიკოსი გურამ შარაძე მოკლეს, მანიფესტაცია შეჩერდა და ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც ხელში მიგაფონი ეჭირა, თქვა - „ამ ადგილას 5 წლის წინ მოკლეს თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი პატრიოტი ქართველი, გურამ შარაძე. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ბატონი გურამის ხსოვნას“. რამდენიმე წამით სიჩუმე იყო, შემდეგ აქციის მონაწილეებმა ტაში დაუკრეს და გააგრძელეს გზა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართულებით. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მანიფესტანტებს მანქანებით მოჰყვებოდნენ და დროდადრო, თავაზიანად აფრთხილებდნენ, რომ გზის სავალი ნაწილი არ გადაეკეტათ და მაქსიმალურად მარჯვენა მხარე დაეკავებინათ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ: წმიდა ნინოს ჯვრიანი საპატრიარქო, შაფაროსნების და ხუთჯვრიანი დროშები. მსვლელობის მონაწილეები, თავდაპირველად, ვაკის პარკის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. სხვებთან ერთად იქ იყვნენ: „შავფაროსნები“, რომლებმაც საინიციატივო ჯგუფთან „დაიცავი დავით გარეჯი“ ერთად გაუკეთეს ორგანიზება ამ აქციას; საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ლიდერები; მამუკა გიორგაძე და მისი პარტიის - „სახალხო პარტიის“ წევრები; „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ლიდერი თამარ ჩხეიძე; ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური; ირაკლი წერეთელი და მისი პოლიტიკური ორგანიზაციის - „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის“ წევრები; უფლებადამცველი და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი; მანანა არჩვაძის მომხრები; „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციიდან დავით ფაცაცია და ამავე ორგანიზაციის სხვა აქტივისტები; „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრები; პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე; ვეტერანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები; ის ადამიანები, რომლებიც დღემდე აპროტესტებენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობას და ისინიც, ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობით დღემდე ამაყობენ; ორგანიზაციის „სტუდენტური ხმა“ წარმომადგენლები. სანამ ვაკის პარკიდან მსვლელობა დაიწყებოდა, იქ მყოფებს სიტყვით ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა მიმართა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია მეექსვე საუკუნიდან მოყოლებული ყოველთვის ეკუთვნოდა ჩვენს ქვეყანას და იყო საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ. ოთხმეზურის აზრით, დაუშვებელია იმასთან შეგუება, რომ მონასტრის ტერიტორიაზე მხოლოდ სასულიერო პირები დაიშვებიან. ისტორიკოსის განმარტებით, ხელშეკრულება, რომელიც სერგო ორჯონიკიძის უშუალო ძალისხმევით 1921 წელს ანექსირებულ საქართველოს თავს მოახვიეს, ლეგიტიმურად არ შეიძლება ჩაითვალოს. „ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, საქართველოს სასარგებლოდ“, - ასე დაასრულა თავისი მოკლე გამოსვლა გიორგი ოთხმეზურმა, რის შემდეგაც აქციის ორგანიზატორებმა იმ მიმართვის ტექსტი წაიკითხეს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის სახელზეა შედგენილი. presage.tv ამ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „მიმდინარე წლის 6 მაისს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტერი დაიკავეს, აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯერ კიდევ შეუთანხმებელ მონაკვეთზე ახალი პოზიციები დააფიქსირეს და მონასტერში მომლოცველთა და ტურისტთა შეშვება აკრძალეს. ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ დავით გარეჯის კომპლექსი საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობას და რელიგიურ სიწმინდეს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ქართველი ერი არასდროს შეეგუება დავით გარეჯის ხელყოფას. აზერბაიჯანელი მესაზღრეების ქმედებამ ქართული საზოგადოების სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა საქართველოს სააგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და კულტურის მინისტრის ყოვლად უპასუხისმგებლო და არაკვალიფიციურმა განაცხადებებმა, თითქოს, უდაბნოს მონასტრის ტერიტორია აზერბაიჯანის საკუთრებაა. მტკიცედ გვწამს, რომ ქართულმა სახელმწიფომ არასოდეს უნდა ცნოს დავით გარეჯის კომპლექსის რომელიმე მონაკვეთი აზერბაიჯანის ტერიტორიად. აქედან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით გარეჯი“ და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ მოვითხოვთ: 1. საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინოს დოკუმენტური მასალებით დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია, თუ რის საფუძველზე გააკეთეს ზემოხსენებულმა მოქმედმა ჩინოვნიკებმა ქართული საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები; 2. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 31 მაისამდე (წმინდა დავით გარეჯის ხსენების დღე) საჯარო გახადოს და მოგვაწოდოს დავით გარეჯის თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებების სტენოგრამები და ოქმები. ასევე, საკითხთან დაკავშირებული ყველა ხელმოწერილი შეთანხმება, რათა საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გამჭვირვალე გახდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი; 3. საქართველოს ხელისუფლებამ არ გააფორმოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც დავით გარეჯის კომპლექსის რომელიმე მონაკვეთს აზერბაიჯანის სახელმწიფოს საკუთრებად აღიარებს (მსგავსი დოკუმენტის გაფორმების შემთხვევაში არსებობს რეალური სფართხე იმისა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის სადაო მონაკვეთები მოგვიანებით გამოცხადდეს ალბანური კულტურის ძეგლად და ამ მონაკვეთზე დაიკარგოს საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქცია). ამას გარდა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა შექმნან ერთობლივი საგანგებო მთავრობათშორისი კომისია, რომელიც უშუალოდ დავით გარეჯის კომპლექსის საკითხის გადაწყვეტაზე იმუშავებს. აღნიშნული კომისიის მუშაობის მასალები მისაწვდომი უნდა გახდეს ფართო საზოგადოებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის დროულად მისაღებად. კარგი იქნება, თუ აღნიშნული კომისიის მუშაობაში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და სასულიერო ლიდერები“. |