დიტო გელოვანი: 3D ბილი მთავრობისათვის

დიტო გელოვანი: 3D ბილი მთავრობისათვის

რობოტი ერთ ადგილას გაშეშდა და ცოტა ხანს ასე იდგა, ოდნავ ირხეოდა, თითქოს მსუბუქი ნიავი უბერავსო.

პაუელმა დაუყვირა:

– სპიდი, ყველაფერი რიგზეა? მოდი აქ, მოდი!

ყურსაცვამებში პირველად გაისმა რობოტის ხმა:

– ჩინებულია! მოდით, ვითამაშოთ. ჯერ თქვენ დამიჭირეთ, მერე მე გამოგეკიდებით. ვერავითარი სიყვარული ვერ დაგვაშორებს. მე პატარა ყვავილი ვარ, პატარა ლამაზი ყვავილი, ვაშა!

ამ სიტყვებზე შეტრიალდა და ისე მოკურცხლა, სულ ბდღვირი დააყენა. მისი ბოლო სიტყვები იყო: „ბებერი მუხის ძირას ციცქნა ყვავილი ხარობს“, რასაც ლითონის უცნაური ტკაცატკუცი მოყვა, თითქოს ასლოკინებსო.

დონოვანმა ხმადაბლა თქვა:

– ნეტა სად გაახსენდა ეს ჯილბერტისა და სალივანის ლექსი? იცი, გრეგ, მგონი... მთვრალია, ან რაღც ამის მაგვარი სჭირს.

(აიზეკ აზიმოვი, „მე, რობოტი...“)

 

წკაპ... და კომპიუტერიდან ზურაბ ადეიშვილი ამოხტება, დააკვირდები – შეამჩნევ. წკაპ... და ხათუნა კალმახელიძე ამოანათებს. დიდი დაკვირვება არ არის საჭირო რაღაც–რაღაცების შესამჩნევად. წკაპ... და, შესაძლოა, მონიტორიდან თვით თავისუფალუნივერსიტეტმაისურიანმა კახა ბენდუქიძემ გადმოაბიჯოს; კიდევ წკაპ – კომპიუტერიდან ჯერ დოლი გადმოვარდება და შემდეგ – გოგა ხაჩიძე; წკაპ – რამაზ ნიკოლაიშვილს უნდა გადმოსვლა, მაგრამ მონიტორში თავი არ ეტევა. წკაპ და... ქლიბი გადმოვარდა. წკაპ და... კობა ხაბაზი იჭაჭება – გადმოსვლა უნდა, მაგრამ ნინა წკრიალაშვილი არ უშვებს.

ავლაბარში წკაპაწკუპია...

 

„პარლამენტის გადასვლა მორგებული არის იმაზე, რომ... მთავრობა, რომელიც ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და გადაადგილდება... მარტო მე არ ვარ ეგეთი, ვაშაძე ორჯერ მეტად ეგეთია, ჩვენ გვყავს მინისტრები, რომლებიც კიდევ უფრო ეგეთები არიან – ფეხმარდები და მკვირცხლები, მაგრამ მთავრობები შეიცვლება და ეს არ უნდა იყოს მთავრობის ხასიათზე, რომ რომელსაც შეუძლია ერთ ადგილას იყოს, მეორე ადგილას იყოს და ყველგან იყოს, ეს შეიძლება ყოველთვის არ იყოს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც რომ დავდინჯდებით, შეიძლება ჩვენც აღარ ვიყოთ ეგეთები. ამიტომ, ამის ერთადერთი გამოსავალი არის ელექტრონული მთავრობა, ანუ ვთქვათ, გინდათ მინისტრთან ლაპარაკი სასწრაფოდ, გულის გადაშლა - დააჭერ ღილაკს და მინისტრი ამოვა 3D-გამოსახულებით. ეს არ არის ფანტაზია“.

 

ვის მოუსმენია ასეთი 3D-ბილობა? ფეხმარდები და მკვირცხლები... ხელცქვიტებიც. ეგეთი, ორჯერ ეგეთი და კიდევ ეგეთები... ისეთები და იმნაირებიც. როგორი 3D-ბილი უნდა იყო, გოროზიასთვის და ვარძელაშვილისთვის გულის გადაშლა რომ მოგინდეს! გული მიგრძნობს, ეს 3D-ბილობა მალე 3D-გენერატობაში გადაიზრდება. გული მიგრძნობსა, რა... თვალი ხედავს, ყურს ესმის:

 

თუ ინგლისური არ იცი, „ადნაკლასნიკზე“ შეჯდები;

„დღეს რომ იაკობ გოგებაშვილი იყოს, „ასავალ–დასავალი“ და „ალია“ შეჭამდნენ“;

„მანამდე ნუ აგიდგებათ გვერდები, რომ „ამაზონზე“ გაყიდული ჩიჩილაკით საქართველოს გაამდიდრებთ“;

„ლამაზ შენობებს იქით ჯერ კიდევ წარმოუდგენელი გაჭირვებაა“;

„დიდი მადლობა რუსეთს ქართული ღვინის ემბარგოსთვის“;

„თვითმფრინავებში ბიზნესკლასში მხოლოდ ჩვენი ოპოზიციონერები სხედან“;

„ქართველებო, წადით და ისწავლეთ შემდუღებლებად“;

„ილია ჭავჭავაძეს ახალი საბაჟო ტერმინალები მოეწონებოდა“...

 

ოოო... ილია ჭავჭავაძეს მოეწონებოდა საბაჟო ტერმინალები, ექნებოდა აიპოდი და ოლღა გურამიშვილს ალანა გაგლოევასთან უღალატებდა.

 

ეეე... დღეს რომ იაკობ გოგებაშვილი იყოს, განათლების სამინისტროში, კოკა–კოლა სეფერთელაძის მისაღებში იჯდებოდა.

 

ისა... დღეს რომ შოთა რუსთველი იყოს, ვეფხვების ხოცვა–ჟლეტვის გამო გოგა ხაჩიძე „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ხათუნა კალმახელიძის რომელიმე დაწესებულებაში მოათავსებდა.

 

დღეს რომ „უშიში ვითარცა უხორცო“ გიორგი პირველი იყოს, სიმამაცის გაკვეთილებს დავით ბაქრაძისგან მიიღებდა.

 

დღეს რომ ექვთიმე თაყაიშვილი იყოს... დღეს რომ მერაბ კოსტავა იყოს... დღეს რომ იოსებ ჟორდანია იყოს...

 

დღეს რომ ცხრა ძმა ხერხეულიძე იყოს, თავდადების მაგალითებად ეკა და მამუკა ხერხეულიძეები ეყოლებოდნენ. დღეს რომ დავით აღმაშენებელი იყოს, სააკაშვილის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებდა, გიორგი ჭყონდიდელი იქნებოდა პრეს–სპიკერი და, იქნებ, „შენ ხარ ვენახის“ ავტორისთვისაც ებოძებინათ კულტურის სამინისტროს მთავარი სპეციალისტის ბამბაზიის ხალათი... და იჯდებოდა დემეტრე პირველი „ადნაკლასნიკებში“.

 

ეგრე იცის უცოდინარობამ. წააგე – წადი სახლში... თუ გაქვს სახლი. და თუ „ფეისბუზე“ ვიღაცის პერმანენტულ ყაბზობას და ფაღარათს არ ალაიქებ, არც ხარ ღირსი, რომ სახლი გქონდეს. კოლექტორის მახლობლად აშენეულ ნაქირავებ ავტოფარეხში უნდა ცხოვრობდე და როდესაც ავტოფარეხში წყალი შემოვარდება, უკანასკნელ წამს დანანებით გაიფიქრებ: “რა მინდოდა „ადნაკლასნიკებში...“

 

ჰო – წყალდიდობა... ადამიანები დაღუპნენ – ქალები, ბავშვები... ეს მოხდა 12 მაისს, მაგრამ მინდა, რომ 7 მაისს გავრცელებული ნიუსი შემოგთავაზოთ:

 

„ძლიერი წვიმის შედეგად გაჭედილი სანიაღვრე კოლექტორები და ჭები გაიწმინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გიორგი ყოჩიაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გამოძახებების შედეგად დაფიქსირებული ყველა პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია. თითოეულ მისამართზე კეთილმოწყობის სამსახურის ბრიგადები იყვნენ გასული და ძლიერი წვიმის შედეგად ქვა-ღორღისა და ნაგვით გაჭედილი კოლექტორები და სანიაღვრე ჭები გაწმინდეს. დასუფთავების სამსახურმა კი ქუჩებზე ჩამოტანილი ნიაღვრის შედეგად დატოვებული ნატანი გაასუფთავა“.

 

ზაზა ყოჩიაშვილი მკვდარი უნდა იყოს და გიორგი ყოჩიაშვილი უნდა ბლატაობდეს? ნიკო გომელაური მკვდარი უნდა იყოს და... „თბილისის N69-ე საჯარო სკოლაში დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურ ვასილ ბოსტაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სკოლის მე-4 კლასის მოსაწავლეებმა ვასილ ბოსტაშვილის ლექსები წაიკითხეს. ვასილ ბოსტაშვილი ლექსების ორი კრებულის ავტორია: „მწუხარე ეკლესია“ და „მონატრებისფერი ღამე“. დღესვე, პოეზიის საღამოს პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო“.

 

ბოსტაშვილი, ქატო და ჭირი იქით იყოს. აქეთ იყოს ფქვილი, ლხინი და ცვრიანი ბალახი. გასულ კვირაში ცვრიანი ბალახის მინისტრის... „თიბისი გალერეაში“ დღეს გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის პერსონალური ფოტოგამოფენა და დოკუმენტური ფილმის HAKUNA MATATA-ს პრეზენტაცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გოგა ხაჩიძე მოწვეულ სტუმრებს სამხრეთ აფრიკის ეროვნულ პარკებში გადაღებულ ბიომრავალფეროვნების ამსახველ ფოტოებს თავად წარუდგენს“.

 

ბოსტაშვილი თუ პოეტია და ხაჩიძე – ფოტოხელოვანი, მაშინ შალვა ნათელაშვილი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი უნდა იყოს. კაი ხანია, არც შალიკო მიხსენებია და არც მისი „ნაჯახი როჟები“. სიკვდილსაც დავიწყებია, მე არ დამვიწყებია, უბრალოდ, ისეთ თამამ განცხადებებს აკეთბს, ხოლმე, რომ გამეორების მეშინია, მაგრამ ლეიბორისტების ციტატები თუ არ მოვიტანე, რაა მამული?

 

„ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი ვეტერანები აუცილებლად ისარგებლებენ უზარმაზარი სოციალური შეღავათებით, იმასთან შედარებით, რა პირობებშიც ახლა აყენებთ მათ სააკაშვილის ხელისუფლება“, – 9 მაისს კახა ძაგანია ომის ვეტერანებს დაუტკბა და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ამ დღეებში ევროპის ჩემპიონატის მომლოდინე გულშემატკივრებს ლეიბორისტები უფასო ლუდს დაპირდებიან. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

 

ევრო–2012–ის დაწყებამდე საკმაო დროა, არჩევნების ჩატარებასაც მოვასწრებთ, ლეიბორისტების არჩევასაც და უფასო ლუდის სმასაც. ოღონდ, იცოდეთ, რომ ლუდი იქნება „ზედაზენი“, რადგან „ზედაზენი“ ნაცებისაა და ლეიბორისტებიც ნაცების არიან. და როდესაც გასულ კვირაში შალიკო–ნათელიკომ ვოვაჩკა–პუტანაჩკას გაპრეზიდენტება მიულოცა, ნებართვა... ნებართვა კი არა – დავალება, პირადად დაშნაკჩოყლაყისგან ჰქონდა მიღებული. ხოლო თავად დაშნაკჩოყლაყმა რებუსებით, შარადებით და ნამიოკებით მოახერხა რუსეთისთვის მადლბის გადახდა.

 

„დიდი მადლობა მოძმე რუსეთს, მათ გვაიძულეს, რომ  გამოგვეშვა უკეთესი ღვინო“ – თქვა კაგებეშნიკი ბიძის ეფრეიტორმა სიამაყემ და გაიფიქრა: „მადლობა 58–ე არმიას, მათ გვაიძულეს, გამოგვეშვა „დიდგორი“ და „ლაზიკა“. მადლობა თალიბანს, მათ შეგვიწყეს ხელი, რომ ნატოს ასპირანტურაში ჩაგვებარებინა. მადლობა შევარდნაძეს. იგი რომ არა...“

 

შევარდნაძე რომ არა, ვინ გამოვიდოდა აეროპორტთან ვენახების გაშენების ინიციატივით? შევარდნაძე რომ არა, ვინ გააკეთებდა ასეთ 3D-ბილობა განცხადებას – „ქართველებო, წადით და ისწავლეთ შემდუღებლებად. უფასოდ გასწავლით, ვაუჩერით. არ არის რთული. რატომ არ უნდა გვყავდეს შემდუღებლები? მეც კი ვისწავლე რამდენიმე საჩვენებელი შედუღების შემდეგ. თავს ვერ დავდებ, რომ 10 000 დოლარს დავიმსახურებდი, მაგრამ რაღაც დონეზე ხომ ვისწავლე?“

 

მიხარია, ცივილურ პოლიტიკაზე რომ გადავდივართ. სააკაშვილი შევარდნაძის მადლიერია, ხოლო შევარდნაძე გამსახურდიას მადლიერი იყო. ანუ, სააკაშვილი არის გამსახურდიას მადლიერი და ამ მადლიერებისა იყო, გასულ კვირაში ლეიბორისტებმა შალვა ნათელაშვილის პირით ყველა პოლიტიკურ პარტია მიმართეს და... მოკლედ, ნიუსი: „მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მიიჩნევს თავს ოპოზიციურად და ეროვნულად, მოვაწეროთ ხელი დეკლარაციაზე და ვაღიაროთ 1990 წელს საყოველთაო სახალხო სამართლიანი გზით მოსული ზვიად გამსახურდიას ლეგიტიმურობა, კანონიერება და უწყვეტობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია დავინახოთ გადარჩენის გზა, სხვა ლაპარაკი არის ლაილაი“.

 

აჰააა... ანუ, ვანის მაჟორიტარი იქნება უსაქმური ბურკაძე (რომელიც დამპირდა, რომ ჩამოვა თუ არა შვებულებით ჰოლანდიიდან, მაშინვე ჩემი პარტიულ–კომკავშირული წარსულის საბუთებს დაალაგებს. არ დაალაგებს და, დავიბარებ დედამისს მშობელთა კრებაზე!), თელავის მაჟორიტარი – მედოლე რცხილაძე, ხოლო საბურთალოს მაჟორიტარი – მოქანდაკე კიტოვანი.

 

მადლიერი მედოლე–უსაქმურები ამ პარლამენტში კოოპტაციის წესით შეიყვანენ ლეიბორისტებს, რომლებიც პარლამენტს გამოუცხადებენ ბოიკოტს, დატკბებიან ხელფასით და თავისუფლებით, დაუმსახურებელ ხელფასების აღებას კი სამშობლოსათვის წარსულში გადატანილი ტანჯვა–ვაებით გაამართლებენ.

 

„შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის საიდუმლო ბრძანების საფუძველზე, საზღვრის დაცვის პოლიციას შალვა ნათელაშვილი შეყვანილი ჰყავს სპეციალურ ცირკულარში, ე.წ. შავ სიაში. შედეგად კი, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, ნათელაშვილი სპეციალური საშუალებების გამოყენებით ჩხრეკას ექვემდებარება. „ამჯერად, ამ ფაქტის დამადასტურებელი მასალა ლაგოდეხის პოლიციის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან გამოაქვეყნა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა“, - აღნიშნა გუგავამ“.

 

„წუხელ, 22.00 საათიდან 23.00 საათს შორის პერიოდში, პირდაპირ შალვა ნათელაშვილის სახლთან დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთში ჩაასაფრა ეკიპირებული საპატრულო ჯგუფი, რომლებმაც ყოველგვარი საფუძველის გარეშე უკანონოდ შეამოწმეს, როგორც პარტიის ლიდერის ავტომანქანა, ასევე, მძღოლიც ე.წ. სიმთვრალე-სიფხიზლეზე. ეს აშკარა აღვირახსნილობა მიუთითებს მორიგი ღია რეპრესიების დაწყებაზე. ვპირდებით მკვლელ მერაბიშვილს და მის ბანდებს, რომ ისინი ჩვენგან მალე იგრძნობენ ახალი საპასუხო ზომების სუსხს“,- აღნიშნულია „ლეიბორისტული პარტიის“ განცხადებაში“.

 

ეს იყო ორი ნიუსი 3D-ბილების შესახებ და თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ კვირაში „ახალი მემარჯვენეები“ – ფიქრია ჩიხრაძე და ლევან კალანდაძე – სოფელ მუხრანის მცხოვრებლებთან ერთად სატრაქტორო მომსახურების ცენტრის საქმიანობით დაინტერესდნენ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კონკურსს, რომელიც გასულ კვირაში გამოცხადდა, ნამდვილად დიდი წარმატება ელის. კონკურსის სახელწოდებაა „ატვირთე საქართველო „გუგლზე“.

 

ატვირთე საქართველო „გუგლზე“... რას არ გამოიგონებენ?!. გახდი შენი ქალაქის მეეზოვე... ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად... ქართველებო, ისწავლეთ შედუღება...

 

ვისწავლოთ ჭკუა და ავტვირთოთ „გუგლზე“ ისტორიის სანაგვეზე გადაგდებული, ერთმანეთთან მკვიდრად შედუღებული საქართველოს ყველა (ყველა!!!) ხელისუფლება... და ნუ დაიწყებს კახა კუკავა, ზვიადი და რამეო. საერთოდ არ მიხსენებია ჰეიდარ ალიევი და არც ვახსენებდი, გასულ კვირაში კახა კუკავას მის ბიუსტთან ყვავილები რომ არ დაეწყო. 10 მაისს ჰეიდარ ალიევის დაბადების დღე იყო და ყვავილები დაულაგეს. დღეს 14 მაისია, ჩემი დაბადების დღე, და ჯერ–ჯერობით ერთი პოლლიტრაც არავის უკისრია.

 

ამტვირთეთ „გუგლზე“, ძმებო, საქართველოსთან ერთად და არც ამ ნიუსის ატვირთვა დაგავიწყდეთ:

 

„დედაქალაქში გაშვებულ პირუტყვს, „საჯარიმოზე“ გადაყვანა დაემუქრება. „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი“ დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა და თბილისის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის როგორც წესი, ისე ზონები განსაზღვრა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირუტყვის ყოფნის დადგენილი წესის დარღვევა, 20 ლარით დაჯარიმდება, უმეთვალყურეო პირუტყვს კი სპეციალურ ადგილზე გადაიყვანენ, საიდანაც მესაკუთრეს მხოლოდ ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დაუბრუნებენ“.

 

ატვირთეთ ეს ნიუსი და გაითვალისწინეთ, რომ, როგორც ყველა წესს, გამონაკლისი ამ წესსაც გააჩნია – საჯარიმოზე გადაიყვანენ ყველა პირუტყვს, გარდა იმ პირუტყვებისა, რომლებიც ორ ფეხზე დგანან, ჩაფხუტები ახურავთ და ცრემლსადენი გაზის ბალონებით და ხელკეტებით არიან შეიარაღებულნი.

 

ატვირთეთ "გუგლზე", რომ „გუდვილი“ პატიმრებს მანამ არ დაეხმარება, სანამ „გუდვილის“ ბოსები შესაბამის არზა–თხოვნას არ მიიღებენ.

 

ატვირთეთ „გუგლზე“, რომ „საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციამ“ ყრილობა გამართა და გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის თავჯდომარემ სამირა ისმაილოვამ სტუმრებს ორგანიზაციის მიღწევები და 3 წლის სტრატეგია გააცნო. სტუმრები იყვნენ ქლიბი ბაქრაძე და კოკა–კოლა სეფერთელაძის კოლეგა სურგულაძე. რაც შეეხება მიღწევებს... გასულ კვირაში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით–გარეჯი დაიკავეს და ხმა არც სააკაშვილს ამოუღია, არც მერაბიშვილს და არც ბაქრაძეს.

 

ისმაილოვას შეუძლია იამაყოს – წკაპ... და დავით გარეჯი აზერბაიჯანის საკუთრება გახდა. წკაპ... და, თურმე, აფხაზეთი არასოდეს ყოფილა საქართველო. წკაპ... და...

 

ახლა კომპიუტერი უნდა გამოვრთო. რავი... ტექნიკა წინ მიდის და, იქნებ, უცებ, ავლაბარში სააკაშვილთან, ანაც ამსტერდამში იური ბურკაძესთან ამოვყო თავი და ჩემი ამბავი რომ ვიცი, საღამოს მოსამართლე მკითხავს, ადამიანზე ხელი როგორ აღმართეო.

 

მიდი, მერე, და ამტკიცე, რომ ეგენი არ არიან ადამიანები; რომ ეგენი არიან რობოტები და რომ სულაც არ ვარ ხუმრობის ხასიათზე.

 

ს.ა. (სულაც არ...) „კიდევ კარგი – გაიფიქრა პაუელმა, – მართალია, დისტანციური მართვა არა აქვთ, მაგრამ განკარგულების მიღება მაინც შეუძლიათ“.

– მაიკ, რომელსაც გინდა, იმას შეაჯექი მხარზე, – უთხრა მან დონოვანს, მერე ფეხი იმპროვიზებულ უზანგში გაყო და ზემოთ აცოცდა. რობოტი დასაჯდომად მოხერხებული გამოდგა. ზურგზე ხელოვნური კუზი და ორივე მხარზე ფეხის შესადგმელი ღრმული ჰქონდა გაკეთებული. ახლა, გიგანტის ყურების დანიშნულებაც აშკარა გახდა. პაუელმა ყურებში ხელები ჩაავლო და თავი მოუბრუნა. რობოტი მოუქნელად შეტრიალდა.

– დავიწყოთ, მაკდუფ!

ნამდვილად კი პაუელი სულაც არ იყო ხუმრობის გუნებაზე. 

(აიზეკ აზიმოვი, „მე, რობოტი...“)