საპატრიარქო ხელისუფლებას კომისიის შექმნას სთხოვს

საპატრიარქო ხელისუფლებას კომისიის შექმნას სთხოვს

თბილისში ვერცხლის ქუჩაზე მდებარე სომხური ეკლესიის შესასვლელის ჩამონგრევის შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ მიმართა ხელისუფლებას და სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა ითხოვა, რათა მოხდეს ძეგლების შესწავლა და საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

„მწუხარებას გამოვთქვამთ მიმდინარე წლის 14 მაისს ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის შესასვლელის ჩამონგრევის გამო. ადრეც აღგვინიშნავს და ახლაც ვაცხადებთ, რომ ვიდრე ასეთი ტაძრების კონფესიური მესაკუთრე დადგინდება, აუცილებელია სახელმწიფომ მიიღოს სათანადო ზომები მათი დაცვისა და გადარჩენისათვის. ამიტომაც ხელისუფლებას მივმართავთ და ვთხოვთ, შეიქმნას შერეული სამუშაო ჯგუფი საქართველოს საპატრიარქოს, სომხური სამოციქულო ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოს სათანადო სტრუქტურების მონაწილეობით“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამ თემაზე presage.tv საპატრიარქოს წარმომადგენელ თეა გოგოტიშვილს ესაუბრა.

თეა გოგოტიშვილი: „პირველ რიგში მნიშვნელოვანია დავაფიქსიროთ ის საკითხი, რომ ტაძრის კონფესიური კუთვნილება არის სადაო თუ არა, ამის მიუხედავად, აუცილებელია კულტურული ძეგლების გადარჩენისთვის ზომები იქნეს მიღებული. აქედან გამომდინარე, საპატრიარქოსთვის მნიშვნელოვანია, რომ კულტურული ძეგლების, კერძოდ ტაძრების (რომლებიც სავალალო მდგომარეობაში იმყოფება) ნგრევის პრევენციისკენ გადაიდგას ნაბიჯები. სწორედ ამას ემსახურება საპატრიარქოს ეს საჯარო განცხადება, რომელიც შერეული ტიპის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული.

ეს არის საჯარო განცხადება, მაგრამ საქართველოს საპატრიარქოს თუ ჰქონდა ამ საკითხზე მოლაპარაკებები ან საქართველოს ხელისუფლებასთან, ან სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებთან?

- ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ვინაიდან ეს არის საჯარო განცხადება და მასში ადრესატები საკმაოდ მკაფიოდ და ნათლად არიან გამოხატულები. ეს არის მთავარი და თუკი ამ მიმართულებით რაიმე სახის კონსულტაციების წარმოება გახდება საჭირო, ალბათ, არც ეს იქნება პრობლემა.

ქალბატონო თეა, 14 მაისს ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის ჩამონგრევა და საპატრიარქოს მიერ ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომებზე გამოტანილი მიმართვა რამდენად არის ერთმანეთთან კავშირში?

- ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, რადგან თქვენი მედიასაშუალების მიერ ჩემთან ჩაწერილ წინა ინტერვიუში გარკვეული უზუსტობა გაიპარა, რამაც სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერი პირის, ალბათ, ადექვატური პასუხი გამოიწვია. მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მე, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელი, უზუსტო ინფორმაციას ვავრცელებ. კერძოდ, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე და ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე ეკლესიების ასე ვთქვათ, აღრევა მოხდა. მინდა დავაფიქსირო, რომ ეს არის მასალის მომზადებაში გაპარული უზუსტობა, რადგან ჩემის მხრივ ვერ მოხდებოდა ამ ორი ეკლესიის ერთმანეთში აღრევა. ყველამ ვიცით, რომ უახლოეს წარსულში „სუბ ნიშნის“ ეკლესიის ნაწილი დაიწვა და სწორედ საქართველოს საპატრიარქომ დაუყოვნებლივ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ ეკლესიის აღდგენითი და გამაგრებითი-საკონსერვაციო სამუშაოები დაწყებულიყო. ამიტომ, ეს საკითხი ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრაზე დაყენებულ თემასთან ვერ იქნებოდა აღრეული. ეს საკითხი უკვე წმინდა გიორგის, ანუ „სუბ გევორქის“ ეკლესიას ეხება, რომელიც ახოსპირელის ქუჩაზე მდებარეობს.

მე რომ სულ არ ვიყო ვინმეს წარმომადგენელი, მესამე თაობა ვარ ძველ თბილისში დაბადებულ-გაზრდილი და ეს ორი ქუჩა ნამდვილად არ მერევა ერთმანეთში და მით უმეტეს, ვერ ამერეოდა ერთმანეთში ეს ორი ეკლესია. ამიტომ მინდა დავაფიქსირო, რომ ჩემს მიერ არავითარი უზუსტო ინფორმაცია არ გავრცელებულა. და მეორეც, სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელმა ბრძანა, რომ „სუბ გევორქის“, ანუ ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოები უკვე ჩატარდა და ამაზე კომისიის დასკვნაც არსებობს. ამასთანავე, მან განაცხადა, რომ ამ ეკლესიის გამაგრების საჭიროება არ დგას და მისი ეს ნათქვამი ამ სხდომის პროტოკოლში დაფიქსირებულია.

ალბათ, ჩემი მხრიდან სწორი იქნებოდა, დამეფიქსირებინა, რომ ამ შეხვედრაზე მათ მადლობა გადაუხადეს საქართველოს საპატრიარქოს და პირადად უწმინდესს იმისათვის, რომ ამ ორ ეკლესიას შორის ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდება, მაგრამ ეს არ იყო პრობლემა და ამაზე აქცენტი არ გამიკეთებია, რადგან ჩვენ სწორედ პრობლემურ საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს ეკლესიების (თუნდაც სადავო ეკლესიების) აღდგენა-გამაგრების თაობაზე. თუკი ღვთის წყალობით ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე ეკლესია არ ჩამოინგრა, ეს ნამდვილად სასიხარულოა და ნამდვილად სამწუხაროა, რომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის გამაგრება ვერ მოხერხდა ისე, რომ მას ამ სტიქიისთვის გაეძლო.

საპატრიარქოს ბოლო განცხადების პათოსიც სწორედ ამ საკითხს ეხება, რომ განურჩევლად იმისა, თუ ვის ეკუთვნის და არის თუ არა ესა თუ ის ძეგლი სადაო თემა, აუცილებელია, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისათვის ძალისხმევის გაერთიანება და ამაში ხელისუფლების ჩართვა, რადგან სწორედ ხელისუფლება ატარებს აღდგენით და საკონსერვაციო სამუშაოებს.