გამოქვეყნებულ მასალაში, სხვა საკითხებთან ერთად საუბარია სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზეც.
სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ არ უარჰყო სააგენტოს მიერ 3 დღის წინ გამოქვეყნებულ მასალაში მოყვანილი უზუსტო ინფორმაცია, რომელიც სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას ეხება. მიუხედავად ამისა ვიმედოვნებთ, რომ საპატრიარქო არ ეთანხმება ინტერვიუში მოყვანილ ფაქტებს.
ჟურნალისტი გადმოსცემს, რომ „ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომაზე ... მხარი არ დაუჭირეს საპატრიარქოს ინიციატივას თბილისის ძველ უბანში მდებარე ეკლესიის კონსერვაციის თაობაზე. საპატრიარქოს ინიციატივის წინააღმდეგი სომხური ეკლესიის წარმომადგენელი, ნარეკ კუშიანი იყო“.
გარდა ამისა, თეა გოგოტიშვილმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე მუღნეცოც სურბ გევორგის სახელობის სომხური ტაძარი თითქოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაა და, რომ ინტერრელიგიური ჯგუფი, ნგრევის პირას მისული, საქართელოს კულტურული მემკვიდრეობის ამ კონკრეტული ძეგლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების ინიციატივით უნდა გამოვიდეს. ამის შემდეგ საპატრიარქოს წარმომადგენელი აზრს განავრცობს და ამბობს, რომ „სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელმა ბრძანა, რომ ეს საკონსერვაციო სამუშაოები დამთავრდა და, რომ ამ ეკლესიას აღარაფერი ესაჭიროება“.
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში თეა გოგოტიშვილი უზუსტო ინფორმაციას ავრცელებს, ვინაიდან სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა ან მის რომელიმე წარმომადგენელს არასდროს განუცხადებია, რომ ამ ეკლესიას აღარაფერი ესაჭიროება. უფრო მეტიც, არა მხოლოდ მუღნეცოც სურბ გევორგ ეკლესიის კონსერვაციის, არამედ მისი, ისევე, როგორც თბილისში მდებარე ნორაშენ, სურბ ნშან, სურბ მინას, შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ, (რომლის მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი), და ახალციხეში მდებარე სურბ ნშან ეკლესიების გადმოცემის საკითხსაც ვაყენებთ. დიახ, ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. უფრო მიზანშეწონილია სავალალო მდგომარეობაში მყოფ სხვა ტაძრებზე ზრუნვა, როგორებიცაა თბილისის ნორაშენი და ახალციხის სურბ ნშან ეკლესიები, რომელთა უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება მათი ნგრევაც გამოიწვიოს.
სამწუხაროა აგრეთვე, რომ თეა გოგოტიშვილის ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მამა ნარეკ კუშიანმა (და არა ნარეკ კუშიანმა) შეხვედრისას მადლობა გადაუხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს სომხურ ეკლესიაზე ზრუნვისათვის, რომელიც ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს.
და ბოლოს, ჟურნალისტ ნინო ჟღენტის მიერ მომზადებულ მასალაში არსებითი შეცდომა არის დაშვებული, რომელიც სავარაუდოდ, რესპონდენტის არაკომპეტენტურობითა და საკითხში გაურკვევლობით არის განპირობებული. თეა გოგოტიშვილს სურბ ნშან და მუღნეცოც სურბ გევორგ ეკლესიები ერთმანეთში შეეშალა, ვინაიდან რამდენიმე თვის წინ ხანძარი არა ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე ტაძარში, არამედ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძარში მოხდა. ხოლო, რაც შეეხება ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე მუღნეცოც სურბ გევორგ ეკლესიას, იგი 2009 წელს დაინგრა და დღეს მხოლოდ მისი რამოდენიმე კედელი დარჩა.