ნიკა რურუას კალანდაძის განცხადების სასურველი ფორმით შეფუთვა მთავრობის სხდომის დაწყების წინ, ჟურნალისტებთან მოუწია. ამ კონკრეტულ საკითხში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანიც ჩაერთო.
ამ სამი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის გარშემო არსებულ ვითარებაში, არც სიცხადე შეუტანია და არც იმის იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება (რომელიც ქართველ ერზე მეტად უცხო ქვეყნების საამებლად ზრუნავს), არც ერთ გოჯ მიწას არ დათმობს.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მაესტრომ“ მღვდელ-მონაზონ კირიონზე დაყრდნობით 11 მაისს ინფორმაცია გაავრცელა, რომ 6 მაისის შემდეგ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, რომლებიც ამ ტერიტორიაზე უკვე უცხოელ ტურისტებსაც აღარ უშვებენ.
მღვდელ-მონაზონმა „მაესტროს“ ასეთი კომენტარი მისცა - „ამ ტერიტორიებზე პრეტენზია მუდმივად გააჩნდათ, მაგრამ 6 მაისის შემდეგ იქ ვეღარც ქართველი ტურისტი ადის და ვეღარც უცხოელი. დაშვებულია სასულიერო პირების ასვლა, მაგრამ ეს არანაირ ნუგეშს და დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან დღეს ჩვენ ავდივართ, ხვალ ჩვენც ვეღარ ავალთ და ეს ტერიტორია საბოლოოდ გახდება უკვე აზერბაიჯანის საკუთრება. ჩვენ დავუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს და იყო შეფასება ასეთი, რომ ჩვენ ჩავერევით და გავარკვევთ“.
საგარეო საქმეთა სამინისტრო „ჩაერია“ და შედეგი ნინო კალანდაძის პირით გვამცნო - „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ნაწილი სადავო ტერიტორიას არ წარმოადგენს და ის საბჭოთა კავშირის დროიდან აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება“-ო.
კალანდაძემ ეს განცხადება დღის პირველ ნახევარში გააკეთა. მოგვიანებით საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ნიკა რურუასგან შევიტყვეთ, რომ ზემოხსენებული ტერიტორია 1994 წლიდან აზერბაიჯანის საკუთრებაა, სადავო არ არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მაინც იდავებს. ასეთი უხერხემლო განცხადების შემდეგ დავას როგორ წარმართავენ, ძნელი წარმოსადგენი არ არის.
„უდაბნოს მონასტერი სადავო საკითხს არ წარმოადგენს. სამწუხაროა, მაგრამ ის 1994 წლის შეთახმების თანახმად, აზერბაიჯანის ტერიტორიას ეკუთვნის“, - უთხრა რურუამ სააგენტო „პირველს“ და იქვე დასძინა, რომ დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტრის საქართველოსთვის გადმოცემაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო შედეგისთვის „სერიოზული დიპლომატიური შრომაა საჭირო“.
„ნაციონალების“ გაგებით „სერიოზული დიპლომატიური შრომა“ ასე დაიწყო - ქართულ მხარე მეზობელ აზერბაიჯანს სთხოვს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრების დადგენამდე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გადაადგილებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს და ტურისტებს პრობლემა არ შეექმნათ. ამ თხოვნის ირგვლივ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა და ისიც შეგვახსენა, რომ „როდესაც პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი ფრიდონ თოდუას ხელმძღვანელობით აზერბაიჯანში იმყოფებოდა, დააფიქსირეს, რომ ეს ტერიტორია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია“.
ამ უსუსურ და აბდაუბდა განცხადებებზე, არც პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეაქცია იყო სათანადო, არც ისტორიკოსების და არც სტუდენტების. ოთხმოციანი წლების ბოლოს, დავით გარეჯის გარშემო არსებული პრობლემის ირგვლივ მრავალათასიანი მანიფესტაციები, მიტინგები და შეკრებები იმართებოდა. მაშინ დავით გარეჯის მონასტერს პრობლემა საბჭოთა კავშირის საუკუპაციო ჯარისგან ექმნებოდა. როგორც სამართლებრივმა, ისე საზოგადოებრივმა აქტიურობამ მაშინ დადებითი შედეგი გამოიღო.
ახლა, აღარც სტუდენტები აქტიურობენ, აღარც საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური ძალების მხრიდან აქა-იქ გაისმა ვალის მოსახდელი განცხადებები. ჰოდა, ხელისუფლებაც ამ აქტიურობის შესაბამისად მოქმედებს. რამდენიმე დღე გაივლის და დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების განლაგების ამბავი დღის წესრიგიდან მოიხსნება.
კულტურის მინიტრი, რომელიც დავით გარეჯის მონასტერში ჯერ არ ჩაბრძანებულა და თავის თვალით არ უნახავს რა და როგორ ხდება, მაგრამ ირწმუნება, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, უდაბნოს მონასტერში ქართველი მომლოცველები არ შეუშვეს, სიმართლეს არ შეესაბამება - „აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა არა ქართველები, არამედ უცხოელი ტურისტები არ შეუშვეს, თუმცა ჩემთვის ესეც გაუგებარია. მიუხედავად იმისა, რომ ის ქართული მონასტერია, ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის“.
დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში არსებულ ვითარებაზე, ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის, იქიდან ჩამოსული მღვდელმონაზონ კირიონის მიერ ჩამოტანილი ინფორმაცია უფრო სარწმუნოა, ვიდრე ტყუილებში არაერთხელ შემჩნეული კულტურის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება.
ისტორიკოსებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ორმა გააკეთა კომენტარი მონასტრის ტერიტორიის კუთვნილებასთან დაკავშირებით. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი ოთხმეზურმა აღნიშნა, რომ დავით გარეჯი ისტორიულად ყოველთვის საქართველოს ტერიტორია იყო, რასაც მისივე განმარტებით უპირველესად ეპიგრაფიკა ადასტურებს - „იქ ქართული წარწერებია. დავით გარეჯელმა VI საუკუნეში დააარსა სამონასტრო კომპლექსი, შემდეგ ლავრა გაფართოვდა. ბოლშევიკების დროს აქ პირობითი საზღვარი გაავლეს და ეს ტერიტორია გადაეცა აზერბაიჯანს“.
ოთხმეზურის განმარტებით სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანს გასულ საუკუნეში სერგო ორჯონიკიძემ გადასცა - „სერგო ორჯონიკიძე რელიგიას კი არა, ეროვნებას არ მიიჩნევდა არაფრად. იგი თვლიდა, რომ ჩვენ ყველანი ვიყავით ერთიანი საბჭოთა ხალხი და არავითარი განსხვავება ქართველს, სომეხს, რუსს და აზერბაიჯანელს შორის არ იყო. მან ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ერთი ხელის მოსმით გადასცა ეს ტერიტორიები აზერბაიჯანს“.
ისტორიკოსი ჯაბა სამუშია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ზემოხსენებული განცხადებების გაკეთებისგან თავშეკავებას ურჩევს და იქვე კიდევ ერთ რჩევას აძლევს - „მათ ურჩევნიათ, საზღვრის გამიჯვნის დოკუმენტი გადმოიღონ და კარგად შეისწავლონ“. სამუშია, ისევე, როგორც ოთხმეზური აცხადებს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი 1921 წელს აზერბაიჯანულ მხარეს ნამდვილად მიაკუთვნეს:
„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ოდითგანვე საქართველოს შემადგენლობაშია. ის ერთ-ერთ სამეფო ტაძრად ითვლებოდა. მე-13 საუკუნიდან გარეჯელ ბერებს ჰქონდათ შესაძლებლობა მეფეებისთვის დღესასწაულებზე ძღვენი მიერთმიათ. ეს იყო გარეჯის უდაბნო, რომელშიც მონასტრების რამდენიმე კომპლექსი შედიოდა. 1921 წლიდან არსებობს საზღვრის გამიჯვნის დოკუმენტი, რომლის მიხედვით, დავით გარეჯის მცირე ნაწილი აზერბაიჯანილ მხარეს ნამდვილად ეკუთვნის. თუმცა გადასახედია თავად დოკუმენტი, რადგან 1921 წლის შემდეგ მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა“.