ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ შიდა ქართლში 21 მასწავლებელი სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მათი ოჯახის წევრი ან „ქართული ოცნების“ წევრია ან გულშემატკივარი. რამდენიმე მათგანმა კი გუშინ, პარლამენტში, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, გიორგი ცაგარეიშვილის დახმარებით დახმარებით ბრიფინგი გამართა, სადაც ნანი ივანაშვილმა, მაია ცხადიაშვილმა, ქეთევან ხარაზიშვილმა, ციცინო ჯავახიშვილმა, ია ბჟალავამ, მაგული ბესიაშვილმა და ცოლ-ქმარმა - ნოდარ კილაძემ და ნათელა ნოზაძემ იმაზე ისაუბრეს, თუ როგორ მოხდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება.
როგორც ციცინო ჯავახიშვილმა აღნიშნა, იგი გორის რაიონის სოფელ ნიქოზის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის ერთადერთი მასწავლებელი იყო, რომელიც დირექტორმა თამაზ მელანაშვილმა მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა, რომ მას განსხვავებული აზრი ჰქონდა, მისმა მეუღლემ კი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „თავისუფალი დემოკრატებიდან“ იყარა კენჭი. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად კი მას საათების სიმცირე დაუსახელეს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, დირექტორმა მას პირდაპირ უთხრა, რომ სამსახური ქმრის პოლიტიკური შეხედულების გამო უნდა დაეტოვებინა, რადგან „მას სკოლაში ოპოზიცია არ სჭირდებოდა“.
გიორგი ცაგარეიშვილმა კი დასძინა, რომ ციცინო ჯავახიშვილს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და სასამართლო პროცესზე სკოლის დირექტორმა თამაზ მელანაშვილმა მოსამართლის კითხვის პასუხად განაცხადა, „ჯავახიშვილი იმიტომ გავათავისუფლე, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უყვარს“-ო.
„ეს არის დაავადება, რომელიც ამოსაშანთია ჩემი ქვეყნის სხეულიდან. ეს არის დაავადება, რომლისგანაც ჩვენ ყველანი უნდა გავთავისუფლდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ექნება. ასეთი ადამიანები, ზონდერდირექტორები სკოლებში არ უნდა იყვნენ დ არ უნდა ხელმძღვანელობდნენ სასწავლო პროცესს. არ უნდა ზრდიდნენ ჩვენს შვილებს. მე სააკაშვილის მონა დირექტორი არაფრად არ მჭირდება. მე სკოლაში დირექტორად ღირსეული ადამიანი მჭირდება, რომელიც ჩემს შვილს დააკვალიანებს და ფეხზე დააყენებს, წელში გამართავს. მანქურთად კი არა, ქართველად გაზრდის. მონად კი არა, ადამიანად გაზრდის და თქვენ, როდესაც დირექტორი და მასწავლებელი გქვიათ, უნდა გრცხვენოდეთ და თქვენი მომავლის გეშინოდეთ. როგორ ხართ მონური სულით გამსჭვალული და რა დღეში აყენებთ ადამიანებს იმიტომ, რომ ვიღაცამ მაგიდაზე მუშტი არ დაგირტყათ და ფეხი არ დაგიბაკუნოთ“, - ამბობს გია ცაგარეიშვილი.
ია ბჟალავა, რომელიც სერთიფიცირებული მასწავლებელია, გორის მე-9 საჯარო სკოლი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მისი მეუღლე კი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია, რაც მიმდინარე წლის იანვარში მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.
„სკოლის ყოფილმა დირექტორმა მარინე მახარაშვილმა მითხრა, რომ მის გათავისუფლებას კატეგიორულად სთხოვდნენ. ამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელსა და მაშინდელ გუბერნატორ ზურაბ არსოშვილს შევხდვით. ამ უკანასკნელმა დაგვაიმედა, რომ უსამართლოდ ადამიანის დაჩაგვრას არ დაუშვებდა, თუმცა სკოლაში გენერალური ინსპექცია შემოვიდა, რომლის დასკვნის საფუძველზეც მარინე მახარაშვილი თანამდებობიდან განთავისუფლდა. სინამდვილეში კი, ამის მიზეზი მე გავხდი. 3 კვირის დანიშნულმა დირექტორმა ელენე ხაჩიძემ კი მე ისე დამითხოვა, რომ საერთოდ არ მიცნობდა“, - აღნიშნა ია ბჟალავამ.
ამასთან ის აღნიშნავს, რომ მის ოჯახს მიზანმიმართულად ებრძვიან და შიშობს, მის ოთხ ვაჟს რაიმე საფრთხე არ დაემუქროს.
ცაგარეიშვილის განცხადებით, მასწავლებლებს „გაზონდირებული“ სკოლების დირექტორები დევნიან და ამ პროცესში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიც აქტიურად მონაწილეობს. მისი თქმით, კუდ-მა უკვე გამგეობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფუნქციაც შეითავსა.
„მე მესმის, ასე რატომ ხდება. თუკი ბატონი მერაბიშვილი ყოველდღიურად ხვდება პედაგოგებს, მაშინ გასაგები ხდება, ამ ადამიანების შევიწროვებაში კუდი რატომ არის ჩართული. როგორც ჩანს, ხელისუფლებას პედაგოგები საზარბაზნე ხორცად ჰყავს წარმოდგენილი, რომელიც, შეიძლება, არჩევნებში საკუთარი „წარმატების“ მისაღწევად გამოიყენოს და მათზე გადაივლის მოახლოებული არჩევნების მთელი სუსხი“, - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.
პედაგოგები და მათთან ერთად ცაგარეიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხს ხელისუფლებისგან ითხოვენ.
„აი, ეს არის განათლების რეფორმის სურათი, რომელიც ბატონმა შაშკინმა გაატარა მერაბიშვილთან და სააკაშვილთან ერთად საქართველოში. ამიტომ მე მივმართავ ახლა ბატონ გაბაშვილს, განსაკუთრებული მჭერმეტყველებით რომ გამოირჩევა ხოლმე სხდომათა დარბაზში, - ბატონო გაბაშვილო, ჩემდა და ქვეყნის სამწუხაროდ, თქვენ განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე რომ გქვიათ, მაინტერესებს ამ ადამიანებს რა პასუხს გასცემთ. 21-ე საუკუნეში ადამიანებს დევნიან იმიტომ, რომ მათ თქვენი პოლიტიკური შეხედულებები არ მოსწონთ? ეს არის თქვენი რეფორმა?“ - კითხულობს ცაგარეიშვილი.
მაგრამ მისთვის და ამ პედაგოგებისთვის პასუხის გაცემა არც გაბაშვილმა მოინდომა არც ვინმემ განათლების სამინისტროში, სადაც ჩვენ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „სამინისტრო ასეთ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს“.
ბრიფინგს ასევე ესწრებოდა შიდა ქართლის ქალაქ ქარელში არსებული „პრივატბანკის“ ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ბერუაშვილი, რომელიც სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს, რომ მისი და და დედა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციას ესწრებოდნენ.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პრეზენტაციამდე ის ბანკში ერთ-ერთ რეიტინგულ თანამშრომელად ითვლებოდა და მისი გათავისუფლების შესახებ არავის არასოდეს არაფერი უთქვამს. პრეზენტაციის მეორე დღეს კი უთხრეს, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლებული იყო იმის გამო, რომ „მისი ოჯახის წევრები ოპოზიციურად აზროვნებენ“.
მისი თქმით, რეგიონებში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა და ზეწოლას განიცდიან არა მარტო საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები, არამედ კერძო კომპანიებშიც, რომლებიც თავის მხრივ განიცდიან ხელისუფლებისგან ზეწოლას.