„დაანგრიეთ და მკაცრად დააჯარიმეთ!“

„დაანგრიეთ და მკაცრად დააჯარიმეთ!“

„ოლიმპიურ ვარსკვლავს“ შეჩერებული მშენებლობის გამო, შესაძლოა, დიდი ოდენობის ჯარიმა დაეკისროს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ორთაჭალაში განაცხადა, სადაც მან სტიქიით დაზარალებული შენობები მოინახულა. სააკაშვილმა გულუას მოედანი და მიმდებარე ქუჩები დაათვალიერა.

როგორც ცნობილია, ადიდებულმა მტკვარმა ყველაზე დიდი ზარალი  ორთაჭალას მიაყენა. „ორთაჭალჰესის“ ხელმძღვანელობის მტკიცებით, წყალდიდობის შედეგად მოქალაქეების დაღუპვა მდინარე მტკვრის ადიდებას არ გამოუწვევია, მდინარის დონე არ მომატებულა, უბედური შემთხვევა კი იმის გამო მოხდა, რომ ფერდობებიდან ჩამოსული წყლის გატარება კოლექტორებმა ვერ უზრუნველყო.

მეორე დღეს, როდესაც სტიქიური უბედურების ადგილი მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა, ჭალების დასახლებაში ერთ-ერთმა მოსახლემ პრეზიდენტს განუცხადა, რომ „ოლიმპიური ვარკვლავის“ შეჩერებულმა მშენებლობამ საკანალიზაციო სისტემა მოშალა და წყალს გასასვლელი არ აქვს.

„ეს მშენებლობა ან დაამთავრონ, ან ჯარიმა დავადოთ და ეს ყველაფერი მოვანგრიოთ. ხალხს რაღაცეები თავზე დაადგეს, ასე არ გამოვა. უმკაცრესი ჯარიმები აამოქმედეთ. თავის დროზეც არ უნდა გაცემულიყო აქ მშენებლობის ნებართვა“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ვიცე-მერს დავით ნინიძეს.

„ოლიმპიური ვარსკვლავი“ სამშენებლო ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. კომპანია საზოგადოების წინაშე ოლიმპიურმა ჩემპიონებმა გიორგი ასანიძემ, ზურაბ ზვიადაურმა და ილია ილიადისმა წარადგინეს. გიორგი ასანიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია, ზურაბ ზვიადაური ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ წევრი გახდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ასანიძე და ზურაბ ზვიადაური ოლიმპიური ჩემპიონები 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე გახდნენ. ასანიძემ ოქროს მედალი ძალოსნობაში, ზვიადაურმა კი ძიუდოში მოიპოვა.

სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილს შესჩივლა, არად ქუსრაევია და მან სამშენებლო კომპანიისგან 40 000 დოლარი მიიღო, რომ ბარაკიდან გასულიყო, შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბარაკები უკანონოდ იყო აშენებული მაშინ, როდესაც  „ოლიმპიურმა ვარსკვლავმა“ იქ  მშენებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობა სრულიად კანონიერია და შესაბამისი ნებართვა მერიის მიერ 2007 წელს გაიცა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოსგან აუქციონზეა შეძენილი.

თუ ქუსრაევს კომპენსაცია მიღებული ჰქონდა, საინტერესოა, სტიქიის ზონაში როგორღა აღმოჩნდა, თუმცა, როგორც ჩანს, სპექციალური დავალება ჰქონდა შესასრულებელი და მის რეპლიკას სააკაშვილისგან შესაბამისი რეაქციაც მოჰყვა.

სააკაშვილმა ბარაკებზეც ილაპარაკა – თქვა, რომ თბილისში ე.წ. ბარაკების ტიპის საცხოვრებლები აღარ უნდა არსებობდეს. სასწრაფოდ გასცა დავალება, რომ აღიწეროს მსგავსი ტიპის სახლები და უახლოეს მომავალში თანამედროვე სახლებით შეიცვალოს.

რამდენადაც ცნობილია კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავიც“ სწორედ ამას აკეთებდა და ფინანსური პრობლემების მიუხედავად, წარმატებულ კომპანიადაც ითვლებოდა, ვიდრე მისი ერთ-ერთი სახე ზურაბ ზვიადაური ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ შეუერთდებოდა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გულუას №1-ში მდებარე სამშენებლო ობიექტი, რომლის დაჯარიმების განკარგულებაც სააკაშვილმა გასცა,  „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ უკვე აღარ ეკუთვნის და იქ ახალი ინვესტორი შედის, რომელიც მშენებლობას უახლოეს პერიოდში განაახლებს.

დეველოპერული კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავი“ „ორთაჭალის ვარსკვლავის“ განახლებას თბილისის მერიის  „ძველი თბილისის რეაბილიტაციის“ მესამე ეტაპის ფარგლებში გეგმავდა, თუმცა შესაბამისი დაფინანსება ვერ მიიღო.

როგორც ცნობილია, იქ, სადაც „ორთაჭალის ვარსკვლავი“ შენდება, შს სამინისტროს ყოფილი გარაჟები იყო. შემდეგ გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც გასაყიდად აუქციონზე გაიტანა.

კომპანიას მთლიანად ოთხი მშენებლობა აქვს, საიდანაც ორზე, საბურთალოზე მდებარე „ოლიმპიურ ვარსკვლავში“ და „დიდუბის კომპლექსში“ მშენებლობები მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ წელიწადში მათი ჩაბარება იგეგმება. „მუხიანის ვარსკვლავის“ პროექტი კი ამჟამად დაკონსერვებულია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ გენერალური დირექტორი ზაზა რაზიკაშვილია, რომელიც 70 პროცენტს ფლობს, 30 პროცენტი კი ნათელა წიქარიშვილს ეკუთვნის. 

მოკლედ, თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ მოიპოვება ინფორმაცია კომპანიის შესახებ, რომელმაც სააკაშვილის გულისწყრომა გამოიწვია.

მერიის ვებ-გვერდზე წერია, რომ „ოლიმპიური ვარსკვლავი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო სექტორში. იგი 2006 წლის დასაწყისში დაარსდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა თავის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტების წყალობით, სადაც დასაქმებულები არიან გამოცდილი დეველოპერები და მშენებლები.

„ოლიმპიური ვარსკვლავი“, ძირითადად, მუშაობს მასიურ პროექტებზე - ცათამბჯენებზე და მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე. კომპანიის პირველი პროექტი-სპორტულ-საცხოვრებელი კომპლექსი პირადად წარადგინეს 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსნებმა ზურაბ ზვიადაურმა, ილია ილიადისმა და გიორგი ასანიძემ.

კომპლექსი აერთიანებს ბიზნეს და კომერციულ ცენტრებს, საცხოვრებელსა და სპორტული დარბაზებს, რომლებსაც ლეგენდარული სპორტსმენების სახელი ეწოდებათ. ამ გარემოში აღზრდილი ბავშვები ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვრებენ, რაც მათი წარმატების საწინდრად იქცევა.

ოლიმპიურ ვარსკვლავს უკვე განხორციელებული აქვს რამდენიმე პროექტი:

1. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი კოსტავას გამზირზე.

2. ორი მრავალსართულიანი  საცხოვრებელი კომპლექსი ხილიანის ქუჩაზე.

3. ელიტური საცხოვრებელი სახლი ფალიაშვილის ქუჩაზე.

4. რუსთაველი გამზირზე მდებარე მაკდონალდსის რესტორანი.

5. სამაუწყებლო კომპანია „მზეს“ შენობა.

6. კომპანიამ შეაკეთა „ბრითიშ პეტროლიუმის“ რამდენიმე შენობა.

კომპანიის ახალი პროექტებია:

1. სპორტულ - საცხოვრებელი კომპლექსი „ოლიმპიური ვარსკვლავი“  თბილისის ცენტრალურ უბანში - საბურთალოზე.

2. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „ორთაჭალის ვარსკვლავი“.

3. 4–სართულიანი კომერციული ცენტრი „მუხიანის ვარსკვლავი“. 

4. საცხოვრებელი კომპლექსი „ბაკურიანის ვარსკვლავი“  მთიან საკურორტო ზონაში - ბაკურიანში.

5. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი სააკაძის მოედანზე, თბილისის მერიის წინ.

6. ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი ავლაბარში.

7. ცნობილი ფეხბურთელის - ლევან კობიაშვილის თაოსნობით საზღვაო კურორტზე მუშავდება გონიოს პროექტი.

8. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ორთაჭალაში.

9. ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი ბაგებში.

10. დიდი დიღმის საცხოვრებელი კომპლექსი.

„ოლიმპიურმა ვარსკვლავმა“ მშენებლობის, არქიტექტურის და დიზაინის   ახალი ტექნოლოგიების ასიმილირება მოახდინა. კომპანია აქტიურად მონაწილეობს მნიშვნელოვან არქიტექტურულ და სამშენებლო კონფერენციებში. მიმდინარე წელს კომპანიის პრეზიდენტი მიწვეულია ბარსელონაში არქიტექტურულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

მერიის ვებ-გვერდზე კომპანიის ქება-დიდება იმით მთავრდება, რომ „ოლიმპიურმა ვარსკვლავმა“ პირველმა დაამკვიდრა სადაზღვევო და სამშენებლო რისკები. განვითარების სტადიაში მყოფი კომპანია ამუშავებს ახალ პროექტებს მთიანი და საზღვაო კურორტებისათვის“.

ცოტა უცნაურია პრეზიდენტის ბრძანებით კომპანიის დაჯარიმება და მშენებლობის დანგრევა, რადგან ასეთ გადაწყვეტილებებს არა ქვეყნის პირველი პირი, არამედ შესაბამისი სამსახურები იღებენ, თუმცა მშენებარე და აშენებული სახლების დანგრევა მხოლოდ სააკაშვილის მთავრობას თუ მოუვა აზრად. რაც შეეხება ზვიადაურს, როგორც ჩანს, სააკაშვილმა მისი პოლიტიკური შეხედულებები ვერ აიტანა.

„ბატონ ზურაბ ზვიადაურთან ჩვენ გვქონდა ლაპარაკი პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, იგი გახდება ჩვენი კოალიციისა და პარტიის წევრი“ – აცხადებს მაია ფანჯიკიძე, იგი არ გამორიცხავს, რომ რადგანაც ეს პროცესი მიმდინარეობდა, მიხეილ სააკაშვილისათვის ამ ფაქტის შესახებ ცნობილი ყოფილიყო.

ზვიადაური საუბრობს ზეწოლაზეც, რომელიც მის მიმართ გამოავლინეს, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. ზვიადაურმა აღნიშნა, რომ მასზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, გადაწყვეტილება კოალიციაში გადასვლის შესახებ დიდი ხნის წინ მიიღო.