კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი რაიონულ სასამართლოში დღეს განახლდა. ჩაჩიბაია ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოსთან 25 მარტს დააკავეს. მას ბრალდება ორი მუხლით აქვს წარდგენა, ცივი იარაღის უკანონოდ ტარება და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მის მიმართ წარდგენილი ბრალდება 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თავად ჩაჩიბაია თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლია. დაცვის მხარე სადავოდ ხდის ასევე იმ ცივ იარაღს (დანას), რომელიც საქმეში ფიგურირებს, რადგან ჩაჩიბაიას აღწერით, მას თან ჰქონდა 5-7 სმ სიგრძის (გაშლილ მდგომარეობაში) დანა, ხოლო საქმეში დევს დანა, რომლის სიგრძეც 22 სანტიმეტრია.
ჩაჩიბაიას ადვოკატი, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ როდესაც ჩაჩიბაიასგან ზემოთხსენებული დანა ამოიღეს, არ მომხდარა მისი საპროცესო კოდექსის შესაბამისად საქმეზე მტკიცებულების სახით დამაგრება. შავგულიძის თქმით, ეს დანა დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ჩაჩიბაიას დამკავებელ ერთ-ერთ პოლიციელს ედო ჯიბეში და არ მომხდარა მისი დალუქვა, როგორც ამას საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს. ამიტომ, სრულიად შესაძლებელი იყო ამ ნივთმკიცების შეცვლა.
სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამი მოწმიდან, იმ პოლიციელებიდან, რომლებიც ჩაჩიბაიას დაკავებაში მონაწილეობდნენ, მხოლოდ ორი დაიკითხა.
გოგიტა ფარცვანია, რომელიც საქმეში მთავარ მოწმედ ფიგურირებდა, სასამართლოს შენობიდან მოულოდნელად გაუჩინარდა.
განსასჯელის ადვოკატის, შალვა შავგულიძის ვარაუდით, გელა ნაროუშვილისა და ემზარ მაისურაძის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების შემდეგ ფარცვანიას განმარტებები პროკურატურისათვის არახელსაყრელი იქნებოდა და მის „სათანადო გადამზადებას“ გარკვეული დრო დასჭირდებოდა.
სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ემზარ მაისურაძე შეეცადა დაედასტურებინა ჩაჩიბაიას მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ დაკავებულმა პირმა პოლიციაში გადაყვანამდე, ოპერატიულ ავტომანქანაში სხდომისას, მას სახეში უთაქა და სამხრეები შემოაგლიჯა.
ქურთუკზე აღმოჩენილი დაზიანებების კვალი დღეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, პაატა ჯანჯღავამაც დაადასტურა. მაისურაძის ჩვენებიდან დღეს ისიც გაირკვა, რომ „მუნდირშელახული“ პოლიციელი უკვე კუდ-ის თანამშრომელი გამხდარა. მაისურაძის განმარტებას დარბაზში განსასჯელის რეპლიკა მოჰყვა. სერგო ჩაჩიბაიამ მას „დაწინაურება“ მიულოცა და ამ საქმეში მისი „წარუშლელი წვლილის“ შესახებაც აღნიშნა.
დღესვე, მოსამართლე ნატო აკობიამ დაცვის მხარის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც 29 მაისს დაგეგმილ პროცესზე მოწმეების მიერ მოულოდნელად დასახელებული სხვა პოლიციელებიც დაიკითხებიან. სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე არსებითი განხილვა 8 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
სასამართლო პროცესს დღეს საქართველოში NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავაროც ესწრებოდა. იგი ჩაჩიბაიას საქმეზე თითქმის ყველა სხდომის მიმდინარეობას აკვირდება, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე თავს ამ დრომდე იკავებს.
Presage.tv ჩაჩიბაიას ადვოკატს შალლვა შავგულიძეს ესაუბრა.
შალვა შავგულიძე: „დღეს ბრალდების ორი მოწმე დაიკითხა. ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც ჩაჩიბაიას დაკავებაში მონაწილეობდნენ. მათი ჩვენებები იყო არამყარი და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებდა. ჩვენ ვიშუამდგომლეთ სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლების მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლომ ჩვენი შუამდგლომლობა არ დააკმაყოფილა.
დაკითხულმა პოლიციელებმა დაასახელეს კიდევ ორი პოლიციელი, რომელიც მათთან ერთად მონაწილეობდა ჩაჩიბაიას დაკავებაში და ჩვენ სასამართლოს წინაშე ვიშუამდგომლეთ იმ ორი პოლიციელის დაკითხვასთან დაკავშირებით. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შემდეგი სხდომა დაინიშნა 29 მაისს და ამ სხდომაზეც გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენა.
თქვენ განაცხადეთ, რომ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები წინააღმდეგობრივი იყო, რაში გამოიხატებოდა მათი ჩვენებებისწინააღმდეგობრიობა?
- მათი სურვილი არის, აღწერონ ისეთი გარემოებები, თითქოს სერგო ჩაჩიბაიამ ზუგდიდში პუშკინის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოსთან ჯერ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ანუ, თითქოს, კონფლიქტი მოუვიდა ოთარ ქეცბაიასთან, შემდეგ კი დაკავებულმა ჩაჩიბაიამ თითქოს ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ, თითქოს, პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. სინამდვილეში, ჩაჩიბაიას არ ჩაუდენია არც ადმინისტრაციული, არც სისხლის სამართლის დანაშაული. იგი არ აჰყვა ქეცბაიას, რომელიც მას აშკარად კონფლიქტზე იწვევდა. აღსანიშნავია, რომ იქვე შორიახლოს პოლიციის ორი მანქანა იცდიდა, რათა ამ კონფლიქტის მოხდენის შემთხვევაში ჩაჩიბაიას დაკავება მოეხდინათ. სერგო ჩაჩიბაია ერთი სიტყვითაც არ შეკამათებია ქეცბაიას. მიუხედავად ამისა, იგი მაინც დააკავეს, მაგრამ მას არც პოლიციელებისთვის გაუწევია წინააღმდეგობა.
რამდენადაც ეს პოლიციელები აღწერენ გარემოებებს, რომლებსაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია, ამიტომ ისინი დეტალებში ვერ თანხმდებიან. მაგალითად, ერთი მათგანი ამბობს, ჩაჩიბაია ლანძღავდა და შეურაცხყოფას აყენებდა ქეცბაიას პუშკინის ქუჩის გზის სავალ ნაწილზე. მეორე პოლიციელი კი ამბობს, რომ ეს ხდებოდა ავტოსახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ჩვენებებს შორის კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი სხვაობაა.
გარდა ამისა, ეს პოლიციელები ამბობენ, რომ ამ კონფლიქტის დროს ადგილზე იყვნენ სხვა სამოქალაქო პირებიც, შემთხვევითი გამვლელები და ასევე ავტოსახელოსნოს თანამშრომლები. ბუნებრივია, ჩვენ გვიჩნდება კითხვა, რატომ არ არიან ეს ადამიანები საქმეზე მოწმის სახით დაკითხულები და რატომ შემოიფარგლა გამოძიება მხოლოდ ჩაჩიბაიას დამკავებელი პოლიციელების ჩვენებებით. ამ კითხვაზე ბრალდების მხარე პასუხს ვერ გვცემს. ჩვენ ასევე ვკითხეთ ჩაჩიბაიას დაკავებაში მონაწილე პოლიციელებს, რომ თუკი მათ დააკავეს ორი პიროვნება (ჩაჩიაბაია და ქეცბაია) და ადგილზე იყო კიდევ შემთხვევის უამრავი მოწმე, რატომ არ მოხდა მათი წაყვანა პოლიციის განყოფილებაში და მოწმის სახით დაკითხვა. ამაზეც განმარტებას ვერ იძლევიან. ცხადია, რომ პოლიციელებს არ სჭირდებოდათ მოწმეები, ანუ მოქალაქეები, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ჩაჩიბაიას დაკავებას, რადგან ბუნებრივია, ეს მოწმეები იტყოდნენ, რომ ჩაჩიბაია არანაირ კონფლიქტში არ ჩართულა და შესაბამისად, მისი დაკავება სრულიად უსაფუძვლო იყო. ამიტომ, პოლიციელებმა გვერდი აუარეს მოწმეების დაკითხვას და მხოლოდ საკუთარი ჩვენებების საფუძველზე წაუყენეს ბრალდება.
მთელი საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი და ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვითაც კი აშკარად გამოჩნდება სერგო ჩაჩიბაიას უდანაშაულობა. ძალიან მინდა იმედი დავიტოვო, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს ეყოფა პროფესიული გამბედაობა და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას გულისხმობს. თუ ეს არ მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ ინსტანციებში ვიბრძოლებთ, შემდეგ კი ევროპის სასამართლოს მივმართავთ. ამ ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია და რა თქმა უნდა, ეს ბრალდება ვერ დადასტურდება.
ბატონო შალვა, თქვენ განაცხადეთ, რომ დანარჩენი ორი პოლიციელის დაკითხვაც მოითხოვეთ. თუკი ისინი ბრალდების მოწმეებიარიან, თქვენს ინტერესში მათი დაკითხვა რატომ შედის?
- იცით რა, რაც უფრო მეტი ადამიანი დაიკითხება იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც სინამდვილეში არ მომხდარა (თუნდაც ეს პოლიციელები იყვნენ), მით უფრო მეტ წინააღმდეგობრივ ფაქტებს აღწერენ ისინი და უფრო მეტი განსხვავება იქნება მათ ჩვენებებს შორის. როდესაც ამდენი პოლიციელი განსხვავებულად აღწერს მოვლენებს, სასამართლო დარწმუნდება, რომ ისინი არმომხდარ ფაქტებს აღწერენ. მათ ვერ მოახერხეს ერთმენეთში ყველა იმ დეტალის შეთანხმება, რაზეც დაცვის მხარე კითხვებს უსვამს. ამდენად, რაც უფრო მეტი პოლიციელი დაიკითხება, მათ ჩვენებს შორის მით უფრო მეტი წინააღმდეგობა გამოიკვეთება. სამწუხაროდ, სასამართლომ ჩვენ შეგვზღუდა ისეთი ნეიტრალური მოწმეების დაკითხვაში, როგორებიც არიან ავტოსახელოსნოს თანამშრომლები და სხვა მოქალაქეები, რომლებიც ამ ფაქტს შეესწრნენ.