"მათი ბრალია, დავით გარეჯი თუ აქამდე აზერბაიჯანელებს ეკუთვნოდათ"

 

6 მაისის შემდეგ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს უდაბნოს მონასტერში არ უშვებენ. ორი დღის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერები იყვნენ ჩასულები და მათაც არ მიეცათ უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება. დღეს კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ნაწილი სადავო ტერიტორიას არ წარმოადგენს და ის საბჭოთა კავშირის დროიდან აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება“.

მოგვიანებით, უკვე კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამაც განაცხადა - სამწუხაროდ, დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანს ეკუთვნისო.

ამ განცხადებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. საქართველო-აზერბაიჯანს შორის გარეჯის მონასტერთან დაკავშირებული დავა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის, რადგან მაშინ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საზღვრები მკაფიოდ არ იყო გამიჯნული და შესაძლოა, სწორედ ამას გულისხმობდა კალანდაძე თავის დღევანდელ განცხადებაში.

გასაგებია ისიც, რომ წლების განმავლობაში ქართული მხარე ამ საკითხის აქტუალიზაციას ერიდებოდა, რადგან ჩვენს მეგობარ და მოკავშირე აზერბაიჯანთან ურთიერთობის გამწვავება არ სურდა. თუმცა, ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ საზღვარი არ უნდა დადგინდეს და ვისაც სად მოესურვება, იქ გაავლოს სასაზღვრო ზოლი.

„დავითგარეჯა - ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი, მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსი დაარსდა მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.

დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება „გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი“. შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები“, - ვკითხულობთ „ვიკიპედიაში“.

ვინაიდან ეს ტერიტორია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, ორიოდე სიტყვით ჩვენი ქვეყნის სასაზღვრო ზოლის ამ მონაკვეთსაც შევეხებით. დღეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრების საერთო სიგრძე 2148 კილომეტრს შეადგენს, აქედან თურქეთთან -275 კმ, სომხეთთან - 224 კმ, აზერბაიჯანთან - 446 კმ, რუსეთთან - 894 კმ-ია. საზღვაო საზღვრის (სანაპირო ზოლის) სიგრძე - 309 კმ-ია.

საქართველოს და აზერბაიჯანს 446 კმ სიგრძის საერთო საზღვარი აქვთ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დელიმიტირებული. საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია წლების წინ შეიქმნა. 15 წლის მანძილზე დაზუსტდა საზღვრის თითქმის 70 პროცენტი (დაახლოებით 300 კმ-მდე), მაგრამ ჯერაც დაზუსტებული არ არის, ვის ეკუთვნის მონაკვეთი, რომელზეც გარეჯის მონასტერი მდებარებს.  

აზერბაიჯანელები მას თავიანთი წინაპრების - ქრისტიანი ალბანელების მემკვიდრეობად მიიჩნევენ, მაგრამ ცხადია, რომ ეს ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ქართველი ისტორიკოსები ამბობენ, რომ მისი ქართული წარმოშობა თავად მონასტრების კედლებზეა ასახული. ეპიგრაფიული წარწერები და ქართული ფრესკები ნათლად მიუთითებს მის ქართულ წარმოშობაზე და რაიმე ალბანულ კვალზე საუბარიც კი ზედმეტია.

ორი წლის წინ „სასაზღვრო დავის“ მოსაგვარებლად, ქართულმა მხარემ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სანაცვლოდ აზერბაიჯანს სხვა ტეროტორია შესთავაზა, მაგრამ მათ ამაზე უარი განაცხადეს. მაინც რატომ არ ეთანხმება აზერბაიჯანი ამ შეთავაზებას? საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ეს თემა მათთვის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდება. კერძოდ, ისინი მთიან ყარაბაღში არსებულ უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებს ალბანური კულტურის ნაწილად აცხადებენ და რადგან ალბანური კულტურის მემკვიდრე სწორედ აზერბაიჯანია, ამ ლოგიკით დავით გარეჯიც მას უნდა ეკუთვნოდეს.

ამდენად, ბაქოში ფიქრობენ, რომ თუკი რომელიმე ქრისტიანულ ძეგლთან დაკავშირებით აზერბაიჯანი დათმობაზე წავა, ეს მათ მთიანი ყარაბაღის საკითხშიც პრობლემას შეუქმნის. ამიტომ, წყალში ჩაიყრება მათი ამდენი წლის შრომა და სომხები მათ განახლებული არგუმენტებით შეუტევენ.

დაახლოებით ერთი წლის წინ, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა აზერბაიჯანთან 293 ჰექტარი შეადგინა“. მისმა ავტორმა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის შესახებ დასკვნა გამოიყენა. CENN–ის დასკვნის მიხედვით, სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთზე გამოვლენილია ტერიტორიული ცვლილების 69 ადგილი. აქედან, 42 შემთხვევაში ფაქტიური საზღვარი გადმონაცვლებულია საქართველოს მხარეს და მხოლოდ 27 - აზერბაიჯანის საზიანოდ. საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა დაახლოებით 293 ჰექტარი შეადგინა.

CENN-ის ცნობით, აზერბაიჯანის მხარეზე ეს მონაცემი 224 ჰექტარს არ აღემატება. (აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, ალაზანს აქეთ დარჩენილი ტერიტორიების დიდ ნაწილს აკონტროლებს. ავტ).

სტატიის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრის 19,6% (415,15 კმ) 23 დასახელების დიდ და პატარა მდინარეზე გადის. აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი (190,25 კმ) მდინარე ალაზანზე მოდიოდა. მდინარის ეს მონაკვეთი ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანთან თანამედროვე  40,2% შეადგენდა და, ისე როგორც საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრის დანარჩენი უბნები, ხშირი ცვლილებებით ხასიათდებოდა.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ზაქათალის ოლქი თბილისის გუბერნიაში შემოდიოდა, მაგრამ უკვე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ადერბეიჯანის (აზერბაიჯანის) სოციალისტურ რესპუბლიკას შორის დადებული (12.06.1920) საზავო ხელშეკრულებით ამ ტერიტორიაზე კონდომინიუმი (ერთობლივი მფლობელობა) გამოცხადდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ამ უბანზე საქართველო - აზერბაიჯანის ადმინისტრაციულმა საზღვარმა მდინარე ალაზანზე გადმოინაცვლა და იგი უბრალო გამიჯვნის პრინციპით იქნა გატარებული.

შემდეგ, ამან ამიერკავკასიის (თბილისი, 1938) რესპუბლიკების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე შეთანხმების ხელმოწერის შედეგად საქართველოს საზღვრის სტატუსი მიიღო. აქედან გამომდინარე, ის ტერიტორიის სამეურნეო დაყოფის საფუძველზეა გატარებული, რის გამოც მისი მდებარეობა ადგილზე დაზუსტებული არ არის და ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამ დღის წესრიგში დააყენა ამ უბნების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი.

presage.tv-სთან საუბარში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ ეს არის საქართველოს უძველესი ტერიტორია და იქ არსებულ ეკლესიებზე (თუნდაც ბერთუბნის ეკლესიაზე, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა) არის ქართული წარწერები. ქართულთან ერთად არის სომხური, სირიული და არაბული წარწერებიც, მაგრამ ძირითადი ნაწილი სწორედ ქართულია. ეს იყო უდიდესი მოსალოცი ადგილი და არა მხოლოდ ამიერკავკასიის მასშტაბით. ოთხმეზურის თქმით, 1265 წელს, როდესაც ბერქა ყაენმა მოაოხრა დავით გარეჯის ტერიტორია, მაშინ იგი განიხილებოდა, როგორც საქართველოს ტერიტორია. ხოლო გიორგი ბრწყინვალის დროს დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსი მთელს სამეფო ოჯახს ხილით ამარაგებდა.

„ჯერ ერთი აზერბაიჯანელები რატომღაც თავის თავს მიიჩნევენ ჰერთაგან შთამომავლებად, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის სხვა ხალხი იყო და ესენი სხვა ხალხია. ეს ტერიტორია ყოველთვის საქართველო შემადგენლობაში იყო და ქართული კულტურის ძეგლს წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირის დროსაც მას, როგორც ქართული კულტურის მემკვიდრეობას, მეურვეობდა ქართული მხარე, ჩვენი მეცნიერები და ხელოვნებათმცოდნეები უვლიდნენ მას. სერგო ორჯონიკიძემ, რომლისთვისაც არც რელიგია არსებობდა და არც ეროვნება და რომელიც ამბობდა, რომ ეროვნება არ არსებობს და ძალიან მალე ყველანი ვიქნებით ერთიანი საბჭოთა ხალხიო, ადგა და ერთი ხელის მოსმით მთელი ეს ტერიტორია აზერბაიჯანს გადასცა. მაგრამ ეს იყო პირობითი საზღვარი და ეს იყო საბჭოთა კავშირის დრო, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას არ შეეძლო თავისი სიტყვა ეთქვა. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს საკითხი ერთ-ერთი პირველი უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში და გადაწყვეტილიყო“, - აცხადებს გიორგი ოთხმეზური.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ჩვენმა დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებამ 1991 წლიდან დღემდე ეს საკითხი ვერ მოაგვარა.

„ახლა კი როგორ ამბობს ნინო კალანდაძე, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანელებს ეკუთვნოდათ. მაგათი ბრალია, თუ აქამდე იმათ ეკუთვნოდათ დავით გარეჯი და აქამდე ეს საკითხი არ მოაგვარეს. ასე რომ, ნუ იხსნიან პასუხისმგებლობას. მე პირადად, რა თქმა უნდა, ტერიტორიაზე მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემი პრეტენზია ეხება უფრო იმას, რომ ეს არის ქართული კულტურის ძეგლი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ასეთად უნდა დარჩეს“, - აღნიშნავს ისტორიკოსი.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების პოზიცია პრინციპული და კატეგორიული უნდა იყოს. აზერბაიჯანელები ასევე ძალიან პრინციპულად აყენებდნენ საინგილოს საკითხსაც. იქაც არის ქართული კულტურის ძეგლები. მაგალითად, წმინდა გიორგის ეკლესია, რომელსაც გიორგი ოთხმეზურის განცხადებით, მცირედი რესტავრაცია გაუკეთეს, ცოტა ფორმები შეუცვალეს და რუსულად დააწერეს „Памятник Албанской архитектуры“. ამაზე აზერბაიჯანელები ყოვლად უსაფუძვლოდ აცხადებენ, რომ ეს არის ალბანური კულტურის ძეგლი და, რომ ალბანელები მათი წინაპრები იყვნენ. ჩვენი ხელისუფლება კი ყველანაირ დათმობაზე მიდის, საქართველოში ასობით მეჩეთი აშენდა და აზერბაიჯანელებს ყველაფრის უფლებას აძლევს.

„კი ბატონო, ძმობა და მეგობრობა გასაგებია, მაგრამ ეს ურთიერთობა ცალმხრივი არ უნდა იყოს“, - ამბობს ოთხმეზური.

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე კი აცხადებს, რომ როდესაც საქართველოში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება, ქართველი ბოლშევიკები გულუხვად არიგებდნენ ქართულ მიწებს. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლები გავხდით, საზღვრის დადგენა მხოლოდ თურქეთთან შევძელით, რადგან ის საბჭოთა ხელისუფლების დროს სხვა სახელმწიფო იყო და მასთან საზღვარი სადავო არ იყო. სომხეთთან და აზერბაიჯანთან კი საზღვრის დადგენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანელების აპელირებას იმაზე, რომ გარეჯის მონასტერი ალბანური კულტურის ძეგლია, ამასთან დაკავშირებით მარიკა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ გარკვეულ დროს ეს იყო ქრისტიანული ალბანეთის ტერიტორია, მაგრამ შემდეგ, მეოთხე საუკუნეში იგი საქართველოს შემადგენლობაში მოექცა. ამასთანავე, ლორთქიფანიძის თქმით, ტერიტორია თუ ოდესმე ალბანელების იყო, მაინც ცხადია, რომ ეს მათი ძეგლები არ არის. იქ არის ქართული წარწერები, ქართული ეკლესია-მონასტრები.

„ერთ რამესაც გეტყვით, ჯერ კიდევ სამჭოთა ხელისუფლების დროს, როდესაც ცენტრალური კომიტეტის მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო, მან შეადგინა კომისია, რომლის წევრი მეც ვიყავი. როგორც ჩანს, უმაღლეს დონეზე იყო რაღაც მოლაპარაკება. ჩვენ გვქონდა შეხვედრა აზერბაიჯანულ მხარესთან. ჩვენი შეთავაზება ეხებოდა ბერთუბნის ეკლესიას (მე-12 საუკუნის დასასრულის და მე-13 საუკუნის დასაწყისის), რომელიც ნამდვილად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და სადაც თამარის და ლაშა-გიორგის ფრესკები იყო. ეს შეთავაზება, რომელიც ჯუმბერ პატიაშვილისგან მოდიოდა იყო ასეთი, რომ ოღონდ ეს ეკლესია გადმოეცათ ჩვენთვის და მის ირგვლივ რასაც შემოხაზავდნენ, ორ იმდენ ტერიტორიას მივემდით აზერბაიჯანს, მაგრამ ისინი ამ წინადადებას არ დათანხმდნენ. იმასაც გეტყვით, რომ საბჭოთა ხელისუფლების დროს საბჭოთა ფუნქციონერი მედეა მეზვრიშვილი იქ ფაქტობრივად თოფით ხელში იდგა და აზერბაიჯანელებისგან იცავდა ამ ტერიტორიას და ახლა რა მოუვიდა ჩვენს ხელისუფლებას, არ ვიცი“, - აცხადებს მარიკა ლორთქიფანიძე presage.tv-სთან საუბარში.