გუშინ კოალიცია „თავისუფალი ბიზნესისთვის“ დაფუძნდა, რომელიც ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს (ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს, საერთაშოროსო გამჭვირვალობა-საქართველოს). კოალიცია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით შეიქმნა და მისი მიზანია, შეისწავლოს ის ფაქტორები, რაც საქართველოში ბიზნესის განვითარებას აფერხებს. მართალია, მსოფლიო ბანკის მონაცემები სულ სხვას ამტკიცებს (რომლის რეიტინგებშიც საქართველო ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, მოწინავე პოზიციაზეა), მაგრამ საქართველოში შექმნილ რეალობასა და ბიზნესზე განხორციელებული სახელისუფლო წნეხის შესახებ შეულამაზებელი ინფორმაცია თავად მოქმედ ბიზნესმენებს აქვთ. ქართველმა ბიზნესმენებმა უკეთ იციან, რატომ გამოდის სახელმწიფო ბიზნესმენის როლში? რა აკავშირებს ხელისუფლებას აფთიაქის, მარილის, სამშენებლო თუ სხვა კონკრეტულ ბიზნესებთან? ერთწლიანი მონიტორინგის პროცესში კოალიცია „თავისუფალი ბიზნესისთვის“ შეისწავლის ელიტური კორუფციის შემთხვევებს, კერძო კომპანიებზე სახელმწიფოს ზეწოლის ფაქტებს, იმ კომპანიების მფლობელებს, რომლებიც ყველაზე ხშირად იგებენ სახელმწიფო ტენდერებს, რაც მათ საეჭვო კავშირებზე მიუთითებს, ასევე,- საქართველოს საგადასახადო, მაკონტროლებელი სისტემისა და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის პრაქტიკას (მათ შორის, სასამართლო პრაქტიკას). მონიტორინგის შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება და საბოლოოდ ერთ წიგნში მოიყრის თავს, სახელწოდებით, „ვის ეკუთვნის საქართველო?!“ ბიზნესზე ზეწოლის შესახებ მონაცემებს კოალიციის წევრები არა მარტო სახელისუფლო და ბიზნესწრეებს, არამედ დიპკორპუსსაც გააცნობენ. კოალიციის წევრები აღნიშნავენ, რომ საქართველოში კორუფცია დაბალ დონეზე მართლაც შემცირდა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფციაა გამეფებული. კორუფციასთან ბრძოლა კი არაეფექტურია, რადგან ძლიერია შსს-სა და სამართალდამცავების ზეგავლენა, პარლამენტი კი არ ახორციელებს მონიტორინგს აღმასრულებელ ორგანოზე, საგამოძიებო ჟურნალისტიკა ნაკლებადაა განვითარებული და იშვიათია, რომ დადგეს სახელმწიფოს წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საკითხი. კოალიციის თვალთახედვის არეალში, ასევე, მოხვდება ცალკეული ბიზნესის წარმატების რეალური მიზეზები. კერძოდ, საინტერესოა, საქართველოში წარმატებულ ბიზნესმენებს მართლაც კონკრეტული სწორი სტრატეგია გააჩნიათ თუ მათ სახელმწიფო ეხმარება? ამასთან, გადაიხედება მათი კონტრაქტები და გაირკვევა, რა პირობებში მიიღეს ეს კონტრაქტები და, საერთოდ, რამდენად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს თამარ ჩუგოშვილს აინტერესებს, სად და როგორ მიდის კერძო ფონდებში სახელმწიფოსგან წასული თანხები, რაც კორუფციასთან პირდაპირკავშირშია. რატომ გადასცემს სახელმწიფო ქონებას გარკვეულ კერძო ფონდებს, რომლებიც, ყოველგვარი კანონიერების დაცვის გარეშე, ამ ქონებას ასხვისებენ?! რატომ არსებობენ თბილისში გარევაჭრობის სფეროში პრივილეგირებული კომპანიები?! რატომ არის ჩვენს ქვეყანაში მაღალი საჯარიმო სანქციები, რაც კონკრეტული კომპანიის ბიზნესის ბრუნვას აღემატება და რის გამოც ასეთი ბიზნესები წყდება. რაც მეტი ფული იხარჯება სახელმწიფოს მიერ ბიზნესის სექტორში, მით მეტია კორუფციული სქემის ალბათობა. „მწვანე ალტერნატივა“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი,, Presage.tv-სთან საუბარში გარემოს დაცვის სფეროში არსებულ განუკითხაობაზე საუბრობს. მისი თქმით, მისი ორგანიზაცია კოალიცია „თავისუფალი ბიზნესისთვის“ ფარგლებში ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებს გაუწევს მონიტორინგს და ტყით სარგებლობის, ჰიდროელექტროსადგურებისა და წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავების თემებით დაკავდება. „ცალკეული კომპანიები საეჭვო გარემოებაში ხშირად იგებენ ტენდერებს, არსებობს ნეპოტისტური კავშირები. ყურადღებას დავუთმობთ ელიტური კორუფციის მექანიზმებს. იმავე გარემოს დაცვისა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საჯარო უწყებებში ადამიანები ინიშნებიან არა ცოდნისა და წარსული გამოცდილების, არამედ იმის მიხედვით, რომ არიან მინისტრის ძმაკაცები, ნათესავები, კლასელები ან პარტიული მეგობრები“. „თბილისის წყლისა“ და „მადნეულთან“ დაკავშირებულ საეჭვო გარიგებებზე რისი თქმა შეგიძლიათ? - კომპანია „პრომიშლენნი ინვესტორის“ (მოსკოვი) მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კობა ნაყოფია ჩამოვიდა და დანიშნეს „მადნეულის“ გაკოტრების მმართველად, შემდეგ გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე გადადგა და პრივატიზების შემდეგ აღმოჩნდა იმ საწარმოს გენერალური დირექტორი, რომელიც გააკოტრა. ბოლოს კი დეპუტატად მოგვევლინა. სწორედ ეს არის ნეპოტიზმი. „თბილისის წყლის“ პრივატიზებაც უკანონოდ მოხდა? - თბილისის წყლის, ანუ ოფშორში დარეგისტრირებული ამ ორგანიზაციის პრივატიზება აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ მოხდა. ამასთან დაკავშირებით ახლაც მიმდინარეობს სასამართლო დავა, „მწვანე ალტერნატივაა“ ჩართული ამ დავაში და აღმოჩნდა, რომ უკანონოდ გასაიდუმლოებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ თანხასა და ტენდერში დაფიქსირებულ თანხას შორის ასი მილიონი ლარია სხვაობა. თუ ვინ დგას თბილისის წყლის უკან - კონკრეტული სახელების დასახელება შეუძლებელია, რადგან, ფაქტობრივად, აქაური მენეჯმენტი გვეუბნება, რომ ამ ტენდერის მფლობელი თავად არ არის და მის უკან დგას ოფშორში დარეგისტრირებული პირი, რომელსაც იგი არ იცნობს. ტყით სარგებლობასთან დაკავშირებითაც კორუფციული სქემა გამოიკვეთა? - წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლის ხის მოჭრაზე გაიცა ნებართვები.ეს ყველაფერი მთავრობის დადგენილებებით დაიწყო, მინისტრის ბრძანებით გაგრძელდა, შემდეგ კი დასრულდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გაცემული ხელშეკრულებით. მთელი ეს ვერტიკალი აგებულია ნეპოტიზმზე. ასე მარტივად არ ხდება, რომ ვიღაცას რამე ეპატიოს, თუ რომელიმე მნიშვნელოვანი პირი არ დგას მის უკან. იქნებ დაგვისახელოთ, ვინ მფარველობს ამ ყველაფერს - თუნდაც ხეების ბიზნესს? - სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვა პირი შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარია, რომ ხელისუფლების შტოსკენ მივდივართ. როგორც გამოჩნდა, წაბლის ხეებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ფირმის უკან იდგა დეპუტატ არჩილ გეგენავას ძმა. ზოგიერთი აქ მოჭრილი წაბლის ხე უცხოეთში გაჰქონდათ, ზოგს კი აქვე ამუშავებდნენ.
|