ლალი მოროშკინა, რომელიც ლექციებს ბათუმის უნივერსიტეტში კითხულობს, თურქული ექსპანსიის შესახებ Presage.tv-სთან ღიად საუბრობს. მისთვის გასაკვირი არ იქნებოდა, თურქები ტურისტული მიზნით რომ ჩამოსულიყვნენ აჭარაში, მაგრამ ბათუმის თურქიზაცია ჟურნალისტისთვის დაუშვებელია. მისი თქმით, ბათუმში უკვე აღარ ისმის ქართული სიმღერები. სანაცვლოდ კი თურქულ სიმღერებს ხშირად გაიგონებთ. ასეთივე ვითარებაა ბათუმის ყინულის სასახლეში, რომელსაც ქართულის ნაცვლად, თურქული ჰანგები მოეფინება. არადა, ეს ის ყინულის სასახლეა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ ზარ-ზეიმით გაიხსნა და, როგორც სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ არსებულ დაწესებულებაში, იმ ენაზე უნდა ისმოდეს სიმღერები, რომელი ენაც საქართველოში ოფიციალურად ითვლება.
უკვე აღარავის უკვირს, რომ ბათუმის ქუჩებს „ამშვენებს“ თურქული, არაბული, ირანული არაფრისმთქმელი სახელები, რაც ადგილობრივებში გაუგებრობას იწვევს. იქაურებმა არ იციან, საიდან მოდის ვინმე ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანის, ნურონის, ლაო ჯინ ჯაოს ქუჩების დასახელება. სხვათაშორის, ეს უკანასკნელი ჭავჭავაძის ქუჩისთვის სახელის გადაკეთების შემდეგ იქცა ჩინელი აგრონომის სახელის უკვდავსაყოფ ქუჩად. ასევე, ხშირია აჭარაში უცნობი შეიხების სახელების ქუჩის ტოპონიმებად გამოყენება, რომლებმაც თურმე ვარდების რევოლუციის შემდეგ ინვესტიცია ჩადეს საქართველოში.
ლალი მოროშკინას თქმით, ამ დღეებში აჭარიდან თბილისში სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა. ეს ადამიანები გამწარებულნი არიან, რადგან ბათუმი კარგავს თავის სახეს. იმის მიუხედავად, რომ ლამაზი სახლები დაიდგა და გარემონტდა, რეალურად ეს არის მუსლიმანური ქალაქი. თუმცა აჭარლები ამ ყველაფერზე ღიად არ საუბრობენ, რადგან პატარ-პატარა ბიზნესები აქვთ, რითიც ისინი სეზონურად თავს ირჩენენ და, რა თქმა უნდა, გარკვეულ მიზეზთა გამო ხმას არ იღებენ.
„ჩვენ ვიცით, ეს რა მიზეზებიცაა, მომენტალურად იქ ან სასტუმროს დაუწვავენ, ან რესტორანს აუფეთქებენ, ან არაფრის გულისთვის დაიჭერენ და ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა საქართველოში; პირადად მე რეალობის შეულამაზებელ გადმოცემას შევეცადე, რითიც გამოვხატე ძალიან ბევრი ბათუმელის და არა მარტო ბათუმელის სატკივარი; ეს ყველაფერი მთლიანად აჭარას ეხება“.
ლალი მოროშკინას აზრით, ბათუმის გათურქება მარტივად შეიძლება დადასტურდეს. ამისთვის ჟურნალისტებისგან მონიტორინგის ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს, რომლებიც ჩავლენ და ნახავენ, რა ხდება დღეს ბათუმში, რა ხდება სანაპირო ზოლზე.
„ჩვენ უნდა განვასხვავოთ ტურიზმი და ის ფაქტი, რომ მოქალაქეობას პანტა-პუნტით ვაძლევთ თურქებს, რომლებმაც სრულიად წალეკეს იქაურობა. აი, ეს არის საშიში პროცესი. თორემ, თურქი რომ ჩამოდიოდეს როგორც ტურისტი, ამაში საშიში არაფერი იქნებოდა. აჭარა დაიყო ზონებად, ბათუმი არის თურქების ხელში, ქობულეთი არის სომხების ხელში. ძალიან ბევრმა სომეხმა იყიდა უკვე მიწა და მოქალაქეობას იღებენ ძალიან მარტივად. ასევე, ძალიან ბევრმა თურქმა იყიდა ტერიტორიები, ქუჩები აქვთ ნაყიდი. ალბათ იცით, რომ თურქი სადაც შემოდის, თავისი ინფრასტრუქტურით მოდის. ეს არის თავისი მაღაზიები, სალონები და, როგორც წესი და აუცილებლობა, - საროსკიპოები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საროსკიპო გონიოს ციხესთან არის გახსნილი და ამის შესახებ ყველამ იცის. საღამოობით ვინც გაივლის, ნახავს, იქ რაც ხდება. ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა. ქართველი ასე არასდროს იქცევა არცერთ ქვეყანაში და ამის უფლებას არავინ მოგცემს. ეს თურქების მიერ გახსნილი საროსკიპოებია და მომუშავე პერსონალად ჩვენებიც ურევიან. თურქების მხრიდან ბათუმის გამიზნული ექსპანსია მიმდინარეობს“, - აცხადებს ლალი მოროშკინა.
ამის მიუხედავად, ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ თურქები აქ არაფერ შუაში არიან და ეს სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგია. თურქები კი ცდილობენ, მიიღონ ის, რაც ძალიან ადვილად ხელმისაწვდომია მათთვის. მაროშკინასთვის გასაგებია, რომ თურქები ვერ იტყვიან უარს ისეთ მშვენიერ მხარეზე, როგორიც აჭარაა.
„რეალურად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ყოველკვირეული შეხება მაქვს იქაურ სტუდენტებთან და ძალიან გამწარებულები არიან. გარკვეულ ჯგუფს პრეზიდენტთან შეხვედრაც უნდოდა, რომელიც ხშირად ჩადის ბათუმში, მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევათ. ეს არის ტყუილი, რომ პრეზიდენტი სტუდენტებს ხვდება. მას მუდმივად ის ადამიანები ხვდებიან, რომლებიც სპეციალურად არიან შერჩეულები, რომ ვინმეს რამე არ წამოსცდეს... რაზეა საუბარი, როცა მღვდელიც არ გაატარეს ქუჩაზე. რა თქმა უნდა, ანაფორით იყო მღვდელი და ჯვრით, თურქებმა კი მიუთითეს და უთხრეს, რომ, თუ ამ ქუჩაზე გავლა მოუნდება, ყველა ამ ატრიბუტიკის გარეშე შევიდეს. ერთ-ერთი ასეთი ექსტრემისტული ქუჩა გახდა ქუთაისის ქუჩა ძველ ბათუმში და ეს ქუჩა ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია“.
ლალი მოროშკინას აზრით, მთელ აჭარაში იგივე ხდება, რაც - თბილისში. კერძოდ, ჟურნალისტისთვის უკვე გასაგებია, თუ ვის გაურემონტა ყოფილი პლეხანოვის ქუჩა სააკაშვილმა.
„ვისაც გაურემონტა ის პლეხანოვი, ალბათ, კარგად ხედავთ. იქ მთლიანად თურქულია ყველაფერი“, - აცხადებს ლალი მოროშკინა.