ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ გაუპატიურებული პატიმარი შველას ითხოვს

ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ გაუპატიურებული პატიმარი შველას ითხოვს

 

ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ საზარელი ფაქტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. საქმე ეხება ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის სასტიკ წამებასა და გაუპატიურებას. პატიმრის წერილი სამ ეგზემპლარად არის შედგენილი. ადრესატები არიან „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, „Human Rigths Watch” და ქართული მედია.

წერილში, რომელიც ორგანიზაციამ „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ გუშინწინ მიიღო, პატიმარი პეტრე ოვანოვი თავად აღწერს მასზე განხორციელებულ ზეწოლას.

„24 თებერვალს ქსნის N15 დახურული ტიპის დაწესებულების თანამშრომლები აწარმოებდნენ საღამოს შემოვლას, მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი მათ ადმინისტრაციის შენობაში და მეც გავყევი. იქ მისვლისთანავე დაიწყეს ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და შემდეგ უკვე ცემა, რაც აქ იშვიათი რამ არ არის, მაგრამ ამ ყველაფერს შეძლებისდაგვარად ვიტანთ იმის გამო, რომ აქაურ თანამშრომლებთან კონფრონტაციის და რაიმე პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში აბსოლუტურად დაუცველად ვგრძნობთ თავს. მაგრამ ფაქტი, რომელიც ჩემს მიმართ ჩაიდინეს, არანაირ ადამიანური ღირსების საზღვრებში არ თავსდება. კერძოდ, იქ მყოფა პირებმა ამ არაადამიანური ცემის შემდეგ ე.წ. „დუბინკებით“ მოახდინეს ჩემი გაუპატიურება და თან დამემუქრნენ, თუ ამ ამბავს გავახმაურებდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა და ვეღარავინ მიშველიდა“, - ვკითხულობთ პატიმარ პეტრე ოვანოვის წერილში, რომელიც მან ციხიდან გამოგზავნა.

მისი თქმით, გაუპატიურების შემდეგ ისევ სცემეს, რის შემდეგაც გონება დაკარგა და რომ გამოფხიზლდა უკვე გათენებული იყო, თვითონ კი იმავე ოთახში ხელებშებორკილი იატაკზე ეგდო. შემდეგ გადაიყვანეს ე.წ. „ზონის“ შენობაში და ჩაკეტეს იზოლირებულ საკანში. პეტრე ოვანოვის თქმით, რამდენიმე დღის შემდეგ მან გადაწყვიტა თვითდაზიანება მიეყენებინა საკუთარი თავისთვის, რათა ამით მაინც მიექცია ვინმეს ყურადღება, თუმცა ამანაც არანაირი შედეგი არ გამოიღო. იგი ამ სამარტოო საკანში 16 დღის განმავლობაში, როგორც თვითონ ამბობს, უკიდურეს სასოწარკვეთილებაში და სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა.

პეტრე ოვანოვი ასახელებს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომლებმაც მის ცემასა და გაუპატიურებაში მიიღეს მონაწილეობა. პატიმრის თქმით, ესენი არიან ამ დაწესებულების დირექტორი შოთა თოლორდავა, ასევე თანამშრომლები ლევან ლეჟავა, გიორგი ფარჯანაძე და დიმა ჩხეიძე (დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი). ოვანოვი აღნიშნავს, რომ ყველაფერ ამის გახმაურების შემდეგ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგება. ამიტომ ამ ფაქტის რაც შეიძლება ფართოდ გახმაურებას ითხოვს, რათა მას რაიმე რეაგირება მოჰყვეს.

„რასაც ახლა გაცნობებთ, თავგანწირვის ტოლფასია და ძალიან გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და ყურადღება ჩემს მიმართ, რათა რაიმე იმედი და გარანტია მქონდეს ამ პიროვნებებისგან დასაცავად, რადგან ესენი რასაც დამემუქრნენ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მათთვის ამ მუქარის შესრულება. აქ ციხეშიც არ არსებს რაიმე მექანიზმი, რაც მათ შეაჩერებს და მათგან დამიცავს. მოგმართავთ თხოვნით, რომ ეს ამბავი ეცნობოს ყველა ადამიანის უფლებების დამცველ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებს“, - აცხადებს პატიმარი.

თავად ფაქტი დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა და წერილიც ორი თვის წინ არის დაწერილი, მაგრამ ვინაიდან ოვანოვი შიშობდა, მისი წერილი ციხის ადმინისტრაციას არ ჩავარდნოდა ხელში, მან ეს წერილი თავის თანასაკნელს გადასცა, რომელიც სასჯელის მოხდისაგან ორი დღის წინ განთავისუფლდა და სწორედ ამ ადამიანმა მიიტანა წერილი ორგანიზაციაში „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“. სწორედ ამით იხსნება ამ ფაქტის გახმაურების ასეთი დაგვიანება.

წერილის მიღების შემდეგ ორგანიზაციის ადვოკატი ლადო მაჭარაშვილი ჩავიდა ქსანში და თავად შეხვდა პეტრე ოვანოვს. ადვოკატის თქმით, პატიმარმა მას სრულად დაუდასტურა წერილში აღწერილი ფაქტები და კიდევ ერთხელ სთხოვა, რომ ეს ფაქტი გაეხმაურებინა.

„მსჯავრდებული ოვანოვი არის 25 წლამდე პიროვნება, ძალიან დათრგუნულია და კამერებთან ღიად საუბარს ერიდება. მოგეხსენებათ, პატიმართან შეხვედრისას ყველა საუბარი ისმინება და იწერება ციხის ადმინისტრაციის მიერ. ამასთანავე, თავად საუბრის თემა იმდენად მტკივნეულია, რომ ოვანოვს ძალიან უჭირდა ამ საკითხზე საუბარი, თუმცა მან კიდევ ერთხელ დაბეჯითებით დამიდასტურა მის მიერ წერილში აღწერილი ფაქტი“, - აცხადებს ადვოკატი მაჭარაშვილი.

აქვე იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პეტრე ოვანოვი არ გეგმავს თვითდაზიანებას ან თვითმკვლელობას. ამიტომ თუკი ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ მას რამე შეემთხვევა, ამაზე პასუხისმგებელი მთლიანად ციხის ადმინისტრაცია იქნება. ადვოკატის თქმით, პატიმარმა მას უთხრა, რომ იგი დაამტკიცებს იმ ფაქტებს, რაც წერილში აქვს აღწერილი.

პეტრე ოვანოვი ითხოვს, რომ მისი წერილი გაეგზავნოს უფლებადამცველ ორგანიზაციებს და მოხდეს იმ პირების სათანადოდ დასჯა, ვინც მის ცემა-წამებაში მონაწილეობას ღებულობდა. თავად ადვოკატი მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ მისი მთავარი მოთხოვნაა, გარდა იმისა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს პატიმარ ოვანოვის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, რათა ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ მასზე უარესი ზეწოლა არ დაიწყოს.

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ განხორციელდა პეტრე ოვანოვის მიმართ ასეთი სასტიკი ქმედებები, ადვოკატი მაჭარაშვილი განმარტავს, რომ ოვანოვი ითხოვდა მისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარებას და ამასთანავე, აპროტესტებდა ციხეში შექმნილ ცუდ პირობებს და სწორედ ამის გამო იგი ციხის ადმინისტრაციამ ამ მეთოდით „დასაჯა“.

ორგანიზაციამ „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ დღესვე მომხდარის შესახებ შეატყობინა სახალხო დამცველის აპარატს, საიდანაც აპარატის წარმომადგენელი, სავარაუდოდ, დღესვე ინახულებს პატიმარს და თავად ადგილზე გაეცნობა სიტუაციას.