„ყველა ჩინოვნიკს თითები მოეჭრება, ვინც ჩემს ქონებას ეპოტინება“

„ყველა ჩინოვნიკს თითები მოეჭრება, ვინც ჩემს ქონებას ეპოტინება“

„პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლიუსის“ დამფუძნებელი, დავით ზილფიმიანი პარლამენტის წევრ დავით ბეჟუაშვილს და ზურაბ ადეიშვილის უწყებას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ზილფიმიანის განცხადებით, ბეჟუაშვილმა მას მთელი ქონება მას შემდეგ დაუყადაღა, რაც მისმა კომპანია „სტერეო პლიუსმა“ „მეცხრე არხთან“ თანამშრომლობაზე ხელშეკრულება გააფორმა.

ზილფიმიანს ორი კომპანია აქვს, ესენია „პირველი სტერეო“ და „სტერეო პლიუსი“. „პირველ სტერეოში“ მისი მეწილე და პარტნიორი არის პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი. ასევე, ზილფიმიანის პარტნიორები ორივე კომპანიაში არიან იტალიელები. დავით ზილფიმიანის განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ კომპანია „სტერეო პლიუსმა“ ხელშეკრულება გააფორმა „მეცხრე არხთან“. ხელშეკრულების საგანი იყო „მეცხრე არხის“ კუთვნილი დაზიანებული აპარატურის შეკეთება, რაც „სტერეო პლიუსმა“ უნდა განახორციელოს. აქვე დავით ზილფიმიანი განმარტავს, რომ ამ აპარატურის დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ მოწყობილობები ტრანსპორტირების პროცესში არ არის დაზიანებული. მისი თქმით, დაზიანებები გამოწვეულია მექანიკური ზემოქმედებით. აქვე ზილფიმიანი განმარტავს, რომ მისი კომპანია „სტერეო პლიუსი“ ახორციელებს სხვადასხვა მაუწყებლების (ტელეკომპანიებისა და რადიოკომპანიების) მომსახურებას და ამ მომსახურების განხორციელებისას არ ხდება მაუწყებლების შერჩევა მათი პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით.

„თავისთავად ცხადია, მე არ მაქვს უფლება მოვემსახურო კომპანიას, თუ ის არ არის ლიცენზირებული და ავტორიზებული პირი. მაგრამ თავისთავად ის, რომ ჩვენი კომპანია ახორციელებს მომსახურებას, ამ მომსახურების ობიექტების შერჩევა არ ხდება მათი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. თუ კომპანია არის ლიცენზირებული, ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი იტალიელი პარტნიორებისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს ამ კომპანიას“, - აცხადებს დავით ზილფიმიანი.

აქვე დავით ზილფიმიანი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში მედიამფლობელების გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღეს და როდესაც ყველა მედიამფლობელი ვალდებული გახდა თავისი ვინაობა გაემჟღავნებინა. ზილფიმიანის თქმით, მაშინ მისმა პარტნიორმა დავით ბეჟუაშვილმა „პირველ სტერეოში“ თავისი წილი გადაუფორმა თავისი დის ქმარს, ვასილ კობაიძეს.

„პირველი სტერეოს“ დამფუძნებელი არის ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია, რომლის მფლობელიც არის დავით ბეჟუაშვილი. რამდენიმე თვის წინ მან „პირველ სტერეოში“ თავისი წილი თავისი დის ქმარს, ვასილ კობაიძეს გადაუფორმა. მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, რადგან იგი ერთხელაც კი არ მოსულა ტელევიზიაში“, - ამბობს ზილფიმიანი.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანია „სტერეო პლიუსი“ გადაეფორმებინა თავისი ვაჟისთვის, რომელიც იტალიის მოქალაქეა.

„მე მეცნიერებიდან მოვდივარ და დაახლოებით ერთი თვის წინ გადაწყვიტე, ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნასაში გავაგრძელო. ამისათვის მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ქონება გადამეფორმებინა ჩემი უკვე წამოზრდილი ვაჟისთვის, რომელიც არის იტალიის მოქალაქე. ეს ძალიან ბუნებრივი ქმედებაა, რასაც ალბათ ნებისმიერი მშობელი აკეთებს თავისი შვილისთვის“, - ამბობს ზილფიმიანი.

მისი თქმით, სწორედ აქედან დაიწყო მის ცხოვრებაში პრობლემები, ანუ მის კომპანიასთან დაკავშირებით უკანონობების მთელი ჯაჭვი განხორციელდა. დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ 11 მაისს მან და მისმა იტალიელმა პარტნიორებმა მის შვილს გადაუფორმეს „სტერეო პლიუსის“ მთელი ქონება. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეში მომხდარიყო, ზილფიმიანმა და მისმა პარტნიორებმა საჯარო რეესტრში გადაიხადეს შესაბამისი თანხა, რაც რეესტრის მიერ დოკუმენტების ერთ დღეში მომზადებას სჭირდება. ამდენად, იმავე დღეს დავით ზილფიმიანის ვაჟი ამ ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრე გახდა. მოგვიანებით ზილფიმიანისთვის ცნობილი გახდა, რომ იმავე საღამოს მისმა პარტნიორმა „პირველ სტერეოში“ დავით ბეჟუაშვილმა მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ზილფიმიანის მთლიანი ქონების დაყადაღება მოითხოვა. მოტივი კი ასეთი იყო - ბეჟუაშვილს ჰქონდა ვარაუდი, რომ შესაძლოა დავით ზილფიმიანმა იგი ფინანსურად აზარალოს.

„დავით ბეჟუაშვილის ვარაუდი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მის სარჩელს გაევლო სასამართლოს კანცელარია, მოსამართლეს ეს სარჩელი მიეღო წარმოებაში და უფრო მეტიც - სარჩელის შეტანიდან რამდენიმე წუთში გამოეტანა გადაწყვეტილება მთელი ჩემი ქონების დაყადაღების თაობაზე. მოსამართლემ ჩაატარა სხდომა, მიიღო გადაწყვეტილება და მინდა გითხრათ, რომ საქმის გაცნობის დრო ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის დრო, რაც მოსამართლემ ამ საქმეს მთლიანად დაუთმო, სხდომის ჩატარებიდან გადაწყვეტილების გამოტანის ჩათვლით.

მეორე დღეს კი, ანუ - შაბათს, ბეჟუაშვილი და კობაიძე მივიდნენ საჯარო რეესტრში და სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დამიყადაღეს მთელი ქონება. ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ ეს მოხდა შაბათს, რადგან არ მგონია ჩემთვის, თქვენთვის ან ნებისმიერი სხვა მოქალაქისთვის საჯარო რეესტრი შაბათს გაიღოს. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დაყადაღებულია არა მხოლოდ „პირველი სტერეო“, არამედ „სტერეო პლიუსიც“, რომელთანაც საერთოდ არანაირი შეხება დავით ბეჟუაშვილს არ აქვს. ეს კომპანია მთლიანად ჩემი და ჩემი იტალიელი პარტნიორების საკუთრებში იყო ყოველთვის“, - აცხადებს ზილფიმიანი.

იგი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოსამართლემ მაინც მთელი მისი ქონება დააყადაღა და რეესტრმა კი რამდენიმე წუთში მოახდინა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

„რომ იცოდეთ, დავით ბეჟუაშვილი ცოტა არ იყოს ძუნწი ადამიანია და მან რეესტრის მომსახურებაში გადაიხადა 20 ლარი, რაც ამ პროცესის შესრულებას ხუთ დღეში გულისხმობს. მიუხედავად ამისა, ჩემი ქონება რეესტრმა დააყადაღა ზუსტად რამდენიმე წუთში. მე მინდა გკითხოთ, რატომ უნდა მოგემსახუროს რეესტრი რამდენიმე წუთში, როდესაც შენ ხუთ დღეში მომსახურების თანხა გაქვს გადახდილი“, - სვამს კითხვას ზილფიმიანი.

მისი თქმით, ეს ქმედება არის კრიმინალური, კორუმპირებული, მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიერ ჩადენილი.

„დღეს მე ხელს ვადებ დავით ბეჟუაშვილს და ზუსტად ოთხ დღეში (ოთხ დღეში ჩემს ქონებაზე დადებულ ყადაღას გასდის ვადა და დასჭირდებათ ამ ყადაღის ვადის გაგრძელება) დავიწყებ სახელების დასახელებას, მაგრამ დღეის მდგომარეობით ყველა კვალი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსკენ მიდის. დავით ბეჟუაშვილს რაც შეეხება, მას არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ ჩემი ოჯახის ხელყოფას. თითები მოეჭრება (გადატანითი მნიშვნელობით) ყველა იმ ჩინოვნიკს, რომელიც ჩემს ქონებას ეპოტინება და რომელიც საქართველოში თავისუფალი ბიზნესის კეთების საშუალებას არ გვაძლევს“, - აცხადებს დავით ზილფიმიანი.

აქვე მან ახსენა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელსაც კორუმპირებული უწყება უწოდა და განაცხადა, რომ მარეგულირებელი მუშაობს არა იმაზე, რომ მაუწყებლებს სამუშაოდ კარგი პირობები შეუქმნას, არამედ თავისუფალი მაუწყებლებისთვის პრობლემების შექმნაზე.

და, ბოლოს, დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, ამ საქმეს ბოლომდე ჩაჰყვება და ამ ბრძოლაში ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს.