„რამდენ ადამიანსაც გავიყვანთ, შეიძლება, იმდენი გადაურჩეს მომავალ ღვარცოფებსა და მიწისძვრებს“

„რამდენ ადამიანსაც გავიყვანთ, შეიძლება, იმდენი გადაურჩეს მომავალ ღვარცოფებსა და მიწისძვრებს“

 

ძველ თბილისელებს კარგად ახსოვთ 1957 წლის ტრაგედია, როცა თბილისის გოგირდოვან აბანოში წყალი მოვარდა და უამრავი ადამიანი დაიღუპა. ამ ტრაგედიამ ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონშიც“ ჰპოვა ასახვა, სადაც ვერელი გოგოს - მარგოს ტრაგედია იყო აღწერილი.

13 მაისს მომხდარ წყალდიდობას საქართველოს მთავრობა მოუმზადებელი დახვდა. ყველაზე მეტად ორთაჭალა დაზარალდა და სტიქიის გამო გზები ჩაიხერგა. იქაურების ინფორმაციით, კრწანისის ტერიტორიაზე არაბ შეიხს ოცი წლის წინ მიწის ნაკვეთი შეუძენია, სადაც დღესდღეობით არ ცხოვრობს, მაგრამ საიდუმლოდ დაგუბებული მისი ტბიდან წყალდიდობის დროს  წყალი გადმოსულა, რომელსაც გასასვლელი ვერც არხიდან და ვერც კოლექტორიდან ვერ უნახავს (რადგან წყალდიდობის დროს ორივე ალტერნატიული გასასველი ხეებს ჩაეხერგა) და ქუჩაში თევზები და კატერები მოცურავდა. ისეთი გუგუნი ამტყდარა, ორთაჭალელებს მიწისძვრა ჰგონებიათ, წყალი კი სახლებში შევარდნილა. მოგვიანებით გაირკვა, რომ წყალდიდობამ ხუთი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ტრაგედიის დღეს დედაქალაქის მთავრობა ფეხზე დადგა, პრეზიდენტმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და ბარაკებისგან თბილისის გაწმენდის განკარგულება გასცა, თუმცა, მალევე, მიხეილ სააკაშვილი სლოვენიაში საქართველო-ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გაეშურა. ამასობაში კი გაირკვა, რომ დედაქალაქში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრას  2-3 მილიონი ლარი დასჭირდება.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოების ქსელის ხელმძღვანელმა რევაზ გეთიაშვილმა Presage.tv -სთან საუბარში აღნიშნა, რომ თბილისში წყალდიდობის წინასწარი პროგნოზირება შესაძლებელი იყო, რაც ამხელა ზარალს აგვაცილებდა და  ზარალი ათჯერ უფრო ნაკლები იქნებოდა.

მისი თქმით, შეტყობინების სისტემა არ იყო მოწესრიგებული, ასე რომ ყოფილიყო, ადამიანები სარდაფებში არ დარჩებოდნენ და ტრაგედიისგან თავს დააღწევდნენ.

რეზო გეთიაშვილის ინფორმაციით, უკვე არსებობს ოფიციალური სამეცნიერო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თბილისში საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი რისკის ზონები შეინიშნება. კერძოდ, 60-ზე მეტი მეწყრული უბანი, 52 ღვარცოფული ხევი, 10-მდე მცირე მდინარე, გრავიტაციული ქვათა ცვენისა და კლდე-ზვავის უბნები. არის მეწყერები, რომელთა ფართობიც 100 ჰექტარს აღემატება და მილიონობით მეტრ/კუბს შეადგენს მათი მოცულობა. ამას კი ისიც ართულებს, რომ თბილისი საკმაოდ სენსიტიურ ადგილზე მდებარეობს, სადაც არაერთგვაროვანი გეოლოგიური აგებულება, რთული და აქტიური ტექტონიკა და გრუნტების მრავალფეროვნებაა. არის ე.წ. დამარხული დეპრესიებიც, როგორიცაა ტბიურ-ჭაობური ნალექები, ხევები, მათ შორის, მიწის ქვეშ მოყოლილი ხევები. ამ დროს კი სამეურნეო წყლების ტექნიკური ქსელი გაუმართავია და ამ ყველაფერს ემატება საინჟინრო-სამეურნეო ათვისების პროექტების არასაკმარისი დასაბუთება. ის თანხა კი, რაც ხევების გასაწმენდადაა გამოყოფილი, ძალიან მცირეა. უფრო მეტიც,  გეთიაშვილის სიტყვით, ბიუჯეტში სტიქიის პრევენციისთვის გამოყოფილი თანხები დაუსაბუთებლად შეამცირეს, რის გამოც, ქვეყანას ასობით მილიონი ლარის ზარალი მიადგა.

რეზო გეთიაშვილის თქმით, პრობლემას ისიც ართულებს, რომ თბილისი გადაჭარბებულ ანთროპოგენურ დატვირთვას განიცდის და აქ საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხოვრობს მოსახლეობა.

 „გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სხვა ცნობილი მეცნიერების მიერ დადგენილი ოფიციალური სამეცნიერო დასკვნა არსებობს, რის შესახებაც ინფორმაცია თბილისის თვითმმართველობასა და მერიას, რა თქმა უნდა, ჰქონდა. ბუნებრივია, ეს მოითხოვდა შესაბამის მართვასა და რეაგირებას, ბიუჯეტის ისე აწყობას, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების ასაცილებლად თანხა დროულად გამოყოფილიყო. რეკომენდაციები ჯერჯერობით არ სრულდება და ამის გარეშე თბილისის მოსახლეობა ვერ იქნება დაცული. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი ვითარებაა - სტიქიის შესახებ პროგნოზი გაკეთებულია და ამ დროს კი ხელისუფლებაც და მოსახლეობაც ელოდება, როდის გაწვიმდება და მოხდება სტიქია. როცა შედეგის წინაშე ვდგავართ და პრევენცია დაგვიანებულია, მხოლოდ მაშინ ინტერესდება ყველა უწყება“, - აცხადებს რევაზ გეთიაშვილი.

მისი თქმით, ეს პრობლემა მარტო დედაქალაქს არ ეხება. უფრო მეტიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, იმავე რეგიონალური განვითარების სამინისტროს თუ გარემოს დაცვის სამინისტროს აქვთ საშიშ ობიექტთა ნუსხა, სადაც ძალიან მაღალი რისკებია მოცემული და, შესაძლებელია, ნებისმიერ დროს ტრაგედია დატრიალდეს.

„არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელი სტიქიების მხრივ თბილისში მართლა საგანგაშო სიტუაციაა. თუმცა, რაზეც არ გვაქვს ინფორმაცია, ესეც საგანგაშოა, რადგან ასეთი პრობლემების მქონე ქალაქში შესაბამისი მონიტორინგი უნდა ტარდებოდეს და ეს უნდა იყოს თბილისის მერიისა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი“.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პრობლემა მარტო ძველ უბნებს არ ეხება, სადაც შენობები ავარიულია, არამედ ე.წ. ახალ უბნებსაც, სადაც მაღალი შენობები (მათ შორის, გადახრილი შენობებიც) რისკის ქვეშ არიან.

ასოციაცია „სამშენებლო მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე” ხელმძღვანელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე ბარაკების აღების თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივას ეხმიანება. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ბარაკები დროებითი ნაგებობებია და მუდმივი ბარაკის ცნება არ არსებობს. ამ ბარაკებს კი თავიანთი დრო უკვე გასული აქვს და ამორტიზაციას ექვემდებარებიან. თუმცა ჩვენი ხელისუფლების ქმედებები, როგორც წესი, დაგვიანებულია.

„როდესაც მიწისძვრა ან წყალდიდობა მოხდება, მერე „შეფუცხუნდებიან“. არადა,  ნაწინასწარმეტყველებია, რომ ეს აპოკალიფსური მოვლენები - ნიაღვრები, მიწისძვრები, კატაკლიზმები უფრო და უფრო გაძლიერდება. ამისთვის, პრევენციის მიზნით, მთელი მსოფლიო ემზადება. მეც წერილი მივწერე ხელისუფლებას, ქალაქის მერსა და საპატრიარქოს, სათაურით - „აპოკალიფსური უსტარი საქართველოს მოსახლეობას“, ვურჩევდი, რომ მომზადებულები უნდა შევხვედროდით სტიქიურ მოვლენებს, ჩამოყალიბებული მქონდა, ამისთვის რა უნდა გაკეთებულიყო, თუმცა პასუხი მხოლოდ საპატრიარქოდან მივიღე. საპატრიარქოში ბაკურ გულუას შევხვდით, ვესაუბრეთ, მაგრამ საპატრიარქო რას გასწვდება? იქ ძალიან გლობალური საკითხებია“.

თუმცა ანზორ საკანდელიძისთვის დიდი სტიმული იყო, როცა პატრიარქი მის წერილს გამოეხმაურა და რამდენიმე თვეში განაცხადა, თუ ვინმე ააშენებს ქართულ სოფლებს, ახალ დასახლებებს, საპატრიარქო თავის კუთვნილ მიწებს უფასოდ გადასცემსო. კერძოდ, ანზორ საკანდელიძე უკვე წლებია, დედაქალაქის განტვირთვას მოითხოვს. მისი აზრით, თბილისიდან მოსახლეობის გაყვანაზე უნდა ვიფიქროთ და   საამისოდ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს.

„პირდაპირ ვწერდი, რამდენ ქართველსაც გავიყვანთ თბილისიდან, შეიძლება, იმდენი ქართველი გადარჩეს საქართველოში მომავალი მიწისძვრებისგან. ვისაც  სოფელი აქვს, უმჯობესია, მშობლიურ მხარეს დაუბრუნდეს. ამჟამად ეკონომიკურ პროგრამაზე ვმუშაობთ და გამოვაქვეყნებთ, თუ როგორ უნდა მივცეთ სტიმული ხალხის უკან დაბრუნებას. სოფლებისკენ უკუმიგრაცია აუცილებლად უნდა დაიწყოს. ლაზიკას რომ ვაშენებთ და ვიღაცების ჩამოსახლება გვინდა, რისთვის ვაშენებთ, ვიცით?! ამ დროს კი ნახევარი მილიონი ადამიანის თბილისიდან გაყვანა მათი გადარჩენა იქნებოდა“, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე Presage.tv -სთან საუბარში.

მეცნიერის თქმით, ეს ადამიანები ისეთ ბინებში ცხოვრობენ, რომ დღეს თუ ხვალ თავზე დაემხობათ, რაც უდიდესი მსხვერპლი იქნება. მისი აზრით, ხელისუფლება 220 მილიონზე მეტს კი არ უნდა ფლანგავდეს აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისთვის, არამედ ისეთი წერტილები უნდა მოაწესრიგოს, რომლებიც ღვარცოფის მოვარდნისას ზარალის შემამცირებელი იქნება.

„ტბა გაუკეთებიათ, ალბათ, - უნებართვოდ, ეკოლოგების დასკვნის გარეშე. როდესაც აღარ გაატარა გვირაბმა წყალი, მერე გადმოვიდა და დაახლოებით იგივე მოხდა, რაც თავის დროზე - რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ჩინელებს თუ ვიღაცებს ზემოთ თევზსაჭერი წყლები ჰქონიათ დაშენებული, ზუსტად იქიდან წამოვიდა წყლის ნაკადი და ამან გამოიწვია საშინელი ღვარცოფი, წაილეკა იქაურობა და მსხვერპლიც იყო. ახლაც ამის მსგავსი მოხდა ორთაჭალაში. ამიტომ სპეციალისტებთან შეთანხმების გარეშე არაფრის გაკეთება არ შეიძლება“.

ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ სანიაღვრე სისტემა მთელ ქალაქში მოშლილია. ასეთმა პატარა წვიმამ ქალაქი ასეთ დღეში ჩააყენა და რა მოხდება, უარესი სტიქიის დროს?! იმ ფონზე, როდესაც ქალაქში მშენებლობების ბუმია და ამდენი ახალი სახლი შენდება, მთელი კანალიზაცია, სანიაღვრე სისტემა ძველია. არავინ ფიქრობს მის განახლებას, რეაბილიტაციას. ცხადია, ქალაქი, რომელიც 200-300 ათას, თუ ნახევარ მილიონ მცხოვრებზე იყო გათვლილი, მილიონნახევრიანი მოსახლის მოთხოვნას ვეღარ გაართმევს თავს.

„თავდაპირველად ჩვენი დედაქალაქი ამდენ მოსახლეზე არ ყოფილა გაანგარიშებული. ამიტომაცაა ქალაქი ხელახლა გადასაპროექტებელი. სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელსაც მთაგორიანი რელიეფი აქვს და ასეთი მოვარდნები და ღვარცოფები ყოველთვის მოსალოდნელია. ძველი სახლების ჩამონგრევის საშიშროება წყალდიდობების დროს ისევ არსებობს, გრუნტი დასუსტებულია, ძველი სახლები კი შეუმოწმებელია. ახალი სახლებიც არაა კარგ მდგომარეობაში“.

ანზორ საკანდელიძის ინფორმაციით, საზღვარგარეთ საცხოვრებელი კორპუსების ვარგისიანობის შესამოწმებლად მარტივ ტესტს მიმართავენ: თუ საცხოვრებელი სახლის კორპუსის საძირკვლებში ან სარდაფში წყალი დგას, ეს სახლი უკვე ავარიულად ითვლება და შემდგომი ექსპერტიზა თუ დიაგნოსტიკა აღარ სჭირდება. ჩვენთან კი, მეცნიერის თქმით, საბედნიეროდ, ორთაჭლის საპატიმროებში პატიმრები არ იყვნენ, თორემ მიწისქვეშა კარცერებში, რომლებიც 10-15 მეტრის სიღრმეში მდებარეობს, ხალხი დაიხრჩობოდა.

ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე Presage.tv -სთან კომენტირებისას იხსენებს, რომ მსგავსი წყალდიდობები ადრეც მომხდარა და სპეციალისტებს უარესი შემთხვევებიც ახსოვთ. 2008 წლის 20 სექტემბერს სამ საათში 186 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, (განსხვავებით 13 მაისისგან, როცა თბილისში სამ საათში 93 მილიმეტრი ნალექი დაფიქსირდა, ანუ ორჯერ ნაკლები ნალექი). მაშინ სართიჭალაში იყო წყალმოვარდნის პიკი, დაიტბორა სარდაფები და ადამიანებიც დაიღუპნენ გაჩიანში. 2009 წლის 5 მაისს, ოთხ საათში 87 მილიმეტრი დაფიქსირდა. ასევე, 1972 წელს მოვიდა ძალიან ძლიერი წვიმა თბილისში, ვაშლიჯვრის მონაცემებით, 130 მილიმეტრი მოვიდა, რაც მაშინ კატასტროფა იყო.

„ვერ ვიტყვი, რომ წელს სტიქიური შემთხვევების რიცხვმა იმატა. საერთოდ, მაისი ყველაზე წვიმიანი თვეა, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში ხშირია ლოკალურად ძლიერი წვიმები, ელჭექთან ერთად. უახლოეს დღეებში ვინარჩუნებთ ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმებს. შესაძლებელია, ცალკეულ რეგიონებში ძლიერი წვიმაც მოვიდეს“.

გლობალურ დათბობასთან ამ სტიქიის კავშირზე საუბრისგან სვეტლანა ნიორაძე თავს იკავებს. თუმცა აცხადებს, რომ ორთაჭალაში მოვარდნილი წყალდიდობის შემდეგ სამაშველო სამსახურმა ძალიან კარგად იმუშავა და ოპერატიულად დაიწყო სამაშველო ოპერაციები. რაც შეეხება ტბის ადიდების შესახებ ინფორმაციას, მისი თქმით, ამის შესახებ მანაც ტელევიზიიდან შეიტყო.

„ტბიდან გადმოსული წყალი კრწანისიდან წამოვიდა. ხეებით ჩახერგილმა გვირაბმა ვერ გაატარა წყალი და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა“, - განმარტავს სპეციალისტი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსის ემილ წერეთლის კვლევის თანახმად, ქალაქის ურბანიზებულ ტერიტორიაზე გამოიყოფა ორი - ვაკე-საბურთალოსა და დელისის დეპრესია, მაღალი დეფორმაციული და დაბალი სიმტკიცის ჭარბტენიანი თიხოვანი გრუნტებით. აქ შენობა-ნაგებობების პროექტირება და მშენებლობა განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს და მნიშვნელოვნად აძვირებს მშენებლობის ღირებულებას. ცალკე პრობლემაა განამარხებული კანიონისებური ქვაბულები მდინარე ვერეს მარჯვენა ნაპირზე. მაღალი დეფორმაციულობით გამოირჩევა მტკვრის ორივე სანაპიროს გამომშრალი თიხნარები და თიხები. მეორე მხრივ, იგივე თიხნარები და თიხები ნოტიო პირობებში დაბალი სიმტკიცით ხასიათდებიან. ამის გაუთვალისწინებლობის გამო ხშირია ახლად აგებული ნაგებობების, მათ შორის, მრავალსართულიანი კორპუსების საძირკვლების ჯდენის მიზეზი. თბილისის ძველ უბნებში ადგილი აქვს თიხოვანი და მტვრის ფრაქციების მუდმივ გამორეცხვას გრუნტის წყლებით, რაც შენობა-ნაგებობათა საძირკვლების ინტენსიურ ჯდენებს და კედლების დანაპრალიანებას განაპირობებს.

მეცნიერის თქმით, დღევანდელ საქართველოში არ არსებობს დაპროექტებისა და მშენებლობის ხარისხობრივი კონტროლის რეგულაციები (სტანდარტი, სახელმწიფო ნორმები, წესები), რაც საქართველოზე იქნებოდა მორგებული. ყველა უცხოური კომპანია, რომელიც საქართველოში მშენებლობითაა დაკავებული, საკუთარი ქვეყნის ნორმატივებით სარგებლობს. ქართული კომპანიები კი ძირითადად ყოფილი საბჭოთა სტანდარტებით სარგებლობენ, რაც დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება. არადა, ამ სტანდარტების დაცვა  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის ტერიტორიაზე დაგეგმილი ზემაღალი ნაგებობებისთვის.

თბილისის სწრაფმა და უსისტემო ზრდამ გარემოს გეოეკოლოგიური სიტუაცია კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. 1876 წლის აღწერით, თბილისის მოსახლეობა 104 000-ს შეადგენდა, მისი ფართობი კი - 804 ჰექტარს, რომლის 20% ბაღებს ეკავა. 1921 წლისთვის ქალაქის მოსახლოება გაორმაგდა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში 800 000-ს, 80-იანი წლებში კი - 1,5 მილიონს მიაღწია. გაიზარდა ქალაქის ფართობიც და 36 000 ჰექტარს გადააჭარბა. აქედან კი მშენებლობისთვის ნაკლებად ხელსაყრელი ფართობები (ციცაბო ფერდობები, ხევები) 14 000 ჰექტარს, ანუ მთელი ტერიტორიის 38,2 %-ს შეადგენს.

იმის გამო, რომ ასათვისებელი ფართობები თითქმის აღარ იყო, ქალაქის გაფართოება საინჟინრო გეოლოგიისთვის მიუღებელ ან უკიდურესად რთულ არეალებში ხდებოდა.

ემილ წერეთელი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ გაცილებით კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას სცოდნოდა, თუ რა სიტუაციაა თბილისის ხევებში. მაშინ გვეცოდინებოდა, სად იყო საშიშროების რისკი.

„სამწუხაროდ, თბილისზე მონიტორინგს ჩვენ აღარ ვატარებთ. ადრე, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე,  ყოველწლიურ მონიტორინგს ატარებდა გეოლოგიის სამსახური. ამის შემდეგ მონიტორინგი აღარ ჩატარებულა, რადგან არ დაუკვეთიათ. ამჟამად, ჩვენ საქართველოს სხვადასხვა რაიონებს ვაკვირდებით, თბილისი კი არ გვევალება. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, მერიას დაეკვეთა და თბილისზეც მოვახდენდით მონიტორინგს. მით უმეტეს, რომ 2000 წლის შემდეგ მომხდარმა მიწისძვრებმა გაართულა სიტუაცია. საჭიროა, შედგეს თბილისის გეოდინამიკური, ანუ საშიშროების ახალი რუკა და დაიწყოს მონიტორინგი. თუმცა ამაზე რეაგირება არ ჰქონიათ, გვითხრეს, ამას ჩვენ თვითონ ვახორციელებთო. თუ ახორციელებთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ-თქო, - ვუთხარი“, - აცხადებს ემილ წერეთელი.

მისი თქმით, საქართველო რთულ რელიეფურ სიტუაციაშია, ამიტომ, თუ რუსეთში ან ევროპაში მონიტორინგისთვის ერთი-ორი სადგური ჰყოფნით, საქართველოსთვის ეს არასაკმარისია. მაგალითად, 13 მაისის ღამეს თბილისში მომხდარი კატასტროფის დროს ვაშლიჯვრის მეტეოსადგურმა 98 მილიმეტრი ნალექი დააფიქსირა, ვერის ხეობაში უნივერსიტეტის ლაბორატორიამ - 138 ნალექი აღნიშნა, ხოლო აეროპორტში - 5 მილიმეტრი. ანუ, ამ პატარა სივრცეში ასეთი განსხვავება დაფიქსირდა.

„კრწანისის ხევს თელეთის ქედიდან ისედაც ძალიან ბევრი მშრალი ხევი უერთდება. როგორც ჩანს, კრწანისში არსებულ ტბაში დიდი რაოდენობით წყალი შევიდა, ტბის ზედა ნაწილი ნაპირზე გადმოვიდა და გარკვეული რაოდენობით წყალი გადმოვიდა იმ ხევში, რომელიც მერე შეუერთდა კრწანისის მთავარ ხევს. ეტყობა, სადღაც მოხდა ჩახერგვა და ამან გამოიწვია ასეთი საშინელი კატასტროფა“.

მისი თქმით, მამა დავითის, თელეთის თუ სხვა ქედები მშრალი ხევებია, რომლებიც თავისებურად ღვარცოფ მატარებელია, ანუ თავისებური წყალმოვარდნები ახასიათებს. წერეთლის აზრით, მარტო წყალმოვარდნას გაატარებდა კოლექტორები, მაგრამ გეოლოგიურად რთული სიტუაცია შეიქმნა. მონიტორინგი რომ ჩაეტარებინათ, ეს მაინც ეცოდინებოდათ, რომ ხევები ჩაიხერგებოდა. მით უმეტეს, ქვედა ნაწილში ყველა ხევი დამარხულია და ისინი ახლა აღარ უერთდება მტკვარს.

მეცნიერის თქმით, ყველა ტერიტორია წინასწარ უნდა შეფასდეს, სანამ იქ მშენებლობა დაიწყება. ამის მაგალითად შარშან რიკოთის უღელტეხილთან მომხდარ კატასტროფას იხსენებს. მაშინაც ექსტრემალური სიტუაცია იყო, ნალექები წამოვიდა, მეწყრები წარმოიქმნა, მეწყრებმა კი გზა გადაკეტა. ასეთ ადგილას კი ნებისმიერი გეოლოგი რესტორნის მშენებლობის უფლებას არ დართავდა.

ემილ წერეთლის აზრით, ყველაზე საშიში მტკვრის მარცხენა მხარეს, სადაც მეწყრების საშიშროებაა. მარჯვენა მხარეს კი ღვარცოფული მოვლენებია. თუმცა მარჯვენა მხარესაც - ვერის ხეობაში მეწყერი ფართოდაა გავრცელებული და თბილისში სულ 60-მდე მეწყრული უბანია.

Presage.tv თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს გიორგი ყოჩიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ღვარცოფებისა და სტიქიების წინ ქალაქის მომზადება კომპლექსური საკითხია. თუმცა მისივე განმარტებით, ძლიერი წვიმებისთვის ქალაქის უდიდესი ნაწილი მომზადებულია. ამის მიუხედავად,  ცალკეულ ეზოებში სანიაღვრეების სახით პატარა პრობლემა მაინც არსებობს.

„მოგეხსენებათ, მთელი ამ სისტემის რეაბილიტაცია, რაც წლების მანძილზე არ კეთდებოდა, სულ რამდენიმე წელია, დავიწყეთ. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ცენტრალური სანიაღვრეები გამართულად მუშაობს, დარჩა მხოლოდ პატარა ეზოების სანიაღვრეები. ის, რაც ამ დღეებში მოხდა, ეს არ იყო უბრალო ან ძლიერი წვიმა, ეს იყო კატაკლიზმური მოვლენა, ბუნებრივი კატასტროფა, რამაც გამოიწვია კლდის მასივების, ხეების, მიწის მოგლეჯა, ლოდების ჩახერგვა და კოლექტორში ჩატანა“, - აცხადებს გიორგი ყოჩიაშვილი.

იგი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოლექტორი უზარმაზარია, ორი გვირაბის მოცულობისაა და ნებისმიერი რაოდენობის წყალს ატარებს, ამ კატასტროფას ვერ გაუძლო და გასკდა. ასეთი მოვლენის წინასწარ პროგნოზირება, რაც შეიძლება, 50 წელიწადში ერთხელ მოხდეს, ნებისმიერი ქვეყნისთვის შეუძლებელია.

მომხდარ ტრაგედიას გიორგი ყოჩიაშვილი ხელოვნურ ტბას არ უკავშირებს. მისი თქმით, მართალია, ტბის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა, მაგრამ იმ დროს, როდესაც წყალი მოდიოდა, პირადად ქალაქის მერი იყო ზემოთ ასული, მოგვიანებით კეთილმოწყობის სამსახურმაც დაათვალიერა შემოგარენი და დარწმუნდნენ, რომ ტბა არ დანგრეულა, არც გადმოსულა.

„უბრალოდ, ორთაჭალის უკან დიდი ქედის კალთებიდან წამოსულმა ღვარცოფმა  მოგლიჯა ხეები, მოანგრია კლდეები და მიწა“.

ჩვენს შეკითხვაზე, მაშინ რატომ დაცურავდნენ ორთაჭალაში თევზები, გიორგი ყოჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მთელი 24 საათის განმავლობაში, იგი ორთაჭალაშია და იქ თევზი არ უნახავს. თუმცა არ გამორიცხა, რომ კოლექტორში შესულ წყალს, შეიძლება, მოჰყოლოდა თევზები.

„ამ დროისთვის, რაც შევისწავლეთ, იქ არანაირი ტბის პრობლემა არ ყოფილა. ერთადერთი შენობა დაინგრა, რომელსაც დიდმა ტალღამ დაარტყა. იმ შენობის ადგილას, რაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც დაინგრეოდა. ეს გამძვინვარებული სტიქია იყო, რომელსაც ვერ გავთვლიდით. 100, 80 წლის წინ აშენებულ სახლებს დავანგრევდით თუ ხელახლა ავაშენებდით?! ვინმე გვეტყოდა, რომ ასეთი უბედურება მოხდებოდა? ვინმეს გაუგია რომელიმე ორგანოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ამ დღეებში უზარმაზარ ღვარცოფს უნდა ელოდეთო? ამის პროგნოზირება არცერთ ქვეყანაში არ ხდება“.

ყოჩიაშვილის თქმით, ნახევარი თბილისი, განსაკუთრებით, ძველი უბნები,  წინა საუკუნეებშია აშენებული, ამდენად, მთელი ქალაქის დანგრევა და ხელახალა აშენება ვერ მოხდებოდა. ვერც დაბალსართულიან ძველებურ სახლებს დაიცავდნენ წყალმოვარდნისგან.

„ეს აბსურდული თემაა. ძველ თბილისს ვერ დავანგრევთ და ხელახლა ვერ ავაშენებთ!“ - აცხადებს გიორგი ყოჩიაშვილი და განმარტავს, რომ ბარაკების აღებასთან დაკავშირებთ კომპეტენტური სამსახური უკვე მუშაობს.   

იმის გასარკვევად, რამდენად მომზადებული შეხვდა დედაქალაქი სტიქიას, Presage.tv-მ უმრავლესობის დეპუტატებთან დაკავშირება სცადა. თუმცა, როგორც წესი, მათი უმეტესობა ტელეფონს არ პასუხობდა. ბოლოს გაგვიმართლა და ეკა ხერხეულიძის ხმა გავიგონეთ, თუმცა შეიტყო რა, საიდანაც ვიყავით და რა თემა გვაინტერესებდა, ერთადერთი რამ იკითხა: მშვიდობაა? და ყურმილი გათიშა. უმრავლესობის წევრმა ხათუნა ოჩიაურმა კი გაიხსენა დატბორილი ევროპა, რამდენიმე წლის წინ მთლიანად წყალში მდგომი პრაღა,სადაც ასევე, ვერ მოხერხდა სტიქიის პრევენცია.

„ზოჯერ ისე ხდება, რომ გამძვინვარებულ სტიქიას წინასწარ ვერ გათვლი. ამისგან დაზღვეული არავინაა. არ არსებობს ისეთი ქვეყანა ან ხელისუფლება, ასეთ სტიქიებს გაუმკლავდეს. ამდენად, არხებისა და  კოლექტორების გაუწმენდაობის გამო კონკრეტულად ვინმეს დანაშაულს ვერ ვხედავ. მთავარია, რამდენად ოპერატიულად შეძლებს სახელმწიფო ზარალის შედეგების აღმოფხვრას. ამ მხრივ, ჩვენმა სამაშველო სამსახურმა ეფექტურად იმუშავა.“

თუმცა კონკრეტული სამსახურების სწრაფი რეაგირების მიუხედავად, ხათუნა ოჩიაურისთვის ის ადამიანური დანაკარგი, რაც სტიქიამ გამოიწვია, აუნაზღარებელია. 

presage.tv აქვე გთავაზობთ ემილ წერეთლის კვლევის იმ ნაწილს, საიდანაც ჩანს, თუ რომელი უბნებია წყალდიდობების დროს შედარებით სახიფათო: მჭიდროდ დასახლებულ ზონებად იქცა დიდი დახრილობის და ტექტონიკურად არამდგრადი ფერდობები: მამა დავითი, ნუცუბიძე, იყალთო, მახათა, ნაძალადევი, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ამოვსებული და დამარხული ხევები, დამარილიანებული და დაჭაობებული ქანები.

ეროზიული პროცესების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს კუს ტბა, მთაწმინდის პათეონის, სოლოლაკის ხევისა და წყნეთის მეწყრული უბნები, თელეთის ქედის დაბოლოება და მუხათგვერდის მეწყრული რელიეფი. ბოლო წლებში მათი გააქტიურების შედეგად დანგრეული და დეფორმირებულია 400-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

1974 წელს მამადავითის ფერდობის არასწორი ჩამოჭრით ყოფილი აღმაშენებლის ქუჩაზე წარმოიქმნა მეწყერი, რომელმაც 2 ადამიანის სიცოცხლე ისხვერპლა. 2003 წელს იმავე ქუჩაზე იმავე მიზეზით 4 ადამიანი დაიღუპა. თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობამ გლდანი-ხევძმარის მონაკვეთზე მეწყერების წარმოქმნა გამოიწვია, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკას რამდენიმე მილიონი დოლარის ზარალი მიადგა. არასწორად დააპროექტეს მუხათგვერდის სასაფლაოსთან მისასვლელი გზა, რამაც საშიშროება თვითონ სასაფლაოს შეუქმნა. 1976 წელს ხევძმარის ხევის მარცხენა მხარეზე ტრავმაის ხაზის გაყვანის დროს მახათის სამხრეთ ფერდობის ძირი ჩამოჭრეს, რის გამოც განვითარებულმა ღრმა მეწყერმა სერიოზული საფრთხე 16-სართულიან კორპუსებს შეუქმნა. არასწორი საინჟინრო საქმიანობით მეწყრულ-ჩამოქცევითი პროცესები წარმოიქმნა ცხვედაძის, ნუცუბიძის (1984), ქობულეთის შესახვევის (1986), პეტრე ბაგრატიონის, უიარაღოს, ზედაზენისა და ნოსტეს (1987) ქუჩებზე. აქტიური მეწყრული დეფორმაციები დაიწყო 1989 წელს ქვედა წყნეთის ტერიტორიაზე, 1996 წლიდან კი - წყნეთის ახალდაბის უბანზე და გაგარინის ქუჩაზე. 2001 წელს ლოტკინის ტერასას საფეხურის ჩამოზვავების შედეგად დაინგრა რამდენიმე სახლი და დაიღუპა 1 ადამიანი. 2003 წლიდან აქტირუ დინამიკაშია თამარ მეფის გამზირის ცირკის მოპირდაპირე ფართობი, სადაც მეწყერი საფრთხეს უქმნის ყოფილ ყაზარმებსა და მათემატიკის ინსტიტუტის შენობებს.

ბოლო 30 წლის მანძილზე ქალაქისთვის მწვავე გახდა ე. წ. „ვაკის მეწყერი“, რომელიც განვითარებულია მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, თამარაშვილის ქუჩიდან - ვარაზის ხევამდე.