„რით ვახერხებთ გადარჩენას ამ უბადრუკ ქვეყანაში“

„რით ვახერხებთ გადარჩენას ამ უბადრუკ ქვეყანაში“

 

ღია ცის ქვეშ ერთ–ერთ შეხვედრაზე პოლიტიკოსმა ხელის აწევა სთხოვა იმ მოქალაქეებს, ვინც დასაქმებულები იყვნენ. სამწუხაროდ, ასეთი იქ არავინ აღმოჩნდა. უმუშევრობა და უპერსპექტივობა ლამის ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდა. ამის შედეგია, რომ მილიონნახევარი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებობისთვის იბრძვის. 

ხელისუფლებას კი ვარდისფერი დაპირებები არ ელევა. სვანეთში ყველაზე დიდი სათხილამურო ტრასა გაშენდება; საიდანაც მოწყვეტით დაეშვები და პირდაპირ ზღვაში ჩაყვინთავ; ანაკლია ისეთი გახდება, აღსასრულის მერე სანაპიროზე ფერფლად მოვლინების ნეტარებით რომ მიყუჩდები; ლაზიკა, განსაკუთრებული საკონსტიტუციო სტატუსით და ასეთივე პოტენციური მმართველით (აბა გამოიცანით); ახალციხის რაბათი, საიდანაც უმუშევარ ადამიანებს ორთქლმავალით სამშვიდობოზე გამოიყვანენ; წყალტუბო, აბასთუმანი და თბილისის აეროპორტი, სადაც თვითმფრინავები პირდაპირ ვენახებს დააფრინდებიან. რამდენიმე წელიწადში სულაც 10 მილიონი ტურისტი გვეყოლება (ერთ კაცზე სამი ტურისტი მოვა) და ამის მერე როგორ არ გინდა ბედნიერი იყო? ამ დროს ზოგიერთები კიდევ ბედავენ და მოქმედი მთავრობის პოლიტიკურ მოუსავლეთში გაგზავნას აპირებენ.

აქედანაც კარგად ჩანს, რომ საქართველოში ხელისუფლება და ხალხი კვლავ სხვადასხვა ენაზე საუბრობს. უმუშევრობას და ეკონომიკურ სიდუხჭირეს კი სოციალურ ქსელებში ხშირად განიხილავენ. გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს ამ თემაზე ავტორთა ვინაობის დასახელების გარეშე:

„დღეს ძალიან უარყოფით განწყობაზე ვიყავი, თანაც ავად ვარ და ცხოვრების ამაოებაზე ვფიქრობდი. ვაგზლის ცენტრალურ ბაზრობაზე ვიყავი, რომელიც გადაჭედილია სხვადასხვა ჯურისა და პროფესიის ადამიანებით. წვალობენ იტანჯებიან, რომ იარსებონ. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ერთადერთი მეთოდი რომლითაც ჩვეულებრივი მოკვდავნი ახერხებენ გადარჩენას, წვრილმანი კომერცია და „,სპეკულიანტობაა“.

რა შეიძლება აკეთო ამ დიად ქვეყანაში? ძირძველი თბილისელი ვარ. ჩემი წინაპრებიც ჩემსავით წვალობდნენ, მაგრამ იგივე ჩაკეტილ წრეზე იარეს არსებობისთვის ბრძოლაში. ჩემი ოჯახის პრიორიტეტი ყოველთვის განათლება და მეცნიერება იყო.  თუმცა ამ ქვეყანაში ყველაფერი გაუფასურებულია. 

ამჟამად უკვე დოქტორანტი ვარ, ვმუშაობ ერთ–ერთ საჯარო დაწესებულებაში, მაგრამ რაღაც კაპიკებზე; მიუხედავად იმისა, რომ წელებზე ფეხს ვიდგამ, არაფერი გამოდის. წინსვლის არანაირი პერსპექტივა.

ამასწინათ ვკითხულობდი - საშუალო ამერიკელი, რომელიც ბეჯითად შრომობს, აქვს სავსებით რეალური საშუალება, 40 წლის ასაკში მილონერი გახდესო. ჩვენ რა? - შრომა, შრომა და შედეგად უფასო ჰაერი და პერსპექტივა იმისა, რომ შიმშილით არ მოკვდე. და უკვე გაცვეთილ ფრაზად ქცეული შეგონება: „,შვილო, პატიოსანი ცხოვრებით ვერ გამდიდრდები!“. რა ვქანა, უპატიოსნო გავხდე?.

მოკლედ, ეს ყველაფერი იმისთვის ვიღაღადე, რომ დავადგინო, ვინ როგორ ახერხებს ზიდოს ჭაპანი და რომელი მეთოდია ყველაზე აქტუალური.

უკვე ვფიქრობ პრიორიტეტებისა ან საერთოდაც, ქვეყნის შეცვლაზე.

მგონი ამ ქვეყანას არაფერი ეშველება!“

„საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ალბათ მაინც უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით არსებობს...“

„ვიყავი კერძო სექტორში დაქირავებული. მაგრამ 9 დღეა უმუშევრების გრძელ არმიას შევემატე, ჩემს ასაკში უკვე სამსახურსაც აღარ ვეძებ, აზრი არ აქვს; არადა, საკმაოდ კარგი განათლება მაქვს. ასე რომ, უკვე „გავაიასნე“ საზღვარგარეთ წასვლის ვარიანტები და ალბათ 2-3 თვეში აქედან გავეშურები. ჯერჯერობით მარტო, მაგრამ 2 წელიწადში ქმარ-შვილსაც დავავლებ ხელს და ჩემდათავად აქეთ გამომხედავის...“

„მე პირადად არაფერი, მაგრამ მამაჩემი აკეთებს მანქანებს“.

„აქ არც კაპიტალიზმია და არც კონკურენცია. რაღაც გაურკვეველ მოდელში ვცხოვრობთ. რას ანგარიშობთ - ვერ გავიგე. ყველაფერი არის უფრო მარტივად; აქ ცხოვრობს მაქსიმუმ 3 მილიონი კაცი, მილიონ შვიდასი ათასი რეგისტრირებულია სიღატაკის ზღვარს მიღმა. დამთავრდა ამით არითმეტიკა. როგორც დავშორდით სოციალიზმს, ასევე დავშორდით კაპიტალიზმსაც. რაღაც ახალი წყობაა ჩვენთან“.

„რით ვსუნთქავთ? გოგირდის დიოქსიდით, აზოტის ჟანგეულებით, რკინის ოქსიდით, მანგანუმით და მისი ნაერთებით, ჭვარტლით, გოგირდწყალბადით, ფტორწყალბადით, ტყვიით და მისი არაორგანული ნაერთებით, ნაჯერი ნახშირწყალბადებით, ბენზაპირენით, არაორგანული მტვერით და ცოტა ჟანგბადით.

პრაქტიკულად მენდელეევის მთელი პერიოდული სისტემაა. ჰო, პარალელურად ვმუშაობთ, ფული რომ დავაგროვოთ მკურნალობისთვის. სულ ესაა ჩვენი ცხოვრება“.

„საღოლ! მეც მასე ვარ და ვმკურნალობ. ყველაზე პატიოსანი ცხოვრებით მე ვცხოვრობ, მაგრამ მარტო ჰაერში იმდენი ნაგავია, რომ თავიდან ვარ ასაწყობი“. 

„რა უნდათ ინტერნეტში გარე მოვაჭრეებს, ეს მთავრობა მათ ისე დასდევს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტებს...“

„ეჰ, დამპალი კომუნიტები რომ არა - დღეს სულ სხვანაირად ვიქნებოდით“.