საქართველოს მთავრობა ხალხისთვის ფულის „ახევის“ მორიგი ინიციატივით გამოდის, ამჯერად საქმე ეხება ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის სისტემის შემოღებას, რომელიც, ოდესმე, ინვესტიციებისა და საფონდო ბირჟის განვითარებას შეუწყობს ხელს და მასში ჩვები საშემოსავლო გადასახადის ორი პროცენტიც მონაწილეობს. როგორც ექსპერტები ამბობენ, თვითონ იდეა გრძელვადიან პერსპექტივაში არის ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისგან ბევრი კარგი იდეის გაბაიბურება გვახსოვს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის განმარტებით, ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის სისტემის შესახებ მომზადებული ინიციატივა გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტიციებისა და საფონდო ბირჟის განვითარებას შეუწყობს ხელს. კერძოდ, სურვილის შემთხვევაში, ფიზიკური პირი თანხას აქტივების მართვის კომპანიაში განათავსებს. ფონდში თანხის შეტანას ნებისმიერი დასაქმებული შეძლებს. „სახელმწიფოს სურს შექმნას ფონდი, მოიზიდოს ხალხისგან შემოსავლები და მართოს ეს თანხები. საბოლოოდ, ეს სახელმწიფოსთვისაც კარგი იქნება და ხალხისთვისაც. ვინაიდან ამ აქტივებს სჭირდება მართვა, მმართველი შეიძლება იყოს სახელმწიფო ან სულაც - კერძო კომპანია, მაგრამ ეს იქნება სახელმწიფო ფონდი და პასუხისმგებელიც, შესაბამისად, იქნება სახელმწიფო. ესეც ძალიან კარგია, რადგან ადამიანი არ იქნება რომელიმე კერძო კომპანიაზე დამოკიდებული და მოქალაქეს არ მოუწევს ძებნა, სად შეიტანა ეს ფული, ვის მისცა და როდის აუნაზღაურებენ მას. ამით სახელმწიფო გარკვეულ გარანტიებს იძლევა. უცხოეთშიც ანალოგიური სიტუაციაა, მაგრამ იქ არსებობენ როგორც სახელმწიფო, ისე - კერძო ფონდები. ეს შეიძლება შევადაროთ ბანკს, სადაც ადამიანს შეაქვს დანაზოგი და შემდეგ გარკვეულ სარგებელს იღებს, ამ შემთხვევაში მოქალაქეებს არჩევანის საშუალება ექნება, საიდანაც უკეთეს მოგებას მიიღებენ, თავიანთ ფულს იქ განათავსებენ“, - ამბობს გია კალანდია მართალია, მთავრობას ჯერ-ჯერობით საპენსიო რეფორმა და სოცუზრუნველყოფა არ უხსენებია, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და საპარლამენტო განხილვისას, შესაძლოა, ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის სისტემა საპენსიო რეფორმადაც შემოგვიბრუნდეს. ექსპერტებმა ეს ინიციატივა მაინც საპენსიო რეფორმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვეს და ისეთი შთაბეჭდილებაც კი რჩება, რომ ამჯამინდელმა ხელისუფლებამ ჯერ არც კი უწყის, ამ ინიციატივით რა დიდ საქმეს უყრის საფუძველს. ემზარ ჯგერენაია, ექსპერტი: „ეს ინიციატივა არის წინაპირობა ჯანდაცვის რეალური რეფორმისა და საპენსიო რეფორმის დაწყებისა, იმიტომ, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელებისათვის თუ არ იარსებებს ის ფინანსური რესურსი და გამჭვირვალე სახსრები, თუ მსგავსი რამ არ დაიწყო, ვერასოდეს ვერ მოვაბამთ თავს საპენსიო რეფორმის დაწყებას. მართალია ეს 2% არის ძალიან ცოტა, მაგრამ ეს იძლევა საშუალებას, ადამიანებმა თვითონვე შექმნან თავიანთი საპენსიო ფონდი თავიანთი პირადი შენატანებით. საპენსიო რეფორმას სჭირდება შესაბამისი საფონდო ბაზა, რადგან წლების შემდეგ ჩემი შენატანების ღირებულებითი ნაწილი უნდა იყოს შენარჩუნებული. თუ, მაგალითად, 25-დან 45- წლამდე ადამიანმა დააგროვა დავუშვათ, 10 ათასი ლარი, იმ პერიოდში, როდესაც ამ ადამიანს საპენსიო ასაკი მოუწევს, იმ 10 ათას ლარს უნდა ჰქონდეს იგივე ღირებულება, სწორედ ეს უნდა უზრუნველყოს საფონდო ბირჟამ“. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჯერ ჩვენი მთავრობა პენსიებამდე არ მისულა და ჯერ-ჯერობით, ჩვეულებრივ, საფონდო საქმიანობაზეა საუბარი. ხუროშვილის განმარტებით, კონკრეტულ ადამიანს საშუალება ექნება, ყოველდღიურ რეჟიმში, ინტერნეტის მეშვეობით ნახოს, როგორ ხორციელდება ესა თუ ის პროექტი და რა მოგება შეიძლება, მოუტანოს მის დივიდენდს. ესეც იმ სამგანზომილებიან მთავრობას ჰგავს, რომელიც ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა სოფელ-სოფელ ჩამოარიგა, თუმცა, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გვიხსნის, „ინიციატივის მიზანი დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიის შექმნაა. ფიზიკური პირები გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხის გამოყენებას შეძლებენ. თანხის გატანის ვადის შესახებ ჯერ კიდევ მსჯელობა მიმდინარეობს. თუმცა, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება და პირს თანხის ვადაზე ადრე გამოტანის საშუალება ექნება“. დავით იაკობიძე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი: „მომავალში შეიძლება გახდეს რესურსი ინვესტიციებისათვის, მაგრამ 2% როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვარწმუნებს, ამისათვის არასაკმარისია. ეს მხოლოდ კარგი სურვილის ცუდი გამოხატულება იქნება. საუბარია საშემოსავლო გადასახადის ორ პროცენტზე, მომავლისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რომ მართლაც რესურსად და შეძლოს საინვესტიციო პრობლემების გადაწყვეტად იქცეს, საფონდო ბირჟის განვითარების საშუალებით იქნება ეს თუ საბანკო-საკრედიტო რესურსის გაჯანსაღების გზით, შეუძლებელია ეს შეძლოს ამ ორმა პროცენტმა. ფონდები, რომლებსაც შექმნიან იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური წარმონაქმნები და ეს ფული იქნება მხოლოდ მათი მიმდინარე ხარჯების დაფარვის შესაძლებლობა. თუ ამისი გაკეთება რეალურად უნდათ, არსებობს უამრავი გამოცდილება და არსებობს ხალხი, ვისაც ასეთი რეფორმის განხორციელება შეუძლია და თუ მართლა სერიოზულად ფიქრობენ ამ რეფორმაზე, მაშინ გადასასინჯი აქვთ ბევრი ადრე გამოთქმული ტენდენცია, და, პირველ რიგში, ეკონომიკური თავისუფლების აქტი. ისე კი, თუ ჩემი მოსაზრება გაინტერესებთ, საქართველოში თუ რაიმე ფინანსური თავისტკივილია, ეს ყველაფერი გამოწვეულია სწორედ საპენსიო ფონდის არარსებობის გამო. რაც არ უნდა ილაპარაკოს მთავრობამ, ეს არის ხელოვნური, არა ეკონომიკური პროცესებიდან მომდინარე და ეს იქნება ასევე ხელოვნური ტრანსფერირება საშემოსავლო გადასახადისა. ლაპარაკია ჩვენი შრომით შექმნილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილზე, რომელიც რაღაც გაურკვეველ ფონდებში მიემართება იმ იდეით, რომ მერე განავითარებს ბირჟას, ე. ი. შექმნის საინვესტიციო რესურსს და თუ შექმნა საინვესტიციო რესურსი, შემდეგ ეს ხომ ვიღაცას უნდა დაუბრუნდეს? ამიტომ უკავშირდება ეს თემა პენსიებს“. კარგია ეს ინიციატივა თუ ცუდი, მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა რეალურად დაიწყება მისი განხორციელება. ისე კი, სახელმწიფოს მიერ შექმნილ ფონდებთან დაკავშირებით საქართველოს საკმაოდ ცუდი მოგონებებიც აქვს. მართალია სარეზერვო ფონდები თავისი არსით აბსოლუტურად განსხვავებულია, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დასაწყისში ისეთი ფონდებიც გვახსოვს, სადაც რა თანხა შედიოდა და ამ ფულს რა ბედი ეწია შემდეგ, ეს დღემდე საიდუმლოა. დღემდე გასაიდუმლოებულია, რაში იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ნაწილი, რადგან ბიუჯეტში არსებობს გრაფა „სხვა ხარჯები“, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს ტოლფასია და გასაჯაროებას არ ექვემეებარება. სწორედ ასეთი გამოცდილება გვაფიქრებინებს, რომ ნებაყოფილობითი დაზოგვის ფონდებში თავმოყრილი თანხაც იმ მიზნებს მოხმარდება, რაც სახელმწიფო საჭიროებისთვის აუცილებლად ჩაითვლება, ხალხმა კი შესაძლოა 10-15 წლის შემდეგ გაიგოს, რომ ვიღაცას მოუტყუებია. რაც მთავარია, ამ ინიციატივით შევიტყვეთ, რომ მთავრობა პირობას არ ასრულებს და საშემოსავლო გადასახადს, რომლის შემცირებასაც გრაფიკით გვპირდებოდა, არ ამცირებს. როგორც ემზარ ჯგერენაია ამბობს, ჩანს, რომ დაპირებული 15%-იანი საშემოსავლო გადასახადი ამ ეტაპზე ვერ განხორციელდება. „გადასახადის განაკვეთის განსაზღვრას სჭირდება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების კონსესუსი. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. საშემოსავლო გადასახადის ორი პროცენტის ტრანსფერირებაც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მასზე პასუხისმგებლობას იღებენ ის პირები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე არიან პასუხისმგებლები. თუ მათ შესაძლებლობები აქვთ შეამცირებენ ან გაზრდიან ამ გადასახადს, თუმცა ჩვენ ის „სამზარეულო“ არ ვიცით, რამაც ეს საკითხი წამოჭრა ჩვენი ხელისუფლების წინაშე“, - ამბობს დავით იაკობიძე. ფაქტია, რომ ხელისუფლებას შემოსავლები არ ჰყოფნის და რამდენიმე წლის წინ გამოცხადებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკაც მხოლოდ ხალხზე ვრცელდება და არა ხელისუფლებაზე. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი გადასახადის შენარჩუნება მთავრობას მხოლოდ საკუთარი ფინანსებისთვის ჭირდება და არა ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესებისათვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ საბიუჯეტო შენატანების მოცულობით საშემოსავლო გადასახადი ქვეყანაში მეორე ადგილზეა, ადვილი წარმოსადგენია, ყოველწლიურად რა თანხებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. |