არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების აქცია კინოს სახლთან გაგრძელდა. აქციაზე სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ასეთი ორიენტაციის ადამიანების საჯაროდ შეკრება ერთგვარი მოწოდებაა, რომ საზოგადოების სხვა ჯანსაღი წევრებიც ასეთნი გახდნენ. აქციის დაშლის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე დიდხანს დარჩნენ სამღვდელოების წარმომადგენლები და გაღიზიანებული მოქალაქეები.
თავად არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის აქციის მონაწილეებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. მათი თქმით, თუ ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროპელები, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთა აქციები არ უნდა დავგმოთ.
თავის დროზე პატრიარქმა მოუწოდა ხელისუფლებას, სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობა არ დაეშვა 2000 წლოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ტრადიციულ ქვეყანაში, 100 000 მოწამის სისხლით მორწყულ ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში. მაშინ გეი აღლუმის ჩატარება შეჩერდა. შემდეგ საუბარი იყო ბათუმში ამ აღლუმის გამართვაზე, თუმცა საბოლოოდ, ეს მსვლელობა მაინც თბილისში შედგა და იგი უწმინდესის საქართველოში არყოფნას დაემთხვა.
Presage.tv მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ესაუბრა.
პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ ამ მსვლელობის მიზანია, ხმაური გამოიწვიოს, რათა საზოგადოებამ დავით გარეჯში შექმნილი პრობლემიდან ამ თემაზე გადაიტანოს ყურადღება.
„ეს სიახლეა ქართველებისთვის და ვფიქრობ, ხელისუფლებამ გაუწია ამას ორგანიზება იმ მიზნით, რომ დავით გარეჯის თემიდან ყურადღება გადაიტანონ. მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აღლუმია, რაც მოსახლეობის დაპირისპირებას გამოიწვევს. თუმცა, ამის მიუხედავად, დავით გარეჯის თემას ვერ მივატოვებთ“.
მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ წმინდა წერილში ნახსენებია ასეთი გაუკუღმართებული და არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების არსებობა, რომლებიც უმძიმეს ცოდვაში იმყოფებიან და წმინდა წერილის თანახმად, ასეთი ადამიანები ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.
მამა მიქაელის თქმით, დედა ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთი ადამიანების მიერ თავიანთი ავადმყოფობის დემონსტრირებას.
„თუ ავადმყოფია ადამიანი, იგი ჩუმად მაინც უნდა იყოს. თუ ავადმყოფობის დემონსტრირებას ახდენს, ეს ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. საქართველოს საპატრიარქოსთვის ასეთი მარშები, ქუჩაში გამოსვლა და დემონსტრირება კატეგორიულად მიუღებელია. მათ იმკურნალონ და იფიქრონ თავიანთ სიჯანსაღზე, ნუ მოახდენენ ქუჩაში ხალხის პროვოცირებას და ისეთ რამეს ნუ გააკეთებენ, რაც ქართული საზოგადოების აღშფოთებას გამოიწვევს. არ ვიცი, ერთმანეთთან რამდენადაა დაკავშირებული დავით გარეჯის თემა და ეს თემა, თუმცა, როდესაც ქვეყანაში ასეთი პრობლემაა, როგორიცაა დავით გარეჯის მონასტერი და მასთან დაკავშირებული საკითხები, სხვა თემების წინ წამოწევა, შესაძლოა, ირიბად ამას უკავშირდებოდეს. თუმცა ამის მტკიცების დოკუმენტი არ გამაჩნია“, – გვითხრა მამა მიქაელმა.
მისი თქმით, პატრიარქი გუშინწინ გაფრინდა უცხოეთში და გასაკვირია, ასე უცებ როგორ მოახერხეს ამ აღლუმის ორგანიზება. მამამ მიქაელი არავის ურჩევს, იფიქრონ, რადგან ეკლესიის მეთაური არ ბრძანდება ქვეყანაში, ასეთი ძალების დემონსტრირების დრო დადგა.
„ისინი ავადმყოფებიც არიან და უმძიმეს ცოდვაშიც იმყოფებიან. ჩვენ ვართ ტრადიციული, მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, რომლისთვისაც ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის ნება. ასეთი საკითხები საზოგადოებასთან უნდა თანხმდებოდეს და არა ისე, რომ ვიღაცამ მოითხოვოს და შიშველმა გაიაროს ქუჩაში და ამის ნებართვა მიეცეს. ამაზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ, უნდა ჰქონდეს იმის ბერკეტები, რომ ხალხის გაღიზიანება არ გამოიწვიონ ერთეულმა ავადმყოფმა ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებაში ზიზღსა და სიძულვილს იწვევენ“.
ფსიქოლოგი მარინა ჩიტიშვილი მიიჩნევს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანები ტრადიციული ორიენტაციის არიან თუ არატრადიციულის, რადგან, როცა ჩვენი ქვეყანა აცხადებს, რომ დემოკრატიულია, ასეთ სახელმწიფოში ყველა ადამიანი თანასწორი უნდა იყოს და ყველა მათგანს თვითგამოხატვის უფლება უნდა ჰქონდეს.
„ეს ადამიანები გრძნობენ რა, რომ ისინი სტიგმატიზირებულნი არიან, ამ აღლუმით ხმამაღლა აცხადებენ თავიანთი განსხვავებულობის შესახებ. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს, ტრადიციული კულტურის წარმომადგენლები ბევრნი არიან თუ არა, სახელმწიფოს მოვალეობაა, დაიცვას სხვების უფლებები“.
მარინა ჩიტაშვილის თქმით, მართლია, ასეთი ადამიანები წინათ მალავდნენ თავიანთ ორიენტაციას, მაგრამ ეს იმის გამო ხდებოდა, რომ ადრე ეს სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა, რის გამოც ყოფილი საბჭოთა კავშირის მიმართ სერიოზული პრეტენზიები ისმოდა. უცხოეთში არ ესმოდათ, თუკი ეს ადამიანები არ იყვნენ კრიმინალები, რატომ იყვნენ ისინი თავიანთი განსხვავებული ორიენტაციის გამო შეზღუდულნი?! რატომ უწევდათ ამ ადამიანებს კრიმინალური პასუხისმგებლობის აღება, რაც აბსოლუტურად არაადექვატური იყო.
„ისინი მალავდნენ ამას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ უნდოდათ ციხეში მოხვედრა და არა იმის გამო, რომ ტრადიციების გამო ერიდებოდათ ორიენტაციის გამოაშკარავება. განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არ არის ავადმყოფობა. უფრო მეტიც, დაახლოებით 60-იანი წლებიდან განსხვავებული ორიენტაციის ქონა არანაირ ავადმყოფობას არ წარმოადგენს. ეს მათი არჩევანია და ისინი თავიანთ არჩევანს გამოხატავენ“.
დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია. ამჯერად იგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ტიპის დემონსტრაციას ჰყავს თავისი დამკვეთი და მიმღები, გეი–აღლუმს კი თბილისის საზოგადოებაში მიმღები არ ჰყოლია და ნებისმიერი ასეთი ტრანსპარანტი, რომელსაც აწერია „გაფერადდი“ და ასეთი იმპერატიული მოთხოვნები, ადამიანის თავისუფალ ნებაზე ძალადობას ნიშნავს.
„ამ შემთხვევაში, საზოგადოება ასეთი ტიპის აღლუმებს თავისუფალ ნებაზე ძალადობად, მომავალ თაობაზე მავნე ზეგავლენად აღიქვამს. ასეთი ტიპის პროტესტი, რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივია. ხელისუფლებას აქვს მცდელობა, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები გადაიფაროს მსგავსი ტიპის არაფრისმთქმელი, საზოგადოებისთვის შეურაცმხყოფელი და მაპროვოცირებელი ღონისძებებით. დღეს ამ მსვლელობის ინიციატორებიც და უშუალო მონაწილეებიც აღნიშნავდნენ ე.წ. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, რაც გაეროში აღინიშნება. თუმცა თავად ჰომოფობიის დეფინიციის (რაც გულისხმობს ირაციონალურ ზიზღსა და შიშს ჰომოსექსუალების მიმართ და რაც თურმე მსგავსია ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის) მოშველიებით, როგორც ჩანს, მის ინიციატორებს მომავალში მცდელობა ექნებათ, ჰომოფობიის გამოვლინების მქონე ადამიანები რაღაც ფორმით დაისაჯონ. ეს კი, ჩემი აზრით, შორსმიმავალი და ჩვენი საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი მოქმედებების სერიაა“.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, სანამ საქართველოში ჯანსაღი აზრი იარსებებს, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან პროტესტი მუდმივად გამოითქმება. ამასთან, დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ამ მსვლელობის მოწყობა ხელისუფლების ნებაა და ასეთი აზრი კულტივირდება ხელისუფლებაში, სწორედ მათი მხრიდან ხდება ამის წახალისება.