ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნებას ელოდება

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნებას ელოდება

საქართველოს ვიცე-პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის განცხადებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შესაძლოა, მომავალი წლის ბოლოს ან ოდნავ მოგვიანებით გაფორმდეს. ამის შესახებ ბარამიძემ საინფორმაციო ცენტრში ნატო-ს შესახებ საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის დასაწყებად საქმის ჩვენი ნაწილი სწრაფად გავაკეთოთ და სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლოსთვის ახლოს იყოს მოლაპარაკებების დასრულებასთან. ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება, ეს ან მომავალი წლის ბოლოს მოხდეს, ან ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ ეს არ გაგრძელდება უსასრულოდ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობისაა თავისუფალი ვაჭრობა ყველა ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ბარამიძემ.

როგორც იტყვიან „ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო“. ჩვენი ხელისუფლების ძალიან ბევრ ქმედებას სწორედ ეს გამოთქმა ასახავს კარგად. მათ შორის არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. სანამ ამ დოკუმენტს ხელი მოეწერება, ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წინაშე ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები აქვს შესასრულებელი. საყურადღებოა ერთი ფაქტიც, გასაგებია, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმება ჩვენთვის ხელსაყრელია, მაგრამ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიტივი არის ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე შეუზღუდავად უნდა გავიდეს. აქ კი ჩნდება კითხვა - სად გვაქვს ჩვენ ეს პროდუქცია? ხოლო თუ გვაქვს, ძალიან მცირე ოდენობის და დასახელების და ისიც ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად არის აუცილებელი.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებისათვის საჭირო პირობებზე და ვალდებულებებზე, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული, presage.tv-ს ეკონომიკური ექსპერტი დავით ნარმანია ესაუბრება.

დავით ნარმანია: „ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულებები, რომელთა ნაწილიც ეკონომიკური, ნაწილი კი პოლიტიკური დატვირთვის მქონეა და ეკონომიკური შინაარსის არ არის. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ჰოლანდიური და პოლონური ორგანიზაციების სიღრმისეული კვლევა იმის შესახებ, თუ რა გავლენას იქონიებს საქართველოზე თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ამასთანავე, ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესიც დაწყებულია. თუმცა ის, თუ რამდენად დაჩქარდება დროში ამ ხელშეკრულების გაფორმება, იმ ოთხი მიმართულების პროგრესზე არის დამოკიდებული, რა მიმართულებებიც ამ ხელშეკრულების გაფორმებას უდევს საფუძვლად.

ეს არის თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის საკითხები, სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ინტელექტუალური საკუთრების და შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

ცალკეული მიმართულებებით გარკვეული პროგრესი არის. მაგალითად, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით სტრატეგია და კანონი არის მიღებული, თუმცა ამ კანონში არის გარკვეული ხარვეზები, რაც უნდა გამოსწორდეს. სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებითაც მიღებულია სტრატეგია, მაგრამ პრობლემები იქაც არსებობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა მიმართულებებით სამუშაო უფრო მეტია. ამიტომ, თუ მთავრობა დააჩქარებს რეფორმებს იმ მიმართულებით, რაც ჯერჯერობით უფრო პრობლემატურია და ევროკავშირთან მეტ ჰარმონიზაციას საჭიროებს, ასეთ შემთხვევაში წელიწადნახევრიანი ვადა უფრო გონივრულია.

როდესაც 2012 წლის საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შეფასება გაკეთდება, მაშინ უკეთესად გამოჩნდება ქვეყანამ რაში მიაღწია პროგრესს და თუ არსებობს კიდევ რამე პრობლემები, რაც შესაძლოა, ამ ხელშეკრულების გაფორმების შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს. თუ ყველაფერი წესრიგში იქნა, მერე ეს პროცედურები უფრო დაჩქარდება. ამიტომ, ამ ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის მთავრობის რეფორმებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება თვითონ ხელშეკრულების ტექსტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მიმდინარეობს ამ ტექსტის მზადება და დიდი ნაწილი ევროკავშირის უწყებებთან ერთად არის მომზადებული. ასევე პერიოდულად ხდება ევროკავშირთან ამ საკითხების შეთანხმება. ასე რომ, ხელშეკრულების ტექსტის მზადება ამ რეფორმების პარალელურად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, თუ რეფორმები არ ჩამორჩა ინტეგრაციის თვალსაზრისით, მაშინ შესაძლებელია, დაახლოებით, წელიწადნახევრის შემდეგ ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწეროს.

ყველაფერ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ამ რეფორმების გატარება?

- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ორი-სამი წლის წინანდელ პერიოდს თუ ავიღებთ, პოლიტიკური ნება ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ხელისუფლებაში იყო სინგაპურიზაციის მიმდევრების დომინანტობა ევროინტეგრაციის მიმდევრებთან შედარებით. ბოლო პერიოდი კი გვიჩვენებს, რომ გეზი უფრო ევროინტეგრაციისკენ არის მიმართული. ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებულ დონეზე და ცალკეული მიმართულებებით, მართალია ხარვეზებით, მაგრამ მაინც რეფორმებზე არის აქცენტი გაკეთებული. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებულია და ამას წინ არაფერი უდგას. მთავარია, რეალური რეფორმების განხორციელება, რაც ევროკავშირმა უნდა დაინახოს და სათანადოდ შეაფასოს.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭიროა ასევე, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი პროდუქცია, რომელსაც ევროკავშირის ბაზარზე გაიტანს. ამასთან დაკავშირებით როგორი მდგომარეობა გვაქვს?

- პროდუქციის გატანა ხელშეკრულებას წინაპირობად არ უდევს. უბრალოდ, ხელშეკრულება რომ არ დარჩეს მხოლოდ ხელშეკრულებად, საქართველოს ინტერესია, რომ მეწარმეებმა ნელ-ნელა აუწყონ ფეხი იმ მოთხოვნებს, რომლებიც  მიუხედავად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისა, მაინც იარსებებს, ანუ რაღაც ტიპის ბარიერები, მოთხოვნები, რასაც ხარისხის მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს ქართული პროდუქცია.

იგი ისარგებლებს სატარიფო და არასატარიფო შეღავათებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს ყველანაირი შეზღუდვის მოხსნას და ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალ შეღწევადობას. ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე პრობლემატური არის ის, რომ ჩვენთან წარმოებული პროდუქცია იყოს უვნებელი და ევროკავშირის მოთხოვნებთან და სტანდარტებთან შესაბამისი. ეს ყველაფერი დღის წესრიგში რჩება და არ მოიხსნება. უბრალოდ, ლაბორატორიების აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხები, ის, რომ სანდო იყოს ჩვენი ლაბორატორიების მიერ გაცემული სერტიფიკატები, რომლებიც ასახავს ამ პროდუქციის ხარისხს.

ეს არის საკითხები, რომლებიც პარალელურ რეჟიმში უნდა იყოს მოგვარებული იმისათვის, რომ მეწარმეებისთვის არასატარიფო ბარიერები ნელ-ნელა შემსუბუქდეს. სხვა დანარჩენს უკვე ბაზარი გვიჩვენებს, ანუ, როდესაც მაგალითად, ევროკავშირის ბაზარზე იქნება მოთხოვნა ცალკეული პროდუქციის მიმართ და ამას ჩვენი მეწარმეები მიწოდებით ადექვატურად უპასუხებენ, ამით რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკა და ბიზნესსექტორი ისარგებლებს.

თუმცა კიდევ ვიმეორებ, აქ მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის როლები მკაფიოდ არის გაყოფილი. მთავრობამ ინტეგრაციის პროცესს და რეფორმებს უნდა შეუწყოს ხელი, ხოლო ბიზნესსექტორმა პარტნიორები უნდა იპოვოს, უნდა ისწავლოს, რა მოთხოვნები არის დღეს და ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რა დარჩება, რათა ამ მოთხოვნებს ადექვატურად უპასუხოს და მოხდეს ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა.