ხელისუფლება პატარა მაუწყებლებს ანეიტრალებს

ხელისუფლება პატარა მაუწყებლებს ანეიტრალებს

ყველა ქვეყანაში მედია პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლება სასტიკ ბრძოლას უცხადებს დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რათა მის მიერ კონტროლირებადი მედიის მეშვეობით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე იქონიოს გავლენა.

ამჯერად, ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს ტელეკომპანია „ივერიის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე, რომელიც აცხადებს, რომ მას ხელისუფლება უკვე საერთაშორისო გარიგებებით ებრძვის. კერძოდ, საუბარია კომპანიებს „თურქსატსა“ და „ბლექ სი სატს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლითაც ამ უკანასკნელს „თურქსატზე“ მაუწყებლობის ნებართვა გადაეცა.

გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ დღემდე ტელეკომპანია „ივერიას“ არ ეძლევა საშუალება, მაუწყებლობა განახორციელოს როგორც საკაბელო ქსელში, ასევე სატელიტური მაუწყებლობის ხაზით. ანდრიაძე ხაზს უსვამს ამ უკანასკნელ გარემოებას, რადგან ტელეკომპანია „ივერიას“ სატელიტზე მაუწყებლობის ლიცენზია გააჩნია, მაგრამ მას პრაქტიკულად ვერ იყენებს.

„ყველა ტელევიზია, რომელიც საქართველოში არსებობს, მათ შორის, ასე ვთქვათ, ოპოზიციური ტელევიზიებიც და ახლადგახსნილი „მე-9 არხიც“ მუწყებლობენ „თურქსატიდან“. ეს არის თურქული სატელიტური კომპანია, რომელსაც სხვა სატელევიზიო არხებმა გაცილებით გვიან მიმართეს, ვიდრე ჩვენ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ეს ლიცენზია უკვე გვქონდა.

თებერვალში მივმართეთ ამ კომპანიას, ხოლო 5 მარტიდან მასთან ელექტრონული მიმოწერა გვაქვს. „თურქსატმა“ ორი თვის, ანუ მარტის და აპრილის განმავლობაში ფაქტობრივად ხელზე დაგვიხვია და ბოლოს ელექტრონული ფოსტით მოგვწერა წერილი, რომ „თურქსატზე“ მაუწყებლობის დაწყების უფლება გადაუციათ „ბლექ სი გრუპისთვის“. ეს ყველასთვის ცნობილი პიროვნებების კომპანიაა, რომლებიც ძალიან ახლოს არიან არსებულ ხელისუფლებასთან. ამით ჩვენს კომპანიას სატელიტური მაუწყებლობის პერსპექტივაც კი დაეკარგა. წერილი მოგვწერეს მაისის შუა რიცხვებში და გვითხრეს, რომ „ბლექ სი გრუპს“-ისთვის 1 მაისიდან გადაუციათ ეს უფლება“, - აცხადებს გიორგი ანდრიაძე presage.tv-სთან საუბარში.

აქვე იგი დასძენს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა მხარდაჭერისთვის. გიორგი ანდრიაძის თქმით, „ივერიის“ „თურქსატთან“ მიმოწერა მეტყველებს იმაზე, რომ ეს კომპანია საქართველოს ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს.

„მინდა, როგორც ქართულმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს, რომ საქართველოში დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება უკვე საერთაშორისო გარიგებების მეშვეობითაც. მსგავსი ცინიკური დამოკიდებულება ვერ წარმომიდგენია და ლოგიკურიც არ არის, რომ ჩვენი ტელევიზიის მიმართ ეს ქმედება განეხორციელებინათ მაშინ, როდესაც რამდენიმე ოპოზიციური ტელევიზია ამ საკაბლო ქსელით მაუწყებლობს. ჩვენი ტელევიზია კი, რომელმაც უფრო ადრე დაიწყო მოლაპარაკებები, ამ მოლაპარაკებებში მივიდა ჩიხამდე. ყველა ტელევიზია უკვე „თურქსატის“ მეშვეობით მაუწყებლობს, მარტო ჩვენ დავრჩით ჩაურთველნი და ამიტომ, გაუგებარია, ვისი მაუწყებლობა უნდა განახორციელოს „ბლექ სი სატმა“, - აღნიშნავს ანდრიაძე.

აქვე იგი იმ პრეისტორიას იხსენებს, რომელიც ტელეკომპანია „ივერიას“ დახურვას უძღოდა წინ. გიორგი ანდრიაძის თქმით, ხელისუფლებამ ტელეკომპანია 2008 წელს დახურა, როცა გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც საკაბელო მაუწყებლობის განსახორციელებლად საჭირო ხდებოდა ლიცენზია. ეს ლიცენზია კი „ივერიას“ არ მისცეს.

„2012 წლის 27 აპრილს სახალხო დამცველის მიერ შეტანილ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და ამ გადაწყვეტილებით კანონი იმის შესახებ, რომ საკაბელო მაუწყებლობისთვის საჭიროა ლიცენზია, ანტიკონსტიტუციურად სცნო. ამის შემდეგ, ეს კანონი გაუქმდა. ამით ხელისუფლებამ აღიარა, რომ ჩვენი ტელევიზიის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და სამი წლის განმავლობაში მუშაობის საშუალება არ მოგვცა“, - ამბობს ანდრიაძე.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ლიცენზია აღარ არის საჭირო, ტელეკომპანია „ივერია“ მაუწყებლობას ისევ ვერ ახერხებს.

presage.tv-ს კითხვაზე, სცადა თუ არა „ივერიამ“ „ბლექ სი სატის“ მეშვეობით განეხორციელებინა მაუწყებლობა, გიორგი ანდრიაძე პასუხობს, რომ მან დარეკა აღნიშნულ კომპანიაში, სადაც უთხრეს, რომ ახალი გახსნილები არიან და ურჩიეს მათთვის წერილობით მიემართა. ამასთან დაკავშირებით კი ანდრიაძე ამბობს - „ამ მიმოწერებში უკვე სამი წელი გავიდა და ეთერში ჯერაც ვერ გავედით. ამიტომ ცხადია, რომ ჩვენთვის არანაირი აზრი არ აქვს „ბლექ სი სატთან“ მიმოწერას“.

presage.tv კომპანია „ბლექ სი სატის“ დირექტორს მამუკა ცქიტიშვილს ესაუბრა. ცქიტიშვილმა დაგვიდასტურა, რომ „თურქსატთან“ მართლაც აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქართული სატელევიზიო არხები „თურქსატის“ სატელიტზე უნდა ასწიოს. ცქიტიშვილი ამბობს, რომ „ბლექ სი სატი“ მისი სიგნალის ტესტირებას ატარებს „თურქსატის“ სატელიტზე, ანუ ჯერ სატესტო რეჟიმში მუშაობს, მაგრამ მალე დაიწყებს მაუწყებლობას. მისივე განცხადებით, „ბლექ სი სატი“ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიასთან ითანამშრომლებს.

შეგახსენებთ კომპანია „ბლექ სი სატის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლის ისტორიას. ეს ის კომპანიაა, რომლის გამოც ყველაზე მსხვილმა ქართულმა ტელეკომპანიებმა „რუსთავი2“, „მზე“, „საქართველო“ და „იმედი“ „გლობალ თი-ვი“-სთან ხელშეკრულება გაწყვიტეს. ამ ტელეარხების მოტივაცია იყო ის, რომ ბაზარზე შემოდიოდა მათი პარტნიორი კომპანია „ბლექ სი სატი“ და ამიტომ მიაჩნდათ, რომ უფრო სწორი იქნებოდა მათი რეტრანსლირება სწორედ ამ კომპანიას განეხორციელებინა.

„ბლექ სი სატი“ 2011 წლის მარტში შეიქმნა. მისი დირექტორი და 5%-იანი წილის მფლობელი მამაუკა ცქიტიშვილია. გიორგი აბუაშვილს ეკუთვნის 10%, თამარ გრძელიშვილს 10%, ლევან გიორგაძეს 5% და რაც ყველაზე საინტერესოა - კომპანიის 70%-ის მფლობელი შპს „ბლექ სი გრუპია“, რომლის უკანაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე მოიაზრება.

აღსანიშნავია, რომ ქართულ საკომუნიკაციო სივრცეში „ბლექ სი სატის“ შემოსვლას ამ სფეროს ექსპერტები თავიდანვე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას უკავშირებდნენ. მათი აზრით, ეს არის ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ ოპოზიციური არხების მაუწყებლობა მაქსიმალურად შეიზღუდოს.

ყველაფერ ამას მიება „გლობალ თი-ვი“-ს შევიწროებაც, რაც ჯერ მისი კუთვნილი აპარატურის დაზიანებაში, შემდეგ კი მისი ქსელიდან კონკრეტული არხების გამორთვაში გამოიხატა. კომპანიის მარკეტინგის დირექტორის ზურაბ ბაზლიძის განცხადებით, „გლობალ თი-ვი“-ს კუთვნილი აპარატურა ქართულ საბაჟოზე ორჯერ დაზიანდა, ერთხელ დეკემბერში, მეორედ კი თებერვალში. ამის გამო, კომპანიამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი იზარალა. ამის შემდეგ „გლობალ თი-ვი“-მ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარისგან მიიღო წერილი, სადაც კომპანიას უთითებენ, რომ ამ უკანასკნელმა თავი შეიკავოს უცხოური არხის TNT-ს  სიგნალის რეტრანსლაციისგან. მოტივი კი არის ის, რომ თითქოს „გლობალ თი-ვი“ არღვევს TNT-ს საავტორო უფლებებს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ „გლობალ თი-ვი“ ქართული სატელევიზიო ბაზრიდან გაქრეს. ეს კი იმას უკავშირდება, რომ „გლობალ თი-ვი“ ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ტრანსლაციას ახდენს.

საერთოდ უკანასკნელ პერიოდში, მას შემდეგ, რაც ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ხელისუფლება თავისუფალი მედია საშუალებების მის კონტროლქვეშ მოქცევაზე აქტიურად მუშაობს. ყველაფერი გასული წლის შემოდგომაზე ტელეკომპანია „გურია TV“-ს ხელისუფლების მიერ მითვისებით დაიწყო. მაშინ დადიოდა ხმები, რომ ამ ტელევიზიით ოზურგეთის ექსმაჟორიტარი ვანო ჩხარტიშვილი დაინტერესდა. ცოტა ხანში პრესაში ისიც დაიწერა, რომ ტელეკომპანია ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ამ ვერსიას ისიც ამყარებდა, რომ „გურია TV”-ს მენეჯმენტში ჩხარტიშვილის ახლო მეგობარი შევიდა. ასე იყო თუ ისე, „გურია TV“ ხელისუფლებამ დაისაკუთრა.

18 თვიანი სასამართლო დავა, რომელიც ტელევიზიის მფლობელ მერაბ სიორიძესა და მის პარტნიორ მარინა ვასილევა-ხარაბაძეს შორის მიმდინარეობდა, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ვასილევას სასამართლოს გადაწყვეტილებით მიეკუთვნა ის, რასაც იგი თავისი სარჩელით არც კი ითხოვდა. კერძოდ, მერაბ სიორიძის ადვოკატის თედო კობახიძის განცხადებით, მარინა ვასილევამ 1996 წელს ტელეკომპანიაში მის განსავითარებლად ჩადო 10 000 რუსული რუბლი, რის შემდეგაც მოგება მასა და სიორიძეს შორის უნდა განაწილებულიყო. ამ შემთხვევაში სარჩელით მარინა ვასილევა ტელეკომპანიის დაყადაღებას და 308 000 აშშ დოლარს ითხოვდა (რაც კონვერტირების შედეგად 10 000 რუსული რუბლის მაგივრად დადგინდა). საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა, რომელმაც დავა მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა და მარინა ვასილევას მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია, ანუ ვასილევა ტელეკომპანია „გურია TV“ ასპროცენტიანი წილის მესაკუთრედ სცნო.

სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების გამოტანიდან ძალიან მალევე ვასილევამ „გურია TV“ ვინმე მალხაზ საბაძეს 80 000 აშშ დოლარად მიჰყიდა. ადვოკატი თედო კობახიძე კი ამბობს, რომ სიორიძის მხარე მზად იყო ვასილევასთვის მის მიერ მოთხოვნილი 308 000 დოლარი გადაეხადა. ამიტომ ამ ფონზე ტელეკომპანიის 80 000 დილარად გაყიდვით ვასილევამ 228 000 დილარი იზარალა. მალხაზ საბაძე კომპანია „დემასის“ გენერალური დირექტორი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. ასე აღმოჩნდა „გურია TV“ ხელისუფლების ხელში.

ამის შემდეგ დაიწყო შიდა ქართლის დამოუკიდებელი ტელევიზია „თრიალეთის“ შევიწროება. ჯერ იყო და მას კონკურენტი ტელეკომპანია „დია“ გაუხსნეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილის საკუთრებაა. შემდეგ, როდესაც ტელეკომპანია „თრიალეთმა“ „დია“ უკანონო სიხშრეების გამოყენებაში დაადანაშაულა და ამ ფაქტის შემოწმება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოსთხოვა, „თრიალეთი“ 5000 ლარით დაჯარიმდა.

„მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „თრიალეთმა“ ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა, შემოწმებულიყო ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ შესყიდული ტელეკომპანია „დიას“ უკანონოდ დამონტაჟებული აპარატურის სიხშირეები, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნულ უკანონო ფაქტზე რეაგირების მაგივრად „თრიალეთი“ დასაჯა“, - ამბობს „თრიალეთის“ დამფუძნებელი ბადრი ნანიტაშვილი.

სულ ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია აჭარის ტელევიზია „ტვ25“-ის გაყიდვასთან დაკავშირებით. მისი გაყიდვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით, ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით რობაქიძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, აჭარაში ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეარხის ახალი მფლობელი გურამ დონაძე გახდა.

თუ რა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა რობაქიძემ ტელევიზიის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია, მან არ გაახმაურა. თუმცა, განაცხადა, ის ფაქტი, რომ ტელევიზიაში შეიცვალა ხელმძღვანელობა და პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სარედაქციო პოლიტიკაზე (მერაბ მერკვილაძე) ძალიან ბევრ ეჭვს ბადებსო.

„საზოგადოებას აქვს უფლება, რომ იცოდეს რა მოხდა სინამდვილეში. საინფორმაციო სამსახურის უფროსი წავიდა ისე, რომ განმარტება არ გაუკეთებია. ტელეფონი გათიშა და უამრავი კითხვა დატოვა. შეიძლება ითქვას, ადამიანი აორთქლდა. არხის ჟურნალისტები სდუმან. თუმცა, შესაძლოა, არც იციან რა მოხდა. „მაესტრო“ გათიშეს ამ არხიდან, არხს ამ დროისათვის ხელმძღვანელობს პირი, რომელსაც უსიამოვნო ინციდენტი ჰქონდა სამართალდამცველებთან. მას, რამდენიმე წლის წინ, ტელევიზიის შენობაში ნარკოტიკი უპოვეს. ყველაფერი ეს ბევრ კითხვასაც ბადებს და ბევრ რამეზე მიანიშნებს“, – განაცხადა მაშინ რობაქიძემ საინფორმაციო პორტალ Tspress.ge-სთან საუბრისას.

ამავე სტატიაში, რომელიც მიმდინარე წლის 31 მარტს არის გამოქვეყნებული, მოყვანილია „TV25“-ის ხელმძღვანელის გია სურმანიძის კომენტარიც.

„არაერთხელ განვაცხადე, რომ ნებისმიერი ინფორმაცია არის საჯარო და არაფერს ვმალავ. ტელევიზია არ გაყიდულა. არც სხვა ცვლილებები მომხდარა. არ ვიცი, საიდან ვრცელდება ეს ინფორმაცია, მაგრამ იგი სინამდვილეს არ შეეფერება. „მაესტრო“–ს ტრანსლაცია კი ტექნიკური პრობლემის გამოა გათიშული. დავაზუსტებ, იმის გამო, რომ ინტერნეტის ხარისხი არის ცუდი. თუმცა, შესაძლოა, მართლაც გაითიშოს, იმიტომ რომ ხელშეკრულება არ არის გაფორმებული და ეს ყველაფერი უფასოდ ხდება“, - განაცხადა მან და სისულელე უწოდა ტელევიზიაში ნარკოტიკის პოვნის შესახებ რობაქიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ტელეკომპანია „ტვ 25“ დაახლოებით ერთი თვეა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მერაბ მერკვილაძემ დატოვა. დაარსების დღიდან იგი საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. თუმცა, ჯერ მისი ავადმყოფობის, შემდეგ კი, დედაქალაქში გადასვლასთან დაკავშირებული ხმები გავრცელდა. ერთადერთ განმარტებაში, რომელიც მან ამ საკითხზე ფეისბუქის გვერდზე გააკეთა, ეს ნაბიჯი ოჯახური პრობლემებით ახსნა. თუმცა, მას შემდეგ მასთან დაკავშირება არ ხერხდება“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ასეა თუ ისე, ხელისუფლება ჯერ-ჯერობით საკმაოდ წარმატებულად ისაკუთრებს დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, ან მათ თავისი კონტროლის ქვეშ აქცევს. ძირითადად, ეს რეგიონულ მაუწყებლებს ეხება, რაც განპირობებულია რეგიონებში მცხოვრებლების ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევის სურვილით.