ისედაც გადატვირთულ ციხეებში პატიმრების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება

ისედაც გადატვირთულ ციხეებში პატიმრების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება

საპყრობილეებში პატიმართა და მსჯავრდებულთა ლიმიტები გაიზარდა, ორი საპყრობილე კი უქმდება. შესაბამისი ცვლილება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებაში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

№1 დაწესებულებაში, რომელიც თბილისში, გორგასლის ქ. 85-ში მდებარეობს, პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი 750 იყო, ცვლილებებით კი ლიმიტი 1086 ბრალდებულ თუ მსჯავრდებულამდე გაიზარდა.

№4 დაწესებულებაში (ქ. ზუგდიდი, ც. დადიანის ქ. №9) პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი 305 იყო, რაც 390-მდე გაიზარდა.

№5 დაწესებულებაში(გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი 1200 იყო, რაც 1349-მდე გაიზარდა.

№6 დაწესებულებაში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი) მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი 1400 იყო, რაც 1601 –მდე გაიზარდა.

№9 დაწესებულებაში, რომელიც პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებას წარმოადგენს და თბილისში, აბუსერიძე-ტბელის №11 – ში მდებარეობს, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი 1142 –მდე გაიზარდა, აქამდე კი ლიმიტი 970 იყო.

№12 დაწესებულებაში( ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №77) მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი 700 იყო, რაც 730 მსჯავრდებულამდე გაიზარდა.

№14 დაწესებულებაში (ქ. წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ვარციხის დასახლება) მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი 2690 მსჯავრდებული გახდა, მანამდე კი ლიმიტი 2500 მსჯავრდებული იყო.

№15 დაწესებულებაში (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი) მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი 3861 მსჯავრდებულამდე გაიზარდა, მანამდე კი ლიმიტი მხოლოდ 3 300 იყო.

ამასთან, ამავე ბრძანებით, უქმდება №10 დაწესებულება, რომელიც თბილისში, ავჭალის გზატკეცილის №17–ში მდებარეობდა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას წარმოადგენდა. აქ მსჯავრდებულთა ლიმიტი 370 იყო. ასევე, უქმდება №13 დაწესებულება, (ხონის მუნიციპალიტეტი, ჩაის მეურნეობა), სადაც მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 650 მსჯავრდებული იყო.

ამ ბრძანებამ ადამიანის უფლებათა დამცველები აღაშფოთა, რადგან სასჯელაღსრულების ბევრ დაწესებულებაში საცხოვრებელი პირობები ისედაც მძიმეა. ამასთანავე, ბევრი საპატიმრო ისედაც გადატვირთულია და კიდევ უფრო მეტი პატიმრის მისაღებად ციხეების ინფრასტრუქტურა მზად არ არის.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ არსებობს სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულების გაუქმების შესახებ. მათ შორის იყო ზუგდიდის, ხონის და ბათუმის ციხეები. დეპუტატი ამბობს, რომ პირადად აქვს ეს ციხეები მონახულებული და ისინი საშინელ მდგომარეობაშია. მაგალითად, ზუგდიდის ციხე, ლორთქიფანიძის თქმით, არის მე-19 საუკუნის ნაგებობა და მეფის რუსეთის დროს იყო საჯინიბო. ხონის დაწესებულება კი დეპუტატის თქმით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ეს იყო უზარმაზარი ყაზარმასავით ოთახი, ნესტიანი და ნახევრად დანგრეული, რომელშიც 170 კაცს ერთად ეძინა. დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ასევე უძველესი შენობაა ბათუმის ციხე, რომელშიც ადამიანების მოთავსება, დანაშაულის ტოლფასია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს ციხეც გადატვირთულია.

ყველაფერ ამის ფონზე ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ხონის დაწესებულების გაუქმება მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ, სრულიად გაუმართლებელია პატიმრების ლიმიტების გაზრდა იმ დაწესებულებებში, რომლებიც ისედაც გადატვირთულია.

„დღეს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ლიმიტების რაოდენობა შეადგენს 24 200-ს. არსებულ ვითარებაშიც დაწესებულებები გადატვირთულია. თუ ახალი დაწესებულება არ ჩადგა მწყობრში, რა თქმა უნდა, ლიმიტების გაზრდა იქნება მხოლოდ ხელოვნული პროცესი, რაც პატიმრების ისედაც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს, კიდევ უფრო გააუარესებს“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

უფლებადამცველი ლალი აფციაური მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება პატიმრების უფლებებს მნიშვნელოვლად შეზღუდავს და დარჩენილ ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა იქნება.

„ლიმიტი იმას ნიშნავს, რომ ციხე კონკრეტული ოდენობის პატიმრებზეა გათვლილი. ეს ლიმიტები ყოველთვის შევსებულია და უფრო მეტიც, საპატიმროებში ისედაც გადატვირთულობის პრობლემაა და პატიმრებს პრაქტიკულად ცვლებით სძინავთ“, - ამბობს ლალი აფციაური.

მისი თქმით, ეს ცვლილება პატიმრებს უფრო გაურთულებს პირობებს, რადგან მათ მორიგეობით ძილი მოუწევთ. აფციაური აცხადებს, რომ საკნებში ისედაც უჰაერობაა, პატიმრები სასეირნოდ არ გაჰყავთ და ამიტომ ზაფხულის პირობებში საკნების კიდევ უფრო გადავსება პატიმრებს საშინელ მდგომარეობაში ჩააგდებს.

„პატიმრები ან არ გაჰყავთ სასეირნოდ, ან ისინი თვითონ არ გადიან, რადგან გადაადგილების დროს მათ აყენებენ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას. სწორედ ამიტომ, ხშირ შემთვევაში, ისინი თვითონ არიდებენ თავს გასეირნებას“, - აღნიშნავს ადვოკატი.

ამასთანავე, ლალი აფციაური პატიმრების ლიმიტების გაზრდას წინასაარჩევნო პერიოდსაც უკავშირებს, რადგან ფიქრობს, რომ ასე ხელისუფლებას კიდევ უფრო გაუადვილდება ციხეებში საარჩევნო უბნების მოწყობა, თუმცა აფციაური აქვე აღნიშნავს, რომ ცალკე განხილვის საგანია, როგორ საარჩევნო უბნებს აწყობენ ციხეებში.

„მიუხედავად იმისა, რომ ხონის საპატიმრო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ის მართლაც დასახური იყო, მაინც ვთვლი, რომ ლიმიტების გაზრდა, მით უმეტეს ზაფხულის პერიოდში, ხელისუფლების მორიგი უგუნური ნაბიჯია“, - ამბობს ლალი აფციაური.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს კი ეჭვი აქვს, რომ ხონის და ავჭალის საპატიმროების ტერიტორია მასზე არსებული ინფრასტრუქტურით იყიდება, ან უკვე გაიყიდა და ინვესტორი ტერიტორიის დაცლას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავის მოუვიდოდა თავში აზრად ისედაც გადატვირთულ ციხეებში პატიმრების ლიმიტების კიდევ უფრო გაზრდა.

„სახალხო დამცველის ბოლო წლების ანგარიშებს რომ გადახედოთ, მათში მუდმივად სახელდება თბილისის N1 საპყრობილე, ზუგდიდის N4 საპყრობილე და ბათუმის ციხე, როგორც ყველაზე გადატვირთული და ამორტიზებული დაწესებულებები, რომელთა ფუნქციონირება საერთოდ არ შეიძლება. როგორც ხელისუფლება ამბობს, ამ დაწესებულებების დანგრევა აქვთ გადაწყვეტილი და ასეთ პირობებში, ლიმიტების გაზრდა აბსოლუტურად შეუძლებელია“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

მისი თქმით, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ლიმიტების გაზრდა მოხდება მხოლოდ ქაღალდზე, რადგან სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ თუკი აქამდე მაგალითად ათკაციან საკანში ცხოვრობდა 20 პატიმარი და მორიგეობით ეძინათ, ახლა ალბათ ორსართულიანის ნაცვლად სამსართულიან საწოლებს დადგამენ და ათკაციან საკანში უკვე 40-50 პატიმარს მოუწევს ყოფნა.

„მართალია სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაცია სანდო არ არის, მაგრამ მათივე ინფორმაციითაც, ციხეები ისედაც გადატვირთულია. სახალხო დამცველის ინფორმაციით კი ყოველთვიურად ციხეებში 700-დან 860-მდე პატიმარი შედის. საბოლოო ჯამში კი, 2011 წელს დაახლოებით 10 000-მდე პატიმარი შევიდა ციხეებში. ასე რომ, ლიმიტების მატება კიდევ უფრო დაამძიმებს პატიმრების მდგომარეობას“, - აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

ორგანიზაციის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი ეკა ბესელიას განცხადებით, ქართული ციხეების ინფრასტრუქტურა დამატებითი პატიმრების მისაღებად მზად არ არის.

„რამდენიმე თვის წინ გაკეთდა განცხადება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ლიმიტი იყო 23 000 პატიმრამდე, დანარჩენი უკვე გადაჭარბებული ოდენობა იყო. არც ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ფიზიკურად არ აქვს იმის საშუალება, რომ დამატებით მიიღოს პატიმრები. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს ციხეები არის გადატვირთული, ამ ცვლილების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. ეს კი თავისთავად გამოიწვევს პატიმართა გარდაცვალების რიცხვის ზრდას. ამიტომ, იმ პირობებში, როდესაც ჯერ ინფრასტრუქტურა მომზადებული არ არის, ძალიან სახიფათოა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება“, - ამბობს ეკა ბესელია presage.tv-სთან საუბარში.