მორიგი შეტევა ქართველ ადვოკატებზე

მორიგი შეტევა ქართველ ადვოკატებზე

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ქართველ ადვოკატებს შეუტია - საქმიდან ჩამოშორებითა და ევროპულ სასამართლოში მოღვაწეობის აკრძალვით დაემუქრა. presage.tv გიამბობთ ერთი გახმაურებული და ერთი გაუხმაურებელი საქმის ირგვლივ, რომელიც ადვოკატ მამუკა ნოზაძისგან შევიტყვეთ.

ადვოკატების: ელისო ბუთხუზის, ლია მუხაშავრიას და ვახტანგ ვახტანგაძის ქმედება ერთ კონკრეტულ საქმეში (“ფრიდონ ბექაური საქართველოს წინააღმდეგ“) ევროპული სასამართლოს მხრიდან შეფასებულია, როგორც “სამარცხვინო“ და “გამაოგნებლად უპასუხისმგებლო“. ამ სამ ადვოკატს ჯერჯერობით არანაირი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვრცელი წერილი მიუძღვნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მეუღლის ჟურნალმა “ტაბულამ“ (http://www.tabula.ge/article-21882.html), რაზეც, როგორც იტყვიან, შესაშურად მყისიერი რეაგირება მოახდინა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ:

მუხაშავრიასა და ვახტანგაძეზე განაცხადა, რომ ისინი ასოციაციის წევრები არ არიან და “შესაბამისად, ისინი არ არიან ადვოკატები“, ხოლო ელისო ბუთხუზის საქმე განსახილველად ეთიკის კომისიას გადასცა. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში მითითებულია, რომ “ანალოგიური მოქმედებები განხორციელდება სხვა ადვოკატების მიმართაც, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აზრით, არღვევენ პროფესიული ეთიკის ნორმებს.“

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს განცხადების  (http://gba.ge/new/index.php?a=main&pid=681&lang=geo მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეთიკის კომისიას ადვოკატ მამუკა ნოზაძის საქმესაც გადასცემენ, რადგან ევროპულმა სასამართლომ მასაც შეუტია. ნოზაძე საქართველოში იმ თითებზე ჩამოსათვლელ ადვოკატებს შორისაა, რომლებიც საპროცესო გარიგებაზე არ მიდიან და სამართლებრივი კუთხით კლიენტის უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძვიან.

ევროპული სასამართლო მამუკა ნოზაძეს კლიენტთან შეუთანხმებელ მოქმედებებში ბრალს სდებს და კონკრეტული საქმეებიდან ჩამოშორებით ემუქრება:

“სასამართლო სინანულით  აღნიშნავს, რომ მომჩივნის წარმომადგენელმა თავის კლიენტთან შეთანხმების  გარეშე მისცა თავს უფლება სასამართლოსთვის წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები, რამაც მეტად აღაშფოთა სასამართლო და რაც იყო  წინააღმდეგი მომჩივნის სურვილისა. წარმომადგენელმა გადაამეტა თავის უფლებებს, მიცემულს მომჩივნის მიერ და ხელი შეუშალა სასამართლოს სწორ ფუნქციონირებას. უფრო მეტიც, მსგავსი ინციდენტი არ არის ერთადერთი; ამ ადვოკატის მიერ მსგავსი არაკორპორატიული ქმედება  დაფიქსირებულია სხვა საქმეშიც (იხილეთ  კოჭლამაზაშვილი  ვ.საქართველო, 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება).

თუმცა, სასამართლო  კიდევ  ერთხელ  ადასტურებს, რომ  მის მოვალეობაში ვერ  შევა  მომჩივნებისა და მათ წარმომადგენლებს შორის წარმოქმნილი  ურთიერთქმედებები, რაც შემდგომში სიძნელეს უქმნის სასამართლოს მუშაობას, რადგან არის შეუსაბამო მისი იმ სახით ფუნქციონირებასთან, რაც დადგენილია კონვენციის მიერ.  ნებით ან უნებლიეთ არასწორი გამოყენება სასამართლოს რესურსების, ნდობას  უკარგავს  ადვოკატის  მუშაობას სასამართლოს თვალში და თუ  ეს სისტემატურად ხდება, შეიძლება კიდეც დასრულდეს ადვოკატის საქმიდან ჩამოშორებით, რეგლამენტის 36 მუხლის თანახმად“.

ადვოკატ მამუკა ნოზაძის შეფასებით, ესაა საქართველოს ხელისუფლების მაამებელი გადაწყვეტილება, რაზეც ხელისუფლების, კონკრეტულად კი ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის, ნონა წოწორიას აშკარა გავლენა იგრძნობა. შეგახსენებთ, რომ 2005 წელს, მაშინ, როცა ზურაბ ადეიშვილს გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა, ნონა წოწორია მისი მოადგილე იყო და დღემდე ადეიშვილის კადრად ითვლება.

“ევროპული სასამართლოს მიერ 3 აპრილს გამოტანილ გადაწყვეტილებაში, რომლის ვრცელ ვარიანტსაც თქვენ გაეცანით, ფაქტიურად  ადვოკატს  ეკრძალება თავისი პოზიციის გამოხატვა და  რეალური მტკიცებულებების წარდგენა, რადგან სასამართლომ ეს შეიძლება მიიჩნიოს  სასამართლო რესურსის გამოყენებად. ამასთან, გადაწყვეტილებაში გამოხატულია მუქარა, რომ შესაძლოა საქმიდანაც კი ჩამოგაშორონ“, - ამბობს მამუკა ნოზაძე.

მისივე განმარტებით, ესაა აღმაშფოთებელი  ფაქტი, რადგან საქართველოს სასამართლოებმა (და არა მარტო  საქართველოს სასამართლოებმა) ეს პრეცედენტი  შეიძლება ფართოდ გამოიყენონ იმისათვის, რომ ადვოკატი საქმიდან ჩამოაშორონ, ან პროცესიდან გააძევონ, მხოლოდ იმის გამო, რომ ადვოკატი სისტემატურად აყენებს შუამდგომლობებს და სასამართლომ ეს შეიძლება სასამართლო რესურსის გამოყენებად მიიჩნიოს.

ადვოკატი მამუკა ნოზაძე დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველოს მოსამართლეებს 3 აპრილს გამოტანილი  პრეცედენტული გადაწყვეტილებების საფუძველზე ტრენინგები ჩაუტარდებათ და ფართოდ მოხდება ამ ფაქტის რეალიზება  ქართულ სასამართლო სისტემაში, რითაც ზოგადად ადვოკატის პოზიცია დაზარალდება.

presage.tv-ს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა 3 აპრილის გადაწყვეტილებას მიეცეს სამართლებრივი მსვლელობა, მამუკა ნოზაძემ მოგვიგო, რომ 16 მაისს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის სახელზე განცხადება შეიტანა, რომელშიც იგი ხატიაშვილს სთხოვს რეაგირებისთვის მიმართოს ევროპის მინისტრთა კაბინეტს და ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს. “დაველოდები ამას რა რეაგირება მოჰყვება და პასუხის შესაბამისად ვიმოქმედებ“, - ამბობს ნოზაძე.

ევროპული სასამართლოს მიერ 3 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ presage.tv-ს შემდეგი რამ უამბო:

“მამუკა  ალადაშვილის და მამუკა კოჭლამაზაშვილის  საჩივრები ევროპულ სასამართლოში 2009-2010 წლებში გაიგზავნა. ორივე მომჩივანი ასაჩივრებდა  მის მიმართ ევროპული კონვეციის  მე-3-ე  და  მე-2-ე მუხლებს. ანუ  არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას და სიცოცხლის უფლების  ხელყოფას. ორივე პიროვნება უმძიმესი ავადმყოფი იყო. ისინი ციხეში ყოფნისას დაავადდნენ. ევროპულმა სასამართლომ დაუყოვნებლივ დაიწყო საქმის განხილვა და საქართველოს მთავრობას შესაბამისი კითხვები დაუსვა.

ამავდროულად  ევროპულმა სასამართლომ  მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე და საქართველოს მთავრობას მიუთითა, რომ ორივე პიროვნება მოთავსებულიყო  სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში, ადეკვატური მკურნალობის ჩატარების მიზნით, რაც საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა. უფრო მეტიც,  ალადაშვილი გადაიყვანა არასამკურნალო სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში, ხოლო კოჭლამაზაშვილი ე.წ. ტუბზონიდან თბილისის N1 საპყრობილეში, სადაც შექმნილია არაადამიანური და ღირსების შემლახველი პირობები.

საქართველოს მთავრობამ და პირადად მე ევროპულ სასამართლოს წარვუდგინეთ ჩვენი მოსაზრებები - საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნების მიმართ არ დარღვეულა  კონვენციით გარანტირებული უფლებები, ხოლო მე შესაბამისი მტკიცებულებების მითითებით  დავუსაბუთე ევროპულ სასამართლოს, რომ დაირღვა მომჩივნების უფლება.

საქმის  განხილვა დასრულდა, გადაწყვეტილების მოლოდინში ვიყავით, მაგრამ მოხდა უპრეცედენტო რამ - 2011 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობის, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მითითებით მამუკა კოჭლამაზაშვილმა, მამუკა ალადაშვილმა და ვალერიან ბალიაშვილმა ხელი მოაწერეს ერთი და იგივე შინაარსის მქონე დაბეჭდილ ტექსტს, რომლის თანახმადაც ისინი სთხოვდნენ ევროპულ სასამართლოს, რომ მათი სააქმეები ამოერიცხათ საქმეთა სიიდან.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არც ერთმა მომჩივანმა არ იცოდა და დღესაც არ იცის მისი საქმის  ნომერი, რომელსაც ევროპული სასამართლო ანიჭებს. საკვირველია თუ ვინ მიაწოდა დაბეჭდილი ტექსტი მომჩივნებს და უშუალოდ ვისი ხელით გაიგზავნა  სტრასბურგში. რა თქმა უნდა, ამის უზრუნველყოფა მოახდინა  საქართველოს მთავრობამ, რადგან მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო  მითითებულ საქმეზე  სასამართლოს გამოეტანა გადაწყვეტილება, საქმეთა სიიდან ამორიცხვის თაობაზე, რადგან  ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ კონკრეტულ საქმეებს წააგებდნენ.  ევროპულმა სასამართლომ გადმომიგზავნა მომჩივანთა განცხადებები, ინფორმაციის მიიზნით და მთხოვა შესაბამისი მოსაზრებების წარდგენა.

ვალერიან  ბალიაშვილს გადაუვადეს სასჯელი ავადმყოფობის გამო და პატიმრობიდან გაათავისუფლეს.  ის შემხვდა და მითხრა,რომ მას ზეწოლის შედეგად  განცხადებაზე ხელი მოაწერინა  მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა  ვაჟა ცხვედიანმა.

ვალერიან ბალიაშვილმა ევროპული სასამართლოს სახელზე, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებები დაწერა და მოითხოვა, რომ  მხედველობაში არ მიეღოთ ის განცხადება, რომელიც მის ნებას არ გამოხატავდა და  რომელიც ზეწოლის შედეგად იქნა ხელმოწერილი. ბალიაშვილმა მოითხოვა კვლავ განეხილათ მისი საჩივარი. ვალერიან ბალიაშვილი დაწვრილებით აღწერდა თუ რა გარემოებში მოაწერინეს ხელი.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ვალერიან ბალიაშვილზე  შემდგომ  ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა  საგურამოს პოლიცია, საჩივრის გამოტანასთან დაკავშირებით, რაზეც presage.tv-ზე 12 მარტს გამოქვეყნდა წერილი სათაურით “ევროსასამართლოს კონფიდენციალური კორესპონდენცია მერაბიშვილის პოლიციელების ხელში ხვდება“, რომელშიც ბალიაშვილმა თავად გიამბოთ მასზე განხორციელებული მუქარისა და ზეწოლის ირგვლივ.

2011 წლის  28  ნოემბერს  ევროპულ სასამართლოს ჩემი მოსაზრებები გავუგზავნე, რომელშიც ყურადღებას ვამახვილებდი საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, იმ კუთხით, რომ  არაერთი ფაქტი იყო იმის დამადასტურებელი, რომლის თანახმადაც პატიმრებს აიძულებდნენ (მათ შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით), რომ მათ უარი განეცხადებინათ საჩივრებზე, რომელთა  საქმეებზე განხილვა  მიმდინარეობდა, ან დასრულებული იყო.

ევროპულ სასამართლოში ჩემს მიერ მითითებული იყო  კონკრეტული გვარები,  სახელდობრ დენის ყვარელაშვილის, მალხაზ ბადუაშვილის და სხვათა საქმეები,  რომლებმაც არაერთხელ მიმართეს  საქართველოს მთავარ პროკურატურას  გამოძიების დაწყების მოთხოვნით, იმის გამო, რომ მათზე განხორციელდა    ფიზიკური ანგარიშსწორება, რათა მათ უარი ეთქვათ ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ  საჩივრებზე და გამოეხმოთ საჩივრები.

აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლო ინფორმირებულია ყველა იმ ფაქტის თაობაზე, თუ რა ზეწოლა ხორციელდება მსჯავრდებულებზე ევროპული სასამართლოდან საჩივრის გამოტანის მიზნით. ჩემს წერილში ფაქტები იყო მიმოხილული და ვარაუდს გამოვთქვამდი, რომ კოჭლამაზაშვილის და ალადაშვილის ნება არ იყო თავისუფალი და მიმაჩნდა, რომ მათზე განხორციელდა ზეწოლა, რაც თავად ვალერიან ბალიაშვილმაც დაადასტურა.

ევროპულმა სასამართლომ  დამატებით, 6  დეკემბერს  წერილობით მაცნობა, რომ კიდევ ერთხელ შევხვედროდი მომჩივნებს და გამერკვია აცნობიერებდნენ თუ არა ისინი  საჩივრის გამოტანის შედეგებს; ასევე მთხოვეს მეცნობებინა ჩემი 28 აპრილის  წერილების გაგზავნამდე შევხვდი თუ არა  მომჩივნებს. ევროპულ სასამართლოს დამატებით 2011 წლის 20 დეკემბერს ვაცნობე ჩემი თვალსაზრისი, რადგან სასამართლომ ვადა 20 დეკემბრამდე განმისაზღვრა.

20 დეკემბრის წერილში კიდევ ერთხელ დავასაბუთე ჩემი მოსაზრებები და  დამატებით ვაცნობე, რომ ევროპულ სასამართლოში 28 ნოემბრის წერილის   გაგზავნამდე, კოჭლამაზაშვილს 17 ნოემბერს ციხეში შევხვდი. ასევე, სასამართლოს დავალების შესაბამისად დეკემბერში შევხვდი ალადაშვილს და კოჭლამაზაშვილს, რომლებმაც ვერ ახსნეს თუ რატომ მოაწერეს ხელი ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ წერილს და შეხვედრების დეტალების თაობაზე სასამართლოს ვაცნობე. სამწუხაროდ, ევროპულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩემს მიერ წარდგენილი არგუმენტაცია, არ გააანალიზა წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის კონკრეტული პრეცედენტები, პატიმართა ზეწოლის თაობაზე, ფაქტებს მიუყურისძირა და 3 აპრილს გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც მიმართულია ადვოკატურის და ადვოკატების წინააღმდეგ, რადგან ევროპული სასამართლო პირდაპირ უკრძალავს ადვოკატს აზრის გამოხატვას, რაც აღმაშფოთებელი და მეტად  საგანგაშო ფაქტია.

გულდასაწყვეტია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა წარდგენილი ფაქტები და რეალურ გარემოებებს არ მისცა სათანადო შეფასება. უფრო მეტიც, ფაქტების დამახინჯება მოხდა. არასწორი შეფასება მოხდა, თითქოსდა არ შევხვედრივარ ჩემს მარწმუნებლებს, რაც  არასწორია. თუმცა, კი მე არ მევალება  სისტემატურად ვხვდებოდე პატიმრებს, რადგან წარმომადგენელს უფლება აქვს მარწმუნებლის  საქმეზე გააკეთოს  შესაბამისი შეფასებები.

გულდასაწყვეტი და შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ უამრავ საქმეზე დასრულდა განხილვა ევროპულ სასამართლოში და დღემდე არ გამოაქვთ გადაწყვეტილება, მაშინ, როცა ნიკოლოზ მჭედლიშვილის საქმის განხილვა  2009 წელს დასრულდა, ხოლო მჭედლიშვილი 2011 წელს გარდაიცვალა, რაც სასამართლოსთვის ცნობილი ფაქტია,მაგრამ დღემდე არ არის გამოტანილი გადაწყვეტილება და მსგავსი უამრავი ფაქტია“.